მთავარი,სიახლეები

როგორ აფასებს საკუთარ მინისტრობას „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი

04.09.2017 • 2326
როგორ აფასებს საკუთარ მინისტრობას „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატობამდე, ერთი წლის განმავლობაში, ლაშა კომახიძე აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აფასებს მერობის კანდიდატი საკუთარ მინისტრობას და რა შეცვალა რიგითი ფერმერებისთვის.

ბატონო ლაშა, თქვენი შეფასებით, რისი შეცვლა მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის? 

ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ და განვახორციელეთ მთელი რიგი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები. პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჩვენა, რომ ის არის და აქვს პოტენციალი იყოს დარგში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი და განმახორციელებელი. ამ პერიოდში გატარდა ცვლილებები სამინისტროს ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობის კუთხით… რაც მთავარია, შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2017 – 2020 წლების. ეს სტრატეგია იყო განხილული სხვადასხვა სექტორთან, როგორც დარგის ექსპერტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ყველა სურვილი, შენიშვნები საერთოდ არ ყოფილა, რაც გამოითქვა, საბოლოო სახით გათვალისწინებულია და რეგიონს აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია.

ამით ფერმერისთვის რა შეიცვალა? 

ჩვენ გავაკეთეთ უპრეცედენტო რამ – სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში ჩავრთეთ ფერმერები. გავაკეთეთ პროგრამა „ამაგები“. მოქალაქეთა 46 გაერთიანება შეიქმნა, სადაც გაერთიანებულია 700-ზე მეტი ადამიანი. ამ გაერთიანებებში მსჯელობენ სოფლის მეურნეობაზე, სოფლის ეკონომიკაზე, ბუნებრივი რესურსების და ტყის დაცვაზე, ასევე ინფრასტრუქტურის და სოციალურ საკითხებზე. ჩვენი სამინისტროს პროგრამები სრულად არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. უკურეაქცია გვაჩვენებს, რომ მოსახლეობა საოცრად კმაყოფილია…

ანუ, რა თქვეს ფერმერებმა, მაგალითად, აგრო ვაუჩერები აღარ გვინდაო? 

თქვენს კითხვებში ვხედავ კომპეტენციის პრობლემას. ყველა პროგრამას აქვს დასაწყისი და ბოლო. ნებისმიერი ბოლოს შემდეგ ყოველთვის შეიძლება დასვა კითხვა, რატომ ეს და რატომ ის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეკითხვა არის კომპეტენტური. ეს არ იყო ჩვენი პროგრამა…

ვიცით, რომ ვაუჩერები არ იყო თქვენი პროგრამა და იყო ცენტრალიზებული, მაგრამ თუ მოსახლეობის მოთხოვნა ვაუჩერია… 

მე შემიძლია გადმოგცეთ საჭიროებების დოკუმენტი, სადაც ვერ ნახავთ ვაუჩერებზე ვერც ერთ მოთხოვნას. არ დაუსვამს ეს საკითხი არავის და პრიორიტეტი ეს არ ყოფილა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აქამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არ გაკეთებულა – სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობს ბიუჯეტირების პროცესში. ეს არის პირველი მომენტი, როცა მოქალაქეების ხმა საბიუჯეტო ნაწილში ასე ხმამაღლა იყო გაგონილი, შევქმენით ინსტიტუტი, რომელიც აღარ მოიშლება.

კონკრეტული ცვლილების შესახებ გვითხარით, რამაც შეღავათი მისცა ფერმერს… 

არაერთი პროგრამა შემიძლია დაგისახელოთ. მაგალითად, ჩვენ შევეჭიდეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას. თუკი ფერმერი ვერ ახდენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას, ესე იგი, ფერმერისთვის მიწოდებულმა სიკეთემ ვერ გამოიღო შედეგი. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რაც არის ყველაზე მტკივნეული. შეიქმნა ლოჯისტიკური ცენტრები, რომელიც მიიღებს ფერმერის მიერ მოწეულ პროდუქციას, დაახარისხებს, დააკალიბრებს, შეფუთავს და მიაწოდებს საცალო ვაჭრობის ობიექტებს. ეს ცენტრები ითამაშებს, ასე ვთქვათ, „ბროკერის“ როლს და ამაში აიღებს გარკვეულ პროცენტულ გასამრჯელოს. რაც მთავარია, ფერმერი აიღებს დაახლოებით ორჯერ მეტს, რასაც აქამდე იღებდა პროდუქციის გადამყიდველებისთვის გადაცემით.

თქვენი მინისტრობის დროს ჩავარდნილ ტენდერზე მინდა გკითხოთ – ექსტენციაზე, რაც ფერემერებისთვის ადგილზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს. ჩავარდნილი ტენდერის გამო კომპანია სასამართლოში გედავებათ… 

არ დამიმათავრებია ჯერ წარმატებული პროგრამების ჩამონათვალი… ძალიან დიდი ცვლილება იყო ასევე თავად სოფლის მეურნეობის სტრუქტურის შეცვლა. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს არა აქვთ ფუნქციონალური დატვირთვა სოფლის მეურნეობის კუთხით. რაც მოჰყავთ ფერემერებს, ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა და ამას სჭირდება ახლის შემუშავება. ჩვენ დავიწყეთ სასათბურე აგროჰაბის პროექტი. ჩატარებულია ტენდერი და მიმდინარეობს გამარჯვებულის გამოვლენა. 2,5 ჰექტარ მიწაზე აშენდება სასათბურეები და საშეღავათო ფასით გადაეცემათ ფერმერებს სამწლიანი ვადით სათბურები. სერიოზული ცვლილება შევიტანეთ მეცხოველეობის დარგში. აჭარაში არ არსებობდა ვეტერინარული კლინიკა. დღეს გვაქვს ქობულეთში ბრწყინვალე ვეტერინარული კლინიკა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს. ასეთივე კლინიკებს ავაგებთ 2018 წელს ყველა მუნიციპალიტეტში, რადგანაც ეს არის ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ხულოში მოვაგვარეთ კარტოფილის კიბოს პრობლემა. კარტოფილი ნადგურდებოდა წლების განმავლობაში. ცენტრალური სამინისტროს კვლევით ცენტრთან ერთად ჩავატარეთ 16 ჯიშზე დაკვირვება და შევარჩიეთ შესაბამისი ჯიში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ წელს 0,6 ჰექტარ ტერიტორიაზე 20 ტონამდე მოსავალი მიიღო ფერმერმა მაშინ, როცა ჩვეულებრივად ერთ ჰექტარზე 12 ტონა მოსავალს იღებდა ფერმერი…

გასაგებია. ახლა იქნებ ექსტენციის პროგრამაზე გვითხრათ, რაზეც ტენდერი ჩაიშალა და სასამართლო დავა გაქვთ. 

მაშინ დააფიქსირეთ, რომ არ გინდათ ვისაუბრო ყველა კარგ საქმეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ… რაც შეეხება ექსტენციის პროგრამას, იგი ხორციელდება და, სხვათა შორის, აღარ დაიხარჯა ამაში საბიუჯეტო სახსრები. ჩვენ მოვახერხეთ და მოვიძიეთ დონორების თანხები. ექსტენციის პროგრამა ხორციელდება 600 ჰექტარ ტერიტორიაზე ხუთივე მუნიციპალიტეტში და მიმდინარეობს ისე, როგორც თავდაპირველად წარმომედგინა. სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ მოახერხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დროის დამატება სჭირდებოდა.

კომპანია აპელირებს იმაზე, რომ სამინისტროსგან მიწოდებული სიები „მკვდარი სულებით“ იყო სავსე და მას დამატებით დრო სჭირდებოდა, პროგრამის მონაწილეების შესარჩევად.

თქვენ ერთხელ გეწერათ სტატია ამ საკითხზე, სადაც მე ვამბობ და ახლაც იგივეს გავიმეორებ: შესაძლოა სიებში იყო „მკვდარი სულები“, მაგრამ მიწა ხომ არ წასულა სადმე? ის, რომ ვინმე X გარდაცვლილია, არაფერს ცვლის. ეს სიები ათჯერ აღემატებოდა იმ ადამიანიაების რაოდენობას, ვისაც ექსტენციით უნდა ესარგებლა. ექსტენციის პროგრამა საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა პირველად და ამიტომ იყო რთული. არც ერთ კომპანიას ამ კუთხით არ ჰქონია გამოცდილება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხარდამჭერი, რადგან ეს არის ეროვნული საქმე. ექსტენციის კერძო სექტორისგან შესყიდვა – ეს არის ხვალინდელი დღე, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ახორციელებენ.

ფაროსანაზეც მინდა გკითხოთ. წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა ამ დაავადების გამო. ფერმერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დააგვინა შეწამვლა…

რას ნიშნავს დავაგვიანეთ?… აჭარაში არის 4 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, სადაც თხილის ბაღია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით აჭარას თხილის პლანტაციების შესაწამლად გადმოეცა ბიფეტრინის შემცველი ხსნარი. ეს იყო ივლისის დასაწყისში. როგორც კი აჭარამ მიიღო ეს პრეპარატი ოფიციალურად, იმ დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება შპს „მექანიზატორთან“. დაახლოებით 30-მა ტრაქტორმა უმოკლეს დროში შეწამლა 3 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი… ეს ღონისძიება მიმართული იყო ფაროსანას პოპულაციის შემცირებისკენ. რომ არ ჩატარებულიყო ეს შეწამვლა, დღეს იქნებოდა ეპიდემია. შემდეგ წელს იგეგმება ფაროსანას აღმოფხვრაზე ორიენტირებული წამლობითი ღონისძიება. რატომ არ დაიგეგმა იგივე წელს? წელს ეს იყო სწრაფი რეაგირების მექანიზმი, როცა აღმოჩნდა ფაროსანა თხილზე და შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოსწრებულიყო შეწამვლა.

ლაშა კომახიძესთან ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: