მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

08.12.2017 • 2611
რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა.

სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ ითვალისწინებს მოქალაქეების სამშენებლო მასალებით დაკმაყოფილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი არ არის,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც მოქალაქემ ქობულეთის მერიისგან მიიღო.

რას აკეთებს სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, როცა კერძო მესაკუთრე მის დაცვას ვერ ახერხებს?

„როცა ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობს კერძო მესაკუთრე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ხშირად ისეა, რომ სტატუსი რადგან აქვს, ყველაფერს ითხოვენ სახელმწიფოსგან,“ – გვითხრა ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. იგი ილია ევანს სთავაზობს სახურავის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შეისყიდოს და დასაფინანსებლად სააგენტოს წარუდგინოს, თუმცა მისი დაფინანსება ამ ზამთრისთვის სატენდერო პროცედურების გამო ვერ მოესწრება.

„ასეთი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა, რომ მოქალაქეს გაეკეთებინოს პროექტი და ჩვენთვის ეთხოვოს სამუშაოების დაფინანსება, მაგრამ გვინდა, რომ გარკვეული პრაქტიკა დაინერგოს ამ კუთხით, ძიებაში ვართ ჩვენც, რა იქნება უკეთესი… თავად სამუშაოები ჯდება ძვირი და ამას მოქალაქე ვერ მოახერხებს, ამიტომ უმჯობესია  ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი დაინერგოსა. წინასაარჩევნოდ მე შევთავაზე მერობის კანდიდატებს, რომ მინიმუმ ერთი ან ორი სახლის რეაბილიტაციის ხარჯი მაინც გაითვალისწინონ ბიუჯეტში. ყველა კანდიდატს მოეწონა სააგენტოს ეს იდეა. ჩვენ წერილებსაც გავუგზავნით მათ და პირადად შევხვდები კიდეც,“ – ამბობს ლაშა ასლანიშვილი.

ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ ილია ევანის სახლის რეაბილიტაციის დაფინანსებას სააგენტო ქობულეთის მერიას სთხოვს? – ლაშა ასლანიშვილი განმარტავს, რომ შესაძლებელია რამდენიმე სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა დააფინანსონ, ნაწილი კი თავად სააგენტომ.

„თუკი ეს კონკრეტული მოქალაქე წამოვა თანამშრომლობაზე და თავად შეისყიდის პროექტს, შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირების დროს სახლის სახურავის დაფინანსება“, – დასძენს ლაშა ასლანიშვილი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ძეგლის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრები მოქალაქეები მასობრივად შეისყიდიან რეაბილიტაციის პროექტებს, ბიუჯეტში კი საკმარისი თანხა არ იქნება?

„შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაკეთდება. რეალურად გვეცოდინება, რა თანხა გვჭირდება და ამას ეტაპობრივად გავითვალისწინებთ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს,“ – აღნიშნა ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი ციხისძირში / ფოტოები მოგვაწოდა ილია ევანმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: