ბათუმში, გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებული შუქნიშანი გათიშულია. ფოტომასალა რამდენიმე წუთის წინ „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა.
ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, შუქნიშნები ზოგჯერ ძაბვის ვარდნის გამო ითიშება და „შესაძლებელია ამის გამო იყო გამორთული. როგორც ვიცი, ახლა ჩართულია.“
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ხუთი ძველი შუქნიშანი ახლით შეიცვლება, სამ ადგილზე კი, სადაც მანამდე არ იდგა, ახალი გაკეთდება.
შუქნიშნები გამოიცვლება პუშკინის ქუჩაზე, თავდადებულის, მელიქიშვილისა და ლერმონტოვის კვეთაში. ასევე, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის და ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში.
შუქნიშნები დამონტაჟდება: შავშეთისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „გუდვილთან“ ახლოს. ასევე ადლიის დასახლებაში.
წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გაჯერებულია უამრავი სასიამოვნო მოულოდნელობით, რაც ჩვენს დადებით განწყობაზე აისახება. სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის საახალწლოდ მორთული ქუჩები, ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, კაშკაშა ილუმინაცია, თუ ლამაზად შეფუთული საჩუქარი. საზეიმო განწყობის მოტანა შეუძლია თაროზე საახალწლო შეფუთვით შემოსილ მინერალურ წყალსაც კი. სწორედ ამ განზრახვით, წინასაახალწლო პერიოდში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ბორჯომი“ სპეციალური, სადღესასწაულო შეფუთვით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.
„როცა ვფიქრობდით შეფუთვის დიზაინზე, ინსპირაციად ქართული ტიხრული მინანქრის თემა გამოვიყენეთ, რომელიც არის სუფთა ქართული, ტრადიციული და თან ძალიან თანამედროვე და მოთხოვნადი. ამ ნაკეთობების თითოეულ დეტალში განსაკუთრებული მონდომება, სიფაქიზე და დიდი სიყვარული გამოსჭვივის. ჩვენი ახალი შეფუთვაც დიდი მონდომებით შევარჩიეთ თქვენთვის. ეს დიზაინი ნამდვილად გაგრძნობინებთ ახალი წლის მოახლოებას, ხოლო „ბორჯომის“ ვულკანური ძალით სავსე თითოეული ბოთლი და ქილა გაგიხანგრძლივებთ მხიარულებას და ამაღლებულ სადღესასწაულო განწყობას,“ – აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი, დავით გელაშვილი.
მრავალფეროვნება, საახალწლო მოტივები და „ბორჯომის“ განუყოფელი სიმბოლო ირემი – განსაკუთრებით გამოარჩევს ბრენდს თაროზე, პირველივე წამიდან იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და გვამზადებს მხიარულებისთვის.
მხიარულების მიზეზი ულევია, სწორედ ეს მიზეზები შევკრიბეთ თქვენთვის და მოგიმზადეთ სპეციალური „ბორჯომის“ კალენდარი, სადაც ყოველ დღეს დღესასწაულის მოწყობის მიზეზებია მითითებული. ახალი წელი ხომ წელიწადში მხოლოდ ერთხელაა, ჩვენ კი მხიარულებისთვის და მეგობრებთან ერთად დროს გატარებისთვის უფრო მეტი მიზეზი გვჭირდება. ჩვენი ვებგვერდის ბმულს www.calendar.borjomi.com „ბორჯომის“ ყველა შეფუთვაზე იხილავთ. კალენდარი, ასევე, ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის სახით როგორც Google Play-დან, ასევე App Store-დან.
„ბორჯომის“ საახალწლო ხაზი საქართველოში ხელმისაწვდომია სამი სახის შეფუთვით: ალუმინის ქილა – 0.33ლ; პეტ-შეფუთვა – 0.5ლ; და 1ლ-იანი შეფუთვა.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე აპარტოტელს, სავარაუდოდ, „ორბი ჯგუფი“ ააშენებს. ამ ტერიტორიის მომავალი მესაკუთრეა კომპანია, რომლის 100% წილს „ორბი ჯგუფის“ თანამესაკუთრე ზვიად ზოიძე ფლობს.
„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს მიმდინარე წლის იანვარში კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში“.
ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით 2006 წელს გადაეცა. 2016 წლის გაზაფხულზე კი აჭარის მთავრობასთან დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გადაცემული ქონების ნაწილი კომპანიამ უკან დააბრუნა.
„დარჩენილი გვაქვს 10 ობიექტი კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, გვაქვს ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც,“ – განაცხადეს მაშინ „სილქ როუდ ჯგუფში“ .
ახალი, 2016 წლის შეთანხმებით, „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ [რომელთანაც დაკავშირებულია „სილქ როუდ ჯგუფი“] აიღო შემდეგი ვალდებულება: „არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, უზრუნველყოს სასტუმრო „მესხთის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება [ეს გულისხმობს მის მზაობას საცხოვრებლად] მათ შორის: 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის მიღება, 2019 წლის 1 აპრილამდე მშენებლობის დაწყება, 2019 წლის 30 სექტემბრამდე მშენებლობის ნულოვანი ნიშნულის დასრულება და ამ მიზნით 2016 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება“.
რეესტრის ამონაწერით, 2017 წლის ივნისში, ტერიტორიის მესაკუთრე უკვე არის შპს „5მ ინშაათი“, რომელიც მიმდინარე წლის აპრილშია დარეგისტრირებული. ამ კომპანიის წილებს თანაბრად ფლობს თურქეთის ორი მოქალაქე. ამავე წლის სექტემბრის ბოლო ამონაწერით, ტერიტორიის მესაკუთრე კვლავ არის „5მ ინშაათი“, ხოლო მომავალ მესაკუთრედ მითითებულია შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“.
რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „ბრიტიშ დეველოპმენტი“ 2017 წლის აგვისტოში დააფუძნა ჯორჯი რურუამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქემ. ამავე წლის 30 ოქტომბრის ამონაწერით კი, ამ კომპანიის 100%-ს უკვე ზვიად ზოიძე ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორია ირაკლი კვერღელიძე. ზვიად ზოიძე შპს „ორბი ჯგუფის“ 25% წილის მფლობელია, ხოლო ირაკლი კვერღელიძე „ორბი ჯგუფის“ დირექტორიცაა.
რეესტრის ამონაწერში, სადაც ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიის მომავალ მესაკუთრედ „ბრიტიშ დეველოპმენტია“ მითითებული, არ არის ასახული ვალდებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ.
„ვინაიდან ტერიტორია თავის დროზე გასხვისდა ვალდებულებით, კანონით, ეს ვალდებულება ნებისმიერ მესაკუთრეზე გადადის და ის უნდა შესრულდეს. ალბათ, როცა საბოლოო მესაკუთრე დადგინდება, ეს ვალდებულებაც [100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით – ავტ.] აისახება რეესტრში“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიასთან დაკავშირებით მათ პირობები არ შეუცვლიათ. რაც შეეხება ტერიტორიის გასხვისებას, ეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებას არ საჭიროებდა.
ირაკლი კვერღელიძის ინფორმაციით, „ჯერჯერობით არ არის კონკრეტული პოზიცია რა, როგორ, რანაირად აშენდება. რაც არის სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ის ყველა შემთხვევაში შესრულდება და იმასთან ერთად რა იქნება, ჯერ ვადები არის და ჩამოყალიბების პროცესში ვართ.“
ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორია [8000კვ/მ] ბათუმში, ბულვარსა და რუსთაველის ქუჩებს შორის, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მდებარეობს.
ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორია ბათუმში / 9.12.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოძახება მიიღეს ბათუმში, ლეონიძის ქუჩიდან. სახანძროს ინფორმაციით, ლეონიძის 23-ნომერში ხის საამქრო ფუნქციონირებს.
„საამქროსთან ახლოს არის პატარა ჯიხური, სადაც ნახერხი იყო შეგროვილი და ამ ნახერხს გაუჩნდა ცეცხლი. მიზეზი ჩვენთვის უცნობია,“- გვითხრეს სახანძრო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საამქროში არავინ დაშავებულა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი – „საუბრები ევროპაზე“. 8-9 დეკემბერს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჩაქვსა და ბათუმში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „რატომ გვჭირდება მამაცი ქალები”. ინტერვიუ რუსუდან გოცირიძესთან “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისემ, ერეკლე ნოღაიდელმა ჩაწერა.
მეუფე რუსუდან, ვადევნებთ თვალ-ყურს თქვენს შეხვედრებს ბოლო ორი დღის განმავლობაში და საუბარიც იმ თემით მინდა დავიწყო, რაზეც თქვენ გქონდათ შეხვედრები ბათუმსა და ჩაქვში. რატომ გვჭირდება მამაცი ქალები? ამ კითხვაზე თქვენი პასუხი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი საქართველოდან, რომელიც 2014 წელს აშშ-ში, მიშელ ობამამ „მამაცი ქალის“ წოდებით დააჯილდოვა.
სხვათა შორის, როდესაც ამ ჯილდოს სახელის ქართულ ვერსიაზე ვფიქრობდით, არ მოიძებნა სხვა სიტყვა, რომელიც გამოხატავდა ზუსტად მას. „მამაცი“ – ეტიმოლოგია ამ სიტყვისა თითქოს გულისხმობს, რომ მამაკაცური უნდა იყოს, გამბედავი და ვაჟკაცური, ანუ ამ სიტყვის ფუძე არის მასკულინური. გვჭირდება არა მამაკაცური ქალები, არა ქალები, რომლებიც რაც შეიძლება მეტად დაემსგავსებიან კაცებს, არამედ გვჭირდება გაბედული ქალები, ქალები, რომლებიც არ გაუჩუმდებიან ბევრ ისეთ კულტურულ წნეხს, რომელიც ჩემი მშობლების თაობისთვის ნორმალური იყო. დღეს დადგა პერიოდი, როდესაც თანასწორობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირებული ფასეულობა ჩვენი ცივილიზაციისთვის. და, რა თქმა უნდა, გვჭირდება რაც შეიძლება მეტი გაბედული ქალიც და კაციც, რომლებიც ამ თანასწორობას გვერდით დაუდგებიან.
ადამიანები 18 წლის ასაკში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რისი კეთება გვსურს ცხოვრებაში. მაგალითად, როცა ჟურნალისტობა უნდა ჩემს ასაკში ადამიანს, მას ჰყავს ფავორიტი ჟურნალისტი, რომლისგანაც მაგალითს იღებს. ასევე ჰყავს ჟურნალისტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემსგავსოს/მიბაძოს. თქვენ გაუკაფავი გზის გავლა მოგიწიათ – თქვენამდე არც ერთი ქალი საქართველოში ამბიონზე არ მდგარა. რთულია ეს გზა თქვენთვის?
მისაბაძი ადამიანი სასულიერო პირისთვის ძალიან ბევრია. თუ გენდერულ ჭრილში განვიხილავთ თემას, როდესაც არ გყავს მისაბაძი მაგალითი, ეს მოვლენა თავისთავად არის გამოწვევებით სავსე, რთული და თან იოლიც, იმიტომ რომ არ გიწევს რაღაცების ნგრევა. ნგრევის დროს იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ადამიანს ახლის საშენებლად აღარ ყოფნის ძალა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, როცა თვითონ უნდა შექმნა კულტურაში – ქალი სასულიერო პირი.
რამდენად იღებს ქართული საზოგადოება თქვენს რელიგიურ თემს?
ბაპტისტური ეკლესიის მიმართ ქართული საზოგადოება არც ნამეტანი მიუღებლობით გამოირჩევა და არც ნამეტანი მიმღებლობით. როგორც უჭირს ჩვენს საზოგადოებას განსხვავებულის აღქმა/მიღება, ისევე უჭირს რელიგიური მრავალფეროვნების მიღებაც. მიუღებლობის და განსხვავებულისადმი მტრული დამოკიდებულების მთავარი მიზეზი არის არცოდნა, რომ არ იცი ვინ არიან, არ იცი რას უნდა ელოდე, ამის გამო არის ძალიან ბევრი საშიში მითი. ამ მითებს იყენებენ პოლიტიკურადაც. ასე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც. ზოგადად, მითოლოგიზირებული იყო რელიგიური უმცირესობების ცხოვრება, თეოლოგია, ეკლესიოლოგია 90-იან წლებშიც, როდესაც თითქოს რელიგიის თავისუფლების რაღაც ელემენტები გაჩნდა. რაც უფრო მატულობს ინფორმაციულობა, მით უფრო იკლებს მიუღებლობაც.
როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას რატომ ეშინია განსხვავებულის, საიდან მოდის ეს შიშები?
ვფიქრობ, ჩვენს ასეთი დამოკიდებულებაზე საუბრისას, ვერ ავარიდებთ თავს საბჭოთა კავშირის გამოცდილებას, იმ ფასეულობებს. ეს ყველაფერი იმდენად ჩაიკირა ჩვენს ცნობიერებაში, რომ უკვე ვეღარ ვასხვავებთ ეს საბჭოთა კავშირმა “ჩაგვილაგა” გონებაში თუ ეს ავთენტურად ქართულია. ასე რომ, ყველა “ბედნიერებასთან” ერთად საბჭოთა გამოცდილებაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. თუმცაღა, საბჭოთა გამოცდილებამდეც ერთის მხრივ ვართ ძალიან პატარა ერი, მეორეს მხრივ ვართ ერი, რომელიც ყველაზე მეტჯერაა დარბეული და განადგურებული. შიში უცხოს მიმართ, სავარაუდოდ, არის ამ ისტორიული გამოცდილების ბრალი. ვფიქრობ, ისტორიულად რომ გვყოლოდა მტერი ქრისტიანული ერი, მივხვდებოდით, რომ რელიგია არაფერ შუაში არ არის, როცა სახელმწიფო-სახელმწიფოს ებრძვის. მაშინ მივხვდებოდით, რომ რელიგიური იდენტობა განსხვავდება შენი სახელმწიფოებრივი კუთვნილებისგან. დღეს ქართველობა კონკრეტულ რამეებს ნიშნავს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელობა ქართველობისა არის ის, რომ თუ ხარ ქართველი, შენ აუცილებლად უნდა იყო ქრისტიანი, აუცილებლად უნდა იყო მართლმადიდებელი და, სამწუხაროდ, შენი “ქართველობა” ხდება რაღაცნაირად სტერილური მოვლენა. მგონი “შიშები” სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების ბრალია.
დღეს ვხვდებით სასულიერო პირებს, რომლებიც ხშირად არაჯანსაღი დამოკიდებულებით გამოირჩევიან და მიდიან სარწმუნოების წინააღმდეგაც, მაგალითად, მაშინ, როცა ყვირიან, რომ განსხვავებული მოსაზრებები უნდა ჩავკლათ, ჩავქოლოთ ისინი, ვინც არ გვეთანხმებიან. საიდან მოდის მათგან ეს აგრესია მაშინ, როცა ღმერთი მიტევებასა და სიყვარულს ქადაგებს? რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
ამას რა შედეგების მოტანაც შეუძლია, ვხედავთ უკვე. საზოგადოება, არის ძალიან რელიგიური, რელიგიურ ინსტიტუციების მიმართ ნდობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ძალადობა და ის აგრესია, რაც ამ საზოგადოებაშია, ამისი მიზეზები უნდა ვეძიოთ იმ რელიგიურ სწავლებებში, რომლებიც ამ ქვეყანაში არის. ერთი კონკრეტული რელიგიური დენომინაცია რაოდენობრივად ძალიან დიდია და მათი “‘მესიჯები”, ქადაგებები კარგად ჩანს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რელიგიური უმცირესობის მქადაგებლები დიდად არ განსხვავდებიან იმ ნათქვამებისგან, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. სამწუხაროდ, ეს არის თეოლოგიური განათლების სიმცირის ბრალი. სახარბიელო სიტუაცია არც სასულიერო სასწავლებლებში არ გვაქვს. იქ სადაც განათლებული მორწმუნე მიდის, ვერ აიტანს ისეთ ქადაგებას, რომელზეც იოლად ხალისობს ხოლმე საზოგადოება. განათლების პრობლემა გვხვდება ყველაგან.
ხშირად ამბობთ, რომ „ის შეშინებული რუსუდანი ყოველთვის გეუბნებათ: იქნებ არ ღირდეს, იქნებ თავი შევიკავო, იქნებ არ ვთქვა და კიდევ ბევრი იქნებ…“ არის თემები, რომლებზეც გინდათ ხმამაღლა საუბარი, მაგრამ სასულიერო შესამოსელი არ გაძლევთ ამის საშუალებას?
ბევრი ასეთი თემა არ არსებობს. მე როდესაც “შეშინებული რუსუდანი” მეუბნება – მოდი იქნებ გავჩერდეთო, არის არა ის საკითხები, რომელზე საუბარიც, მაგალითად, შესამოსელის გამო გამიჭირდება, არამედ, ვფიქრობ, თუ რამდენად დროულია ახლა ამის თქმა ჩემგან, ვის ატკენს, ვის დაანგრევს… ყველა ნათქვამს აქვს მახვილის ძალა და ეს მახვილი თუ არ მიმართე სწორად, შეიძლება დააზიანო ის, ვისი გაფრთხილებაც გჭირდება. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირის შესამოსელი ჩემს ნათქვამებს კიდევ უფრო მეტ მხნეობას ჰმატებს. სასულიერო პირის როლში როდესაც ვარ, გაცილებით მხნე არის ის “შეშინებული რუსუდანი”, ვიდრე ამ როლს მიღმა.
ყოველთვის აქტიურად იცავთ ქალთა უფლებებს და ხართ ფემინისტი. პირველად როდის გაგიჩნდათ საქართველოში მცხოვრები ქალების სიჩუმის მიმართ პროტესტი?
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ხდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ისე, როგორც აკვარელში ხატვის დროს შეიძლება მოხდეს. როცა პირველად ქალთა მიმართ ძალადობის აქციაზე გამოვჩნდი, უკვე ანაფორა მეცვა. საქმე ის არის, რომ მე ჩემი მოღვაწეობა ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ დავიწყე არა როგორც სასულიერო პირმა, არამედ როგორც ქალთა უფლებების აქტივისტმა. ჩემმა ეპისკოპოსობამდელმა საქმიანობამ ჩამომაყალიბა ფემინისტად, ეს არ იყო უცხო ჩემთვის, უბრალოდ, ამ ყველაფერს სხვა სახელები ერქვა ჩემს რელიგიაში.
ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ კაცისადმი ქალის მორჩილება ქრისტიანულ თემში ან ადრეული ქორწინება მუსლიმურ თემში რელიგიური დოგმებით არის გამოწვეული. რა ქმნის ასეთ წარმოდგენებს და რატომ გვიჭირს მათი უგულვებელყოფა?
რელიგია ბევრად სხვა რამაა და რწმენა სულ სხვა. საქმე ის არის, რომ რელიგიური განწყობები, დოგმები, წარმოდგენები ყოველთვის არის კონკრეტული კულტურის პროდუქტი. სამწუხაროდ, რელიგიებს ეშინიათ ამის აღიარება, რადგან ჰგონიათ, თუ კი ამას აღიარებენ, ამით ეჭქვეშ დააყენებენ უზენაესის მარადიულობას. არადა ღვთის მარადიულობა სულ სხვა რამ არის, რელიგიური დოგმების მარადიულობა კი, სულ სხვა რამეა. ყველა ეტაპზე რელიგია ცდილობდა თავისი კულტურის გამოწვევებისთვის თვალებში ჩაეხედა და რამე სახეირო გაეკეთებინა. სამწუხაროდ, გადიოდა საუკუნეები და ის, რაც 5-7 საუკუნის უკან ჯანსაღი მოვლენა იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან საშინლად ჩანს. პრობლემა ის არის, როცა 21-ე საუკუნეში ძვ.წ მე-7 საუკუნის კულტურულ რეცეპტებს ვარგებთ ადამიანებს. ჩემთვის ზუსტად აქ არის პრობლემა.
როგორ შეიძლება დაიმსხვრეს სტერეოტიპი ქალისა და მამაკაცის უთანასწორობაზე?
“ერთი დღე” ასე უცებ არ გათენდება, ამ დღემ გათენება უკვე დაიწყო. ეს ფოკუსების სამყარო არ არის, ეს არის განვითარების სამყარო. მე შორს ვარ იმ განცდიდან, თითქოს დრო თავისით მოიტანს რამეს. დროს თავისით არასდროს არაფერი მოუტანია, თუ იქ ადამიანის ძალისხმევა არ იქნებოდა. განათლება, განათლება და განათლება. ინფორმირებულობას არ ვგულისხმობ და რატომ – მე თუ მინდა, რომ დავამტკიცო – დედამიწა არის ბრტყელი, უამრავ ინფორმაციას დავდებ და შევეცდები, რომ დავამტკიცო. განათლება არის სხვა რამე. განათლება არის ძიება, აღმოჩენები, კითხვების დასმა და პასუხის ძიება და სხვა. აი, ამ განათლებაზეა ლაპარაკი. როგორც რელიგიურზე, ისე საეროზე.
ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური და მძიმე თემა ორ მოზარდს ეხება, რომლებიც თანატოლებთან შელაპარაკებისას დაიღუპნენ. უამრავი გამოხმაურება წავიკითხე, მათ შორის თქვენიც – თქვით, რომ გლადოატორების, ანუ პედაგოგების იმედად ვტოვებთ შვილებსო. შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ყველას ბრალია?
ამ ორი ბავშვის სიცოცხლე რომ არ დასრულებულიყო, ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ცხოვრებას იმ ბავშვების გვერდით, რომლებიც არ იხოცებიან, მაგრამ ისეთივე დასახიჩრებულები დადიან, როგორც ის ორი ბავშვი დაასახიჩრეს. იმის მისახვედრად, რომ მოძალადე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაინც და მაინც უნდა დავინახოთ სისხლი. ფორმულა, – ვინც უფრო მეტად აგრესიულია, ვინც უფრო დაჯაბნის ვინმეს, ის გაიტანს თავს ყოველდღიურობაში -ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. საზოგადოებაა დამნაშავე, ოღონდ ეს საზოგადოება სხვაგან კი არ ზის, არამედ ეს საზოგადოება ვართ ჩვენ. მე ვარ საზოგადოება, სკოლაა საზოგადოება, მედიაა საზოგადოება, ოჯახია საზოგადოება, ქუჩაა საზოგადოება. ამ საზოგადოებაზე მარტივია საუბარი, რადგან როცა იწყება თემაზე საუბარი, მაშინვე ვემიჯნებით, როგორც მართალი ადამიანი. ჩავჯდებით სავარძელში და ვისაუბრებთ ცუდ საზოგადოებაზე. ხშირად ვერც ვხვდებით, თუ როგორ ვატარებთ ამ ძალადობრივ ფასეულობებს, როგორ ვქადაგებთ ამ ძალადობას. ეს შეგვიძლია თვალებაცრემლებულ დედებს მოვკითხოთ, რადგან ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს. თუ არა მშობელს, აბა ვის გადააქვს ის ფასეულობები თაობიდან თაობაზე?! თუ გვინდა, რომ გვყავდეს შვილები, რომლებსაც არ დაჩაგრავენ და რომლებიც არ დაჩაგრავენ, უნდა ვასწავლოთ სხვა რამე.
რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექცია ჩაქვის საჯარო სკოლაში
სოციალურ ქსელში ამ ფაქტის შემდეგ ინტერნეტ მომხმარებლების დიდი ნაწილი აზიარებდა ფოტოს წარწერით „დააბრუნეთ ღმერთი სკოლებში“. ამ მოთხოვნის მთავარი მესიჯად აღიქმება არა სხვადასხვა რელიგიის, ხარისხიანი თეოლოგიური განათლების მიღება, არამედ ითხოვენ ხატებს, ნაკურთხ საკლასო ოთახებს და ლოცვებს გაკვეთილის დაწყების წინ. რამდენად ადეკვატურია ეს მოთხოვნა? არის რელიგიური დოგმატიკის ადგილი სკოლაში?
კანონის მიხედვით, სკოლა არის ჩვენს ქვეყანაში რელიგიისაგან თავისუფალი სივრცე, ოღონდ მხოლოდ კანონის დონეზე. კანონის დონეზე, იმიტომ არის დარჩენილი, რომ ნებისმიერ სკოლაში წააწყდებით ხატების კუთხეს ან ნაკურთხ საკლასო ოთახებს, თუ სკოლა ყოჩაღია შეიძლება სკოლის ეზოშიც ჰქონდეთ ეკლესია… ღმერთი ასე არ ბრუნდება არსად, ღმერთს ვერ გამოაბამ ჯაჭვს. ტაძრების შენებით, კუთხეების მოწყობით და, საერთოდ, საკმეველს არ დასდევს ღმერთი. ღმერთი ასე არ ბრუნდება არსად. ღმერთი უნდა დავაბრუნოთ ადამიანების გულებში. ოღონდ ღმერთი არა, როგორც რომელიმე კონკრეტული “პარტიის ლიდერი”, არამედ უნდა დავაბრუნოთ ღმერთი, რომელსაც ჰქვია სიყვარული, თანაგრძნობა და მიტევება. ბავშვებს ვასწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. ასეთი ღმერთის დაბრუნებაზე ორი ხელით თანახმა ვარ…
ბოლო პერიოდში გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა. ის აღწევს მედიის, სოციალური ქსელების გზით ჩვენს ყოველდღიურობაში. მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა და ევროპული ღირებულებები თავსმოხვეული. ცხადია, თქვენ დასავლეთისკენ იყურებით. რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია?
იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, რომლის შვილიც ვარ, მეამაყება. რაც მეჩემება არის ზუსტად დასავლური ფასეულობები. ის, რაზეც თქვენ მესაუბრებით, არ არის ფილოსოფიური პრობლემა, ეს არის პოლიტიკური პრობლემა, ეს არის რუსული პროპაგანდის შედეგი. გული მისკდება, როცა ჩემი შვილების თაობა უსმენს რუსულ რეპს. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური გემოვნების პრობლემა, ეს არის იდეოლოგიის პრობლემა. ის, რასაც ეს ბავშვები ეზიარებიან ჩრდილოელი მეზობლისგან. “დოსტოევსკებზე” აღარავინ ლაპარაკობს. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვების ნაწილი ძალიან ლაღად გრძნობენ თავს რუსული პროპაგანდის სივრცეში. ეს ნამდვილად ჩემი თაობის ბრალია. გააჩნია, რომელ ფანჯარას გაუღებს მშობელი შვილს და რომელ ჰაერს ასუნთქებს მას. ჩემთვის ევროპა ღირებული არის, იმიტომ რომ მყავს: ვაჟა, ილია, რუსთაველი მყავს; იმიტომ რომ ჩემმა ქვეყანამ თავის დროზე ორიენტირი აიღო დასავლეთზე. ჩემთვის ეს არის დასავლეთი და ეს არის ევროპა.
რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ ამ სტატიას, რომლებიც არიან რელიგიური, ეთნიკური ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლნი?
ყველაზე რთული კითხვა ეს არის. არავის არ აქვს მეორე ადამიანის დაჩაგვრის უფლება. არავის ჩაგვრა არ არის და არც უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი. ადამიანებს ამის გააზრება სჭირდებათ. ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირ შემთხვევაში იმიტომ კი არ დუმდებიან, რომ გაბედულება აკლიათ, უბრალოდ, მათ ეს ნორმად მიაჩნიათ. არავინ არ უნდა იჩაგრებოდეს და თუკი ვინმე იჩაგრება ან სტკივა, ის უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ეს უნდა იყოს გაზრდის მამოტივირებელი და არა კიდევ უფრო ჩაგრულის კანში ყოფნისა და ჩაკეტვის.
სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში ხუთი პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი -ერთი წლის და შვიდი წლის. ხოლო შემთხვევის ადგილიდან ორმა მოქალაქემ კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა.
დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
მინისტრის განმარტებით, ორმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ჩაუტარდებათ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები.
შედარებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას დამწვრობა და ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნება. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით,სწორედ ამ ქალის ბინაში მოხდა აფეთქება.აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა).
ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან:
„სამსართულიანი სახლია, დაახლოებით ცხრა ოჯახი გვეყოლება გასაყვანი, უკვე მომზადებულია სასტუმროები, რომ დღესვე გავიყვანოთ ოჯახები. ხუთი ადამიანია დაშავებული, რამდენადაც ვიცით, ყველანი ამ სახლში ცხოვრობდნენ. ერთი ქალბატონია მძიმედ, სწორედ მის ბინაში მოხდა აფეთქება. როგორც ვიცით, ბავშვები შედარებით მსუბუქად არიან დაშავებული.
ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია, თუმცა ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა).
ბათუმში, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი ბავშვი და სამი ზრდასრული – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. ერთ-ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია.
ბათუმში, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე სახცოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზმა გამოიწვია. სახლის გარშემო კორპუსებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია მანქანები.
არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა).
ლიტვის დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხე უკვე დადგეს და ქალაქში საშობაო-საახალწლო ბაზრობაც დაიწყო.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სიმაღლე 27 მეტრია. ნაძვის ხე, თავისი მორთულობით, ქალაქის მოედანზე 2500 მეტრ ფართობს იკავებს და 900 სათამაშოთი და 70 ათასი ნათურითაა მორთული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი და უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
დღს, 10 დეკემბერს, 15 საათზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საინიციატივო ჯგუფი სოლიდარობის აქციას მართავს.
„ამ შეკრებით პატივს მივაგებთ 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულებსა და თბილისში ინციდენტის შედეგად გარდაცვილილი მოსწავლეების ხსოვნას.
…მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაატაროს უფრო ეფექტური ღონისძიებები, დახარჯოს უფრო მეტი რესურსი საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ასევე მიგვაჩნია, რომ კანონი, რომლის აღსრულებაც რეალურად არ ხდება, უტოლდება მის არარსებობას, აქედან გამომდინარე არსებული კანონმდებლობის აღსრულებაც უნდა გახდეს ეფექტური. პროტესტის ამ ფორმით მოვითხოვთ უსაფრთხო ცხოვრებას საქართველოში,“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი – დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ზედა ლეღვაში, კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. საცხოვრებელი სახლი გურამ დუმბაძის ხუთსულიან ოჯახს ეკუთვნის.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „დროულად მოვიდა სახანძრო სამსახური“, – ამბობს მერი. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით გადასვლას სთავაზობს, რადგან „ამ დროისთვის სახლი საცხოვრებლად შეუსაბამოა“.
„შესაძლოა პირველ სართულზეც ჩავიდეს წყალი, რადგან სახლის სახურავი დამწვარია“, – ამბობს მერი.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მოწვეული იყო ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, არქიტექტორი გია რამიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
არქიტექტორმა გია რამიშვილმა ისაუბრა ქალაქში უსაფრთხოების პრობლემაზე, რომლის დაცვაც კანონის დონეზე მშენებლებს არ მოეთხოვებათ.
„აქამდე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება ჯერ საპროექტო დოკუმენტაციაში ხდებოდა, შემდეგ შენობის ექსპლოატაციაში მიღება ხდებოდა კომისიის მიერ, სადაც ათეული ადამიანი შედიოდა სპეციალობების მიხედვით და ექსპლუატაციის შემდეგაც ხორციელდებოდა ზედამხედველობის მონიტორინგი, ტექნიკური პირობების დაცვაზე“, – ამბობს ის. მისი თქმით, დღეს ეს სისტემა მოშლილია და 2005 წლის შემდეგ ამ ყველაფერმა სრულიად სხვა სახე მიიღო.
გია რამიშვილის თქმით, სპეციალისტები ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა პრობლემა სისტემურია, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.
„გაუქმდა სახელმწიფო ექსპერტიზა, შემდეგ კი სახელმწიფომ ვალდებულებები მოუხსნა ნებართვის გამცემ ორგანოებს. დღეს უკვე ბარდება შენობის მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი, მაგრამ სახანძრო უსაფრთხოების პროექტი აღარ დგება. ადრე კი ხანძარსაწინააღმდეგო პაკეტი ცალკე იკვრებოდა.
გარდა უსაფრთხოებისა, მშენებლობის დროს მივიწყებულია სანდასუფთავების და ეკოლოგიის საკითხებიც. საბოლოდ კი მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც გაურკვეველი გახდა, ვის, როდის, რატომ უნდა ენახა სამშენებლო დოკუმენტაცია“, – ამბობს რამიშვილი.
მისი თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდა ინვესტორებისთვის, რომ მათთვის ადვილი პირობები შეექმნათ და უფლება მიეცათ, თავიანთი სტანდარტები გაეფორმებინათ. არსებობს საერთაშორისო სამშენებლო კოდი, რომელიც საქართველომ, უბრალოდ, გადმოიტანა ქართულად 2009 წელს. დარეგისტრირდა ქართულ სტანდარტადაც, მაგრამ უცნაური გამონაკლისით, რომლითაც ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ერთდროულად მოქმედებდა საერთაშორისო სტანდარტებიც, საბჭოთა ნორმებიც, რომლებიც მოქმედებდნენ 1930 წლამდე და 50-მდე განვითარებული ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტებიც. ამას მოყვა განმარტება, რომ თუკი რომელიმე მენაშენე აირჩევდა რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, ის იყო ვალდებული გადმოეთარგმნა ამ ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი და უნდა მიეტანა დასარეგისტრირებლად. ამასაც ფორმალური სახე ჰქონდა და ასეთ შეტივტივებულ მდგომარეობაში ვიყავით წლების განმავლობაში“.
2016 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების წესს, რომელიც გია რამიშვილის თქმით, პრაქტიკულად იგივე საერთაშორისო ნორმებია, რომელებიც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. „თუმცა, ეს არ არის გარანტია, რომ ასპროცენტიანად ვიქნებით დაცული, მაგრამ უკვე გარკვეულწილად გაიწერა პასუხისმგებლობა, თუნდაც ნებართვის გამცემზე, მაგრამ სრულიად გაურკვეველია რა მოხდება ნებართვის გაცემის შემდეგ. ტექნიკური რეგლამენტი გულისხმობს ისეთი მაკონტროლებელი ორგანოს არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შენობის ტექნიკური უსაფრთხოების დაცვაზე“.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, 2009 წლიდან დაჩქარებულია ნებართვის გაცემა, რასაც პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.
„ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა წყლისა და კანალიზაციის ტექნიკური პირობებიც კი არ ჰქონიათ მშენებლებს, ვერ აცნობიერებდა დეველოპერი შემდგომ პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, ვეღარ ხდებოდა შუქის, წყლისა და კანალიზაციის ცენტრალურ ქსელებთან ჩართვა. ეს იწვევდა ბევრ პრობლემას. რამაც მიგვიყვანა ბევრ პრობლემამდე, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების პრობლემამდე“.
რაც შეეხება „ლეოგრანდის“ საკითხს, ირაკლი ახალაძის თქმით, ნებართვა 2012 წელს იყო გაცემული იმ დადგენილებით, რომელიც არ ითვალისწინებდა სახანძრო უსაფრთხოების პროექტის არსებობას და ვალდებულებას. „შესაბამისად, ექსპლოტაციაში მიღების დროსაც მოთხოვნილი იყო მხოლოდ წყლის, კანალიზაციისა და ლიფტების ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა“, – განაცხადა მან.
საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლის, შოთა გუჯაბიძის შეფასებით, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ უწყებას ეკისრება, მით უმეტეს „ლეოგრანდის“ ტრაგედიის შემდეგ, ამიტომ მსგავსი დისკუსიები კარგია მომხდარის გასაანალიზებლად.
„პირველი რიგის პრობლემაა ის, რომ მშენებლებს განუსაზღვრელი უფლებები აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსგან, როცა ნებისმიერი მშენებლობა შეგეძლო ყოველგვარი რეგულაციების გარეშე.
დისკუსია სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე
როცა მოხდა საშინელება, მაშინ დავინახეთ სახანძრო უსაფრთხოების აუცილებლობა. ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავიც მალე მიწყნარდება და შედეგი არ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა. ამიტომ სამოქალაქო აქტივობას ეკისრება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“, – ამბობს გუჯაბიძე.
მისი თქმით, ბაქოს ქუჩა, სადაც „ლეოგრანდი“ მდებარეობს, ისტორიული განაშენიანების ზონაა, რომელიც სრულიად ხელყოფილია.
„იმის გამო, რომ ეს ისტორიული განაშენიანებაა, საერთოდ არ უნდა აშენებულიყო 24-სართულიანი შენობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ყველანაირი ნორმები დავარღვიეთ“.
შოთა გუჯაბიძის თქმით, ე.წ. ზონალურმა საბჭომ გასცა სწორედ ამ შენობის აშენების ნებართვა. „ეს ქაოსი აწყობს ხელისუფლებას და ინვესტორს, მაგრამ საბოლოოდ აგებს ქალაქი. სწორედ ეს არის ხელისუფლების ნაკლი, რომ ქალაქი ისე შენდება, სადაც აბსოლუტურად უგულებელყოფილია ადამიანი. ქობულეთშიც მოხდა საშინელი ტრაგედია და რა შეიცვალა? არც არაფერი. ეს პროცესი არ დასრულდება, თუ არ მოხდება ამ პროცესის შეკავება“, – ამბობს ის.
დისკუსიის მონაწილე, იურისტი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების საკითხში არა მარტო სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს. „ყველა ბრენდს თავისი სტანდარტები აქვს და საქმიანი რეპუტაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის არ დაუშვებს სტანდარტების დაუცველობას, ამას სახელმწიფოსთან შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს შეხება. ამიტომ, თვითრეგულაციების როლიც მნიშვნელოვანია. პროფესიული თვითრეგულაციებიც უნდა არსებობდეს, რომელიც სახელმწიფოს თავისთავად დაეხმარება, მაგრამ პასუხისმგებლობა ექნება მშენებელსაც.
ჩემი სადარბაზოც ამოშენებულია და იქ რომ რაიმე მოხდეს, არ ვიცი რას გავაკეთებთ. სამაგიეროდ, გვერდით სადარბაზოში ეს ნორმა დაცულია. ამიტომ „ამხანაგობების“, ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც ხომ არის, რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ“, – ამბობს ის.
მოქალაქე ზეინაბ დიასამიძის აზრით, ამ დისკუსიაზე ის პირები უნდა ყოფილიყვნენ მოწვეული, ვისაც საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლოთ.
„საშინელი ტრაგედია მოხდა, ამიტომ აქ ხელისუფლების წარმომადგენლები, ზედამხედველობის სამსახურის, მერიის წარმომადგენლები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, „ენერგო-პროს“ წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ, ვისაც აქვს ვალდებულება პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს. მათ შორის უნდა ყოფილიყო „ლეოგრანდის“ ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელი, რომელსაც შახტების სარქველები უნდა ჩაეკეტა, კვამლი რომ არ გავრცელებულიყო სხვა სართულებზე.
ამაზე გვინდა პასუხების მიღება, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა თავის მოქალაქეებთან საუბარი. თუ არ შეეჩვია ხელისუფლება ჩვენთან საუბარს, ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. ჯერ შეიქმნება საზოგადოებრივი მოძრაობა – „საზოგადოება ითხოვს პასუხს“ და მერე „საზოგადოება ბრალს სდებს“.
ზეინაბ დიასამიძის აზრით, ბათუმი თვითმკვლელების ქალაქია, რადგან სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა. „რა მიშენება და დაშენება ხდება ბათუმში, ამაზე პასუხს ვინ აგებს? ჩვენ ყველა პოტენციური მსხვერპლი ვართ“, – განაცხადა მან.
ნინო ტავლალაშვილის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
ირაკლი ჯიჯავაძის თქმით, კი აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის სწავლება სკოლებში, რომ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ ვითარებაში.
გოჩა სურგულაძის აზრით კი, აუცილებელია საზოგადოებრივი წინააღმდეგობების გაძლიერება, რადგან სახელმწიფოს დონეზე მოხდეს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში.
ნათელა მარკოიძე ქობულეთში პოპოვის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სახლი ჩამოენგრა, ბარაკის ტიპის სახლი თითქმის დანგრეულია, თუმცა თვითმმართველი ორგანოდან არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არავინ ეხმარება.
„წვიმის დროს ეზო ისე იტბორება, ნავით უნდა გაცურო. ჭერი თავზე ჩამომენგრა, ზოგან ბჯენი მაქვს შეყენებული, რომ სულ არ ჩამოიქცეს. როცა წვიმს, ნავით უნდა გაცურო, არაერთხელ მივმართე ქობულეთის მერიას, მაგრამ მეუბნებიან რომ ფინანსები არ აქვვთ“.
ნათელა მარკოიძე ამბობს, რომ ავარიულ ბარაკში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. „ან მომცენ ფინანსური დახმარება რომ მე თვითონ ავაშენო ერთი ოთახი, ან ალტერნატიული ფართით დამაკმაყოფილონ“-გვეუბნება ის.
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი სახლი სიძველის გამო გახდა ავარიული, მის შეკეთებას ბიუჯეტი არ ითვალისწინებს.
„მსგავს სიტუაციაში ქობულეთში ათობით მოქალაქეა, ჩვენ არ გვაქვს ისეთი სოციალური პროგრამები, რომელიც მსგავს ვითარებაში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარება. სამომავლოდ, როცა გვექნება ბიუჯეტის მოცემულობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმუშავებთ დამატებითი სოციალური პროგრამის შემუშავებაზე“-ამბობს ის.
მისი თქმით, მსგავსი პროგრამა ქობულეთის ბიუჯეტში შესაძლოა მომავალი წლიდან ამოქმედდეს.
შავ ზღვაზე ბოლო დღეებში განვითარებულმა შტორმმა დააზიანა და დაანაგვიანა ბათუმის პლაჟი და ბულვარის ნაწილი სანაპიროს გასწვრივ. ბულვარში, განსაკუთრებით ახალ ბულვარში, სასეირნო ბილიკები ამ დრომდე დაულაგებელია, ბილიკის გასწვრივ კი შეშა და დიდი ქვები – ძირითადად დანგრეული შენობების ნარჩენებია ალაგ-ალაგ თავმოყრილი.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დასუფთავებაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ „სანდასუფთავებასთან“, რომლის თანამშრომლები დღეს დილიდან მუშაობენ ანბანის კოშკის მიმდებარედ და დღის მეორე ნახევარში გადავლენ ახალ ბულვარში.
„რაც შეეხება დიდ ქვებს. ისინი მე შევაგროვებინე და ამოვატანინე პლაჟიდან. ისინი დისკომფორტს უქმნის დამსვენებლებს სეზონზე. შეშას და ნატეხებს „სანდასუფთავება“ გაიტანს ხვალიდან, ხოლო ქვებს ორშაბათს გავიტანთ ჩვენი ძალებით. შესაძლოა ბულვარის ბოლოში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები რომ მიმდინარეობს, იქ მივიტანოთ. წელს, ზაფხულში ასეთი დიდი ქვები, 25 მანქანა გავიტანეთ. 2-3 დღეში ბულვარი და პლაჟი მთლიანად დასუფთავდება“ – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ეთერ მაჭუტაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბერს, კვირას, აჭარაში ამინდი უმეტესად უნალექო იქნება, 11 დეკემბერს, ორშაბათს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.
აჭარის მთავრობის აპარატი „სპეციალიზებული კლასის – პიკაპის ტიპის ავტომობილს შეიძენს, ე.წ „კანოპით“ [ბორტის სახურავი] და საბარგულის ჩასაფენით“. ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 80 500 ლარია გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია.
ავტომობილი, ტექნიკურ მახასიათებლებთან და სხვადასხვა პირობებთან ერთად, უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ამასთან, ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების) ხარჯების ჩათვლით.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა. ელექტრონული ტენდერი ამა წლის 18 დეკემბერს დასრულდება.
აჭარის მთავრობის აპარატს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული სედანის შესაძენად, სადაც სატენდერო თანხა 48 700 ლარია. ამ ტენდერშიც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციოალიტეტის 16 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჩიქუნეთსა და ზედა ქოქოლეთში სადაც მეწყერმა გზა ჩაკეტა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გეოლოგები მუშაობენ ექვს ლოკაციაზე სადაც ეწყერია განვითარებული და დასკვნები, როგორც ხელვაჩაურის მერიში გვეუბნებიან, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.
ოფიციალური ინფორმაციით, ექვემდებარება თუ არა რომელიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, გეოლოგიური დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამედიცინო კლინიკა „მედინაში“ სამი დღის წინ უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს 30-32 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თავზე გაუკეთდა ოპერაცია. მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა.
„მამაკაცს პატრონობს ის ადამიანი, ვინც დაეჯახა. ცოტა ხნის წინ იყვნენ პროკურატურიდანაც. არ ვიცით მამაკაცი ვინ არის, არ ჰქონდა არავითარი მაიდინტიფიცირებელი დოკუმენტი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა ადამიანებმა.
წყაროს ინფორმაციით, პაციენტი უკვე მესამე ღამეა კომატოზურ მდგომარეობაშია და დღევანდელი მონაცემებით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.
„ისიც კი არ ვიცით ქართველია თუ სხვა ეროვნების. „ზაჟიგალკის“ მეტი არაფერი ჰქონდა ჯიბეში“, – ამბობს კლინიკის თანამშრომელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაშავებულის ვინაობა დაუდგენელია და დაგზავნილია ორიენტირები მთელი საქართველოს მასშტაბით“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ერთი სედანის შესაძენად მთავრობის აპარატს მაქსიმუმ 48 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილი მთავრობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა, უნდა ჩაბარდეს.
სატენდერო პირობების მიხედვით, „ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების) ხარჯების ჩათვლით; ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების ღირებულებას 100 000 კმ. გარბენზე (დღგ-ს ჩათვლით) და ავტომობილის მიერ 100 000 კმ-ზე მოხმარებული საწვავის პირობით ღირებულებას. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას“.
შესაძენი ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ავტომობილის სწორი ექსპლუატაციის პირობებში უნდა ვრცელდებოდეს გარანტია საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი).
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ქ. ბათუმში ან ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმუმ 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს სულ მცირე ერთი სერვისცენტრი, სადაც განახორციელებს საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიურ ფასიან მომსახურებას.
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.
დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის #183-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ობიექტი გაიხსნა.
მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება კომპანიის მიმდინარე სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სრულყოფილი მომსახურება მიიღოს მისთვის მოსახერხებელ ადგილას.
აეროპორტის გზატკეცილის #183-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ობიექტი გაიხსნა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით: „ვისოლი წარმატებულად მოღვაწეობს უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამიტომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე მომსახურების ცენტრებში იყოს მაქსიმალურად განვითარებული და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული.
მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციითა და გამოკითხვით გადავწყვიტეთ შეგვერჩია ახალი ადგილი, სადაც ჩვენს მომხმარებელს, პირველ რიგში, არ ექნებოდა პარკირების პრობლემა. ასევე, ჩვენ გვინდა, ინტეგრირება ჩვენი სხვადასხვა მიმართულების კომპანიებისა და სერვისებისა, რითაც შესაძლებელი გახდება მომხმარებელს სასურველი პროდუქტი ერთი ფანჯრის პრინციპით მივაწოდოთ.“
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.
გარდა მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მოქნილი და მაქსიმალურად მორგებული დაბალი ფასისა, აქ მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს ასევე სარეკლამო მომსამსახურებით, შეიძინოს საწვავ-საპოხი მასალები, საბურავები, სათადარიგო ნაწილები და სხვა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თბილისში აქვს სამი მომსახურების ცენტრი: ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე და ისანში, ხოლო რეგიონებში „ვისოლის“ სერვისცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს: ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ახალციხეში.
კომპანიას საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვისპროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
9 დეკემბერს ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა „ლეოგრანდის“ ტრაგედია – უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები“.
„დისკუსიაზე ვიმსჯელებთ რამ გამოიწვია ტრაგედია, როგორ შეიძლებოდა მისი პრევენცია? რამდენადაა დაცული ბათუმში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, უნდა შეიცვალოს თუ არა დღეს არსებული უსაფრთხოების პოლიტიკა? რას გაითვალისწინებენ სახელმწიფო სტრუქტურები მომავალში, თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები? რა როლი აქვს ასეთ დროს საზოგადოებას?“-ნათქვამია „დემოკრატიი სკოლის“ ბათუმის ოფისის განცხადებაში.
დისკუსიის დროს მომხსენებლები იქნებიან გია რამიშვილი, არქიტექტორი, ირაკლი ახალაძე, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი.
შეხვედრა გაიმართება 14:00 საათზე ახმედ მელაშვილის 20, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში. დასწრება თავისუფალია.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოს ელექტროენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება. სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. ხულოში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს.
ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა.
სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ ითვალისწინებს მოქალაქეების სამშენებლო მასალებით დაკმაყოფილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი არ არის,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც მოქალაქემ ქობულეთის მერიისგან მიიღო.
რას აკეთებს სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, როცა კერძო მესაკუთრე მის დაცვას ვერ ახერხებს?
„როცა ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობს კერძო მესაკუთრე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ხშირად ისეა, რომ სტატუსი რადგან აქვს, ყველაფერს ითხოვენ სახელმწიფოსგან,“ – გვითხრა ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. იგი ილია ევანს სთავაზობს სახურავის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შეისყიდოს და დასაფინანსებლად სააგენტოს წარუდგინოს, თუმცა მისი დაფინანსება ამ ზამთრისთვის სატენდერო პროცედურების გამო ვერ მოესწრება.
„ასეთი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა, რომ მოქალაქეს გაეკეთებინოს პროექტი და ჩვენთვის ეთხოვოს სამუშაოების დაფინანსება, მაგრამ გვინდა, რომ გარკვეული პრაქტიკა დაინერგოს ამ კუთხით, ძიებაში ვართ ჩვენც, რა იქნება უკეთესი… თავად სამუშაოები ჯდება ძვირი და ამას მოქალაქე ვერ მოახერხებს, ამიტომ უმჯობესია ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი დაინერგოსა. წინასაარჩევნოდ მე შევთავაზე მერობის კანდიდატებს, რომ მინიმუმ ერთი ან ორი სახლის რეაბილიტაციის ხარჯი მაინც გაითვალისწინონ ბიუჯეტში. ყველა კანდიდატს მოეწონა სააგენტოს ეს იდეა. ჩვენ წერილებსაც გავუგზავნით მათ და პირადად შევხვდები კიდეც,“ – ამბობს ლაშა ასლანიშვილი.
ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ ილია ევანის სახლის რეაბილიტაციის დაფინანსებას სააგენტო ქობულეთის მერიას სთხოვს? – ლაშა ასლანიშვილი განმარტავს, რომ შესაძლებელია რამდენიმე სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა დააფინანსონ, ნაწილი კი თავად სააგენტომ.
„თუკი ეს კონკრეტული მოქალაქე წამოვა თანამშრომლობაზე და თავად შეისყიდის პროექტს, შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირების დროს სახლის სახურავის დაფინანსება“, – დასძენს ლაშა ასლანიშვილი.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ძეგლის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრები მოქალაქეები მასობრივად შეისყიდიან რეაბილიტაციის პროექტებს, ბიუჯეტში კი საკმარისი თანხა არ იქნება?
„შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაკეთდება. რეალურად გვეცოდინება, რა თანხა გვჭირდება და ამას ეტაპობრივად გავითვალისწინებთ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს,“ – აღნიშნა ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი ციხისძირში / ფოტოები მოგვაწოდა ილია ევანმა
ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საცხოვრებელ სახლებთან ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ოჯახებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს.
ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ზვავი რიყეთში, ოშანახევსა და ხიხაძირში საცხოვრებელ სახლებთან ჩამოვიდა. ოჯახებმა სახლები დატოვეს და მეზობლებს შეაფარეს თავი.
ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ზვავს საცხოვრებელი სახლები არ დაუზიანებია, თუმცა ზვავის განმეორების საშიშროება ისევ არის.
რამდენიმე წუთის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის მუნციპალიტეტის სოფელ ახოსა და ბალაძეებშიც, სადაც შიდა საუბნო გზებზე ჩამოსულმა მიწის მასამ რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მერის, გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით, მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას შტაბის ძირითად წევრებთან ერთად მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილეს და შტაბის წევრებს მიეცათ შესაბამისი დავალებები არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად.
ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მ-ს, ხოლო დაბლობში ერთ მეტრს მიაღწია.
10 დეკემბერს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
შპს „გოდერძი რიზორტის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, წლევანდელ სეზონს გოდერძი სიახლეებით ხვდება, რომელიც შეეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე სტუმრების გართობასა და ტრანსპორტირების საკითხებს.
2017 წლის იანვარში კურორტზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე დიდი დრო დასჭირდა და კურორტზე არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული.
რა შეიცვალა უსაფრთხოების მიმართულებით? ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანა და მედიკოსთა ჯგუფი, რამდენიმე დღეში კი მიიღებენ ახალ, სრულად აღჭურვილ მანქანას. „გარდა ამისა, წელსაც გოდერძიზე იქნება მოთხილამურე პატრული, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სათხილამურო ტრასებზე.
„გვაქვს სიახლეები. 15 დეკემბრიდან ზარზმიდან გოდერძის მიმართულებით იმოძრავებს თოვლმავალი დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. მგზავრობის ფასი სავარაუდოდ 20 ლარი იქნება, ერთი ბილეთიც რომ გაიყიდოს, თოვლმავალი იმოძრავებს. ეს სიახლე თბილისიდან მომავალ ადამიანებს გაახარებთ, რომელთაც აღარ მოუწევთ წრეზე წამოსვლა გოდერძიზე ჩამოსასვლელად.
წელს გაიხსნება ახალი კაფე, ტენდერი გამოცხადდა და აუქციონში გამარჯვებულმა პირებმა მოაწყვეს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც კაფეს დავუთმეთ,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.
ამჟამად კურორტ გოდერძის ერთდროულად ასი ადამიანის მიღება შეუძლია უღელტეხილზე არსებულ სასტუმროსა და კოტეჯებში. ასევე, გოდერძიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ დანისპარაულში მდებარეობს სასტუმრო სახლები, სადაც ტურისტებს დარჩენა შეუძლიათ. ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, სასტუმრო სახლების მფლობელები და პერსონალი რამდენიმე დღის წინ გადაამზადა ტურიზმის დეპარტამენტმა. დანისპარაულსა და გოდერძის შორის გადაადგილება ტაქსითაა შესაძლებელი.
გოდერძი. ფოტო ზურაბ ჭურკვეიძის ფეისბუქგვერდიდან
„ამ დროისათვის ფაქტობრივად დაჯავშნულია საახალწლო პერიოდი და გვაქვს ჯავშნები იანვარ-თებერვალშიც. ჯავშანს ვიღებთ „ბუკინგის“ საშუალებით, ასევე სხვადასხვა ოპერატორი კომპანიის შუამავლობით და ინდივუდუალურადაც. კოტეჯში განთავსების ფასია 100 ლარი, ხოლო ოთხადგილიანი ნომრის ფასი სასტუმროში – 150 ლარი,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.
სათხილამურო გზის საერთო სიგრძე გოდერძიზე 8 კილომეტრია. სამთო-სათხილამურო კურორტზე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
შს სამინსიტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 40 აბი და ჰეროინის შემცველი, 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, შესაძლებელია სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახელწოდება შეიცვალოს. იურისტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა „სავარაუდოდ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“-ამბობს ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, ჯერჯერობით უცნობია.
ერთი საათია, რაც ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზეა გაჩერებული. დილის მატარებელი ამ დროს უკვე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც მგზავრები გვატყობინებენ, მატარებელი თბილისში ჩასვლას დანიშნულ დროზე ვერ შეძლებს.
„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნაა. „ძაბვა დაეცა, რამაც მატარებლის გაჩერება გამოიწვია. ამ დროისთვის ძაბვა აღდგენილია, თუმცა მატარებლის გადატვირთვა არ ხერხდება. ვფიქრობ, 20 წუთი დასჭირდება მატარებლის გადატვირთვას,“-ამბობს დაჩი ცაგურია.
ძაბვის ვარდნის გამო თბილი-ბათუმის მატარებელი რიკოთზე გაჩერდა ფოტო თაკო ჭანიძის
ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია.
„მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, ამ დროისთვის სოფლებში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. იწმინდება გზები თხილვანასა და ფუშრუკაულის ხეობაში, ასევე ღორჯომის მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზას, ინტენსიურად იწმინდება, რომ არ ჩაიკეტოს მიმოსვლა,”- ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბაში თოვლის საფარი 70-80 სმ-ს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი – ერთ მეტრს. ჩაკეტილია მაღალი ზონის სოფლებში საავტომობილო მიმოსვლა.
დაბა ქედაში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი – 70 სანტიმეტრს აღემატება. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილით შესაძლებელია ყველა მიმართულებით და თოვლისა და მეწყრის გასაწმენდად 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს, რაც შეეხება სკოლებს, ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის სასწავლო პროცესი მხოლოდ ექვს სკოლაში მიმდინარეობს.
სასწავლო პროცესი შეწყდა ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლაში. ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, სოფელ ხარაულაში ქარბუქი იყო და მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდნენ. ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა ქედის შვიდ ბაღში – ხარაულის, მერისის, წონიარისის, ვაიოს, ახოს, დანდალოსა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ სასწავლო პროცესი 28 სკოლაში არ მიმდინარეობს. ათი საბავშვო ბაღიდან ბავშვები მხოლოდ დაბა შუახევისა და ხიჭაურის ბაღებში გამოცხადდნენ.
ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი ხულოს დაბალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი 1,5 მეტრს აჭარბებს. დაბა ქედაში თოვლის საფარის სიმაღლე 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი, 70 სანტიმეტრს აღემატება.
მთავარ ფოტოზე: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები, 2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო: არჩილ კახაძე/ „ბათუმელების“ არქივი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, ცდილობდა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა საერთო ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
ამ დროისთვის შუახევის მუნიპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შუახევის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი 35-კილოვატიანი ხაზი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებაა ხულოშიც. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის თემსა და სოფლებს: აბუქეთას, გეგელიძეებსა და კოკოტაურს.
ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი ხულოს დაბალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი 1,5 აჭარბებს. ქედის დაბაში თოვლის საფარის სიმაღლე 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში 70 სანტიმეტრს აღემატება.
ქედის მერიის ინფორმაციით, დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქედის მონაკვეთთან, ზვარესა და წონიარისთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, რამაც ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა.
ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, მეწყერი განვითარდა სოფელ ზუნდაგაში, სადაც მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფლის გზა ჩაკეტა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმში და აჭარის სანაპიროზე გამოიდარებს, თუმცა მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება.
ხვალ, 9 დეკემბერს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით შესაძლოა იწვიმოს, მთაში კი ნალექს თოვლის სახით უნდა ველოდოთ. სინოპტიკოსების თქმით, დღისით ამინდი უმეტესად უნალექო იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატური დღისით – 7-12 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში დღისით – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 0-5 გრადუსი ყინვა.
სინოპტიკოსების თქმით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში შენარჩუნდება ძლიერი ღელვა ზღვაზე, 5-6 ბალი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ზღვა დამშვიდდება და ღელვა 2-3 ბალამდე დაიწევს.
10 დეკემბერს, კვირას, ამინდი უმეტესად უნალექო იქნება, 11 დეკემბერს, ორშაბათს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.