მთავარი,სიახლეები

გოდერძიზე ზამთრის სეზონი იხსნება

08.12.2017
გოდერძიზე ზამთრის სეზონი იხსნება

10 დეკემბერს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

შპს „გოდერძი რიზორტის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, წლევანდელ სეზონს გოდერძი სიახლეებით ხვდება, რომელიც შეეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე სტუმრების გართობასა და ტრანსპორტირების საკითხებს.

2017 წლის იანვარში კურორტზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე დიდი დრო დასჭირდა და კურორტზე არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული.

რა შეიცვალა უსაფრთხოების მიმართულებით? ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანა და მედიკოსთა ჯგუფი, რამდენიმე დღეში კი მიიღებენ ახალ, სრულად აღჭურვილ მანქანას. „გარდა ამისა, წელსაც გოდერძიზე იქნება მოთხილამურე პატრული, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სათხილამურო ტრასებზე.

„გვაქვს სიახლეები.  15 დეკემბრიდან ზარზმიდან გოდერძის მიმართულებით იმოძრავებს თოვლმავალი დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. მგზავრობის ფასი სავარაუდოდ 20 ლარი იქნება, ერთი ბილეთიც რომ გაიყიდოს, თოვლმავალი იმოძრავებს. ეს სიახლე თბილისიდან მომავალ ადამიანებს გაახარებთ, რომელთაც აღარ მოუწევთ წრეზე წამოსვლა გოდერძიზე ჩამოსასვლელად.

წელს გაიხსნება ახალი კაფე,  ტენდერი გამოცხადდა და აუქციონში გამარჯვებულმა პირებმა მოაწყვეს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც კაფეს დავუთმეთ,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.

ამჟამად კურორტ გოდერძის ერთდროულად ასი ადამიანის მიღება შეუძლია უღელტეხილზე არსებულ სასტუმროსა და კოტეჯებში. ასევე, გოდერძიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ დანისპარაულში მდებარეობს სასტუმრო სახლები, სადაც ტურისტებს დარჩენა შეუძლიათ. ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, სასტუმრო სახლების მფლობელები და პერსონალი რამდენიმე დღის წინ გადაამზადა ტურიზმის დეპარტამენტმა. დანისპარაულსა და გოდერძის შორის გადაადგილება ტაქსითაა შესაძლებელი.

გოდერძი. ფოტო ზურაბ ჭურკვეიძის ფეისბუქგვერდიდან

„ამ დროისათვის ფაქტობრივად დაჯავშნულია საახალწლო პერიოდი და გვაქვს ჯავშნები იანვარ-თებერვალშიც. ჯავშანს ვიღებთ „ბუკინგის“ საშუალებით, ასევე სხვადასხვა ოპერატორი კომპანიის შუამავლობით და ინდივუდუალურადაც. კოტეჯში განთავსების ფასია 100 ლარი, ხოლო ოთხადგილიანი ნომრის ფასი სასტუმროში – 150 ლარი,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.

სათხილამურო გზის საერთო სიგრძე გოდერძიზე 8 კილომეტრია.  სამთო-სათხილამურო კურორტზე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: გოდერძიზე ავიარესიები ამ სეზონზე არ განხორციელდება 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: