ძეგლის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის მშენებლობის საკითხი განიხილება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში განაცხადები უკვე შესულია. მათგან ერთს ბათუმის მერიის თანხმობა 2016 წელს აქვს მიღებული. ორივე პროექტს ეწინააღმდეგება სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი. გაითვალისწინებენ თუ არა მის რეკომენდაციას ზონალური საბჭოს წევრები, ეს საბჭოს მომავალ სხდომაზე გამოჩნდება.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში სამშენებლო კომპანია „ლს ჯგუფი“  რვასართულიანი, ორმოცბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე. ბათუმი. ვაჟა-ფშაველას 27.
პროექტის რენდერი

საკითხის განხილვას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო მომავალ სხდომაზე გეგმავს.

ვაჟა-ფშაველას #27-ში ერთსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძეგლის სტატუსის მატარებელ სახლს ორ წელზე მეტია სახურავი გადახადეს და მას წვიმა აზიანებს. ძეგლის სავალალო მდგომარეობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ რამდეჯერმე გააკეთა განცხადება და ბათუმის მერიას, ასევე აჭარის მთავრობას, მისი გადარჩენისთვის შესაბამისი ზომების მიღება არაერთხელ მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. უკვე მოიშალა სახლის ინტერიერი და ძველი ბუხარი.

ვაჟა-ფშაველას #27-ში ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას კომპანია „აკმე ჯორჯია“ გეგმავდა. თავდაპირველად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს ამ კომპანიამ მიმართა. სააგენტოს ზონალურ საბჭოში იგივე პროექტი ახლა უკვე სხვა კომპანიას – „ლს ჯგუფს“ აქვს შეტანილი. პროექტის რენდერზე მითითებულია, რომ ვაჟა-ფშაველას #27-ში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები „აკმე ჯორჯიას“ ბათუმის მერიამ 2016 წლის სექტემბერში დაუმტკიცა. ამ კომპანიამ კი მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა უფლება „ლს ჯგუფს“ გადასცა.

განმარტებით ბარათში მითითებულია ასევე, რომ კომპანია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის შენარჩუნების და მისი რესტავრირების ვალდებულებას იღებს.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი, არათუ ძეგლის ეზოში თუ ძეგლთან ახლოს, არამედ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსშიც კი კრძალავს ისეთი გაბარიტების მქონე მშენებლობას, რომელიც გამოიწვევს ძეგლის დაჩრდილვას და გაართულებს მის აღქმას. რას შეცვლის აღნიშნული პროექტი ძეგლთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ ის განხორციელდება, ამაზე ზონალური საბჭოს წევრები იმსჯელებენ.

ერთსართულიანი, ძეგლის სტატუსის მატარებელი სახლის გვერდით ვაჟა-ფშაველას #31-ში რვასართულიანი სახლის მშენებლობას კი კომპანია „მს ჯგუფი“ გეგმავს. ამ კომპანიამ, თანხმობის მიღების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს რამდენიმეჯერ მიმართა, თუმცა ჯერ თანხმობა არ მიუღია. თანხმობის მიღების შემთხვევაში კომპანიას განზრახული აქვს იმ ისტორიული ერთსართულიანი სახლის დემონტაჟი, რომელიც ვაჟა-ფშაველას #31-ში დგას.

ვაჟა-ფშაველას 31. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

პროექტებს იწუნებს სააგენტოს ხელოვნებათმცოდენე სოფიო ჭანიშვილი.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შესანარჩუნებელია ის ერთსართულიანი, ე.წ. ბელეტაჟის ტიპის სახლები, რომლებითაც ბათუმი გამოირჩევა, ამიტომ ჩვენთვის ამ პროექტების განხორციელება მიუღებელია. ასეთი მასშტაბური მშენებლობები ისტორიულ ბათუმში ჩემი მხრიდან მოწონებული არ იქნება არავითარ შემთხვევაში. ვაჟა-ფშაველას 27-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რვასართულიანი შენობა იქ იერსახეს დააზიანებს. პრობლემაა ის, რომ ამ პროექტს პირველი ეტაპი გადალახული აქვს და ახლა მსჯელობა მიდის არქიტექტურულ გადაწყვეტაზე, თუმცა ჩვენ მას მაინც ვეწინააღმდეგებით.

#31-ში მდებარე შენობას და მის შემოგარენს კი არ აქვს ძეგლის სტატუსი. ამ არეალში მშენებლობებზე ჩემი პოზიცია არის ცალსახად უარი. არგუმენტად არ გამოდგება ასევე მოსაზრება, რომ იქ უკვე არსებობს მაღალსართულიანი სახლები. ამ პრინციპით მთლიანად დავკარგავთ ქალაქში ისტორიულ შენობებს“.

კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს სხდომებზე ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა მერიამ მოამზადოს ისტორიული უბნების განაშენიანების კვარტალური გეგმა, რომელიც იქნება დოკუმენტი ნებართვის გამცემი ორგანოებისთვის. ამ მოსაზრებას სოფიო ჭანიშვილიც ეთანხმება.

რატომ სჭირდება დამატებითი დოკუმენტი სააგენტოს მაშინ, როცა ძეგლის დაცვის ზონაში ისეთ მშენებლობას, რომელიც ძეგლს დაჩრდილავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი კრძალავს? – კითხვაზე სოფიო ჭანიშვილმა უპასუხა, რომ „ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქს აქვს კვარტალური გეგმები, ეს ეხმარება ქალაქს ტიპობრივად დაყოფაში – სად უნდა შენარჩუნდეს ურბანული გარემო, განსაზღვრავს სართულიანობას. აი, მაგალითად, ბარათაშვილის იქით, სადაც ძველი ბათუმია, მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ სამ-ოთხ სართულზე მეტი დაუშვებელია. ევროპულ ქალაქებში ეს პრინციპი დაცულია.“

 

ვინ გეგმავს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას – დაპირისპირება მაუწყებელში

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში უკვე ორი დღეა აგროვებენ ხელმოწერებს. ამ ორგანიზაციის თანამშრომლების ერთი ჯგუფი ითხოვს ხელფასების გაზრდას, სხვები ფიქრობენ, რომ აუცილებლად გადააყენებენ დირექტორს. არიან ისეთებიც, ვინც, ზოგადად, პოლიტიკის შეცვლას ითხოვს. ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, არის თუ არა გარედან მართული? რა ინფორმაციას ფლობს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებაზე ამ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო? „ბათუმელების“ კითხვებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნატა იმედაიშვილი პასუხობს.

ნატა, რამდენად ხართ ხელმოწერების შეგროვების თაობაზე ინფორმირებული. რას ითხოვენ ტელევიზიის თანამშრომლები?

ისევე როგორც თქვენ, მეც დაახლოებით ასე ვარ ინფორმირებული. მე დოკუმენტი არ მინახავს, არც ის მინახავს, რომ ხელმოწერები გროვდებოდა, მეც, უბრალოდ, არაოფიციალურად ვარ ინფორმირებული. რაღაც პეტიცია თუ მოთხოვნა რომ უნდა შემოვიდეს საბჭოს სახელზე, ამის შესახებ მითხრა არა ტელევიზიაში დასაქმებულმა, არამედ გარეთ მყოფმა ადამიანმა.

ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომლემა კერძო საუბარში თქვა, რომ ეს პროცესი შეიძლება იყოს გარედან მართული. თქვენ როგორ ფიქრობთ?

თუ მივყვებით თანმიმდევრულად საკითხს, მაგალითად, თეატრალურ საზოგადოებასა და მაუწყებელს შორის რაღაც ნაპრალი გაჩნდა იმის გამო, რომ გადაცემა დაიხურა და ითქვა, რომ აღარ გაგრძელდება. იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტს აკეთებდა, ხელშეკრულება შეუწყდათ.  ეს პროცესი არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ვინმესგან იყო ნაკარნახევი, რადგან ფაქტი იყო უკვე დამდგარი. მეორე მომენტი – ის, რომ ხელფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება იყო, ესეც, ვფიქრობ, ფაქტის გამოძახილია, რადგან ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა ხდება ეხლა, იანვრის თვეში და მათ [თანამშრომლებმა] როცა ნახეს, რომ დაპირებული ხელფასები, როგორც თვითონ ამბობდნენ, არ იყო მომატებული, ან ვიღაცას მოემატა, ვიღაცას არა… ვფიქრობ. ეს პროცესიც არის ფაქტის შემდგომი გამოძახილი, რომელიც ადამიანს უქმნის პროტესტის გრძნობას.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ხელისუფლების ინტერესებია ამაში, რადგან რაღაცაში ხომ უნდა გამოჩენილიყო, ბორდთან ამაზე მინიშნება არ ყოფილა.

ტელევიზიის ხელმძღვანელს და სხვა ჯგუფებს შორის ღია კონფლიქტი მართლაც მას შემდეგ გამოვლინდა, რაც გადაცემა „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე გაიმართა შეხვედრები. თქვენ თქვით, რომ გადაცემა უნდა დარჩენილიყო ეთერში. რატომ ფიქრობთ ასე?

მე ვთქვი, რომ უნდა დარჩეს, რადგან მგონია, რომ ამ გადაცემას ჰყავს თავისი მაყურებელი. მით უმეტეს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილისგან იყო თხოვნა, რომ ეს გადაცემა დარჩენილიყო.

თუ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენია „ტელესპექტაკლების“ ბიუჯეტი და როგორი იყო მისი რეიტინგი?

მე განმარტებისთვის გავაკეთე ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ფიქრობდეს რეიტინგზე, მაგრამ ის ფიქრობდეს სამიზნე აუდიტორიაზე და ამაში მას აქვს თავისი როლი. ამ კონკრეტულ გადაცემასთან დაკავშირებით არის მოძრავი რეიტინგი, ხან აქვს, ხან – არა. იყო ისეთი სპექტაკლები, რომლებსაც არ ჰქონდა რეიტინგი, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული კომერციულ ნაწილში, რადგან რეკლამას არ ვყიდით.

თქვენი, პირადად, თუ მოგწონდათ ეს გადაცემა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები იყოს რეიტინგული აჭარის ტელევიზიის არხზე, ვინაიდან ის უნდა იყოს ინფორმაციის წყარო და გამავრცელებელი. „ტელესპექტაკლებს“ რაც შეეხება, იყო გარკვეული სპექტაკლები, რომლებიც იყო თეატრში დადგმული და აჩვენებდნენ ამას, მაგრამ ისეთიც იყო გადაღებული, რომელიც „ტელესპექტაკლის“ ნიმუში იყო. შევეცადე რომ მენახა, მაგრამ მე, მაგალითად, ვერ გავხდი მისი მაყურებელი. დასწრების ეფექტი ვერ  შემიქმნა.

ბიუჯეტს რაც შეეხება, გადაცემას ჰყავს ავტორი, რეჟისორი და ოპერატორები, რომლებიც ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, სამივლინებო ხარჯებიც ჰქონდათ, ხანდახან 3-4 დღით უწევდათ გასვლა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 17 ათასი ლარია წლიური ბიუჯეტი, მაგრამ ამ ხარჯებში არ არის ჩათვლილი რეჟისორისა და ოპერატორების ხელფასი, რომლებიც სხვა პროექტებშიც არიან დაკავებული.

ტელევიზიას „ტელესპექტაკლის“ გარდა ამ მიმართულების კიდევ ორი გადაცემა აქვს. თქვენი აზრით, საჭიროა ამდენი გადაცემა ერთი მიმართულებით?

დიახ, აქვს ინგა ხალვაშის გადაცემა „სცენა“ და არ არის ხელოვნების გარეშე სატელევიზიო ბადე. ხელოვნებას ასევე აშუქებს „არტ ექსპერტი“ –  ხათუნა მანაგაძის გადაცემა, რომელიც ასევე მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებას აყენებს საქმის კურსში.

თქვენ თქვით, რომ გულისტკივილი არსებობს ტელევიზიაში ხელფასებთან მიმართებაში. მაშინ ახსენეთ, რომ არ შეიძლება ასეთ ვითარებაში გარედან ხალხის დამატება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხის გაზრდა ტელევიზიისთვის არასდროს იქნება პრიორიტეტული, რადგან ხელფასები შეიძლება არასდროს არ იყოს საკმარისი?

რა თქმა უნდა არა, მე ვამბობდი იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც დირექტორმა წარმოადგინა და სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს თანამშრომლობა დრამატურგებთან, მსახიობებთან და ეს შეთავაზებასავით იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა – თეატრალური საზოგადოების წევრები იყვნენ დღეს დირექტორთან შეხვედრაზე და ისინი შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე. სამუშაო პროცესი ისევ გაგრძელდება და ისინი წარმოადგენენ სამუშაო გეგმას. თუმცა, მე, რა თქმა უნდა, ვარ მოწადინებული, რომ პრიორიტეტების გამრავალფეროვნებაზეც ვიფიქროთ, რა ფინანსური შესაძლებლობაც აქვს ტელევიზიას, იმის მიხედვით.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტელევიზიის 310 თანამშრომლის ხელფასები გაიზარდოს. ტელევიზიის ბიუჯეტი იძლევა დღეს ხელფასების გაზრდის საშუალებას?

ტელევიზიის ბიუჯეტის 52 პროცენტი იხარჯება ხელფასებზე, ჩვენ გვაქვს ასეთი გადაწყვეტილება, მათ შორის დირექტორის არჩევნების დროსაც იყო საუბარი კონცეფციის წარმოდგენის დროს, რომ ვილაპარაკოთ სამართლიან სახელფასო კალათაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტერიუმები იყოს გაწერილი. ეს კრიტერიუმები შესაძლებელია იყოს სტაჟი, გამოცდილება, დამოკიდებულება ახალ ამბავთან, დამოკიდებულება ექსკლუზიურობასთან, ახალი მოტანილი თემები და ა.შ. ამის მიხედვით გაიზარდოს ხელფასი და არა ყველაზე თანაბრად, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდეს სურვილი, რაც შეიძლება ახლოს იყოს ამ კრიტერიუმებთან და მე ამ გადაწყვეტილებას ვემხრობი. ტელევიზიის თანამშრომლების განწყობაც იგივე იყო და ისინი იყვნენ ამაზე თანახმა.

ითქვა, რომ ბორდმა გაიზარდა ბოლო დროს ხელფასები. თუ იყო მატება, რამდენით და რატომ?

არა, ბორდის წევრების ხელფასები არ გაზრდილა. ბოლოს ხელფასების ზრდა მოხდა შარშანწინ.

ნათია კაპანაძის [დირექტორი] ტელევიზიაში მოსვლამდე სხვადასხვა კვლევა აჩვენებდა, რომ აჭარის ტელევიზია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ლოიალობით ხელისუფლების მიმართ. კაპანაძის პირობებში კი, კვლევებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი თანამშრომლები ხელმოწერებს პოლიტიკის შეცვლაზეც აგროვებენ. როგორ ფიქრობთ, რის შეცვლას ითხოვენ ისინი?

არ ვიცი, რა იგულისხმება ამაში. ეს არის, ალბათ, ადამიანებთან ურთიერთობის პოლიტიკა, ვერ გეტყვით ზუსტად რა პოლიტიკაზეა საუბარი. ჩვენთან თუკი შემოვა ეს პეტიცია, გავეცნობით და ვიმსჯელებთ მის შინაარსზე.

ტელევიზიის არც ერთ თანამშრომელს არ ექნება ასეთი მიამიტური დამოკიდებულება, რადგან ისინი იყვნენ ამაყები, საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო დასკვნების გამო და ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ, რომ ეს ვითარება შენარჩუნდეს. რომ იყოს დაბალანსებული, ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, ამის მსურველი არის თითქმის ყველა.

 

ბათუმში სპორტკომპლექსის მშენებლობა სრულდება – ტერიტორიის კეთილმოწყობაში მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [ყინულის სასახლის უკან] ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. კომპლექსში ორი დარბაზია განთავსებული; უკვე დამონტაჟებულია ტრიბუნები, დარჩენილია სამღებრო სამუშაოები და იატაკის დაგება. ახალი სპორტული კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.

ახალი სპორტული კომპლექსი 2017 წლის ზაფხულში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე გადაიწია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. რაც შეეხება სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას, მის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიას 1 144 709 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აჭარის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. მანამდე კი საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც მერია, თანხის მოთხოვნის მიზნით, პროექტს აჭარის მთავრობას წარუდგენს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს:

სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სავარაუდოდ, 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

ტერიტორიის მოწყობის საკითხი საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში / 17.01.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

2018 წელს ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს

40 მილიონამდე ლარი ჭადრაკის განვითარებისთვის

https://netgazeti.ge/news/141091/

ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა „დასახლებათა ტერიტორიების გამო­ყე­ნე­ბისა და განაშე­ნი­ანების რეგული­რების წესების შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალა­ქის – ბათუმის საკრე­ბუ­ლოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მირიან მეტრეველი
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – მირიან მეტრეველი.

დღემდე მოქმედი რეგულაციით, კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ( საბჭო) წარდგინების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ამასთანავე, რეგულაციით განსაზღვრულია აღნიშნული კომისიის მუშაობის წესი და პირობები.

წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ცვლილება განხორციელდება სწორედ გადაწყვეტილების მიღების წესში. კერძოდ: ახალი წესის შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილობითი დასკვნის საფუძველზე.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა

ცვლილებით, ასევე, განსაზღვრულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე წერილობითი დასკვნის წარდგენის ვადა და პირობები.

დადგენილების პროექტს, რომელიც კომისიის წევრებს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტრეველმა გააცნო,  ბათუმის საკრებულო 18 იანვარს მორიგ სხდომაზე განიხილავს და მიღების შემთხვევაში ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარე ნაკვეთი კეთილმოეწყობა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „2018 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.

განკარგულების პროექტის ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონების შემთხვევაში,  ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთის (9450 კვ/მ) კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე

2018 წლის სექტემბერში ბათუმში ტარდება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უცხო ქვეყნის 1000 მოჭადრაკე, 5000-მდე სხვა პირი (ტრენერები, სტუმრები, ჟურნალისტები და სხვა), შეაბამისად, საჭიროა მშენებარე სპორტული კომპლექსის მიმდებარედ არსებული აღნიშნული ნაკვეთის კეთილმოწყობა, ასევე, ავტოსადგომის მოწყობა ჯამში 42 მანქანაზე.

პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მიღება დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. წარმოდგენილი პროექტის საკრებულოს წევრების მიერ მოწონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები – 1,144,709 ლარის ოდენობით ასახული იქნება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო, ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა

პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.

განკარგულების პროექტს, რომელიც კომისიების წევრებს ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ გააცნო,  ბათუმის საკრებულო ხვალ, 18 იანვარს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

საბრძოლო მასალის ტარებისთვის დაკავებული თურქი ქალი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ

კასრში შენახული საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ქობულეთში დაკავებული თურქეთის მოქალაქის წინასასამართლო სხდომა დღეს, 17 იანვარს, იმართება. ქალს საბრძოლო მასალების უკანონოდ ტარება, შეძენა, შენახვას ედავებიან. 35 წლის ქალის – ფემბე ოზლემ ოლუნის საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იარაღს, მათ შორის, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ინახავდა.

ბრალის არსში საუბარია ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მიწაში ჩაფლულ კასრზეც, სადაც, პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას ინახავდა.

თურქეთის მოქალაქე სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს, სოფელ კვირიკეში მიწაში ჩაფლული იარაღი სწორედ მაშინ ამოიღეს.

„ბრალს არ ვაღიარებ,“ – უთხრა მოსამართლეს ფემბე ოლუნმა. მან რამდენჯერმე სცადა პროტესტის გამოხატვა, როცა მოსამართლე საბრალდებო დასკვნას კითხულობდა.

„ჯერ დავასრულებ იარაღის ჩამოთვლას. აქ იმდენი წერია, ასე შეიძლება დღეს ვერ დავამთავროთ…“ – ჩაილაპარა მოსამართლემ. მან ბრალის არსიდან ამოიკითხა, რომ ფემბე ოლუნს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პირადი ჩხრეკის დროს ამოუღეს 40 ვაზნა და ერთი ხელყუმბარა.

გამოძიება თურქეთის მოქალაქეს საბრძოლო მასალის შენახვის გარდა მის უკანონო შეძენასაც ედავება, თუმცა საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მისი შეძენა “დაუდგენელ დროსა და ვითარებაში” მოხდა.

ფემბე ოზლემ ოლუნმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ მათემატიკის განხრით უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა ამჟამად არსად მუშაობს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას იარაღთან შეხება საერთოდ არ ჰქონია,”- თქვა ადვოკატმა ლევან მამულაძემ. მან დაკავების დროს პროცედურულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ დაკავების დროს ბრალდებულს თარჯიმნის არ ესმოდა. ადვოკატმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

ადვოკატს სიტყვა ბრალდებულმა გააწყვეტინა. მან თქვა, რომ თარჯიმნის არც ახლა ესმის და პროცესის გადადება მოითხოვა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ თარჯიმანი სერტიფიცირებულია. საბოლოოდ პროცესის შეწყვეტა თავად თარჯიმანმა მოითხოვა ემოციური ფონის გამო.

შს სამინისტრომ კვირიკეში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღებაზე ინფორმაცია, თავის დროზე, ხუთი დღის დაგვიანებით გაავრცელა.

 

 

 

„მზიურის“ მყიდველს ვალდებულების შესრულება არ დაუწყია – ტერიტორიიდან მხოლოდ ხეები გაიტანეს

მახინჯაურში „მზიურის“ ტერიტორია 2016 წელს გაყიდა აჭარის მთავრობამ. მყიდველს აქ 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ტერიტორიაზე არავითარი სამუშაოები არ დაუწყიათ. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები სწორედ ამ ტერიტორიიდან გაჰქონდათ.

ყოფილ პანსიონატ „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდა, „დაიწყოს შესწავლა რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს ამ ობიექტის გასხვისების შემდგომ და დაისაჯონ ის პირები, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღო საეჭვო გარიგების დადებაში და სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებაში“.

უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ კომპანია, რომელსაც „მზიური“ მიჰყიდეს, პირდაპირ კავშირშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან: „აღნიშნული ობიექტების გასხვისებაზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, თუმცა დღემდე არანაირი შედეგი არ დამდგარა. დღემდე ამ ობიექტებზე არაფერი გაკეთებულია, პირიქით დაზიანდა და განადგურდა… კომპანიის მიმართ არანაირი სანქციები არ გატარებულა მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვალდებულებებს არ ასრულებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ზურაბ პატარაძის პირდაპირ კავშირსა და ინტერესს ობიექტის გასხვისებასთან“.

გია აბულაძე

„ტერიტორიების გასხვისებამდე, 2016 წლის 10 მაისს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შევიდა შპს „გრინ ვალი ჯორჯიას“ განცხადება, რომლითაც კომპანიამ მოითხოვა პანსიონატ „მზიურის“ პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადება. კომპანია გეგმავდა 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას, ასევე მიწის ნაკვეთში გადაიხდიდა 3 მილიონ დოლარს. სამინისტრომ გამოცახადა აუქციონი, მაგრამ რატომღაც კომპანია ,,გრინ ვალ ჯორჯიამ“ არ მიიღო მონაწილეობა. ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა აღნიშნული ტერიტორიიდან ხეების გადატანას და ტერიტორია გასხვისდებოდა მის მიერ რეკომენდებულ კომპანიაზე. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა, რომ აუქციონში აღარ მიიღო მონაწილეობა ,,გრინ ვალ ჯორჯიამ“. მოგვიანებით მართლაც განხორციელდა პირდაპირი მიყიდვით, გაცილებით ნაკლებ ფასად – 3,9 მილიონ ლარად გარდა სანატორიუმ „მზიურისა“, გოგირდის აბანოების ტერიტორიაც შპს „სტატოტელიზე“ გასხვისება და გაცილებით ხელსაყრელი პირობებით“, – აცხადებს გია აბულაძე.

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ, პირდაპირი მიყიდვის წესით, 3,9 მილიონ ლარად, პირობებით, 2016  წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ კომპანიის წერილი განიხილებოდა.

ხელშეკრულების მიხედვით, მახინჯაურში, „მზიურის“ ტერიტორიაზე, 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები 2017 წლის დეკემბერში შევიდა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა ინფორმაცია, თუ რა ცვლილებები შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

2016 წლის სექტემბრიდან დღემდე „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სამუშაოები არ დაწყებულა. ამ დრომდე „მზიურის“ ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილის პარკში მრავალწლოვანი ხეების გადასატანად იყენებდნენ.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, „მზიური“ და „მახინჯაური“ შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, თუმცა შეიცვალა კომპანიის მესაკუთრე. შპს „სტატოტელის“ 100% წილის მფლობელი, 2017 წლის დეკემბრიდან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანია „MPMU ინთერნეშანალია“. „სტატოტელის“ მესაკუთრე კი, მაშინ, როცა სამინისტრომ ქონება გაასხვისა, შპს „კაპიტოლ ჰოლდინგი“ იყო.

შპს „სტატოტელი“ 2013 წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა, შპს „კაპიტოლ ჰოლდინგი“ კი – 4 დღით ადრე, 2013 წლის 12 დეკემბერსაა დარეგისტრირებული [ორივე თბილისში]. შპს „კაპიტოლ ჰოლდინგის“ მესაკუთრე, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ყაზახეთის მოქალაქე ვერა ჯახუტაშვილია. კომპანიის მესაკუთრე ადრე ასევე ყაზახეთის მოქალაქე შალვა ჯახუტაშვილი იყო.

ამავე თემაზე:

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

მთავარი ფოტო: ხის გადატანა „მზიურის“ ტერიტორიიდან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

საპროცესო შეთანხმებებში გასულ წელს ბათუმში 1 მილიონ 787 ათასი ლარი გადაიხადეს

2017 წელს ბათუმში საპროცესო შეთანხმებებით გადახდილი თანხის რაოდენობამ 1 787 700 ლარი შეადგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, განხილული 1246 საქმიდან საპროცესო შეთანხმებით გასულ წელს 817 საქმე დასრულდა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება. საპროცესო შეთანხმების შემდეგ მსჯავრდებულს პირობით მსჯავრს უფარდებენ, სასჯელის ვადას უმცირებენ და აჯარიმებენ.

2017 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა 1334 პირის მიმართ, პირობითი მსჯავრი შეეფარდა 494 მსჯავრდებულს. გასულ წელს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება არც ერთი პირის მიმართ არ გამოუყენებიათ.

რაც შეეხებება გამამართლებელ განაჩენებს: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს სრულად გამართლდა 31 ადამიანი, ნაწილობრივ – 19.

სემინარი ბათუმში ფინანსური ანგარიშგების საკანონმდებლო ცვლილების შესახებ

SavvY Education 20 იანვარს, 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ვორქშოპს შემდეგ თემაზე: “როგორ ვიმუშაოთ IFRS სტანდარტებთან?”

ახალი კანონის თანახმად, 2017 წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა ქართული კომპანია, როგორც მცირე და საშუალო ზომის, ისე დიდი ზომის, ფინანსურ ანგარიშგებას გაასაჯაროებს.

ცვლილება შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული კომპანიების ზოგადი გამჭვირვალობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, რომლებიც უკვე იყენებენ ფასს-ს, გვაჩვენა, რომ აღნიშნული სტანდარტები:

[checklist]

  • უზრუნველყოფს კომპანიაში გამჭვირვალე, შესადარის, თანმიმდევრულ და ეფექტურ პროცესებს.
  • წარმოადგენს ფინანსური პროცესების სტანდარტიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო გზას.
  • წარმოადგენს უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას.
  • არის რელევანტური და შესადარისი სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან.
  • ავითარებს ფინანსური მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებს, ზრდის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის დონეს.

[/checklist]

შეხვედრის შემგომ თქვენ:

[checklist]

  • შეძლებთ გაიაზროთ IFRS-ის ძირითადი პრინციპები და კონცეფციები;
  • შეძლებთ სტანდარტებთან დამოუკიდებლად მუშაობას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • შეაფასებთ სტანდარტის გავლენას თქვენს კომპანიაზე;
  • შეძენილი ცოდნა დაგეხმარებათ კომპანიის IFRS-ზე გადასაყვანად;
  • გაეცნობით SavvY Education-ის ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ დისტანციიდან მართოთ სტანდარტების დანერგვა და მიიღოთ კვალიფიციური პასუხები თქვენს კონკრეულ ბიზნეს ქეისებთან დაკავშირებით;

[/checklist]

ტრენინგს გაუძღვება SavvY-ის მმართველი პარტნიორი, IFRS-ის ექსპერტი – მარიამ ქოიავა 

თარიღი: 20 იანვარი, 14 საათი

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აურიტორია #234

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:როგორ ვიმუშაოთ IFRS სტანდარტებთან?

შსს: თურქეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება,“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, „მხარეებმა მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, განხილული იქნება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“.


გუშინ, 16 იანვარს, სარფში საქართველოს მოქალაქეებმა ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკამ ახლახან მიიღო და რაც ამ ქვეყნის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლას არეგულირებს. ეს რეგულაციები პირდაპირ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ.

გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნატორს შეხვდა.

დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში – ქართველი გამყიდველების პროტესტის ეფექტი [ფოტო]

ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ

საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული ლაბორატორიების შექმნა 2019 წლისთვის გადაიდო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ელექტრონული ლაბორატორიების საპილოტე პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა. ლაბორატორიების შესყიდვის გადადების მიზეზად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სახელდება.

„რადგან ჩვენ ერთი წლით გადავწიეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მე-7 და მე-9 კლასებში, შესაბამისად, გვინდა ელექტრონული ლაბორატორიები თავსებადი იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ამ კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შემოვა 2019 წელს და ამ დროისთვის ამოქმედდება ლაბორატორიებიც,“ – ამბობს თემურ მურღულია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული რესურსების შესაქმნელად და შეთანხმებას მიაღწიეს თუ არა რომელიმე მწარმოებელთან, თემურ მურღულია ამბობს, რომ სამინისტრო პოტენციურ მიმწოდებლებთან შეხვედრას ერთ თვეში აპირებს.

„ტენდერი ელექტრონული რესურსების შესყიდვაზე ჯერ გამოცხადებული არ გვაქვს, მაგრამ როგორც წიგნების, ასევე ელექტრონული კონტენტის გამომცემლებს, ალბათ, თებერვლის ბოლომდე შევხვდებით და გვექნება დიდი პრეზენტაცია იმაზე, თუ როგორი იქნება მე-7 და მე-9 კლასის სასწავლო სივრცე, რა ტექნოლოგიების დანერგვას ველოდებით“.

მურღულიას თქმით, გარდა ელექტრონული ლაბორატორიებისა, სამინისტრო მიმდინარე წელს დისტანციური გაკვეთილების დანერგვას აპირებს. „დისტანციურ სწავლებაში იგულისხმება ის, რომ წარმატებული მეცნიერები მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონულად ჩაატარებენ გაკვეთილებს. უფრო მეტი აქცენტირება მოხდება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებზე.

დისტანციური სწავლების პროექტი ამ სასწავლო წლის დასრულებამდე უნდა ჩაეშვას. გაკვეთილები იქნება პირდაპირ ეთერში და სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ Live-ები გაკვეთილის პროცესში ჩართონ. შეინახება ჩანაწერებიც, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის,“ – გვეუბნება მურღულია.

მისივე თქმით, გაკვეთილის ხანგრძლივობას და თემატიკას შერჩეული პედაგოგები განსაზღვრავენ. დისტანციური გაკვეთილების Live და ჩანაწერები სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე იქნება განთავსებული.

თემურ მურღულია ამბობს, რომ მეცნიერები, ვინც მოსწავლეებისთვის დისტანციური გაკვეთილებს ჩაატარებენ, ჯერ შერჩეული არ არიან.

„მიმდინარეობს მუშაობა იმ მეცნიერებთან, ვინც განიხილება ამ პროექტისთვის და მალე მოხდება მათი შერჩევა.  ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი იყოს თავსებადი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და მასზე იყოს მორგებული.“

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წელს ყველა ელექტრონული რესურსისთვის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საშეშე მასალას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური გაანაწილებს

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს.

კომისიის წევრებს აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს განკარგულების პროექტი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ სოციალურ საკითხებში, გოჩა ჯიბლაძემ და საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი ჭეიშვილმა გააცნეს.

1.ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - დიმიტრი ჭეიშვილი და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე სოციალურ საკითხებში - გოჩა ჯიბლაძე
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – დიმიტრი ჭეიშვილი და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე სოციალურ საკითხებში – გოჩა ჯიბლაძე

განკარგულების პროექტი საშეშე მასალის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირებზე გადანაწილებას ითვალისწინებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან და დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.

პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს დაევალება თვის განმავლობაში შემოსული განცხადებების შესწავლის საფუძველზე საშეშე მასალა გაანაწილოს იმ პირებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შედარებით ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ. საშეშე მასალა გადანაწილდება თანაბარწილად, მაგრამ არა უმეტეს 3 კბ/მეტრისა.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

პროექტის მიხედვით, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარდგინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე , საშეშე მასალის გაცემა მოხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების საწყობიდან.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირების მიზნით  საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N56 განკარგულების გაუქმება და განკარგულებით შექმნილი კომისიის ფუნქციების ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისთვის გადაცემა, რითაც შესაძლებელი გახდება მცირე დროში გადაწყვეტილების მიღება.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულო მორიგ სხდომაზე, 18 იანვარს განიხილავს.  საკრებულოს მიერ პროექტის მხარდაჭერის  შემთხვევაში, განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, კაკალაძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა. სახლში ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

ფოტოები: ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის, ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან

პატარაძის განცხადება ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ

დღეს სარფში საქართველოს მოქალაქეებმა ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკამ ახლახან მიიღო და რაც ამ ქვეყნის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლას არეგულირებს. ეს რეგულაციები პირდაპირ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს აქციაზე შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ ის თურქეთის კონსულთან ერთად მიემგზავრებოდა ქალაქ ართვინში, რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და მათ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდიდა.

ზურაბ პატარაძის დაბრუნების შემდეგ აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას.
აღნიშნულ საკითხზე აქტიურ ფაზაშია ორმხრივი კონსულტაციები ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ ანკარას შორის, მუშაობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები, ამავდროულად, შედგა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ართვინის გუბერნატორი, ისევე როგორც სასაზღვრო და ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე თურქეთის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოხატავენ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებებში ჩართულობის კუთხით და საკითხის მხარდაჭერის კუთხით.
გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე, განიხილება კონკრეტული დროებითი მექანიზმის შემუშავება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთენ საზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დამატებითი დეტალების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ.“

ყოფილი ვიცე-მერი განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროშიც დაადასტურეს. „დღეს დაინიშნა,“ – გვითხრეს უწყების პრესცენტრში.

ბაგრატ მანველიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა, თუმცა მაშინ მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ბაგრატ მანველიძე დღესვე განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი დანიშნეს.

 

დისნეის სახეცვლილი გმირები

როცა დისნეიზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ ლამაზ, ემოციურ ზღაპრებს, სადაც ბოლოს ყველა ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ მექსიკელი ვიზუალური არტისტი, ხოსე როდოლფო ლოაიზა ონტივეროსი, სხვა თვალით ხედავს ზღაპრების გმირებს.

მხატვრის შავი იუმორით გაჯერებული ნამუშევრები მულტფილმების კლასიკური გმირების ტრანსფორმაციას გვაჩვენებს.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

 

9.

10.

11.

წყარო: boredpanda

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსზე არსებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ სახანძრო სამსახურშიც. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათი ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ საკვამლე მილში გაჩნდა

დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში – ქართველი გამყიდველების პროტესტის ეფექტი [ფოტო]

იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია.

დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იამზე და ეკა იმ ათეულობით ქართველთან ერთად იდგნენ, რომლებმიც თურქული მხარის მიერ  საზღვრის კვეთის შეცვლილ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
2018 წლის პირველი იანვრიდან შეცვლილმა საზღვრის კვეთის წესმა მათ  სამუშაო პირობები გაურთულა.

„ყველას ურთულდება ყველაფერი. ჩვენს ხელფასზე ჩვენი ოჯახებია დამოკიდებული. ამ ცვლილებით ჩვენ ხომ უმუშევარი ვრჩებით სამი თვის შემდეგ. იქ დამსაქმებლებსაც აწყობთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ვმუშაობდეთ. ქემალ ფაშაში მყიდველი ძირითადად საქართველოდან გადადის. სხვადასხვა ქალაქის ბაზრობაზე, იქ შეძენილი საქონელი იყიდება. ქართულენოვანი გამყიდველი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობენ ისინი.

sdr
dav

იამზე და ეკა შანიძეები სამსახურის ნაცვლად სარფში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ.

იაშას რვა წელია სარფიდან ქემალ ფაშაში მგზავრები გადაჰყავს. დღეს ტრადიციულზე დიდხანს მოუნდა თავისი სამარშუტო ტაქსის გავსებას. ის ამბობს, რომ ცვლილებები მათზე, “უბრალო ხალხზე”, აისახება იმ შემთხვევაში, თუ ნაკლები ადამიანი ივლის ყოველდღიურად სარფიდან ქემალ ფაშაში და პირიქით.

sdr
dav
sdr

 

 

აჭარის ტელევიზიის შენობაზე წარწერის გამო პატრული გამოიძახეს

„ნაბიჭვრეთი“- ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასადზე რამდენიმე წუთის წინ წააწერეს. როგორც ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, წარწერა ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ გააკეთა. ანთიძესა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია.

აჭარის ტელევიზია განთავსებულია შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

შენობის ფასადზე გაკეთებული უხამსი წარწერის გამო ტელევიზიაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ბათუმის მერია აუქმებს ორ ა(ა)იპ-ს, სადაც 74 პირია დასაქმებული

ბათუმის მერია ორი ა(ა)იპ-ის: „ბათუმის ავტოდრომისა“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმებას გეგმავს. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 18 იანვარს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ბათუმში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის, რეგულირებისა და პარკირების წესებში.

მერიის გადაწყვეტილებით, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები გადაეცემა „ბათუმის სპორტულ ცენტრს“, ხოლო „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციები – შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმება, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის ბიუჯეტში 350 000 ლარის ეკონომიას ნიშნავს. ა[ა]იპ-ების გაუქმების ინიციატორი ქალაქის მერი, ლაშა კომახიძეა.

„სამსახურის ლიკვიდაციის დაწყება ავტომატურად ნიშნავს ამ სამსახურებში დასაქმებული პირების გათავისუფლებას, თუმცა, მაგალითად, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციებს სხვა სამსახური შეასრულებს, შესაბამისად, იმ სამსახურში, ალბათ, მოხდება თანამშრომლებისა და სპეციალისტების გადაყვანა, თუმცა ვინ, რამდენი გადავა, ეს ყველაფერი საკრებულოს თანხმობის შემდეგ გადაწყდება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის აპარატის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ორივე ა[ა]იპ-ში დღეს 74 პირია დასაქმებული.

მერიაში აცხადებენ, რომ სამსახურების ლიკვიდაცია არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს ბათუმში პარკირების ადმინისტრირების კუთხით.

„პარკირების კუთხით ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის და ადმინისტრირებას მოახდენს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ [შესაბამის კანონმდებლობაში კი ტექნიკური ცვლილებები შევა]. თუმცა გარკვეული მომსახურებები, მაგალითად, საგზაო ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, მერიამ შესაძლოა ტენდერით შეისყიდოს. ტენდერში კი, ნებისმიერ კერძო პირს, ასევე „ავტოტრანსპორტსაც“ შეეძლება მონაწილეობის მიღება,“ – აცხადებს ნუკრი დეკანაძე.

ბათუმის მერიის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გაგრძელდება და ამის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

 

ხულოს მერია ახალ აიპ-ს აფუძნებს

ხულოს მერია ახალ აიპს – „ხულოს მუნიციპალურ სერვისს“ აფუძნებს. აიპის დაფუძნებას, რომელმაც ხულოს მუნიციპალიტეტის დაბების დასუფთავება-გამწვანება, საპირფარეშოების მოვლა და  სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა უნდა უზრუნველყოს, ხულოს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.

ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ აიპის მთლიანი ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენს. თანამშრომელთა საშტატო ნუსხა კი ჯერ არ დაუმტკიცებიათ. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, აიპის თანამშრომლეთა საშტატო ნუსხა მას შემდეგ დაამტკიცებენ, როცა აიპის სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირებენ.

„ტერიტორიების დასუფთავება – გამწვანებასა და სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან ერთად, აიპი პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალიტეტში არსებული საპირფარეშოების მოვლა – პატრონობაზე, ზამთარში დაბის თოვლის საფარისგან გაწმენდაზე, ის საყოფაცხორებო ნარჩენებს სოფლებიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე გამოიტანს, მაგისტრალიდან ბათუმის ნაგავსაყრელამდე მიტანას კი ტენდერით გამოვლენილი კომპანია უზრუნველყოფს,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

„მომსახურებას, რომელიც აიპმა უნდა განახორციელოს, მანამდე ტენდერით ვყიდულობდით, სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიას კი, სამუშაოების შესასრულებლად ერთი და იგივე პიროვნება აჰყავდა, შესაბამისად ჩვენც იმ ადამიანებს გავუფორმებთ ხელშეკრულებას, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ. რაც შეეხება აიპის ადმინისტრაციას, იქნება როგორც აიპის ხელმძღვანელის შტატი, ასევე ბუღალტერისა და ტექნიკური მიმართულუბით ორი ხელმძღვანელის პოზიცია. ვფიქრობთ, აიპს მთლიანობაში 35-მდე თანამშრომლი ეყოლება. 150 000-ლარიან ბიუჯეტში კი რვა ავტომობილი საწვავის, მოვლა-პატრონობის, მომუშავეთა ფორმის, საჭირო ინვენტარის ხარჯი და ხელფასებია გათვალისწინებული,“ – ამბობს მერის მოადგილე.

მისივე თქმით „მთავარი აქცენტი ხარისხზე გადავიტანეთ, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება, პოტენციალის ზრდა კი, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ აიპი, რომელიც ტერიტორიების დასუფთავება-მოვლა-პატრონობაზეა ორიენტირებული, უფრო კარგ შედეგს მოგვიტანს, ვიდრე მსგავსი მომსახურება ტენდერით შევისყიდოთ.“

პატარაძე თურქეთში მიმოსვლის წესის ცვლილებაზე

ზურაბ პატარაძე ამ წუთებში სარფში იმ მოქალაქეებს ხვდება, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. თურქეთის მხარის მიერ მიღებული ახალი რეგულაციებით, ყოველდღიური მიმოსვლის წესები შეიცვალა, რაც ამ მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება.

ზურაბ პატარაძემ შეკრებილ მოქალაქეებს შემდეგი განუცხადა: „თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად მივემგზავრები თურქეთში, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა უნდა იყოს აუცილებლად კომფორტული ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა იყოს ორივე ქვეყნის მოქალაქეების, ყველა ადამიანის პირობა. კონკრეტულად ვსაუბრობ ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მე დავბრუნდები სულ რამდენიმე საათში, იქნება კონკრეტული მოლაპარაკება.

ამავდრულად ანკარაში მიმდინარეობს შეხვედრები, დღეს გაიმართება ასევე სატელეფონო საუბრები სხვადასხვა უწყების პირველ პირებს შორის, რათა დროულად, ოპერატიულად იყოს ეს საკითხი დარეგულირებული, რათა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს…“

ზურაბ პატარაძემ შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ ის რამდენიმე საათში დაბრუნდება და მათ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის.

დღეს სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქციას მართავენ ის მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ.

Cranberries-ის ვოკალისტი, დოლორეს ორიორდანი გარდაიცვალა

ჯგუფ Cranberries-ის ვოკალისტი, 46 წლის დოლორეს ორიორდანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

Cranberries-ი 90-იანი წლების როკჯგუფია, რომლის მუსიკასაც ალტერნატივის, პოპროკისა და პოსტპანკის მიმდინარეობას მიაკუთვნებენ. ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის მსმენელზე. დოლორესის გამორჩეული ვოკალისა და ჯგუფის ორიგინალური ჟღერადობის წყალობით Cranberries-ი 90-იანელთა თაობის საყვარელ ბენდად იქცა.

ირლანდიელმა დოლორეს ორიორდანმა ჯგუფს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 90-იან წლებში ჩაწერილი სინგლებით „Linger“-ი და „Zombie“.

ოფიციალური ინფორმაციით, დოლორესი ჯგუფ Cranberries-თან ერთად ლონდონში იმყოფებოდა ჩაწერის მოკლე სეანსზე.

ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის ინფორმაციით, ორშაბათს, 15 დეკემბერს, პოლიცია 09:05 საათზე გამოიძახეს სასტუმროში, სადაც შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40 წლის ქალი იპოვეს გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ სახელდება.

დოლორეს ორიორდანი მეუღლეს, დონ ბერტონს 2014 წელს დაშორდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა.

The Cranberries-მა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1993 წლის ალბომით „Everybody Else Is Doing it, So Why Can’t We“ და 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა მთელ მსოფლიოში.

2017 წელს Cranberries-მა ტურნე დაგეგმა ევროპაში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. თუმცა გასული წლის მაისში ევროპული ტურნეს თარიღის გადადება გახდა აუცილებელი, ვოკალისტის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო.

ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპული ტურნეს გადადების მიზეზად დოლორეს ორიორდანის ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები სახელდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, იანვრის დასაწყისში, დოლორესმა ტვიტერზე ფოტო ატვირთა კატასთან ერთად და დაწერა, რომ ირლანდიაში მიემგზავრებოდა.

აჭარაში სოფლის ექთნების ხელფასი გაიზარდა

2018 წლის პირველი იანვრიდან აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს.

ამ სიახლის შესახებ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის ექთნებთან გამართა. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2018 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო.

სამინისტრო 2014 წლიდან დამატებით შრომის ანაზღაურებას სოფლის ექიმებზეც გასცემს. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის  300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარი გამოიყოფა.  ამ დრომდე მათი ხელფასი დარიცხვის გარეშე 455 ლარს შეადგენდა.  დანამატს 107 ექიმი იღებს.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრა.

საქართველოში დაახლოებით 18 000 ექთანი მუშაობს, რომელთა ხელფასიც საქართველოს ექთნების ასოციაციის მიერ დადგენილ ზღვარზე ორჯერ  დაბალია. 

აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან, შეხვედრაზე „საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.“

ამ შეხვედრის პარალელურად სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – თურქეთში უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეიძლება.

ამავე თემაზე:

თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები

აქცია სარფში / 16.01.2017 /

ხის მეჩეთების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

20 იანვარს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, კანადელი ურბანისტის, სიუზან ჰერის-ბრენდტსის, ფოტოსერია გამოიფინება. გამოფენის თემაა ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში.

„კანადელმა ურბანისტმა აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად საფრთხის წინაშე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლები გამოიკვლია. მისი პროექტის არეალში ძირითადად ხის მეჩეთები მოექცა. პროექტის ავტორი წერს, რომ ოსმალთა იმპერიისა და საბჭოთა მმართველობის აღზევება ხის მეჩეთების ისტორიაში საუკეთესო პერიოდია. დღეს კი ეს ძეგლები მრავალკონფესიული კავკასიის თავისებურ ანდერძს წარმოადგენს და ხაზს უსვამს მის გამორჩეულ არქიტექტურულ ღირებულებას,“ – ნათქვამია პრესრელიზში.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, 1817-1926 წლებში აჭარაში დაახლოებით 50 მეჩეთი აშენდა, ნაწილი რელიგიურ ცენტრად იქცა, ნაწილი მიტოვებულია სეკულარიზაციისა თუ მოსახლეობის შემცირების გამო, ნაწილი კი ახალაშენებულმა მეჩეთებმა ჩაანაცვლა.

„კანადელი ურბანისტის პროექტი მოგვითხრობს აჭარაში არსებული ხის მეჩეთების ისტორიას, ხაზს უსვამს მდებარეობის მრავალფეროვნებასა და კონსერვაციის სტატუსს. არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლასთან ერთად, პროექტი ახალ, დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მდიდარი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

სიუზან ჰერის-ბრენდტსი ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტობის კანდიდატია. სწავლობს და მუშაობს ურბანული მეცნიერებისა და დაგეგმარების მიმართულებით. სიუზანის კვლევის თემაა სამხრეთ კავკასიის არქიტექტურული და ურბანული პოლიტიკა. მუშაობდა მნიშვნელოვან პროექტებზე ტორონტოში, ვანკუვერში, ლონდონში, ახლო აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნებში.

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, როგორც ამ უწყებებში აცხადებენ, კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს განაცხადის [ელექტრონული ფორმით] წარდგენის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს საბიუჯეტო ზედმეტობის თანხა [ზედმეტობის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით].

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია, რომ 10 ათას გადასახადის გადამხდელს ავტომატურად დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ობიექტები, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობები წარმოექნათ დაბალი ან მინიმალური რისკის შემცველ ოპერაციებზე, მათ შორის: ექსპორტი, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, სოფლის მეურნეობის წარმოება, სასტუმროებისა და ტურისტული ორგანიზაციების მართვისას. გადამხდელს დღგ-ს ზედმეტობა დაუბრუნდება ავტომატურად, განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა“.

ამასთან, გამარტივება შეეხება გადამხდელთა იმ ნაწილსაც, რომლებიც ვერ მოხვდებიან ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებში. „მათთვის მცირდება მოთხოვნების როგორც განხილვის, ასევე თანხის დაბრუნების ვადები. თანხის დაბრუნება არსებული ერთთვიანი პერიოდის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება 14 დღის ვადაში,“ – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილებების პროექტიც.

„გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას სჭირდება დაახლოებით ორი კვარტალი, რომელსაც შემდგომ მოჰყვება იმპლემენტაციის პერიოდი, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, იწყება დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა,“ – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დაბრუნების ახალი პროცედურა – დაბრუნება არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნის შემდეგ ამოქმედდება, მანამდე კი, ასეთი კატეგორიის გადამხდელებისთვის უკვე მოქმედებს ხუთდღიანი ვადა, გადამხდელთა მეორე ნაწილისთვის კი – 14-დღიანი ვადა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას“.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის გადასახადების გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

შემოსავლების სამსახურში განმარტეს ასევე, რომ დღემდე არსებული კრიტერიუმებით დღგ-ს დაბრუნება 1 თვეში ფაქტობრივად ვერ ხერხდებოდა, ამასთან, ბოლო ერთი წელია მოქმედებს დაუყოვნებლივ დაბრუნების მექანიზმიც, თუმცა ამ მექანიზმითაც მცირე ნაწილი სარგებლობდა, ვინაიდან რისკის ფაქტორი იყო მაღალი. რეფორმის მიზანი კი, დღეს არსებული კრიტერიუმების გამარტივება და რისკების შემცირებაა ბიზნესის სასარგებლოდ.

სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი: დღეგამოშვებით გვამუშავებენ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეგამოშვებით ამუშავებენ. დაცვის თანამშრომლები  სახელმწიფო სხვადასხვა ობიექტს იცავენ და მათი სამუშაო ცვლა 24 საათს გრძელდება.

„ბოლო სამი თვეა ასეა, გამოვიძინებ თუ არა, ისევ სამსახურში ვარ წასასვლელი. უფროსებს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეაგირება არ არის. სინამდვილეში ვაკანსიაა ბევრი და ახლების აყვანა არ უნდათ. აუდიტია ჩასატარებელი, სად მიდის ეს ფული… ჩვენ მხოლოდ 400-450 ლარს გვიხდიან,“ – ამბობს სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ზამთარია, ბევრი ცივდება და ამიტომ ხდება ასე,“ – გვითხრეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ყოველ მეორე დღეს მუშაობას რეგულარული ხასიათი არ აქვს და ეს მაშინ ხდება, როცა დაცვის რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად ბიულეტენზე გადის.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში დაცვის თანამშრომელს შეიძლება მოეთხოვოს ორ დღეში ერთხელ მუშაობა.

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ მიმართვის შემთხვევაში ისინი სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან ოფიციალურ დოკუმენტაციას გამოითხოვენ.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

სად არის აკრძალული კოცნა – უცნაური ფრანგული კანონები

სახალისო კანონები დღემდე შემორჩა ისტორიული წარსულიდან და აქამდე ყველას ევალება მისი შესრულება. წარმოგიდგენიათ, რომ სადმე ჩახუტება და კოცნაა აკრძალული?

ესეც რამდენიმე აბსურდული კანონი საფრანგეთის ძველი და ახალი, მოქმედი კანონდებლობიდან, რომელიც ყველას გაახალისებს.

ჩახუტების აკრძალვა

ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია ჩახუტება და კოცნა რკინიგზისა და ზოგადად, სატრანსპორტო სადგურებში. აკრძალვა იმ ეპოქიდან მოდის, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ხანგრძლივად ემშვიდობებოდნენ გამგზავრების წინ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მატარებლის ადგილიდან დაძვრას.

ფოტო: pariszigzag

ფრანგული მუსიკის მონოპოლია რადიოეთერში

ვისაც საფრანგეთში უმოგზაურია, უმრავლესობა გეტყვით, რომ ფრანგებს საკუთარი ენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და მაინცადამაინც არ მოსწონთ, როცა ტურისტები რაიმეს ინგლისურად ეკითხებიან. თავიდან აუცილებლად გკითხავენ, საუბრობთ თუ არა ფრანგულად. თუ მხოლოდ ინგლისური გესმით, გიპასუხებენ ამ ენაზე, ოღონდ ამას დიდი სიამოვნებით არ აკეთებენ. როგორც ჩანს, იგივე დამოკიდებულება ვრცელდება ფრანგულ მუსიკაზეც, რადგან კანონის მიხედვით, დილის 8-დან საღამოს 20 საათამდე ფრანგულ რადიოებში გაშვებული მუსიკის 70% ფრანგული უნდა იყოს. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ეს კანონი რადიოს თანამედროვე მსმენელების მოთხოვნებს.

განათებული ეიფელის კოშკი-კანონით დაცული ხელოვნების ნიმუში

აკრძალულია ღამით ეიფელის განათებული კოშკის გადაღება. კოშკი 20 000 ნათურით ნათდება და განათება ხელოვნების ნიმუშადაა მიჩნეული. როგორც ხელოვნების ყველა ნიმუში, ეიფელის კოშკის განათებასაც კანონი იცავს საავტორო უფლებების შესახებ. თუ უბრალოდ პირადი არქივისთვის იღებთ ფოტოს, კანონს არ არღვევთ, მაგრამ თუ განათებული ეიფელის კადრს კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებთ, კოშკის განათების ავტორს შეუძლია შეგედავოთ.

ფოტო: pariszigzag

თივის გროვა ყველა ფრანგულ ოჯახში

ფრანგულ კანონებში, მართალია სიმბოლურად, მაგრამ დღემდეა შემორჩენილი მონარქიისდროინდელი წესი: ყველა ფრანგულ ოჯახს ევალება შინ ჰქონდეს თივის გროვა იმ შემთხვევისთვის, თუკი მეფე ცხენით ჩამოივლის. ფრანგებს ეს სიმბოლური კანონი ხელს არაფერში უშლით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რომ მონარქია აღდგეს, სახალისო იქნება, როგორ გამოკვებავენ მეფის ცხენებს ფრანგები მერვე, მეცხრე სართულებიდან თივის ბულულებით.

კანონი მიწისქვეშეთისა და ჰაერის მფლობელობაზე

1804 წლის ძველ კანონში მითითებული იყო, რომ თუ რომელიმე შენობის მფლობელი იყავით, გეკუთვნოდათ ასევე საკუთრების მიწისქვეშეთი და ცაც, შენობის თავზე. ეს კანონი რომ ახლაც არსებობდეს, საავიაციო კომპანიებს ვინ იცის რამდენი მესაკუთრისგან დასჭირდებოდათ ნებართვა მოქალაქეების პირად საკუთრებაში არსებული სივრცის გადასალახად.

ღორის ფრთხილად შესარჩევი სახელი

ღორს, რომელსაც ნაპოლეონი ჰქვია, ვერ ნახავთ ვერც ერთი ფრანგი გლეხის ოჯახში, რადგან საფრანგეთში იკრძალება იმპერატორის სახელი უწოდონ ცხოველს. გამორჩეულ კორსიკელს ფრანგები ამ ფორმითაც მიაგებენ დღემდე პატივს.

ფოტო: pariszigzag

გარდაცვლილი კანდიდატები საარჩევნო სიებში

ფრანგებს არჩევნებისას შეუძლიათ ხმა გარდაცვლილ კანდიდატს მისცენ. თუ კანდიდატი არჩევნების წინა დღეს ან უშუალოდ არჩევნების დღეს გარდაიცვლება, შეუძლებელია კანდიდატთა სიების ცვლილება, რომელიც წინასწარაა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული და ხელმოწერილი. მსგავსი შემთხვევა ერთხელ უკვე იყო, როცა 2010 წლის რეგიონული არჩევნების დროს, შარანტ-მარიტიმში პარტია NPA-ს (Le Nouveau Parti anticapitaliste) კანდიდატი გარდაიცვალა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ღვინო, ლუდი და სიდრი – სამსახურში ნებადართული ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალი

„არც ერთი ალკოჰოლური სასმელის მოხმარება არ არის ნებადართული სამუშაო ადგილზე გარდა ღვინის, ლუდისა და სიდრისა (მსუბუქი ღვინო ვაშლის არომატით)“ – ეს ამონარიდია ფრანგული საჯარო სამსახურების წესდებიდან. კანონი ფართო არჩევანს უტოვებს დასაქმებულს, როგორ გახალისდეს სამსახურში  შრომისუნარიანობის ასამაღლებლად: მსუბუქი ალკოჰოლით თუ ნება-ნება მირთმეული მუქი, შავი ღვინით.

წყარო: pariszigzag 

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები 79 169 ლარს მიიღებენ

ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ რვა ოჯახს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 79 169 ლარი გამოეყოფა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, „დოკუმენტი კი დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება“.

ოფიციალური ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან 59 169 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენას მოხმარდება, ხოლო 20 000 ლარი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაერიცხება, აქ თანხას ხანძრის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი მიიღებს.

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან პოლონეთი არის გამონაკლისი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება აქვთ. საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. მსგავსი შეთანხმება არსებობს ესტონეთთანაც, თუმცა სქემა ჯერ პილოტირების ეტაპზეა და დასახვეწია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში დროებით შრომით მიგრაციას ეძღვნება. კვლევის დროს გამოკითხეს უშუალოდ ის მიგრანტები, ვისაც პოლონეთში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ასევე დამსაქმებელი და შუამავალი სააგენტოები. კვლევის მიხედვით, პოლონეთში დასასაქმებლად, ძირითადად, 20-45 წლამდე  ასაკის ადამიანები მიდიან, უმეტესად მამაკაცები. კვლევა ბევრ ასპექტს მოიცავს.

ერთ-ერთი ასპექტის მიხედვით, არ არსებობს სახელმწიფო ან კერძო სქემა, რომელიც პოლონეთში შრომით მიგრაციას ხელს შეუწყობდა, რასაც კარგად იყენებენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში ასაქმებენ. კვლევის მიხედვით, მოქალაქეებისთვის ყველაზე რთული პოლონეთის საელჩოში სავიზო განაცხადის დამოუკიდებლად დარეგისტრირებაა: საელჩოში გასაუბრებისთვის ხელმისაწვდომი თარიღების გამოცხადებისთანავე შუამავლები (სააგენტოები, რომლებიც შრომით მიგრანტებს პოლონეთში ასაქმებენ) იკავებენ. შედეგად მოქალაქე, რომელიც თვეების მანძილზე ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, იძულებულია შუამავალ კომპანიას დაუკავშირდეს.

საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მუშაობდა პილოტურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქვეყანაში (პოლონეთსა და ესტონეთში) ლეგალური მიგრაციის სქემების დანერგვის წინაპირობის მომზადებას. პროექტი 24 თვეს მოიცავდა.  24 თვის განმავლობაში, ანუ 2015-2017 წლებში სახელმწიფომ სულ 15 ადამიანის ლეგალურად დასაქმებას შეუწყო ხელი. ყველა დასაქმებული პროფესიით ელექტროშემდუღებელი იყო.

ეს 15 ადამიანი, worknet.gov.ge-ზე, დასაქმების სამთავრობო პორტალზე, დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან აარჩია შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა. დასაქმების საიტზე 70 ათასზე მეტი დასაქმების მსურველია დარეგისტრირებული. ადამიანები, ვინც სამუშაოს პოვნას საზღვარგარეთ ცდილობს, არ და ვერ ელოდებიან როდის მოხვდებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის სიაში. ისინი სამუშაოს საკუთარი ძალებით ეძებენ და ამ მიზნით ხშირად საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევთ შუამავალი კომპანიებისათვის.

რა გზას გადიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ მიდიან

გიორგის არ სურს მისი ვინაობა გავამჟღავნოთ. ის დეტალურად გვიყვება გზას, რომელიც უკანასკნელ წელიწად-ნახევარში გაიარა. არ მინდა სხვასაც ის დაემართოს, რაც მე გამოვიარეო, – გვითხრა.

პოლონეთში სამუშაოდ 2016 წლის აპრილში წავიდა. საქართველოში უმუშევარი იყო. დასაქმების შუამავალი სააგენტო თავისი ძალებით იპოვა. პოლონეთის სამუშაო ვიზაში, ჯამში, 1000 ევრო გადაუხადა სააგენტოს. პირობისამებრ, შუამავალ სააგენტოს უნდა ეპოვა სამსახურიც. გიორგის პირობა იყო, რომ მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, არ შეეძლო მშენებლობაზე ემუშავა, სხვა ნებისმიერ სამსახურზე იყო თანახმა. საბოლოოდ დასაქმების სააგენტომ მას პოლონეთ-გერმანიის საზღვართან ახლოს, მშენებლობაზე უშოვა სამსახური. გიორგი არ დათანხმდა. ვიზის ათვლა უკვე დაწყებული იყო.

გიორგი კიდევ ერთი კვირა ელოდა სააგენტოდან პასუხს. ბოლოს ადგა და პოლონეთში ისე წავიდა, არ იცოდა, იქ სად უნდა ემუშავა. გზა დასაქმებამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. მოუწია ავეჯის საამქროში მუშაობა – ავეჯს ღებავდა. უხელფასოდ. მერე ერთ-ერთ ეკლესიასთან არსებულ სათნოების სახლში მზარეულის დამხმარედ მუშაობდა. მოატყუა მღვდელმა, რომელმაც თავიდან სამსახურში აიყვანა და კარტა პობიტუს – სამუშაო ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ყოფნის ნებართვა ეწურებოდა, მოუწია სხვადასხვა მძიმე სამუშაოზე მუშაობა, საკმარისი ფული რომ მოეგროვებინა სამუშაო ნებართვის ასაღებად.

ხელფასი და საცხოვრებელი პირობები

გიორგი ამბობს, რომ ყველა ის ილუზია, რომელიც ქართველებს საზღვარგარეთ წასვლამდე აქვთ, დანიშნულების ქალაქში ჩასვლისთანავე ქრება. პირველი მოლოდინი – ხელფასი თითქმის არასდროსაა ისეთი, როგორსაც ელოდები. თუ დამსაქმებელი საათში 9 ზლოტს გიხდის, მაშინ გთავაზობს ჰოსტელის ტიპის საცხოვრებელს. ხოლო თუ თქვენი ანაზღაურება საათში 11 ზლოტია, მაშინ ღამის გასათევზე ზრუნვა თავად გიწევთ. საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 500 ევროა. თუმცა არსებობს მაღალანაზღაურებადი პროფესიებიც. 800 ევრო და უფრო მეტი აქვს პროფესიონალ შემდუღებელს, ტრაილერის მძღოლს, ელექტრიკოსს. ის მძიმეს უწოდებს საცხოვრებელ პირობებს, რომელშიც თავად ცხოვრობს. დაქირავებული ბინის გაზიარება უწევს სამ სხვა ადამიანთან, სადაც ყველაფერი საერთოა – სააბაზანო, სამზარეულო, მაცივარი.

გზას პოლონეთში ლეგალურად დასაქმებამდე

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მუშაობის ნებართვის გარეშე დასაქმდნენ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, არაუმეტეს ექვსი თვისა ერთი წლის განმავლობაში. პოლონელი დამქირავებელი, როდესაც აპირებს სამუშაოზე უცხოელის აყვანას, ვალდებულია ადგილობრივ [პოლონურ] შრომით სააგენტოს აცნობოს ამის შესახებ და შეავსოს განაცხადი. სამუშაოს მაძიებელმა უნდა მოიძიოს პოტენციური დამსაქმებელი ან სააგენტო, რომელიც დაეხმარება, შეავსოს დეკლარაცია და შემდეგ ეს საბუთები გამოიყენოს პოლონეთის საელჩოში ვიზის მისაღებად.

შუამავალმა სააგენტომ უნდა შეგავსებინოთ დეკლარაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თქვენი პირადი მონაცემები, მომავალი დამსაქმებლის მონაცემები, იმ სამუშაოს აღწერა, რომელიც უნდა შეასრულოთ. სამუშაო ადგილის მისამართი, მოსალოდნელი ხელფასი, სამუშაოს დაწყების თარიღი, კონტრაქტის ხანგრძლივობა და კონტრაქტის სახეობა (შრომითი ან სამოქალაქო).  დეკლარაციის ფორმა და რეგისტრაცია არის უფასო.

www.praca.pl/en –ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე გაეცნოთ ვაკანსიებს. ამ საიტებზე კი ვაკანსიები მხოლოდ პოლონურ ენაზეა – www.ngo.pl ; www.pracuj.pl

აქ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, სადაც დასაქმებას აპირებთ: stat.gov.pl/en/ ან www.krs-online.com.pl. ამავე ვებგვერდზე შეძლებთ შეამოწმოთ ნამდვილად არის თუ არა ის დასაქმების სააგენტო დარეგისტრირებული დამსაქმებელთა სააგენტოების სიაში, რომელ სააგენტოსაც მიმართავთ.

როგორ შევარჩიოთ სააგენტო

პოლონეთში დასაქმების გამარტივებამ გააჩინა სხვადასხვა სააგენტო თუ კერძო პირი, რომლებიც მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ საზღვარგარეთ დასაქმებას სთავაზობენ.

„800 დოლარი უვიზოდ და 1000 დოლარი ვიზით,“ –  ასეთია თბილისში მდებარე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს პირობა, რომელსაც ის სამუშაოს მაძიებლებს უყენებს. დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა, ღიად საუბარი არ სურთ, ამიტომ ჩვენ მათ განმეორებით დავუკავშირდით, როგორც სამუშაოს მაძიებელი.

ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, პოლონეთის სამუშაო ვიზის გაკეთებას თვე-ნახევარი სჭირდება, ამიტომ გვირჩია უვიზო მიმოსვლით გვესარგებლა და ასე 200 დოლარს დავზოგავდით. 800 დოლარში, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს, შედის ერთი გზის ავიაბილეთი და სააგენტოს მომსახურების მოსაკრებელი. კითხვაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მესაზღვრე შენგენის საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მოგვცემდა, სააგენტოს წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ პასუხისმგებლობას მთლიანად იღებდნენ.

რატომ არ უნდა გადაუხადოთ საქართველოში მოქმედ დასაქმების სააგენტოებს თანხა

დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ 181-ე კონვენციის მიხედვით, რომელიც ჟენევაში 1997 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენციაზე მიიღეს და რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა, დასაქმების სააგენტოებს არ აქვთ უფლება სამუშაოს მაძიებლებიდან ჰონორარი ან სხვა მოსაკრებელი აიღონ. სააგენტოები ამ თანხას იღებენ უშუალოდ დამსაქმებლისგან, იმ კომპანიისგან, რომელშიც თქვენ გასაქმებენ.

რატომ გვჭირდება და როგორ უნდა მივიღოთ პოლონეთის ვიზა

ბევრი სააგენტო, რომელიც დღეს პოლონეთში დასაქმებას ჰპირდება მოქალაქეებს, ამტკიცებს, რომ სამუშაო ვიზა არ გჭირდებათ. გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ სააგენტოები მოქალაქეებს აკავშირებენ დამსაქმებელთან, მოქალაქე მიდის პოლონეთში, საზღვრის კვეთისას კი სარგებლობს უვიზო მიმოსვლით.

თუკი შუამავალი დამსაქმებელი სააგენტო მსგავს პირობებს გთავაზობთ, არ გირჩევთ თანხის გადახდას. ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც პოლონეთთან გამარტივებულ პროცედურას ეხება, გარკვევით წერია, რომ სამუშაო ვიზა გჭირდებათ. ამ ვიზის მიღებაში კი, თუ თავად ვერ ახერხებთ, დამსაქმებელი სააგენტო უნდა დაგეხმაროთ.

მას შემდეგ, რაც ვიზას მიიღებთ და პოლონეთში ჩახვალთ, აუცილებლად უნდა გააფორმოთ კონტრაქტი დამქირავებელთან. გაქვთ უფლება მოითხოვოთ კონტრაქტის მშობლიურ ან სხვა, თქვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – უშუალოდ სამუშაო ადგილზე ჩასულ მოქალაქეებს არ მოსწონთ ის პირობები, რასაც დამსაქმებელი ახვედრებს. მოქალაქეს აქვს უფლება, იპოვოს ახალი დამქირავებელი და სწორედ მასთან გააფორმოს კონტრაქტი. ოღონდ ამ შემთხვევაში ახალმა დამქირავებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს სარეგისტრაციო პროცედურა ადგილობრივ შრომით ოფისში.

სამუშაოს ნებართვის გარეშე პოლონეთში მუშაობა 6 თვის მანძილზე შეგიძლიათ. თუ უფრო დიდხანს აპირებთ დარჩენას, ამ შემთხვევაში თქვენმა დამქირავებელმა უნდა შეიტანოს განცხადება თქვენთვის მუშაობის ნებართვის გაცემის თაობაზე. მუშაობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არის 30 დღე და, როგორც წესი, 3 წლამდე ვადით გაიცემა.

რაც შეეხება ვიზის გაგრძელებას, ეს თავად უნდა მოახერხოთ. მოქმედი ვიზის ამოწურვამდე 45 დღის განმავლობაში შესაბამის ადგილობრივ მმართველ ორგანოს (ვოივოდას) უნდა წარუდგინოთ განაცხადი დროებითი ცხოვრების ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკომუნიკაციო ენა

მთავარი დაბრკოლება, რომელიც ქართველ მიგრანტებს პოლონეთში ხვდებათ, არის ენის ბარიერი. სამუშაოდ წასვლის მსურველები იმედოვნებენ, რომ ინგლისურად ან რუსულად შეძლებენ კომუნიკაციას. ეს უმრავლეს შემთხვევაში არ მართლდება. პოლონეთში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხშირად პოლონელებს ესმით რუსული, თუმცა პრინციპულად არ საუბრობენ ამ ენაზე.

ნინი ვარშავაში მეუღლესთან ერთად სამი თვის წინ წავიდა. წასასვლელად შუამავალ კომპანიას მიაკითხა. სააგენტომ მას მომსახურებაში 500 ევრო გადაახდევინა. ცოლ-ქმარს პოლონეთის ვიზა არ აუღია. მათ, ისე როგორც არაერთმა სხვა ქართველმა, რომელიც ბოლო დროს პოლონეთში სამუშაოდ მიდის, უვიზო მიმოსვლით ისარგებლეს და ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წყალობით შევიდნენ.

„სააგენტოში გვითხრეს, რომ აქ [პოლონეთში] კარგი სიტუაცია დაგვხვდებოდა, რომ 700 ევრო იქნებოდა ანაზღაურება, ბინას სამსახური მოგვცემდა და რაც მთავარია,  ენის ბარიერი არ გვექნებოდა, რუსულად საუბრობენო. წამოვედით. დაგვხვდა სხვა სიტუაცია. პირველი სამსახური, რომელიც დამსაქმებელმა დაგვახვედრა, იყო ლაბორატორია. 12 ქართველი ვმუშაობდით. რამდენიმე დღე ვიყავით მხოლოდ. ერთმა ქართველმა ვერ გაუძლო, უფრო სწორად, ვერ გაიგო რას ეუბნებოდა დამსაქმებელი. ყველა ერთად გამოგვიშვეს. ქართველმა დამსაქმებელმა სხვა სამსახურში გაგვიშვა, იქიდანაც გამოგვიშვეს. მოტივი ის იყო „ენა არ გესმით, ჩვენ კიდევ ვალდებულები არ ვართ რუსულად გესაუბროთ. კეთილი ინებეთ და პოლონური ისწავლეთო“. ჩემი მეუღლე სხვაგან მუშაობდა. უმუშევარი ვერ ვიქნებოდი. ხუთი ქართველი გოგო წავედით, საკონდიტრო ქარხანაა დიდი – „ტაგო“ და იქ დავიწყე მუშაობა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. ფილმებში  ხდება მარტო მსგავსი დამცირება, შეურაცხყოფა…  გვიყვიროდნენ, უზრდელურ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვმუშაობდით. ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით. მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. უნდა გვემუშავა და გაგვეძლო როგორმე ერთი თვე, რომ გზის  ფული გვქონოდა. იყვნენ გოგოები, რომლებმაც ვერ გაუძლეს – 12 საათი ვმუშაობდით და 15 წუთი გვქონდა შესვენება. ამ დროში უნდა მოგესწრო ჭამა. თუ ვერ მოასწრებდი, კამერა იყო სამზარეულოში და ჯარიმას გიწერდნენ, ანუ თანხა გაკლდებოდა“.

ნინი და მისი მეუღლე საქართველოში დაბრუნებას აპირებენ, რადგან პოლონეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ეწურებათ.

რას აკეთებს ხელისუფლება ევროპაში ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობისთვის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ, „ბათუმელებთან“ თქვა, რომ როდესაც პილოტურ პროექტზე მუშაობა დაიწყეს, მთავარი იყო ბაზრის კვლევის ჩატარება და იმის გაგება, თუ რა საჭიროებები ჰქონდა პოლონურ შრომით ბაზარს, რომელი პროფესიები იყო დეფიციტური, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმება.

worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან შერჩეულ ელექტროშემდუღებლებს დასაქმებამდე ტესტირება ჩაუტარდათ, მათი კვალიფიკაციის გადასამოწმებლად კი უშუალოდ პოლონელი დამსაქმებლები იყვნენ ჩამოსული.

„მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა, ვინაიდან ლეგალური სქემა ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. პოლონეთის პარალელურად მიმდინარეობს ესტონეთში შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა. შერჩევა შესაბამისი პროფესიის ადამიანების და შემდეგ ზუსტად იმავე სცენარით მოხდება ამ ადამიანების ლეგალური სქემების გზით დასაქმება,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად განიხილავს ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან ლეგალური დასაქმების სქემების ამოქმედებას.

2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ. თუმცა არ აქვთ უფლება, ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმდნენ. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 7 თვეში უვიზო მიმოსვლით   დაახლოებით 160 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, პროცედურა კი  6%-მა დაარღვია, ანუ 9600 ადამიანი საზღვარგარეთ 90 დღეზე მეტი ხნით დარჩა.

 

 

მერია: ბათუმის „დინამო“ არ გაყიდულა

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საფეხბურთო კლუბი „დინამო“ არ გაყიდულა. „ვერ გეტყვით, რატომ გავრცელდა ინფორმაცია გაყიდვის თაობაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ „დინამო“ არ გაყიდულა და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია,“ – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა.

გასული სეზონი შედეგების მიხედვით „დინამო“ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა. პირველი მარტიდან გუნდი ეროვნული „ლიგა ორის“ გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით ჩაებმება. ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე,  უფლებამოსილების განხორციელებას 14 იანვრიდან შეუდგა.

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი გაიხსნება

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა იგეგმება. შპს „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის გახსნას აპირებს.

კომპანიას სჭირდება 142 კვ/მ ტერიტორია ევროპის მოედანთან, სადაც „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასას“ მოაწყობს. კომპანიამ მერიას მიმდინარე წლის ნოემბერში აღნიშნული ფართობის 20 წლით იჯარით გადაცემის თხოვნით მიმართა.

კომპანიის მოთხოვნის შემდეგ 142 კვ/მ მიწის ფართობი მერიამ საკუთრებაში ცალკე საკადასტრო ერთეულად  დაირეგისტრირა. ამასთან, მერია თანახმაა ეს ნაკვეთი გადასცეს კომპანიას 20-წლიანი იჯარით – წლიური საიჯარო ქირა კი 15 500 ლარი იქნება.

მერიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოს თანხმობა ესაჭიროება.

საკითხი მიმდინარე წლის 18 იანვარს ჩანიშნული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

მერიის დოკუმენტების მიხედვით, ევროპის მოედანთან მდებარე 142 კვ/მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, გასული წლის დეკემბერში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 306 294 ლარით განსაზღვრა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საუბარია მონიშნული [ტროტუარსა და გაზონს შორის] ტერიტორიის იჯარით გაცემაზე სადაც მაგიდები და სკამები [„საზაფხულო ტერასა“]განთავსდება/ ფოტო: ბათუმის მერია
მთავარი ფოტო: მაკდონალდსის შენობა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ტრანსგენდერი გოგოს ტრაგედია – მამა სახლიდან გაიქცა, დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს

ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. 19 წლის ბექა [სახელი შეცვლილია] ტრანსგენდერი ქალია. ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ღიად თქვა და პირდაპირ თურქეთში წავიდა. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ მამა სახლიდან გაიქცა, დედა – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა.

„მებაჟეები გაფრთხილებული არიან, რომ საბაჟოზე არ შემოუშვან. ეს უნდა იცოდეს მან,“ – ეს ქობულეთში მცხოვრებმა გვითხრა, რომელიც ბექას ოჯახის ახლობელია. ბექას დედა ქობულეთიდანაა, მამა – სამეგრელოში ცხოვრობს.

„ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, როცა ბექამ ტელევიზიით ისაუბრა. მანამდე თითქოს ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას, ეს ამბავი გასული წლის ზაფხულში მოხდა,“ – გვიყვება ბექას ოჯახის ახლობელი. „თურქეთში წასვლის შემდეგ ბექამ ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა, აღარავის პასუხობდა. ბექას მამამ ცოლს დაუწყო ჩხუბი, შვილი ვერ გაზარდეო. ბოლოს მამა წავიდა სახლიდან. ბექას დედამ ერთი დღე დაუსრულებლად იცინა და შემდეგ ფსიქიატრიულში წაიყვანეს.“

ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ინფორმაციით, ბექას დედა გასული წლის 10 ოქტომბრიდან გადის მკურნალობის კურსს. მან  დაწესებულება რამდენჯერმე  დატოვა, ჰქონდა სუიციდის მცდელობაც, რის შემდეგაც ისევ ფსიქიატრიულში დააბრუნეს. ბექამ დედა საავადმყოფოში მოინახულა.

„ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ბექა დაბრუნებულა,“ – დასძენს ბექას ოჯახის ახლობელი. – „პირდაპირ ფსიქიატრიულში მისულა დედასთან. თანამშრომლებმა გვითხრეს, ტიროდა ორივე, არაფერი ულაპარაკიათო…“

ბექა ამჟამად თურქეთშია. მან „ბათუმელების“ შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

ბსუ-ს სტუდენტები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

ავტორი: თამთა კურცხალიძე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენი – ახალშექმნილი სტუდენტური ორგანიზაცია ლექციების ჩასატარებლად გავიდა მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულად შუახევის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში. ჩვენი თემა იყო ოჯახში ძალადობა. დისკუსიის მონაწილე მოსწავლე მოგვიყვა თანასოფლელი, კონკრეტული ქალის ისტორიას. გავიგეთ მსხვერპლის საცხოვრებელი და გადავწყვიტეთ პირადად გვენახა.

ქალზე ძალადობა დაიწყო ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ და 10 წელი გრძელდებოდა. 16 წლის იყო, როდესაც გაათხოვეს და მას შემდეგ მის მიმართ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა არ შეწყვეტილა. მოძალადე ალკოჰოლდამოკიდებული ქმარი ორჯერ არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულზე.

ქალი ძალადობის პირისპირ სრულიად მარტო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ბევრი ნათესავი, მათ შორის ქალებიც. დებს, მამიდას, დედას – ყველას ეშინოდა მისი მხარდაჭერა. ამ ყველაფერს კი ერთი თვითმხილველიც ჰყავდა – მცირეწლოვანი შვილი.

„ჩვენ, ძალადობაში მცხოვრები ქალები, მუდმივად ვიმეორებთ, რომ ამდენ დისკომფორტს და ძალადობას ბავშვების გამო ვითმენთ. მაგრამ, ჩემ შემთხვევაში შვილიც დამეღუპა – მთვრალმა მეუღლემ ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში ძალით ჩაისვა და წაიყვანა. ის ავარიაში მოყვა და ბავშვი გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ძალადობის თმენა, თუნდაც ბავშვების კეთილდღეობის მოსაზრებით, ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. თუ გინდა, რომ შვილი ცოცხალი და ბედნიერი გყავდეს, არ უნდა მოითმინო არაფერი, მაგრამ მქონდა დამაბრკოლებელი ფაქტორი, თუკი ქმარს ვუჩივლებდი, უსახლკაროდ ვრჩებოდი, რადგან ჩემი მშობლები „გათხოვილ ქალიშვილს“ უკან აღარ მიიღებდნენ, ხოლო დედამთილი სახლიდან გაგდებით მემუქრებოდა“, – გვიყვება ქალი თავისი პირადი ტრაგედიის ყველაზე მძიმე მონაკვეთს.

ქალს პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა ფსიქოლოგი. ჩვენმა ახალშექმნილმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ – „დემოკრატ იურისტთა საერთაშორისო ასოციაციამ“ [IADL], პირველ ეტაპზე ახალგაზრდა ქალს სწორედ ფსიქოლოგის მხარდაჭერა შესთავაზა.

სპეციალისტის თქმით, ქალს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული, ყველაფრის ეშინია და ვერავის ენდობა. შესაბამისად, მასთან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით კიდევ რისი გაკეთება შეგვეძლო ამ ქალისთვის – ცხადია, სამართლებრივი მხარდაჭერა შევთავაზეთ. მისი თანხმობით უკვე  სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი. მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი დურმიშხან გურგენაძე დაიცავს. ადვოკატი დაგვთანხმდა, რომ უსასყიდლოდ იმუშავებს ამ საქმეზე.

ჩარევის პირველი შედეგი ის არის, რომ ქალის ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც მანამდე პოზიციის დაფიქსირებას ერიდებოდნენ, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე დაგვთანხმდნენ. ახლა შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ბენეფიციარს ნელ-ნელა უბრუნდება თავდაჯერება. ის ფიქრობს, რომ როგორც კი საქმე მის სასარგებლოდ დასრულდება, თავის ისტორიაზე ღიად ისაუბრებს, რათა სხვა მსხვერპლ ქალებს მაგალითი მისცეს. ამ ეტაპზე კი მას ურჩევნია ინკოგნიტოდ დარჩეს, რადგან ბოლომდე დაცულად მაინც ვერ გრძნობს თავს.

ჩვენ, სტუდენტებს, მსხვერპლი ქალების მხარდაჭერის შესაძლებლობა მოგვცა პროექტმა, რომელსაც ვახორციელებთ სამოქალქო განათლების კურსის ფარგლებში – დემოკრატია და მოქალაქეობა.

 

 

 

 

„პატარაძეს მიესჯება მილიონი ხის დარგვა“ – პერფორმანსი ხეების ჭრის წინააღმდეგ [ვიდეო]

საპროტესტო აქცია ხეების გადაზიდვის წინაღმდეგ

დღეს, 15 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ის წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობის სახლის წინ ბენზოხერხებით და იმ ადგილზე გადაღებული ფოტოებით მივიდნენ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ხეები გადააქვს. მათი განცხადებით, ხეების გადატანის გამო გაჩეხილია 800-მდე მწვანე ნარგავი, დაზიანებულია გარემო, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს.

„ამ ბენზოხერხების ხმა ისმის დღეს ქობულეთში, ჩაქვში, ციხისძირში, ბათუმში და ყველგან, მაგრამ ეს ხმა არ ესმის იმ ადამიანს, რომელიც ზემოთ, მთავრობის შენობაში ზის და რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რაიკომის მდივანი ჰქვია. რაიკომის მდივანი იმიტომ შევარქვით, რომ არც მაშინ ესმოდა ხელისუფლებას ხალხის ხმა და არც ახლა ესმის ხალხის, არც ხის და არც არავის ხმა.

ხეგლეჯიები არიან ასევე ის ადამიანები, ვინც ჩუმად ზიან სახლში და არ აპროტესტებენ იმას, რასაც მთელი ჩვენი თაობები შემდგომში მოვიმკით. ამიტომ, ჩვენი პროტესტი იქნება ყოველდღიური. ზურაბ პატარაძემ უნდა იცოდეს, რომ ის ციხეში არ წავა, არამედ მას მიესჯება მილიონი ხის დარგვა. ეს იქნება მისთვის სასჯელი, რადგან მას არ უყვარს ბუნება, არ უყვარს აჭარა, არ უყვარს რეგიონი“, -აცხადებს რეზო ხარაზი.

ენმ-ს წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, თუკი არ შეწყდება აჭარიდან ხეების მოჭრისა და გადაზიდვის პროცესი, ისინი უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. მათი განცხადებით, უკიდურესი ფორმები შესაძლოა გამოიხატოს დაუმორჩილებლობასა და შიმშილობაში.

„ოლიგარქის ხუშტურების შემსრულებლის წინააღმდეგ ყოველდღიურად გაიმართება საპროტესტო აქციები, რადგან ჩვენი მიზანია გვქონდეს უკეთესი ბუნება და გარემო“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ენმ-ეს  წევრების განცხადებით, აქციების მთავარი მიზანია ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას. „ივანიშვილი ნამდვილად არ არის ხეგლეჯია, ხეგლეჯიები არიან ის ადამიანები, ვინც ამ შენობაში ზიან და ხმას არ იღებენ“, – ამბობენ ისინი.

„ზურაბ პატარაძე არის ბიძინა ივანიშვილის რაიკომის მდივანი, რადგან მას არ ესმის ხალხის ხმა“, – აცხადებენ ენმ-ეს წევრები საპროტესტო აქციაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე
Exit mobile version