მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი: დაზარალებულ ოჯახებს დღესვე გავიყვანთ

10.12.2017 • 1988
ბათუმის მერი: დაზარალებულ ოჯახებს დღესვე გავიყვანთ

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან:

„სამსართულიანი სახლია, დაახლოებით ცხრა ოჯახი გვეყოლება გასაყვანი, უკვე მომზადებულია სასტუმროები, რომ დღესვე გავიყვანოთ ოჯახები. ხუთი ადამიანია დაშავებული, რამდენადაც ვიცით, ყველანი ამ სახლში ცხოვრობდნენ. ერთი ქალბატონია მძიმედ, სწორედ მის ბინაში მოხდა აფეთქება. როგორც ვიცით, ბავშვები შედარებით მსუბუქად არიან დაშავებული.

ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია, თუმცა ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა).

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: