რა ხდება, როცა თეატრის დირექტორობის კანდიდატს მინისტრი იწუნებს

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრს ახალი დირექტორი ეყოლება. ამ პოზიციაზე თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ თემურ მახარაძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს, რომელმაც დირექტორის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა მოაწეროს ხელი.

თოჯინების თეატრს ბოლო 10 წლის განმავლობაში მედეა ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა. თეატრის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით [4 წელი] ინიშნება.

29 აგვისტოს განათლების და კულტურის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, კონკურსის შედეგიდან გამომდინარე, გიორგი ჩხაიძე დანიშნა, რომელმაც მედეა ჩარკვიანის დირექტორობა აღარ ისურვა.

გიორგი ჩხაიძე აქამდე ბათუმის ექსპერიმენტულ თეატრში მუშაობდა რეჟისორად. მისთვის სასურველი დირექტორობის კანდიდატი – თემურ მახარაძე ასევე ექსპერტიმენტულ თეატრს ხელმძღვანელობდა.

კანონის მიხედვით, თეატრის დირექტორს მინისტრი ნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით. გადაწყვეტილება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს ჯერ არ მიუღია.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილ კანდიდატურას დაიწუნებს? – „ბათუმელების“ შეკითხვას თამარ სირიამ უპასუხა, აჭარის განათლების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა.

„კანონში არის ჩანაწერი, რომ დირექტორს ნიშნავს მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით. მინისტრს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, დაიწუნოს კანდიდატურა. ამ შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელმა დირექტორობის ახალი კანდიდატი უნდა წარუდგინოს მინისტრს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელი მინისტრს არ წარუდგენს მისთვის მისაღებ კანდიდატს,“ – განმარტავს თამარ სირია.

სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების გასვლამდე ასევე შეუძლია მიმართოს მინისტრს და დირექტორის გათავისუფლება მოსთხოვოს.

„ამ შემთხვევაში ჩატარდება ადმინისტრაციული წარმოება, თუ რის გამო მოითხოვს სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორის გათავისუფლებას. საბოლოო გადაწყვეტილებას აქაც მინისტრი იღებს. მინისტრს ასევე შეუძლია თავისი ინიაციტივითაც გაათავისუფლოს თეატრის დირექტორი, მაგალითად, მოკვლევის საფუძველზე,“ – გვითხრა თამარ სირიამ.

სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე

გრიბოედოვის თეატრი 172-ე სეზონს ბათუმში გასტროლით ხსნის სპექტაკლით „ალჟირი“ [აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის]. სპექტაკლი 6 და 7 სექტემბერს გაიმართება საღამოს რვა საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე. სპექტაკლი ალჟირის ტყვეებს ეძღვნება, ქალბატონებს საქართველოდან …

„ალჟირი“ – ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამაა. გაცოცხლებული ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. იგი მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთერთი „კუნძულის“ შესახებ.

თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „ბანაკის კედლებში სასჯელს იხდიდნენ საქართველოში ცნობილი ოჯახების წევრები: დირიჟორ ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა ალექსანდრა (ანა) დუმბაძებახტაძე და ბიცოლა თამარ დუმბაძე, მწერალ ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი.

სულ ბანაკში სასჯელი მოიხადა რვა ათასამდე ქალბატონმა, მათ შორის საქართველოდან ალჟირის ციხეებში – 281 ქალი იჯდა. თუმცა, ეს სია არ არის სრული“.

gribo 2
სცენა სპექტაკლიდან

 

 

ცეცხლაურთან, მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურსა და ოზურგეთის სოფელ ლაითურს შორის მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. ხიდთან ერთად გაკეთდება 6 კმ-მდე გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. გზისა და ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით დეპარტამენტს ოზურგეთის გამგეობიდან მიმართეს.

„…გამყოფ სასაზღვრო ზოლში მდინარე ჩოლოქზე არსებული საავტომობილო ხიდი 2004 წლის ცნობილი მოვლენების დროს იქნა დაზიანებული და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, საჭიროა მისი აღდგენა. ზემოაღნიშნული იწვევს, დაბა ლაითურიდან სოფ. ცეცხლაურის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის (სავარაუდო სიგრძით 6კმ) და მდ. ჩოლოქზე ხიდის რეაბილიტაციის აუცილებლობას. აღნიშნული ხიდის გვერდზე მოწყობილია დროებითი ლითონის სახიდე გადასასვლელი, რომელიც ხანდაზმულობის გამო კოროზირებულია და ბურჯებიც დაზიანებულია“ – აღნიშნულია ოზურგეთიდან გაგზავნილ წერილში.

4 მილიონ 612 ათას 500 ლარი გამოყო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის. დეპარტამენტი ამ თანხით შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს და შესაბამის თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

„საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურები შესაძლებელია გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდით (დაახლოებით 4-5 თვე), ეს იმ შემთხვევაში თუ ადგილი არ ექნება გაუთვალისწინებელ გარემოებებს (არ შედგა, დასრულდა უარყოფითი შედეგით). მიზანშეწონილია სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს დროულად და დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში ზამთრის დადგომამდე“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


ჩოლოქის, ქაქუთისა და ცეცხლაურის ხიდები, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს.

მთავარი ფოტო: აფეთქებული ხიდი მდინარე ჩოლოქზე [ქობულეთთან], 2014 წ. / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პროგნოზი: დღეს ღამით ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიის ამინდის პროგნოზის მიხედვით, „6 სექტმებერს მოსალოდნელია წვიმა. დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა და ქარი“.

ობსერვატორიის მონაცემებით, დღეს ღამით გაწვიმდება და ხვალ საღამომდე იწვიმებს. „გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში, ასევე შტორმი 4-5 ბალი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით შემცირდება,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“ ობსერვატორიაში.

8, 9 და 10 სექტებერს ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ელიან. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღის განმავლობაში 27-28 გრადუსი იქნება.

ბათუმში ამ დროისთვის მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული

6 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კახაბერ ცისკარიძე „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტიამ“ წარადგინა.

27 აგვისტოს კახაბერ ცისკარიძემ დამოუკიდებელი კანდიდატობის სურვილი დააფიქსირა, თუმცა საარჩევნო პროცედურების მიხედვით, დამოუკიდებელი კანდიდატად დარეგისტრირების ვადა უკვე გასული იყო.

ბათუმს დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი არ ეყოლება. სხვა პარტიებს მერობის კანდიდატები საარჩევნო ოლქში ჯერ არ დაურეგისტრირებიათ.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე იქნება, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი – პეტრე ზამბახიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ – ჯელალ ქიქავა.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელის, ციალა შავაძის თქმით, უკვე რეგისტრირებულია ბათუმის საკრებულოს წევრობის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი. მე-7 მაჟორიტარულ უბანში საინიციატივო ჯგუფმა ეთერ მანელიშვილი დაასახელა, მე-9 უბანში – ნოდარ მამულაძე, მე-10 უბანში – ჯემალ პაქსაძე.

ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება

„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა.

საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, 5 სექტემბერს დაასრულეს. საოლქო კომისიებში არ დაუმალავთ, რომ სია მართლაც წინასწარ გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიამ მოამზადა იგი. საოლქო კომისიების ხელმძღვანელების განმარტებით, კომისიის წევრები სხდომამდე შეთანხმდნენ, ვინ იყო მათთვის სასურველი კანდიდატები და სხდომაზე ხმის მიცემით დაადასტურეს საკუთარი პოზიციები.

რა ადასტურებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიაწოდა სიები საოლქო კომისიებს? – მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ გადაღებული აქვს, როგორ იბარებდნენ პირებს „ქართული ოცნების“ შტაბში, რომლებიც განცხადებებს წერდნენ და ოლქში გადადიოდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ამ ადამიანების არსებობა საუბნო კომისიის წევრებს შორის დაადასტუროს. „ამის შემდეგ წარმოვადგენთ ამ ვიდეო ჩანაწერებსაც, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას აგრძელებს“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ანალოგიური ბრალდებით ბრიფინგი გამართა ვაჟა ბოლქვაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. მისი თქმით, საოლქო კომისიამ დაბლოკა ის ადამიანები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ და საუბნო კომისიის წევრებად „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩიეს.

ამავე თემაზე:

„სამართლიანი არჩევნები“: პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში

„ბათუმელების“ ინფორმაციით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბადრი დიასამიძეს წარადგენს, მახუნცეთის თემში – რემზი ბეჟანიძეს, პირველ მაისში – ნუგზარ გოგუაძეს, ოქტომბერში – ნოდარ ჩხიკვაძეს, მერისში, წინა მოწვევის ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – ჯემალ შარაძეს, ზვარეში – ზაურ ჯაბნიძეს, წონიარსში – ქედის მოქმედ საკრებულოს წევრსა და ირაკლი ბარამიძის ძმას, ბაქარ ბარამიძეს, ცხმორისში – ევგენი დუმბაძეს და დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში – ბადრი ბალაძეს.

ვაჟა ბოლქვაძის თქმით, მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისას პარტიამ აქცენტი კადრების კვალიფიციურობასა და საზოგადოებაში მათ ცნობადობაზე გააკეთა, პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე აქვე იმასაც დასძენს, რომ მათ „კარგი წარსული აქვთ“.

თვითმართველობის არჩევნებზე ქედაში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, პირველი ნომერი ვაჟა ბოლქვაძეა, პარტიულ სიაში ბაქარ ბარამიძის, რამინ ბერიძის, წინა მოწვევის ქედის საკრებულოს წევრის – რამაზ დუმბაძის, ირაკლი ბარამიძის, ბადრი დიასამიძის, რუსუდან ბასილაძის, ბადრი ბალაძის, ნატო შაინიძისა და ლელა აბულაძის კანდიდატურები მოიაზრება.

„ყველა პროფესიონალია, გამოცდილების მქონე ადამიანები არიან და კარგი წარსულიც აქვთ. რაც შეეხება პარტიულ სიას, ამ დროისთვის პარტიული სია დაზუსტებული და საბოლოო არ არის, თუმცა სიით პირველი კანდიდატი – ამ შემთხვევაში ჩემი კანდიდატურა არ შეიცვლება“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.

კერძო დაცვის სამსახურები შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს კერძო დაცვის სამსახურები საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან. მოსარჩელეები არიან შპს „გიგანტი სექიურითი“ და „იუნაითედ სექურითი“.

ისინი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომელიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იმოქმედოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე, როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორეს მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაც, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის საქმიანობის წესებს არეგულირებს.

კერძო დაცვის სამსახურები მიიჩნევენ, რომ კერძო დაცვის საქმიანობაზე სახელმწიფო მხრიდან უხეში ზემოქმედება ხორციელდება, „რაც შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას“.

მათი აზრით, სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტს არ უნდა ჰქონდეს დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლება, თუკი მისი ფუნქციაა კერძო დაცვის სამსახურების კონტროლი.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გძელდება

მთა შავნაბადაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან თურქული ცეცხლმქრობი ვერტმფრენიც ჩაერთო. ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციას მთა შავნაბადაზე, ერთი თურქული და ერთი  ქართული ვერტმფრენი, მაშველ-მეხანძრეები, ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ.

ხანძრი სამ ლოკაციაზეა გავრცელებული და სალიკვიდაციო სამუშაოებში 850-მდე ადამიანია ჩართული.

იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხანძრის კერებამდე საავტომობილო გზა გაჰყავთ, გუშინ 5 სექტემბერს, ხანძრის მიმართულებით სამ კილომეტრზე მეტი გზა გაიჭრა.

ხანძარი მთა შავნაბადაზე, ედუარდ მიქელაძის ფოტოები
ხანძარი მთა შავნაბადაზე, ედუარდ მიქელაძის ფოტოები

21392648_1895398927444846_1830384968_o

 

 

შუახევში, წელათის ტყეში, ხანძარი ლიკვიდირებულია

შუახევში, სოფელ წელათის ტყეში გააჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით ხანძრის აალების საშიშროება არ არსებობს.

„ხანძარი წელათის ტყეში, დაახლოებით 200 კვადრატზე ბუჩქნარს მოედო, სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩასაქრობად ღამის განმავლობაში მუშაობდა, ხანძრის ლოკალიზება ღამის ოთხ საათისთვის მოხერხდა, თუმცა რომ არ მომხდარიყო აალება, ხანძრის ადგილები წყლით დამუშავდა“ – ამბობს გამგებელი.

ხანძარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ წელათაიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყის მასივში, გუშინ, 5 სექტემბერს, გვიან ღამით გაჩნდა.

მთავარი ფოტო: ხანძარი შავნაბადას მთაზე, ხულო, ედუარდ მიქელაძის ფოტო

შუახევში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტში, შუბნის თემში, სოფელ წელათიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ტყეში ხანძარი გაჩნდა.

შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასივში, დაახლოებით 100 კვადრატზე, სამ ადგილზეა გავრცელებული.

„ხანძრის შესახებ მოქალაქემ გვაცნობა, გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ავტომობილები გზაშია, შეტყობინება გავუგზავნეთ მოსახლეობას, ისინიც გაემზადონ, რომ დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს გამგებელი.

მთიან აჭარაში ეს უკვე მეორე ხანძარია, რომელიც უკანასკნელ დღეებში გაჩნდა. უკვე სამი დღეა მეხანძრეები და მაშველები ხანძარს ებრძვიან ხულოში, შავნაბადას მთაზე, ტყეში. 

მთავარ ფოტოზე: ხანძარი შავნაბადას მთაზე. 

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხულოში დილიდან განახლდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბი მთა შავნაბადზე არ გაზრდილა: „მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როგორც მეხანძრე-მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივები. ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზე ლოკალურადაა, სამ ადგილზე. ჩემი ინფორმაციით ცეცხლი ამ დრომდე სამივე ლოკაციაზე რჩება“.

დღეს მთა შავნაბადაზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

21392759_807973932697403_1561241053_o

ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები ხვალ, 6 სექტემბერს, დილით განახლდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში, მთა შავნაბადაზე ხანძარის შესახებ ინფორმაცია, 3 სექტემბერს გავრცელდა. ხანძრის კერასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი სოფელი მეკეიძეებია.

მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი

პროკურატურის მიმართ უნდობლობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღიად დააფიქსირა. კითხვების დასმამდე მიტროპოლიტმა მთავარი აქცენტი მეუფე პეტრეზე გააკეთა. დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიტროპოლიტი დიმიტრი განაჩენს პრესკონფერენციით გამოეხმაურა.

„ჩვენი ნდობა მათ მიმართ ვერ ვიტყვი, რომ გამართლდა. ძალიან ბევრი გაუგებრობა, შეუთავსებლობაა ამ საქმეში, აბურდულ-დაბურდულია ბევრი საკითხი, პასუხი ვერ გაეცა უამრავ შეკითხვას. მე დამკითხეს ამ საქმეზე, როგორც მოწმე. მე ვუთხარი მათ, რომ ერთ-ერთი კითხვა, რაც აწუხებს თითოეულ ჩვენგანს, იყო ის, რომ ჰქონდა თუ არა იმის დამადასტურებელი ფაქტები პროკურატურას, რომ შეიძინა დეკანოზმა ავადსახსენებელი ციანიდი. მითხრეს, რომ გვაქვს და სასამართლო პროცესში გამყარდებაო. ვერა და ვერ დავინახეთ ეს გამყარებული საკითხები… სასამართლო დაკითხვის პერიოდში, რბილად რომ ვთქვათ, იყო ზეწოლა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია შორენას მძლეთამძლეობაზე, რომ მხოლოდ მას შეეძლო ადამიანების წინსვლა და ასე შემდეგ. მე მათ განვუცხადე, რომ ეს შეყურაცხმყოფელია ეკლესიის და პატრიარქის… როცა მეუფე პეტრე ამტკიცებდა, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, მან ამ ქმედებით პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი,“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

მიტროპოლიტს ჟურნალისტებმა კითხეს, რაში გამოიხატა მის მიერ ნახსენები „ზეწოლა“. მიტროპოლიტმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და ისევ მეუფე პეტრეს დაუბრუნდა. თქვა, რომ 5-6 წლის წინ, როცა დეკანოზი გიორგი მამალაძე უკრაინაში მსახურობდა, მაშინ მეუფე პეტრე დონეცკის მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მამალაძე საზოგადოებისთვის საშიში პირი იყო: „მე ვმეგობრობდი მეუფე პეტრესთან და ჩემთვის გასაკვირი იყო, როცა გიორგი მამალაძე ჩამოდის ჩემს ეპარქიაში და არაფერს მეუბნება. ხომ შეიძლებოდა, იგივე ჩემთვისაც ეთქვა? ახლა მეუფე პეტრე თავგამოდებით იცავდა და იცავს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, არაფერი არაა ამაში გასაკვირი… ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი“.

რა იგულისხმება „საინტერესო როლში“? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას მიტროპლიტმა მოკლედ უპასუხა: „…არავითარი მტკიცებულებები არ მაქვს. იმ ვიდეო ჩანაწერში ირაკლი მამალაძე ახსენებს მეუფე პეტრეს გარემოცვას“.

მიტროპოლიტ დიმიტრის არ სჯერა ვერსიის, რომ შორენა თეთრუაშვილის, ან პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. მან განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინიც არ ჰქონდა.

რატომ გამოხატა მიტროპოლიტმა გამოძიების მიმართ უკმაყოფილება დღეს, როცა სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია, კონკრეტულად რა მტკიცებულებების გამო გამოუტანეს დეკანოზს გამამატყუნებელი განაჩენი? – „ბათუმელების“ შეკითხვაზე მიტროპოლიტმა ისევ ახსენა მრავალი კითხვა, რომელიც „ციანიდის საქმეზე“ ისევ არსებობს.

„ბურუსით მოცულია ეს საქმე და დღევანდელი გადაწყვეტილებით მე გამიმყარდა ეჭვები, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საერთოდ არ ჰქონდა ციანიდი ნანახი,“ – დასძინა მიტროპოლიტმა.

კედელი აივნის წინ – ბათუმის არქიტექტურა დღეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ახალი სახლის აივნები მეორე მაღლივი სახლის კედელს ესაზღვრება. ამ ბინაში მცხოვრები კი აივნიდან ხედის ან ეზოს ნაცვლად  ყრუ კედელს დაინახავს. ახალი სახლის აივნებზე დამონტაჟებული გამჭვირვალე კარიდან კი არათუ მზის სხივი, დღის სინათლეც კი ვერ შეაღწევს.

დააკვირდით ფოტოს:

1

ამ ფოტოზე ჩანს, რომ ორ კედელს შუა ღია აივნები და ფანჯრები მოექცა. ნაცრისფერ სახლში ჯერ არავინ ცხოვრობს , მისი მშენებლობა ახალი დასრულებულია. მოპირდაპირე სახლში კი უკვე წლებია ცხოვრობენ, ამ სახლის ბინადრებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯერ მათი სახლი აშენდა, შემდეგ კი ნაცრისფერი სახლი მოპირდაპირედ: „ ნეტა არ აშენებულიყო“ – ამბობენ ისინი.

ფოტოზე, თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ იმასაც, რომ ნაცრისფერი სახლის აივანზე გადის გვერდითა სახლის გაზგამათბობლებისა და კონდიციონერების დაბოლოებები, საიდანაც, როგორც წესი, ნაფილტრი ჰაერი ან გაზგაყვანილობის გამონაბოლქვი გაედინება, რაც მომიჯნავე ბინაში სუფთა ჰაერის აივნიდან მოხვედრის ისედაც მცირე შანსს სულ უფრო ამცირებს.

2

ნაცრისფერი სახლის მშენებლობაზე ნებართვა 2008 წელს გაუციათ. ეს სახლი მშენებელს ნახევრად აუშენებია, წინასწარ გაუყიდია ჯერ კიდევ აუშენებელი ბინები და შემდეგ სახლის მშენებლობა არ დაუსრულებია:

„მომავალი მესაკუთრეები დავრჩით პასუხების გარეშე. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ბინა ჩვენ თვითონ დავასრულეთ. მოპირდაპირე სახლი კი ჩვენს ტერიტორიაზე ააშენეს, ვიდრე ჩვენი სახლის მშენებლობა შეჩერებული იყო. ცხადია ჩვენს სახლზე ადრე აშენდა მათი სახლები, რადგან ჩვენი მშენებელი გაუჩინარდა, ჩვენ კი დაწყებული პროექტის მიხედვით ავაშენეთ სახლი, ამიტომაც არის, რომ აივნები სხვა სახლის კედელს ესაზღვრება“ – უთხრა მშენებელმა მერაბ ფარტენაძემ „ბათუმელებს“.

საერთო ჯამში კი ორივე სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა.

67

დღეს მოქმედი კანონმდებლობით ღიობის წინ ღიობის მშენებლობა არ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობელმა სხვა ბინის ფანჯარაში შეხედვა ვერ უნდა შეძლოს, თუმცა, ბათუმში ბოლო წლებშიც  ბევრი მრავალბინიანი სახლი აშენდა, სადაც ეს პრინციპი დარღვეულია, თანაც მათ შორის მანძილი ძალიან მცირეა. ამასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“  ერთ-ერთი  მოქალაქე, რომელიც მსგავს სახლში ცხოვრობს, მოუყვა, რომ სახლში თევზი მიიტანა, რაც მეზობელმა ფანჯრიდან დაინახა: „ … დაურეკა დედაჩემს თევზს, რომ შეწვავ არ დაგავიწყდეო“ – ამ მოქალაქემ სახელის გამხელა არ ისურვა.

 

ამავე თემაზე: ქალაქი შენი ფანჯრიდან

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – გოგი გვახარიას დისკუსია საბჭოთა კვალის შესახებ

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

15 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე

გაიმართება დისკუსია თემაზე:

„საბჭოთა კვალი პოსტსაბჭოთა საქართველოში“

დისკუსიას გაუძღვება კინომცოდნე გოგი გვახარია.

დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21

დასწრება თავისუფალია. 


 

მეუფე დიმიტრი: კითხვები თუ მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი უცოდველია

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, ცოტა ხნის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენთან დაკავშრებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ იგი დეკანოზ მამალაძეს გარკვეულწილად  დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს.

„მე რომ კითხვები მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი მამალაძე უცოდველია, ამას ვერ ვიტყვი… მე ვერ უარვყოფ, რომ დეკანოზი მამალაძე ეძებდა ციანიდს და იქ ჩანს კიდევაც ეს… შემდეგ ახსენებს შორენასა და სხვა ადამიანებს, და შემდეგ როცა დაინახეს, რომ ის მოიჩქაროდა გერმანიაში და იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც ის ახსენებს ამ ციანიდთან ერთად, მოხდა მისი ასეთი ფორმით განეიტრალება, – ამბობს ის – მე სულ სხვა ვერსია მივიღე, თუ როგორ ჰქონდა მას შენახული ეს ციანიდი. თუ გახსოვთ, პირველი ვერსია იყო, რომ მას ციანიდი შენახული ჰქონდა ფეხსაცმელების საწმენდში. მეორე იყო ჰიგიენურ ჭურჭელში (დეზოდორში), რაც მერე გამყარდა. პირველი, რაც მე შევიტყე, არის ის, რომ მას ქარხნულად ჰქონდა ჩაკერებული ჩანთაში ციანიდი,“ – ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ინფორმაციის წყაროს დასახელებიდან მეუფე დიმიტრიმ თავი შეიკავა.

მეუფე დიმიტრიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ პატრიარქსაც ესაუბრა. „პატრიარქის აზრით, დეკანოზი გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის, რაც მის ოჯახის წევრებსაც უთხრა. თავისთავად, პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ საუბარი არ გვქონია,“ – თქვა მან.

თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენაზე უარი თქვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს არ ესწრებოდა არც მიტროპოლიტი დიმიტრი. „ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი არის კომატოზურ მდგომარეობაში და მე ეს ორი დღეა ვიმყოფები მის გვერდით. ის არის ჩემი შვილების დედა“, – დასძინა მიტროპოლიტმა.

ბუთურაულის წყლის ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა

შუახევში, სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილი წყლის სამკურნალო თვისებები ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა. წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება. მათ სჯერათ, რომ ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. „ბათუმელებმა“ ვერ მოიკვლია სამთავრობო უწყება, რომელიც ამ წყლის არსებობით დაინტერესდა.

წყლის სამკურნალო თვისებებში დარწმუნებულია ამირან მახაჭაძე, სოფელ ბუთურაულის რწმუნებული. მან პირველმა აღმოაჩინა წყალი საკუთარ სოფელში.

„სინჯები რამდენჯერმე აიღეს და დადგინდა, რომ შაქრის საწინააღმდეგო კალორიებს შეიცავს ეს წყალი და მიწაც, სადაც ეს წყალი მოდის. დასკვნები მე რა უნდა გაჩვენოთ, მაჩვენეს და ასე ეწერა… გუშინწინ კიდევ აიღეს სინჯები. ახლა უკვე კონკრეტულად უნდა დადგინდეს, რა ნივთიერებებს შეიცავს ეს წყალი“, – გვითხრა ამირან მახაჭაძემ.

 

ასე გამოიყურება “დიაბეტის სამკურნალო წყარო” ბუთურაულში

„ორი დღის წინ ავიღეთ ბუთურაულის წყლის სინჯები და გადავაგზავნეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. დასკვნებს დაახლოებით 20-25 დღე დასჭირდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ.

რამაზ სურმანიძე აპირებს, რომ მონაცემების დამუშავება დაიწყოს და თუკი ლაბორატორიული კვლევა წყლის სამკურნალო თვისებას დაადასტურებს, ბუთურაულის წყლისთვის შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად იმუშაოს.

„ბუნებრივია, მხოლოდ ლაბორატორიის დასკვნა არ ნიშნავს, რომ წყალი სამკურნალოა. ამას დასჭირდება დაკვირვება და ცდების ჩატარება. შესაძლებელია ცდების ჩატარება, მაგალითად, მოხალისე ადამიანებზე. ასეთი ამ დროისთვის ძალიან ბევრია. ჩვენს ინსტიტუტს აქვს ამის რესურსი, რომ მონაცემები მოაგროვოს და დასკვნა დადოს. ალბათ, სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებიც დაინტერესდებიან,“ – ამბობს პროფესორი რამაზ სურმანიძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვერ გვეტყვიან, ტარდება თუ არა ლაბორატორიული კვლევა ბუთურაულის წყალზე. სამინისტროს პრესსამსახურის აზრით, „ეს პირადი ინფორმაციაა. თქვენ რომ წარმოადგინოთ წყალი, დასკვნის შედეგები სხვამ ხომ არ უნდა გაიგოს?“

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაკავშირება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსთან მოვახერხეთ. „გამგეობა საქმის კურსში არ არის. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება,“ – გვითხრა ზაზა ზოიძემ.

ბუთურაულის წყლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ აჭარის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებში, ასევე გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. ამ უწყებებში განმარტავენ, რომ წყლის გამოკვლევის მოთხოვნით მათთვის არავის მიუმართავს.

რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ წყლის სამკურნალო თვისებები დადასტურდეს?  – ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებში ეს ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრია კომპეტენტური ამ საკითხში. აკრედიტაციის ცენტრში კი, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 14 ლაბორატორია არსებობს, რომლებსაც წყლის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების უფლება აქვს.

„როგორც მე ვიცი, თუკი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება წყლის სამკურნალო თვისება, ამის შემდეგ იკრიბება სპეციალური კომისია და ის იღებს გადაწყვეტილებას,“ – ეს რამაზ სურმანიძემ გვითხრა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. ამ ლაბორატორიაში ძირითადად სასმელი წყლის ვარგისიანობა დგინდება. რამაზ სურმანიძის განმარტებით, ბუთურაულის წყლის სინჯები ამიტომაც გადააგზავნეს თბილისში.

როგორც წყლის აღმომჩენი ამბობს, ბუთურაულის წყლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებნი ინტერესდებიან, წინასწარ ჯავშნიან და ისე მოდიან წასაღებად

 

გვირაბის ჩამონგრევის მიზეზებზე ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

„სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მონაკვეთი, აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოიშალა. გვირაბის ნაწილის ჩამოშლის ფაქტს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაც“ ადასტურებს, თუმცა გვირაბის ჩამოშლის მიზეზებზე, კომპანიაში პასუხები არ აქვთ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს, აღნიშნული გვირაბი კი ამ პროექტის ფარგლებში აშენდა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ტექნიკური გუნდი უცხოეთში იმყოფება და გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეისწავლიან.

„გვირაბი ტესტირების დროს ჩამოიშალა, თუმცა ვერ გეტყვით რა გახდა ამის მიზეზი. ტექნიკური ჯგუფი უცხოეთშია და როცა დაბრუნდება შეისწავლის პრობლემას“ – გვეუბნება ნინო დიასამიძე. მისივე ინფორმაციით, ცხრაკილომეტრიანი გვირაბიდან წყლის ამოტუმბვის პროცესი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება კვლევა.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გვირაბის ჩამოშლა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას.

„მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან გვირაბი ღრმად არის მიწაში და არც მის ზემოთ ცხოვრობს მოსახლეობა. რაც შეეხება სოფელ გორხანაულს, თითქოს ამ სოფლის პრობლემები გვირაბთან არის დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გვირაბს ამ სოფელთან შეხება არ აქვს“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

კომპანიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ „გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებს შუახევი ჰესის მუშაობას, რომელიც უკვე მზადაა კომერციული ოპერირებისთვის“.

მათივე ინფორმაციით, გვირაბის ეს ნაწილი დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს, გვირაბის გამოსასვლელიდან 170 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

რატომ ჩამოინგრა გვირაბი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ. სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ხომერიკის თქმით, მშენებლობის პროცესზე მონიტორინგს ჰიდრო-ელექტრო ნაგებობების სამმართველო ახორციელებს, რომელსაც მსგავს შემთხვევებში ინფორმაცია სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, თუმცა არ მიაწოდეს: „შეიძლება რაღაც ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენი სამსახური საქმის კურსში არ ჩააყენა, არადა უნდა ჩაგვაყენოს.“

ჰიდრო-ელექტრო ნაგებობების სამმართველოს ხელმძღვანელი გულერი სამხარაძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშა პროცესში მშენებლებს თავიანთი ექსპერტები ჰყავთ და ზედამხედველობას ისინი აწარმოებენ.

„ყველა წუთში, რომ გავიქცეთ და ვამოწმოთ, ასე არ არის. როგორც ვიცით, ისინი ყველა ზომას იღებენ რაც არის გათვალისწინებული და ყველა დოკუმენტი შექმნილია“ – ამბობს გულერი სამხარაძე. მისი თქმით, მშენებლობის პროცესში გაუთვალისწინებელი შემთხვევები დასაშვებია.

რა გახდა გვირაბის ჩამოშლის მიზეზი, ამის თაობაზე არც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროა ინფორმირებული.

ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი დავით შარიქაძე ამბობს, რომ დეტალური კვლევებისთვის კომპანიას ნორვეგიელი ექსპერტები ჩამოჰყავთ: „მე რამდენადაც ვიცი უცხოელი ექსპერტები ჩამოჰყავთ და შემდეგ დაიწყებენ დეტალურ კვლევას. თუმცა, როგორც ვიცი, მანდ არ არის კატასტროფა, ძალიან გამუქებულია ხოლმე ინფორმაცია, რადგან გვირაბი ძალიან ღრმად არის მიწის ქვეშ და მოსახლეობასთან კავშირი არ აქვს“.

დავით შარიქაძე ამბობს, რომ გვირაბის რა მონაკვეთია ჩამოშლილი, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს: „ვიცი რომ ალაგ-ალაგ არის ჩამოშლილი, ზუსტი მონაკვეთი არ ვიცი რამდენია. განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, რადგან პრაქტიკაში მსგავი შემთხვევები ბევრია“.


ფოტო: შუახევიჰესის გვირაბის მშენებლობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

27 500 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ერთი თვის შემოსავალი

გასულ, 2016 წელს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. ამ წელს ცესკოს კომისიის წევრების, თანამდებობის პირების და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში  9 436 279 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ხელფასების სახით გაცემულმა თანხამ 4 990 054 ლარი, დანამატმა კი 2 969 058 ლარი შეადგინა,  1 477 167 ლარი კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა და კომისიის წევრებმა პრემიის სახით მიიღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მაღალი რანგის თანამდებობის პირებს – თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს გასულ წელს ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიუღიათ [ 530 936].

9 436 279 - ხელფასი, პრემია და დანამატი ცესკოში გასულ საპარლამენტო არჩევნების წელს
9 436 279 – ხელფასი, პრემია და დანამატი ცესკოში გასულ საპარლამენტო არჩევნების წელს

კანონმდებლობა საარჩევნო მოხელისთვის არჩევნების პერიოდში ხელფასის გაორმაგებას ითვალისწინებს. როგორც ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, ცესკოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა გაორმაგებული ხელფასი, პრემიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნების თარიღის დაზუსტებამდეც მიიღეს.

იანვარში, ცესკოს კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, თანამდებობრივი სარგოსა და პრემიის სახით, ჯამში 15 500 ლარი მიუღია.  თავმჯდომარის ხელფასი 5 500 ლარია. იანვარში თამარ ჟვანიას ხელფასი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად გაორმაგდა და 11 000 ლარს მიაღწია, ამას დაემატა პრემიაც, 5 500 ლარი.

4700 ლარია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის ხელფასი. 2016 წლის იანვარში მან აიღო გაორმაგებული ხელფასი პრემიასთან ერთად, ჯამში 14 100 ლარი.

4600 ლარია კომისიის მდივნის გიორგი ჯავახიშვილის ხელფასი, იანვარში მას ხელფასისა და პრემიის სახით 13 800 ლარი მიუღია.

ასეთივე კომბინაციით და იგივე ოდენობით [გაორმაგებული ხელფასი და პრემია] გარკვეულწილად შუალედური და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით ცესკოს მოხელეებმა, აპრილში, ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში მიიღეს.

თუმცა სექტემბერი გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ თვალსაზრისით, რომ ამ თვეში კომისიის თავმჯდომარეს პრემია არ დაერიცხა, სამაგიეროდ მან დანამატის სახით 9500 ლარი მიიღო და მისმა ანაზღაურებამ ხელფასისა და დანამატის სახით 19  900 ლარი შეადგინა. ამ თვეში ხელფასისა და დანამატის სახით თავმჯდომარის მოადგილემ 17 860 ლარი მიიღო, ხოლო კომისიის მდივანმა – 17 480 ლარი.

ცესკოს განმარტებით, გასული წლის იანვრის თვეში ცესკოს თანამდებობის პირების ხელფასის გაორმაგება გარდაბნის შუალედური არჩევნების ჩატარებას უკავშირდებოდა. ხელფასი არ გაორმაგებულა თუმცა, ისევ გარდაბნის არჩევნების მიზეზით ცესკოს მოხელეების ხელფასი გარკვეულწილად გაიზარდა თებერვალშიც.

2016 წლის მარტში, მაისში, ივნისში, დეკემბერში და ოქტომბერში [არჩევნების თვე] ცესკოს თანმდებობის პირების ხელფასი არ გაორმაგებულა. მათ მიიღეს ხელფასი და პრემია, ან ხელფასი და დანამატი. ამ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება პრემიასთან ან დანამატთან ერთად 11 000 ლარია. მოადგილის ხელფასი – 9 400 ლარი და კომისიის მდივნის ხელფასი – 9 200 ლარი.

გამორჩეული იყო ნოემბერი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის  მომზადებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო არ გაორმაგდა, თუმცა 8 433 ლარამდე გაიზარდა, სამაგიეროდ გასამმაგდა დანამატი. ამ თვეში ცესკოს თავმჯდომარეს დანამატის სახით 19 067 ლარი დაერიცხა, ამ თვეში მიღებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ცესკოს თავმჯდომარემ ნოემბერში, ხელფასისა და დანამატის სახით 27 500 ლარი მიიღო.

ამ თვეში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის სახით  23 499 ლარი, ხოლო კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა  23 000 ლარი მიიღო.

„ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ მონაცემებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გვითხოვია, ცესკომ გამოგზავნილ ციფრებს დიფერენციაცია გაუკეთა იმის მიხედვით თუ რამდენია ცესკოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასისა და დანამატის სახით დარიცხული თანხა და რამდენია ხელზე ასაღები.

როგორ აფასებენ ცესკოს მუშაობას

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“  შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული მცდელობების მიუხედავად ცესკოს მუშაობაში კვლავ გამოიკვეთა ხარვეზები. პრობლემური იყო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, რომელიც ძირითადად გაუმჭვირვალედ წარიმართა. საარჩევნო ოლქებმა კი, საუბნო კომისიების წევრები ე.წ. წინასწარი სიების საფუძველზე შეარჩიეს. ეს სიები მათ წინასწარ ჰქონდათ ხელთ, რამაც გააჩინა სერიოზული ეჭვები, რომ საუბნო კომისიების წევრები ობიექტური კრიტერიუმების ნაცვლად პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა უამრავ პრობლემას ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ ცესკომ წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კანონთან შეუსაბამო არ იყო, თუმცა სერიოზული პრობლემა წარმოქმნა პრაქტიკაში რეალიზების დროს. ამ თემებზე მაშინ „ბათუმელებიც“ წერდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარი იყო [საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის ჩათვლით]. აქედან 40 მილიონი ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლებისთვის ცესკომ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით  კი „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა:

„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ  ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით მოხვდნენ. ისინი ცესკომ ოლქებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩია და ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო მოხელის სტატუსი ხუთი წლის ვადით ანდო. მათ შორის ერთ-ერთია ციალა შავაძე, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. გასულ წელს არჩევნებამდე მან „ბათუმელების“ მოტყუებაც სცადა. ამ თემაზე კი წაიკითხეთ აქ.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე „ქართული ოცნების“ მაისურით, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]

„სამართლიანი არჩევნები“: პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი დღეს, 5 სექტემბერს დაასრულა. საუბარია 13-წევრიან კომისიაში 6 წევრის არჩევაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული ნიშნით უნდა აირჩიონ.

ისევე, როგორც საუბნო კომისიებში, ასევე ოლქებსა და ცესკო-ში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევამ საარჩევნო ადმინისტრაციის აპოლიტიკურობა და კვალიფიციურობა უნდა უზრუნველყოს [ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 13-წევრიან კომისიაში 7 წევრს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტია ნიშნავს]. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად ეცადნენ წელს საოლქო კომისიები პროფესიული ნიშნით კადრების შერჩევას.

„შესაძლოა, სერთიფიცირებული პირიც არ იყოს კვალიფიციური, მაგრამ სარჩევნო მოხელის სერთიფიკატი არის ჩვენთვის ერთ-ერთი კომპონენტი იმის დასადგენად, რომ ოლქი კვალიფიციურ კადრს ირჩევს,“ – მიიჩნევს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

საარჩევნო მოხელის სპეციალიზებული გამოცდების ჩაბარება ნებისმიერ პირს შეუძლია, თუმცა საოლქო კომისიას არ აქვს ვალდებულება სერთიფიცირებული პირი აირჩიოს საუბნო კომისიის წევრად. დღემდე ცესკო-ს მიერ დამტკიცებულ ანკეტაში [რომელსაც საუბნო კომისიის პროფესიული წევრობის მსურველები ავსებენ] ვერ იპოვით გრაფას, სადაც აღინიშნება, პირს აქვს თუ არა გავლილი საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი. შესაბამისად, ოლქის თავმჯდომარეებს არ აქვთ ინფორმაცია, შეეძლოთ თუ არა კონკურსანტებს შორის არჩევანი გაეკთებიანათ იმ პირებზე, რომლებსაც საარჩევნო მოხელის გამოცდა ჩაბარებული აქვთ. გასულ წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სერთიფიცირებულმა პირებმა საარჩევნო კომისიებში დასაქმება ვერ შეძლეს. 

„დაფიქსირებული არ იყო ანკეტებში, ჰქონდა თუ არა ვინმეს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი. არ მაქვს მონაცემი, რამდენი იყო კონკურსანტებს შორის ასეთი,“ – გვითხრა გელა ხახნელიძემ, იგი ქობულეთის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეა.

იგივე გვითხრეს ქობულეთსა და ხელვაჩაურის საოლქო კომისიებში. ისინი კანონზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც სერთიფიცირებული პირის არჩევის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. კომისიებს არ აქვთ მონაცემი, რამდენი სერთიფიცირებული ადამიანი მონაწილეობდა კონკურსში, სადაც კანონით, პირველ რიგში, საარჩევნო პროცესების მცოდნე პირი უნდა შეერჩით. საუბნო კომისიებში 6-6 წევრი საოლქო კომისიებმა ისე შეარჩიეს, რომ არავინ იცის, რამდენი სერთიფიცირებული ადამიანი დარჩა საარჩევნო პროცესს მიღმა.

თუკი საოლქო კომისიების მიერ დანიშნული წევრები უნდა იყვნენ პროფესიონალები და აპოლიტიკური ადამიანები, რატომ ამბობს უარს საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო-ს მიერ სერთიფიცირებულ ადამიანებზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მადონა ბერიძეს დაუსვა, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორს. იგი გუშინ ბათუმის საოლქო კომისიის სხდომას ესწრებოდა, სადაც საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს. სხდომის შემდეგ მადონა ბერიძე ერთ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებს ყურადღებას – „98 პროცენტ შემთხვევაში ოლქში პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა“.

აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ პოლიტიკური გავლენა პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებზე ისევ არსებობს? – „სხვა მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს,  მსგავს დასკვნამდე რომ მივიდეთ. გავლენის მცდელობა ყველა ხელისუფლებას აქვს…“, – გვითხრა მადონა ბერიძემ. ის კიდევ რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: „კონკრეტული კრიტერიუმები საოლქო კომისიას არ აქვს იმისთვის, რომ საუბნოს კომისიის წევრი პროფესიული ნიშნით შეარჩიოს. საოლქო კომისიებს გადაწყვეტილება სხდომამდე უკვე მიღებული ჰქონდათ და ეს არ დაუმალავს ციალა შავაძეს, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. სხდომა იყო სრულიად ფორმალური. გადაწყვეტილებები საოლქო კომისიებმა მიიღეს ისევ გამჭვირვალობის და საჯაროობის გარეშე. მსგავსი ტენდენციები საარჩევნო ადმინისტრაციების სანდოობას აყენებს ეჭვქვეშ“.

„სამართლიანი არჩევნები“ სიების შედარებას გეგმავს. საუბარია სიებზე, რომელიც საოლქო კომისიებს სხდომაზე უკვე გამზადებული ჰქონდა პოზიციით: „ჩვენ, კომისიის წევრები, ამ ადამიანებზე უკვე შევჯერდით“. მადონა ბერიძეს სურს გადაამოწმოს, ხომ არ აირჩია საოლქო კომისიამ ის ადამიანები, ვინც წინა არჩევნებზე არაკეთილსინდისიერად შესრულებული საქმის გამო დააჯარიმეს, ან საყვედური გამოუცხადეს. ამის დასადგენად არასამთავრობო ორგანიზაციას სახელობითი სიები საოლქო კომისიებმა უნდა მიაწოდონ. შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე შეუძლია ორდღიანი ვადის ნაცვლად, 10 დღეში გასცეს საჯარო ინფორმაცია.

 

 

 

 

 

ხულოში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება

ხულოში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება – ეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დაუდასტურა. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

აჭარის საგზაო დეპარტამენტს ამ დროისთვის შავნაბადას მთის მიმართულებით საავტომობილო გზა გაჰყავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაყვანითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტის 60 თანამშრომელი და შვიდი ერთეული ტექნიკა მუშაობს.

21389102_1472298509532517_1196862795_o

აჭარაში ოლქებმა საუბნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩიეს

ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო უბნებზე მათ მიერ დასანიშნი ექვსწევრიანი ჯგუფი დააკომპლექტეს.

ქედის #80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, ქედის საარჩევნო ოლქმა 31-ვე უბანზე კომისიის ექვსი წევრი შეარჩია, ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე  კომისიის წევრების შერჩევას ობიექტურად აფასებს.

„ყველა უბანზე ექვსზე მეტი განაცხადი იყო შემოსული, კომისიის წევრების არჩევა ობიექტურად ჩატარდა, აქცენტი გამოცდილ და კვალიფიციურ კადრებზე გაკეთდა,“ – ამბობს ალი ნაკაშიძე.

2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ქედაში სულ 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

49 უბანი გაიხსნება შუახევის #82 საარჩევნო ოლქში. შუახევის ოლქის თავმჯდომარის, დათა ზოიძის ინფორმაციით, რვა უბანზე კომისიის ექვსი წევრის შესარჩევად კომისიას არჩევანი არ ჰქონდა, რადგანაც: „უბანზე ექვსზე მეტი განაცხადი არ იყო შემოსული, შესაბამისად, როდესაც ექვს განაცხადზე მეტი არ შემოდის, არჩევანი არის ის,  აირჩიო ვისი განაცხადიც შემოდის. ორმოცდაცხრავე უბანზე ავირჩიეთ კომისიის ექვსი წევრი, 294 ვაკანტურ ადგილზე სულ 399 განაცხადი შემოვიდა“.

დათა ზოიძის ინფორმაციით, საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას აქცენტი გამოცდილ კადრებზე შეაჩერა.

„არჩევნების ჩატარება განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს, კომისიის წევრების შერჩევისას აქცენტი ისეთ წევრებზე გავაკეთეთ, რომლებიც კარგად იცნობდნენ არჩევნებს და ამ კუთხით სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ“ – ამბობს დათა ზოიძე

ხულოს #84 საარჩევნო ოლქში, თვითმმართველობის არჩევნებზე 54 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ოლქის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით: „54 უბანზე სულ 404 განაცხადი შემოვიდა, 17 საარჩევნო უბანზე 6 განაცხადი იყო შემოსული, დანარჩენ უბნებზე არჩევანი დიდი იყო“ .

რაც შეეხება ქობულეთის #81 და ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქებს, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთში 65, ხოლო ხელვაჩაურში 46 საარჩევნო უბანი გაიხსნება. შუახევისა და ხულოს ოლქების მსგავსად, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში, 12 საარჩევნო უბანზე ექვსზე მეტი განაცხადი არ შესულა.

საოლქო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრების არჩევნებს აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა. ორგანიზაციის კოორდინატორის, აჭარა, გურიასა და ფოთში, მადონა ბერიძის შეფასებით, საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიის წევრებად წინასწარ შერჩეული კანდიდატები შეარჩიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოლქს წინასწარ უნდა ჰქონდეს კრიტერიუმები განსაზღვრული, რითაც გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელებს. ასევე მნიშვნელოვანია ღია იყოს გადაწყვეტილებები, როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე,  წელსაც საარჩევნო ოლქებს გადაწყვეტილებები წინასწარ ჰქონდათ მიღებული.  საოლქოს მიერ, საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უმთავრესი ეს ორი პრინციპი დაირღვა, საერთო სიაში მონიშნული ჰქონდათ კანდიდატები, რომლებისთვისაც ხმა უნდა მიეცათ და საუბნო კომისიის წევრების არჩევისას ამ სიებით ხელმძღვანელობდნენ. კომისიის შვიდი წევრი, მათ შორის „ოცნების“ წარმომადგენლის გადაწყვეტილება ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც მიანიშნებდა იმას, რომ სხდომა ერთგვარად ფორმალობა იყო. იქედან გამომდინარე, რომ სიები, რითაც საოლქო კომისიის წევრები საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას ხელმძღვანელობდნენ და სადაც წინასწარ ჰყავდათ კანდიდატები მოხაზული, პერსონალური ინფორმაციის შემცველია, რის გადაღება და გასაჯაროება კანონით აკრძალულია, შესაბამისად, ჩვენ ამის ამსახველი ფოტომასალა არ მოგვეპოვება,“ – აცხადებს მადონა ბერიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  39 საარჩევნო უბანზე 6-ზე მეტი განაცხადის არარსებობა, საოლქო კომისიების მიერ, საუბნო კომისიის წევრთა არჩევის დამკვიდრებულ ტენდენციებზე ხომ არ მიუთითებს? – მადონა ბერიძე პასუხობს – „წლების განმავლობაში კონკურსისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება გაუჩინა ადამიანებს და არ იღებენ მონაწილეობას კონკურსში. გასული წლის არჩევნებზე, მაშინ, როდესაც საუბარი იყო წინასწარ სიებზე, ეს სიები შემდეგ არჩეულ კანდიდატებს დაემთხვა“.

საოლქო კომისიის თავმჯდომარეების ინფორმაციით, საუბნო კომისიის ექვსი წევრის შერჩევასთან დაკავშირებით ოლქებში საჩივარი არ დაწერილა.

მადონა ბერიძე: „საჩივარი არ დაგვიწერია, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და ანგარიშებში ავსახავთ, მნიშვნელოვანია სახელობითი სიების გადამოწმება, თუ ვინ აირჩია ოლქმა. ოლქები ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ კომისიის წევრებს ირჩევს, რომლებსაც წინა არჩევნებზე თავიანთი უფლებები არაჯეროვნად აქვთ შესრულებული და სანქციები დაეკისრათ. ჩვენ ყველა ასეთ მონაცემებს გადავამოწმებთ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბნო კომისიის წევრების შერჩევა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ამის თქმა ზეპირად, მტკიცებულების გარეშე შეუძლებელია, თუმცა წლების განმავლობაში, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველა ხელისუფლების პერიოდში არის მცდელობა, რომ გარკვეულწილად ჩაერიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში და შერჩევა გარკვეულწილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.“

საოლქო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო უბნებზე, ექვსი წევრის არჩევნის უფლება, დღეს 5 სექტემბერს ეწურება.აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში საუბნო კომისიის ექვსი წევრი კვირას, 3 სექტემბერს აირჩიეს, ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი 4-ში.

საუბნო კომისიების წევრთა შერჩევა 4 სექტემბერს დაასრულა ბათუმის საოლქო კომისიამაც. ოლქის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის თქმით, ბათუმში სულ 612 ვაკანსიაზე 886 განაცხადი იყო დარეგისტრირებული.

საუბნო კომისიებში დანარჩენ 7 წევრს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები წარადგენენ.

ფოტო: არჩევნები-2016, „ბათუმელების“ არქივიდან

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სორისის ფონდი

შსს: ხულოში 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად

ხულოში, შავნაბადას მთაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი.

ხანძარს ხულოში უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ხანძრის კერასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი სოფელი მეკეიძეებია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შსს-ს სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ფოტოზე: ხანძარი შავნაბადას მთაზე. ფოტო: აჭარის მთავრობა 

მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც საყურე ნიშანი არ ექნება, სასაკლაოზე ვეღარ დაიკვლება

სასაკლაოებზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონელი აღარ დაიკვლება – რეგულაცია 2018 წლის პირველი იანვრიდან  შედის ძალაში.

იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდნიშნა  უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია.  საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას ბრუცელოზის აცრის შესახებ.

დღეს, 5 სექტემბერს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ახალ რეგულაციაზე სასაუბროდ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხვდება ვეტერინარებს, სასაკლაოების მფლობელებსა და ცოცხალი ცხოველის შემგროვებლებს.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

აჭარა რიგით მეშვიდე რეგიონია, სადაც ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის (NAITS) საინფორმაციო შეხვედრები იმართება. შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, ვეტერინარებს, სასაკლაოს მფლობელებსა და ფერმერებს მიეწოდოთ ინფორმაცია ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა  (NAITS) და ახალი რეგულაციის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებშივე FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები  შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენენ რეგისტრაცია – იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმასაც, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება  მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოკლე დროში ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

NAITS პროექტის განხორციელებისთვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეჩერდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალ დილიდან შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ჩაერთვება, მთლიანობაში 500-მდე ადამიანი.

ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად მუშაობენ. ფოტო: აჭარის მთავრობა
ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად მუშაობენ. ფოტო: აჭარის მთავრობა

იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი მთაზე, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, გზების გაყვანაა დაგეგმილი. საგანგებო სიტუაციების მართვისა და შსს-ს გადაწყვეტილებით დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცეცხლმქრობი ვერტმფრენიც ჩაერთვება.

სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათზე განახლდება.

ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ტყეში, შავნაბადაზე გუშინ გაჩნდა.

ხულოს გამგებლის მოადგილე: „შავნაბადაზე ხანძრის არეალი გაფართოვდა“

ხულოს გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით მთა შავნაბადაზე ხანძრის არეალი გაფართოვდა და დაკვამლიანებაც მოიმატა. „დაკვამლიანება გაიზარდა, ხანძარი სამ ლოკაციაზე, დაახლოებით 3 ჰექტარზეა გავრცელებული. შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის არეალი გაიზარდა, რასაც ხელს ძლიერი ქარი უწყობს, სახანძრო სამუშაოებში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო“ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე სატელეფონო საუბარში.

ჩაერთობა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით დეტალები ზუსტდება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შსს დეტალურ ინფორმაცის ვაწვდით, უახლოეს პერიოდში გადაწყდება ჩაერთობა თუ არა სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები“.

სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს რომ ამ ეტაპზე ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ავიაციის ჩართვის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში, მთა შავნაბადაზე ხანძარის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 3 სექტემბერს გავრცელდა. ხანძრის კერასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი სოფელი მეკეიძეებია.

ხულოს გარდა, ხანძრების ლოკალიზებაზე მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ თელავსა და თუშეთში. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ყვარელშიც.

 

როგორ აფასებს საკუთარ მინისტრობას „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატობამდე, ერთი წლის განმავლობაში, ლაშა კომახიძე აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აფასებს მერობის კანდიდატი საკუთარ მინისტრობას და რა შეცვალა რიგითი ფერმერებისთვის.

ბატონო ლაშა, თქვენი შეფასებით, რისი შეცვლა მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის? 

ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ და განვახორციელეთ მთელი რიგი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები. პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჩვენა, რომ ის არის და აქვს პოტენციალი იყოს დარგში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი და განმახორციელებელი. ამ პერიოდში გატარდა ცვლილებები სამინისტროს ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობის კუთხით… რაც მთავარია, შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2017 – 2020 წლების. ეს სტრატეგია იყო განხილული სხვადასხვა სექტორთან, როგორც დარგის ექსპერტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ყველა სურვილი, შენიშვნები საერთოდ არ ყოფილა, რაც გამოითქვა, საბოლოო სახით გათვალისწინებულია და რეგიონს აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია.

ამით ფერმერისთვის რა შეიცვალა? 

ჩვენ გავაკეთეთ უპრეცედენტო რამ – სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში ჩავრთეთ ფერმერები. გავაკეთეთ პროგრამა „ამაგები“. მოქალაქეთა 46 გაერთიანება შეიქმნა, სადაც გაერთიანებულია 700-ზე მეტი ადამიანი. ამ გაერთიანებებში მსჯელობენ სოფლის მეურნეობაზე, სოფლის ეკონომიკაზე, ბუნებრივი რესურსების და ტყის დაცვაზე, ასევე ინფრასტრუქტურის და სოციალურ საკითხებზე. ჩვენი სამინისტროს პროგრამები სრულად არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. უკურეაქცია გვაჩვენებს, რომ მოსახლეობა საოცრად კმაყოფილია…

ანუ, რა თქვეს ფერმერებმა, მაგალითად, აგრო ვაუჩერები აღარ გვინდაო? 

თქვენს კითხვებში ვხედავ კომპეტენციის პრობლემას. ყველა პროგრამას აქვს დასაწყისი და ბოლო. ნებისმიერი ბოლოს შემდეგ ყოველთვის შეიძლება დასვა კითხვა, რატომ ეს და რატომ ის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეკითხვა არის კომპეტენტური. ეს არ იყო ჩვენი პროგრამა…

ვიცით, რომ ვაუჩერები არ იყო თქვენი პროგრამა და იყო ცენტრალიზებული, მაგრამ თუ მოსახლეობის მოთხოვნა ვაუჩერია… 

მე შემიძლია გადმოგცეთ საჭიროებების დოკუმენტი, სადაც ვერ ნახავთ ვაუჩერებზე ვერც ერთ მოთხოვნას. არ დაუსვამს ეს საკითხი არავის და პრიორიტეტი ეს არ ყოფილა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აქამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არ გაკეთებულა – სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობს ბიუჯეტირების პროცესში. ეს არის პირველი მომენტი, როცა მოქალაქეების ხმა საბიუჯეტო ნაწილში ასე ხმამაღლა იყო გაგონილი, შევქმენით ინსტიტუტი, რომელიც აღარ მოიშლება.

კონკრეტული ცვლილების შესახებ გვითხარით, რამაც შეღავათი მისცა ფერმერს… 

არაერთი პროგრამა შემიძლია დაგისახელოთ. მაგალითად, ჩვენ შევეჭიდეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას. თუკი ფერმერი ვერ ახდენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას, ესე იგი, ფერმერისთვის მიწოდებულმა სიკეთემ ვერ გამოიღო შედეგი. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რაც არის ყველაზე მტკივნეული. შეიქმნა ლოჯისტიკური ცენტრები, რომელიც მიიღებს ფერმერის მიერ მოწეულ პროდუქციას, დაახარისხებს, დააკალიბრებს, შეფუთავს და მიაწოდებს საცალო ვაჭრობის ობიექტებს. ეს ცენტრები ითამაშებს, ასე ვთქვათ, „ბროკერის“ როლს და ამაში აიღებს გარკვეულ პროცენტულ გასამრჯელოს. რაც მთავარია, ფერმერი აიღებს დაახლოებით ორჯერ მეტს, რასაც აქამდე იღებდა პროდუქციის გადამყიდველებისთვის გადაცემით.

თქვენი მინისტრობის დროს ჩავარდნილ ტენდერზე მინდა გკითხოთ – ექსტენციაზე, რაც ფერემერებისთვის ადგილზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს. ჩავარდნილი ტენდერის გამო კომპანია სასამართლოში გედავებათ… 

არ დამიმათავრებია ჯერ წარმატებული პროგრამების ჩამონათვალი… ძალიან დიდი ცვლილება იყო ასევე თავად სოფლის მეურნეობის სტრუქტურის შეცვლა. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს არა აქვთ ფუნქციონალური დატვირთვა სოფლის მეურნეობის კუთხით. რაც მოჰყავთ ფერემერებს, ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა და ამას სჭირდება ახლის შემუშავება. ჩვენ დავიწყეთ სასათბურე აგროჰაბის პროექტი. ჩატარებულია ტენდერი და მიმდინარეობს გამარჯვებულის გამოვლენა. 2,5 ჰექტარ მიწაზე აშენდება სასათბურეები და საშეღავათო ფასით გადაეცემათ ფერმერებს სამწლიანი ვადით სათბურები. სერიოზული ცვლილება შევიტანეთ მეცხოველეობის დარგში. აჭარაში არ არსებობდა ვეტერინარული კლინიკა. დღეს გვაქვს ქობულეთში ბრწყინვალე ვეტერინარული კლინიკა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს. ასეთივე კლინიკებს ავაგებთ 2018 წელს ყველა მუნიციპალიტეტში, რადგანაც ეს არის ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ხულოში მოვაგვარეთ კარტოფილის კიბოს პრობლემა. კარტოფილი ნადგურდებოდა წლების განმავლობაში. ცენტრალური სამინისტროს კვლევით ცენტრთან ერთად ჩავატარეთ 16 ჯიშზე დაკვირვება და შევარჩიეთ შესაბამისი ჯიში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ წელს 0,6 ჰექტარ ტერიტორიაზე 20 ტონამდე მოსავალი მიიღო ფერმერმა მაშინ, როცა ჩვეულებრივად ერთ ჰექტარზე 12 ტონა მოსავალს იღებდა ფერმერი…

გასაგებია. ახლა იქნებ ექსტენციის პროგრამაზე გვითხრათ, რაზეც ტენდერი ჩაიშალა და სასამართლო დავა გაქვთ. 

მაშინ დააფიქსირეთ, რომ არ გინდათ ვისაუბრო ყველა კარგ საქმეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ… რაც შეეხება ექსტენციის პროგრამას, იგი ხორციელდება და, სხვათა შორის, აღარ დაიხარჯა ამაში საბიუჯეტო სახსრები. ჩვენ მოვახერხეთ და მოვიძიეთ დონორების თანხები. ექსტენციის პროგრამა ხორციელდება 600 ჰექტარ ტერიტორიაზე ხუთივე მუნიციპალიტეტში და მიმდინარეობს ისე, როგორც თავდაპირველად წარმომედგინა. სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ მოახერხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დროის დამატება სჭირდებოდა.

კომპანია აპელირებს იმაზე, რომ სამინისტროსგან მიწოდებული სიები „მკვდარი სულებით“ იყო სავსე და მას დამატებით დრო სჭირდებოდა, პროგრამის მონაწილეების შესარჩევად.

თქვენ ერთხელ გეწერათ სტატია ამ საკითხზე, სადაც მე ვამბობ და ახლაც იგივეს გავიმეორებ: შესაძლოა სიებში იყო „მკვდარი სულები“, მაგრამ მიწა ხომ არ წასულა სადმე? ის, რომ ვინმე X გარდაცვლილია, არაფერს ცვლის. ეს სიები ათჯერ აღემატებოდა იმ ადამიანიაების რაოდენობას, ვისაც ექსტენციით უნდა ესარგებლა. ექსტენციის პროგრამა საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა პირველად და ამიტომ იყო რთული. არც ერთ კომპანიას ამ კუთხით არ ჰქონია გამოცდილება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხარდამჭერი, რადგან ეს არის ეროვნული საქმე. ექსტენციის კერძო სექტორისგან შესყიდვა – ეს არის ხვალინდელი დღე, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ახორციელებენ.

ფაროსანაზეც მინდა გკითხოთ. წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა ამ დაავადების გამო. ფერმერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დააგვინა შეწამვლა…

რას ნიშნავს დავაგვიანეთ?… აჭარაში არის 4 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, სადაც თხილის ბაღია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით აჭარას თხილის პლანტაციების შესაწამლად გადმოეცა ბიფეტრინის შემცველი ხსნარი. ეს იყო ივლისის დასაწყისში. როგორც კი აჭარამ მიიღო ეს პრეპარატი ოფიციალურად, იმ დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება შპს „მექანიზატორთან“. დაახლოებით 30-მა ტრაქტორმა უმოკლეს დროში შეწამლა 3 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი… ეს ღონისძიება მიმართული იყო ფაროსანას პოპულაციის შემცირებისკენ. რომ არ ჩატარებულიყო ეს შეწამვლა, დღეს იქნებოდა ეპიდემია. შემდეგ წელს იგეგმება ფაროსანას აღმოფხვრაზე ორიენტირებული წამლობითი ღონისძიება. რატომ არ დაიგეგმა იგივე წელს? წელს ეს იყო სწრაფი რეაგირების მექანიზმი, როცა აღმოჩნდა ფაროსანა თხილზე და შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოსწრებულიყო შეწამვლა.

ლაშა კომახიძესთან ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტომ ქედაში სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. აღნიშნულ პოზიციაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ღია კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 14 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. კონკურსანტს უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების [Word, Excel, PowerPoint ] ცოდნა და ოთხწლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, მეორე – წერითი დავალება და მესამე ეტაპი – გასაუბრებაა. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 950 ლარია.

კონკურსი სამ წელიწადში ერთხელ ცხადდება. ამჟამად სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის დირექტორის მოვალეობას გიორგი ტაკიძე ასრულებს. მან კონკურსში მონაწილეობა მიმდინარე წლის იანვარში მიიღო, მაგრამ ერთი ქულა დააკლდა. ის კონკურსში მონაწილეობას ამჯერადაც აპირებს.

 

„ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“-საზაფხულო სკოლა ბათუმში

ხვალ, 5 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნება, სახელწოდებით – „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო სკოლის მიზანია აჭარის რეგიონი იქცეს ევროკავშირის სამართლის სწავლების ტრადიციულ ცენტრად, სადაც თავს მოიყრიან, როგორც ევროკავშირის სამართლის სპეციალისტები და მკვლევარები, ასევე სტუდენტები.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში იმსჯელონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა უმცირესობათა უფლებების დაცვის ჩარჩო ევროკავშირის სამართალში, ინტერპრეტაცია შიდა ბაზარზე და უმცირესობათა უფლებები ევროკავშირში, ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ქარტია, ტრანსნაციონალური პოლიტიკური ნიშნები ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია და შიდა კონსტიტუცია და ასე შემდეგ.

საზაფხულო სკოლას ადგილობრივ პროფესორებთან ერთად გაუძღვებიან გერმანიიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან მოწვეული პროფესორები.

 

განათლების სამინისტრომ 28 მილიონი ლარის კომპიუტერები და სახელმძღვანელოები იყიდა

ოფიციალური ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 2 მილიონ 700 ათასი სასკოლო სახელმძღვანელო შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონ 800 ათასი ლარია. პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის კი 55 ათას 700 ცალი ახალი ნოუთბუქი შეისყიდა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 720 ათასი ლარია.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს  დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ახალი სასწავლო წლისთვის ძველ სახელმძღვანელოებთან ერთად, ახალ სახელმძღვანელოებსაც მიიღებენ.

„მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული რა შემთხვევაში ითვლება სახელმძღვანელო ვარგისიანად. სკოლები ამ ბრძანების შესაბამისად ადგენენ წიგნის ვარგისიანობას და ის სახელმძღვანელო, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მეორე წელსაც რჩება გამოყენებაში.

აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოების ნაწილი მოსწავლეს შეხვდება ახალი, ნაწილი კი მეორადი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების რაღაც ნაწილს სულ ახალი წიგნები შეხვდეს, ნაწილს კი ყველა მეორადი“.

გიორგი შალუტაშვილის ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოები და პირველკლასელების კომპიუტერები სკოლებში უკვე დარიგებულია.

„ჩვენ გვყავდა კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ოფიციალურად გვაცნობა რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. ახლა ჩვენი სამსახური შერჩევით ახდენს მონიტორინგს და ამოწმებს ამ ინფორმაციის სიზუსტეს. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სკოლას არ მიუღია წიგნები, ბუნებრივია, კომპანიას მოვთხოვთ რომ ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. რაც შეეხება პირველკლასელთა კომპიუტერებს, ის სრულად არის დარიგებული“ – გვეუბნება გიორგი შალუტაშვილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

აპირებს თუ არა ლაშა კომახიძე ბათუმის მერიაში კადრების შეცვლას

მერად არჩევის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე კადრების შეცვლას არ აპირებს. ელის, რომ ბათუმის მერიაში დასაქმებული ადამიანები დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში დაეხმარებიან.

„ახლოს არ ვიცნობ ამ კადრებს. ყოველ შემთხვევაში არ იქნება ასე, რომ მივედი და შევცვალე კადრები. ეს იქნება იმედი და მოთხოვნა რომ ამყვებიან არსებული კადრები ჩემი მერობის შემთხვევაში ჩემი პროგრამის შესრულებაში,“ – უთხრა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“.

ლაშა კომახიძეს ჯერ არ წარმოუდგენია საარჩევნო პროგრამა. ამბობს, რომ ქალაქის განვითარების მისეულ ხედვაზე საჯაროდ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრებს. 

 

შავნაბადაზე ხანძარს ვერტმფრენით აკონტროლებენ

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხულოში, მთა შავნაბადაზე, საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება.

ოფიციალური ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვერტმფრენი მონიტორინგს განახორციელებს. მონიტორინგის პარალელურად კი ვერტმფრენიდან მეხანძრე-მაშველებს სასმელ წყალსა და საჭირო ინვენტარს მიაწვდიან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, მონიტორინგის განახორციელების შემდეგ მოხდება ანალიზი და დაიდება დასკვნა, საჭიროა თუ არა ხანძრის ჩასაქრობად სხვა ვერტმფრენების ჩართვა.

ფოტოფესტივალი „დღეს-ხვალ“ ბათუმში

„თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ ყოველწლიური ფოტოფესტივალი – „ოდესა-ბათუმი“ იწყება. ფესტივალის სახელწოდებაა „დღეს-ხვალ“, რომლის ფარგლებშიც 7-დან 10 სექტემბრის ჩათვლით ორი სამუზეუმო და ხუთი გარე ექსპოზიცია გამოიფინება.
ასევე, მოეწყობა ღამის სამი ჩვენება. გამოფენაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ხელოვანები. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის პროგრამა
ფესტივალის პროგრამა

შაჰინის სკოლამ რებრენდინგი ვერ შეძლო – სკოლა გაიყიდა

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, შაჰინის სკოლის შენობა გაიყიდა. ჰოლდინგმა სკოლის რებრენდინგი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

„ჩვენ გავყიდეთ ობიექტი და ახალი მფლობელები ალბათ გააგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას. შაჰინის სკოლის რებრენდინგი აღარ გამოვიდა, რადგან ისეთი ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რომ კომპანია იძულებული გახდა სკოლის შენობა გაეყიდა“,- გვეუბნება ელგუჯა დავითაძე.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ყოფილი შენობის მფლობელი კომპანია „ვითი ჯგუფი“ გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანის სამი დამფუძნებელი ჰყავს, – ლევან გოგია, თეიმურაზ გაბელია და ირაკლი გოგია.

„ბათუმელები“ კომპანია „ვითი ჯგუფსაც“ დაუკავშირდა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ ყოლბაია ამბობს, რომ  ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს აპირებს თუ არა კომპანია ყოფილი სკოლის შენობაში ახალი სკოლის განთავსებას.

„ამ დროისთვის კომპანიის არც ერთი ხელმძღვანელი ადგილზე არ არის, ამიტომ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, ცოტა ხანში ალბათ ისედაც გაჟღერდება ეს ინფორმაცია“, – გვეუბნება ის.

ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაუუქმა, რის გამოც სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. რამდენიმე დღის წინ კი, ამავე ავტორიზაციის საბჭომ, თბილისში არსებული დემირელის სკოლაც დახურა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება დემირელის სკოლების ქსელის კიდევ ორი სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის და რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლები.

დემირელის სკოლების ქსელის მფლობელები მიიჩნევენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია და დემირელის ქსელის სკოლებს საქართველოში თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ხურავენ.

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

მერობის შემთხვევაში აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას, გიორგი ერმაკოვისგან გასხვავებით?  – ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ასე უპასუხა:

„მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ის, რაც ჩვენს მუსლიმ მრევლს ახარებს და მათთვის იქნება მისაღები, პირველ რიგში. ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩემი ქცევებით არაერთხელ დამიფიქსირებია. ეს იყო არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მაღალმთიან აჭარაში მათთან ერთად მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა თემის განხილვებში. იგივე ღორჯომის და ხულოს სხვა თემებში არა ვარ უცხო პიროვნება მათთვის. ჩემი დამოკიდებულება მუსლიმმა მრევლმა იცის. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გარკვეულ საკითხებზე საბოლოო კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – გვითხრა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის არჩეულ მერს დამოუკიდებლად შეუძლია ნებართვის გაცემა მეჩეთის მშენებლობაზე. შესაბამისად, ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს „ბათუმელებმა“ სთხოვა საკითხის დაზუსტება იმ კუთხით, თუ პერსონალურად თავად რას აპირებს, რაზედაც მერობის კანდიდატმა გვიპასუხა:

„მერი მარტო ასეთ გადაწყვეტილებას არ ღებულობს. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოსთან და ასე შემდეგ კონსულტაციების შემდეგ. ზოგადად, რელიგიის თავისუფლებით უნდა ისარგებლოს ყველამ. მივესალმები ყველა რელიგიას და მუსლიმ მრევლს აჭარაში განსაკუთრებული პატივისცემით და ქედის მოხრით.“

ლაშა კომახიძესთან ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

გიორგი ერმაკოვის ბრძანების დეტალები, რითაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დაიბლოკა

 

მთა შავნაბადაზე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

მთა შავნაბადაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხულოს გამგებლის მოადგილის, თამაზ აბაშიძის ინფორმაციით, მთა შავნაბადაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა, სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო.

„ხანძარი მიუვალ ადგილზეა, შესაბამისად ტექნიკა ვერ მიდის ხანძრის კერამდე და მეხანძრე-მაშველებს ცოცხალი ძალით უწევს ხანძრის ლიკვიდაცია. დილიდან, მთა შავნაბადაზე გამგეობის თანამშრომლებიც წავიდნენ, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს რა ფართობი დაიწვა“ – ამბობს თამაზ აბულაძე.

ცეცხლი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მეკეიძეებთან 25 კილომეტრით დაშორებულ მთა – შავნაბადაზე გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ბათუმის, ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

Exit mobile version