ტენდერი ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მშენებელობაზე

ბათუმის მე-26 საჯარო სკოლა, ადაპტირებული ლიფტისა და სპორტული დარბაზის მოწყობაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 190 518 ათასი ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით, სკოლაში გარედან უნდა დამონტაჟდეს ადაპტირებული ლიფტი ეტლის მოსარგებლე ბავშვებისთვის, ასევე უნდა მოეწყოს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილი სპორტული დრაბაზი.

დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო სიგნალიზაციით და გათბობით.

სკოლის დირექტორის თამარ გოგიშვილის თქმით, სკოლა სპორტდარბაზისთვის ადაპტირებული ინვენტარის შეძენასაც აპირებს, თუმცა ჯერ-ჯერობით შესაბამისი ინვენტარი ვერ იპოვა.

„ვეძებე ინტერნეტ მაღაზიებშიც, მაგრამ ჯერ ვერ ვნახეთ ისეთი, რაც გვინდა. იმედია მოგვიანებით შევძლებთ მოძიებას და ყიდვას“-გვეუბნება თამარ გოგიშვილი.

სატენდერო წინადადებების მიღება 17 ივნისს დაიწყება და დასრულდება 22 ივნისს.

მერია მცირე ბიზნესის კუთხით ძველი ბათუმის ეზოების პოტენციალის შესწავლას იწყებს

ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში ეზოებში კომერციული პროექტების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის მერია შესაბამის კვლევას ჩაატარებს და პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. პირველ ეტაპზე 10 ეზოს პროექტი მომზადდება.

მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხუთ ეტაპად უნდა განახორციელოს:

პირველი ეტაპი დაეთმობა ეზოების პოტენციალის კვლევას მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით:

[checklist]

  • ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში სახასიათო [განსაკუთრებული მდებარეობის, არქიტექტურის, ისტორიის, ტურისტებისთვის საინტერესო ელემენტების მქონე] ეზოების შერჩევა;
  •  ეზოების ინფრასტრუქტურის შესწავლა, ასევე ეზოებთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემების მოკვლევა და წარმოდგენა;
  • ეზოში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკითხის შეთანხმება. ამ ეტაპზე მიმწოდებელი შეისწავლის არსებობს თუ არა ეზოში ამხანაგობა, რამდენად არიან მზად ამხანაგობის წევრები ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად და შემსყიდველს წარუდგენს ამხანაგობის შესაბამის წერილობითი გადაწყვეტილებას [თანხმობას]. იმ შეთხვევაში თუ ამხანაგობა არ არსებობს, მიმწოდებელმა უნდა მოხდინოს ამხანაგობის ჩამოყალიბების პროცესის ორგანიზება;
  • ეზოების ჩამონათვალს ითანხმებს შემსყიდველი. ამასთანავე შესაძლებელია ეზოების ჩამონათვალის ეტაპობრივი შეთანხმება.

[/checklist]

მეორე ეტაპზე ეზოების ჩამონათვალის შემსყიდველთან შეთანხმების შემდგომ, ეზოებში მცირე [მიკრო] ბიზნესის განვითარების მოდელების მომზადება:

[checklist]

  • ეზოების სახასიათო შტრიხების და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამხანაგობასთან შეთანხმებით, კონკრეტული მცირე ბიზნესის განვითარების მოდელების მომზადება;
  • ბიზნესის განვითარების მოდელების შესაბამისად, ეზოების ვიზუალური გაუმჯობესების დიზაინების შემუშავება;
  • ბიზნესის განვითარების მოდელსა და ეზოს ვიზუალური გაუმჯობესების დიზაინს ითანხმებს ბათუმის მერია.

[/checklist]

მესამე ეტაპი იქნება სამუშაოების დეტალური პროექტირება:

[checklist]

  • შერჩეული ბიზნეს მოდელებიდან გამომდინარე, ბიზნეს გეგმების შემუშავება ამხანაგობასთან შეთანხმებით;
  • ეზოებში განსახორციელებელი სამუშაოების [მათ შორის: ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენის] დეტალური პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება [ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს ცალკე] და არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს [თითოეულ ობიექტზე].

[/checklist]

მეოთხე ეტაპზე მოხდება პროექტის პრეზენტაცია:

[checklist]

  • პროექტის შედეგების განხილვა, პრეზენტაცია;
  • პროექტის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა მერიისთვის, პრეზენტაციის მოწყობა მედიის და დაინტერესებული პირებისთვის.

[/checklist]

მეხუთე ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულს ევალება პროექტის მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და წარდგენა მერიაში [ანგარიში უნდა მოიცავდეს წარმატებული და წარუმატებელი პროექტების მოკლე მიმოხილვას შერჩეული ეზოების შესაბამისად. ასევე შესაბამისი ბიზნეს გეგმების განხორციელების ძირითად ბარიერებსა და გამოწვევებს, მათი დაძლევის რეკომენდაციებს].

პირველი ოთხი ეტაპი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30-45-90 დღეში უნდა დასრულდეს, მეხუთე ეტაპი კი არაუგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბერს.

ახალი იდეის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მიმდინარე წლის თებერვალში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.  მერის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება.

ამ თემაზე:

ბათუმის მერის იდეა: 10 000 ლარი ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტებისთვის

 

 

 

საერთაშორისო კონფერენცია მასწავლებლებისთვის

ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათმატიკის, ინგლისურის ან გეოგრაფიის VII-XII კლასების მასწავლებლებს შესაძლებლობ აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას.

ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა სახლი ავრცელებს.

კონფერენცია  2018 წლის 9 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. კონფერენციის ხანგრძლივობა 09:00 საათიდან 20:00 საათამდე.

კონფერენცია იმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქარველოს  „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016-2019 წლებში ახორციელებს.

დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგისტრაცია დასრულდება 200 მონაწილის შევსებისთანავე. „გაითვალისწინეთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა მონაცემები გადამოწმდება და საბოლოო დასტურს და მოსაწვევს მიიღებთ ელ. ფოსტის საშუალებით“.

 

ბათუმში აქცია რამდენიმე ორგანიზატორმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ბათუმში საპროტესტო აქცია “ნუმომკლავ” ორმა აქტივისტმა დატოვა, ვინც ამ დრომდე აქციაზე სიტყვით პერიოდულად მიმართავდა შეკრებილებს.

ანი დიასამიძემ ტრიბუნაზე განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციას ტოვებს, რადგან არ უნდა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის მსხვერპლი გახდეს.

“როცა ვემზადებოდით აქციისთვის, ვიცოდი, რომ აქ ვინც გამოვიდოდა სიტყვით, არ იქნებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. გამოდის, რომ ამ ტრიბუნას იყენებენ ადამიანები პოლიტიკური მიზნებისთვის. ზაზა სარალიძის თემას ისინი იყენებენ პოლიტიკურად,”- განაცხადა ანი დიასამიძემ.

“კონკრეტულად ვის გამოსვლას მოჰყვა აქტივისტის  პროტესტი?”- ანი დიასამიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ კონკრეტულ სახელებს და გვარებს დღეს ვერ დაასახელებს და განმარტებებს ხვალ ანრი ბიბილეიშვილთან ერთად გააკეთებს.

მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა დღეს, საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქცია გახსნა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს და რომელიმე პოლტიკურ ძალასთან ასოცირებულ პირებს ტრიბუნას არ დაუთმობს.

ანრი ბიბილეიშვილმა აქცია განცხადების გარეშე დატოვა. მან “აჭარის ტელევიზიის” ეთერში თქვა, რომ იგი პოლიტიკურ სპეკულაციებს გაემიჯნა.

ამ შემთხვევამდე აქციაზე საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: გია ხალვაშმა და ლაშა ადამიამ მიმართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციის ორგანიზატორებთან სუს-ის თანამშრომლებმა იმუშავეს. ამას ანი დიასამიძე უარყოფს.

საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე გრძელდება. დღევანდელ აქციაზე ქუჩაში მსვლელობაც დააანონსეს, თუმცა იგი ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

ბათუმის აქციაზე განაცხადეს, რომ ქალაქში მსვლელობას დაიწყებენ – #ნუმომკლავ

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე – #ნუმომკლავ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე წუთში ქალაქის ქუჩებში მსვლელობას დაიწყებენ და შემდეგ ისევ ევროპის მოედანზე დაბრუნდებიან.

აქცია #ნუმომკლავ, ბათუმში ევროპის მოედანზე დღეს, 1 ივნისს, 19 საათიდან განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს.

#ნუმომკლავ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

 

 

#ნუმომკლავ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია – #ნუმომკლავ მიმდინარეობს. აქციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს.

აქცია #ნუმომკლავ ბათუმში. პირველი ივნისი
აქცია #ნუმომკლავ ბათუმში. პირველი ივნისი
აქცია #ნუმომკლავ ბათუმში. პირველი ივნისი

დღეს, პირველ ივნისს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

https://netgazeti.ge/news/282213/

 

უმაღლესი საბჭოს მილიონერ დეპუტატს ხელფასიდან 205 ლარი დაუქვითეს

უმაღლესი საბჭოს მილიონერ დეპუტატს, ზაზა ოქუაშვილს, სხდომების გაცდენისთვის ხელფასიდან 205 ლარი და 50 თეთრი დაუქვითეს. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 3900 ლარია.

ინფორმაცია დეპუტატების სხდომებზე დასწრების შესახებ „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სხდომებს ყველაზე ხშირად ზაზა ოქუაშვილი აცდენს. იგი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში.

2017 წელს ზაზა ოქუაშვილმა 8 პლენარული სხდომიდან 4 გააცდინა, რიგგარეშე 5 სხდომიდან კი არც ერთს დასწრებია. ზაზა ოქუაშვილს სხდომებზე დასწრებისთვის ვერც წელს იცლის. 2018 წელს ზაზა ოქუაშვილი 3 პლენარული სხდომიდან ორს არ დაესწრო. ოქუაშვილი რიგგარეშე სხდომებზე არც წელს ყოფილა.

სხდომების გაცდენაზე უმაღლესმა საბჭომ რეგულაცია გასული წლის ბოლოს მიიღო. წელს მხოლოდ ერთი სხდომის გაცდენისთვის დაუქვითეს ხელფასი ზაზა ოქუაშვილს. მეორე გაცდენილი სხდომა დეპუტატს საპატიოდ ჩაეთვალა „ოჯახური მდგომარეობის გამო“.

„თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარულ სხდომას, მას დაექვითება პლენარული სხდომის დღის თანამდებობრივი სარგო,“ – წერია უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში. ამ რეგლამენტის შესაბამისად დაუქვითეს ხელფასი ზაზა ოქუაშვილს. ის ერთადერთი დეპუტატია, ვისაც ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში ხელფასი დაუქვითეს სხდომის გაცდენის გამო.

უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის ხელფასი – 5 750 ლარი, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 ლარია. უმაღლეს საბჭოში ხელფასების რაოდენობის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბათუმში 16 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მიწის 16 ნაკვეთი პირობიან და უპირობო აუქციონებზე გაიყიდება. გასაყიდი ნაკვეთების საერთო ფართობი 4 302კვ.მ-ია, საწყისი საპრივატიზებო საფასური კი ჯამში – 1 მილიონ 9 ათას 850 ლარი. აუქციონზე გასატანი ნაკვეთებიდან 1741 კვ.მ პირობების გარეშე გაიყიდება.

ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩის N43-ის მიმდებარედ 653 კვ.მ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 210 ათასი ლარია, ანუ 1კვ.მ 321,5 ლარი. ეს ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მოხუცთა თავშესაფრის გვერდით მდებარეობს. მერიის პირობების მიხედვით, მომავალ მყიდველს აქ უფლება ექნება ააშენოს საცხოვრებელი კორპუსი.

აღნიშნულ ნაკვეთთან ახლოს, ოღონდ ინასარიძის ქუჩაზე, 1025 კვ.მ ნაკვეთის საწყისი ფასი 310 ათასი ლარია, ანუ 1 კვ.მ 302,4 ლარი. აქ მომავალი მყიდველი ვალდებული იქნება არანაკლებ 725 კვ.მ-ზე მოაწყოს სკვერი – დანიშნულების მუდმივად შენარჩუნებით და ამასთან უფლება ექნება მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობა 300 კვ.მ ფართობზე განახორციელოს.

ეს ნაკვეთი ორი მხრიდან ესაზღვრება ნაკვეთს [მე-14 სკოლასა და ჟილინის არხს შორის], რომელიც კომპანია „როიალ ბილდინგის“ საკუთრებაშია. ნაკვეთების განლაგებას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა გასაყიდი ნაკვეთით თავად ეს კომპანია იყოს დაინტერესებული.

9 ნაკვეთის პრივატიზება იგეგმება დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე. ამ ნაკვეთებიდან ანგისის დასახლებაში ერთ-ერთის კონფიგურაცია ისეთია, მას ალბათ მხოლოდ იქვე მდებარე ქონების მესაკუთრე თუ შეიძენს. გასაყიდი ნაკვეთი რთული მოხაზულობისაა და ის ანზორ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს ესაზღვრება, მათ შორის ერთს ოთხივე მხრიდან:

მწვანე ფერით მონიშნულია მიწის ნაკვეთი რომელსაც მერია აუქციონზე გაიტანს

დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე იყიდება ნაკვეთი ლერმონტოვის ქუჩაზე N105-ში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მოპირდაპირე მხარეს. აქ 205 კვ.მ შეფასებულია 34 800 ლარად და ეს ნაკვეთი შპს „ბესტოილის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას ორი მხრიდან ესაზღვრება.

დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე გაიყიდება მიწის ნაკვეთები ბათუმში შემდეგ მისამართებზე: თამარის დასახლება N23-ის, ფრიდონ ხალვაშის N280-ის, სოხუმის N3-ის მიმდებარედ, ასევე გორგილაძის #49-ში [2 ნაკვეთი], ლერმონტოვის N66-ში და აღმაშენებლის ქუჩა N13ა-ში [ეს ნაკვეთი ვიწრო ზოლია, რომელიც სამი მხრიდან ესაზღვრება ეთერ შავაძის საკუთრებას].

მერიაში განმარტავენ, რომ დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე გაყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გაყიდული ნაკვეთი მომიჯნავე ნაკვეთთან გაერთიანდება. შესაბამისად, ასეთი კონკრეტული ქონების შეძენით დაინტერესებული, ბუნებრივია, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეები არიან.

მიწის ნაკვეთი გორგილაძის ქუჩის მიღმა N49-ში, რომელსაც მერია აუქციონზე გაყიდის / ბათუმი, 1.06.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო

ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩა N74ბ-ში მდებარე 2015კვ.მ ნაკვეთი, რომელიც აქვე შპს „ჩაქვის ავტოგასამართი სადგურის“ საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედაა, 24 700 ლარადაა შეფასებული. ეს ნაკვეთი ყოველგვარი პირობის გარეშე გაიყიდება.

უპირობოდ გაიყიდება 350 კვ.მ ნაკვეთი ბათუმის პორტთან – სარკინიგზო ხიდის ასასვლელთან, რომლის საწყისი ღირებულება 163 600 ლარი იქნება; 100კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონზე 18 900 ლარი იქნება. ეს ნაკვეთი ლერმონტოვის N48-ის მიმდებარედაა.

853კვ.მ ნაკვეთის საწყისი ფასი აუქციონზე 109 000 ლარი იქნება. ეს ნაკვეთი გენ. ა. აბაშიძის ჩიხი N2-ში მდებარეობს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ]. უპირობოდ გაიყიდება ქეთევან წამებულის მეორე ჩიხის N50-ის მიმდებარედ [ტაბიძის ქუჩასთან] მდებარე 233 კვ.მ ნაკვეთი, საწყისი ფასი იქნება 27 600 ლარი.

ბათუმის საკრებულომ მერიას მიწის ნაკვეთების გაყიდვაზე თანხმობა უკვე მისცა.

ამ ნაკვეთების საწყისი ფასი, ჯამში, 1 მილიონი ლარია.

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს სხდომა / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

#ნუმომკლავ – სკოლის მოსწავლეების სოლიდარობის აქცია ხულოში

დღეს, პირველ ივნისს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის აქცია გაიმართა, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტშიც.

ხულოს ცენტრში შეკრებილმა ახალგაზრდებმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში მხოლოდ ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. “დუმილი=ღალატს”, “ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გარემო” – ეწერა პლაკატებზე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ სურთ მათი აქცია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაიგივდეს.

 

 

 

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ფაქტები [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 3 ადამიანი დაჯარიმდა, 2 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის განმეორებით დარღვევისთვის.

 

ფოტოები გადაღებულია რამდენიმე დღის წინ. მოგვაწოდა მკითხველმა.

ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“  პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა.

არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლემ სცემა. ამ საქმის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როცა ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება განახლდა, თუმცა ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ დაუდია. ბრალდებულები ახლა არასრულწლოვნის მშობლები – თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე არიან. მათ მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება პროკურატურა. საქმის განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულები დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ისინი სკაიპის საშუალებით ერთვებიან სასამართლო პროცესებს.

„თუ მე აჩეხვით ვემუქრებოდი „მელოტ კაცს“, როგორც თქვენ ბრძანებთ, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ? არ აღიქვით საფრთხედ ჩემი მუქარა?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

მოწმე: „არ ვიცი, რა იყო, დღეს აღარ მახსოვს არაფერი…“.

ამ დიალოგამდე მოწმემ თქვა, რომ ის მაშველი იყო და კონფლიქტის შემთხვევაში, მას ჰქონდა პოლიციის გამოძახების ვალდებულება.

მოწმე მირზა მიქელაძის თქმით, მან სამაშველო კოშკიდან შენიშნა დაპირისპირება პლაჟზე, თუმცა ვიდრე შემთხვევის ადგილას მივიდოდა, კონფლიქტი უკვე ამოიწურა:

„ხალხი ბევრი იყო მოყრილი… სანამ მე მივიდოდი, ადგილზე მყოფმა ტურისტებმა გააშველეს… ქალბატონი შეზლონგზე იჯდა, ილანძღებოდა და იგინებოდა… არ ვიცი, ვინ იყო მელოტი კაცი, ვისაც ემუქრებოდნენ,“ – აღნიშნა მოწმემ.

მოწმემ მოყოლა შეწყვიტა და ფრაზის – „აღარ მახოვს“ აქტიური გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, როცა მას კითხვები ადვოკატებმა და ბრალდებულმა დაუსვეს. ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მოთხოვნით, მოწმეს საქმეში არსებული გონიოს პლაჟის ამსახველი ვიდეოც აჩვენეს.

„მინდა, ნახოთ ვიდეო და მითხრათ, თქვენ რომ დაინახეთ, ის მელოტი კაცი ხომ არ აგინებს ბავშვს? ის მელოტი კაცი ხომ არ ურტყამს ბავშვს სახეში?“ – მიმართა მოწმეს თამარ ხაჭაპურიძემ.

„ბარემ, ხმაც მიბაძეთ და ეს იქნება,“ – გაბრაზდა მოსამართლე.

კადრების ჩვენების შემდეგ მოწმემ ფრაზა „აღარ მახსოვს“ კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ბრალდების მხარეს რამდენიმე მოწმე დარჩა დასაკითხი, მათ შორის 6 ტურისტი, რომლებიც ინციდენტის დროს გონიოს პლაჟზე იმყოფებოდნენ. დღეს პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ამ მოწმეების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების გამოკვლევა მოითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოწმეებს აღარ მოუსმენს სასამართლო და მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს წაიკითხავენ. მოწმეებს შორის სამი უცხოენოვანი ტურისტია. ამ შუამდგომლობის განხილვა გადაიდო, რადგან ადვოკატებმა პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვეს.

დასაკითხია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მოწმის დაკითხვის დაწყებამდე დაცვის მხარემ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდებულების თქმით, მოსამართლე მხარეთა თანასწორობის პრინციპს არღვევს. მოსამართლის აცილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თამარ ხაჭაპურიძემ 22 მაისის სასამართლო სხდომა დაასახელა, სადაც მოსამართლემ მას პროკურორის გაკრიტიკების უფლება არ მისცა.

„მე ვარ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,“ – მიუგო ბრალდებულებს მოსამართლემ. პროკურორის კრიტიკის დროს ბრალდებულის გაჩუმება ხვიჩა კიკილაშვილმა „წესრიგის დაცვით“ ახსნა. მან ასევე თქვა, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა კანონის მიხედვით მხარემ დაუყონებლივ უნდა დააყენოს, ანუ ეს დაცვის მხარეს 22 მაისის სხდომაზე უნდა მოეთხოვა.

დაცვის მხარეს აღარ შეუხსენებია მოსამართლისთვის ის, რომ 2018 წლის 22 თებერვალს მისი უვადოდ გამწესება გიორგი მიქაუტაძეზეც იყო დამოკიდებული. იუსტიციის საბჭოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრება ისე შედგა, რომ აცილების საკითხი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაუსვამს და არც ხვიჩა კიკილაშვილს. საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი გიორგი მიქაუტაძემ გადაცემა „არჩევანში“ მას შემდეგ თქვა, როცა მას „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე შეახსენეს, რომ  სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.


ამ საქმესთან დაკავშირებული მნიშვცნელოვანი დეტალები: 

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს, თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის  არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.

მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.

თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა.

სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა.

 

 

 

რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში გუშინ, 31 მაისს მიიღეს. როგორ მუშაობს საპარლამენტო კომისია და რისი უფლება აქვს მას? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ყოფილ პარლამენტარს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა.

იურისტის თქმით, კომისიამ უნდა გამოავლინოს „დამნაშავე საჯარო მოხელეები, დამნაშავეები პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში. ერთი სიტყვით, ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეები, ვინც ხელს უშლიდა გამოძიების ობიექტურად წარმართვას“.

თამარ კორძაიას აზრით, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი იყოს გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს დაკარგავს:

„ყველა პირი, ვისაც საგამოძიებო კომისია დაიბარებს, უნდა გამოცხადდეს გამოკითხვაზე და ეს პროცესი უნდა იყოს ღია.

გვესმის, რომ საკითხი დელიკატურია და არასრულწლოვნებს ეხება, მაგრამ საპარლამენტო კომისიის მანდატიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, კითხვები მიმართულია არა არასრულწლოვნების, არამედ სახელისუფლებო ადამიანების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტების გაყალბებაში და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. მათკენ, ვინც ხელშეშლის ფაქტებს ახორციელებდა გამოძიების პროცესში.

ამიტომ აქ უკვე სხდომის დახურვის, რაღაც დამატებითი მოტივების მოყვანის საფუძველი არ ექნებათ… კომისიამ ყველა ობიექტურ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რა კითხვაც გაჩნდება პროცესის ფარგლებში საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა“.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისია მოითხოვს საქმეში თუ მის მიღმა არსებულ ნებისმიერ დოკუმენტს, დაიბარებს ნებისმიერ პირს, ვინც საქმესთან არის დაკავშირებული, დასვამს ნებისმიერ კითხვას [კითხვებზე პასუხის გაცემა, ისე როგორც დოკუმენტაციის მიწოდება, სავალდებულოა], მასალებს ისევ აგზავნის პროკურატურაში და იწყება ხელახალი გამოძიება. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.

თამარ კორძაია. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

აქ მნიშვნელოვანია საპარლამენტო კომისიის დაკომპლექტების წესიც, თუმცა გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიცია იქნება უფრო მეტი, ვიდრე სახელისუფლო პარტიის წევრები. კორძაიას თქმით, „რადგან პარლამენტის რეგლამენტი მკაფიოდ და ნათლად ადგენს საგამოძიებო კომისიის შექმნის წესს, ამას აუცილებლად დასჭირდება სამართლებრივი გაფორმება“.

„სამართლებრივი გაფორმების“ შემთხვევაშიც კი, კორძაიასთვის საპარლამენტო ოპოზიციის შესაძლებლობები ბუნდოვანია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ვიცი, უარი თქვა კომისიის შექმნასა და მონაწილეობაზე, ამიტომ რჩება მხოლოდ ევროპული საქართველო და „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ოპოზიციად არც შეიძლება განვიხილოთ“.

აქედან გამომდინარე, თამარ კორძაია ამბობს, რომ საპარლამენტო კომისიის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. „მაგრამ არც ის მინდა, რომ ყველაფერს გადავუსვა ხაზი, ყველა შესაძლებლობა მოვსპო მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტია ვარ… ეს არის შანსი ხელისუფლებისთვის, რომ დაიბრუნოს ხალხის ნდობა, თუმცა როგორ გამოიყენებ ამ შანს, ეს პარლამენტარებზეა დამოკიდებული“.

თამარ კორძაიას აზრით, კომისიის შექმნა თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუ ის შედეგს არ დადებს: „კომისიის მიზანი არ არის კონკრეტული დანაშაულის გამოძიება, არამედ იმ ფაქტების გამოკვლევა, თუ რა ახდენდა გამოძიებაზე ზეგავლენას… შედეგს ვერ დადებს, თუ ის ღიად და გამჭვირვალედ არ იმუშავებს“.

ხულოში დაიწყო აქცია #ნუმომკლავ [ვიდეო]

დღეს, პირველ ივნისს, დაახლოებით ოთხ საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბაში ზაზა სარალიძის ოჯახის სოლიდარობის აქცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ამ წუთეში იკრიბებიან დაბის ცენტრში. ადამიანები მოძრაობენ შეძახილით – „ჩვენ ბევრი ვართ“.

აქციები იგეგმება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. აქცია განახლდა თბილისშიც.

  • თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე;
  • სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა;
  • 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია;
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
  • დაწყებულ აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს ვერ დაუჭერენ უმართავ პროცესებს, თუმცა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქმის სამართლიანი გამოძიება.

დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი – ბოლო შვიდი წლის ავარიების სტატისტიკა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2011-2017 წლებში საქართველოში დაფიქსირდა 40 797 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი. ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება. ამასთან, 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ამის პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც.

„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შსს-ს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდი შეისწავლა, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა. მათ შორის:

არსებობს ტერიტორიული დაფარვის პრობლემა – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა ვრცელდება ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და მთავარ ავტომაგისტრალებზე, რაც საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 45%-ს შეადგენს. ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე, კერძოდ ზოგიერთ ქალაქში, დაბებსა და სოფლებში, ასევე ნაკლებად დატვირთულ გზებზე – პატრულირება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს [სამხარეო პოლიციის დეპარტამენტებს] ევალებათ.

2015-2017 წლებში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიაზე ქვეყანაში მომხდარი ავარიების 10-12%, ხოლო გარდაცვალების – 26-28% მოდის. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია შედარებით ნაკლებად კონტროლირებად გარემოს წარმოადგენს შემდეგ მიზეზთა გამო:

[crosslist]

  • ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიაზე საერთოდ არ ხორციელდება ვიდეო/ფოტო მეთვალყურეობა;
  • უბნის ინსპექტორების ერთი კონკრეტული საპატრულო ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორია ყოველთვის გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის.
  • უბნის ინსპექტორები ტექნიკურად უფრო ნაკლებად არიან აღჭურვილები, ვიდრე პატრულ-ინსპექტორები. მაგალითად, მათ არ გააჩნიათ სამხრე ვიდეოკამერები, ელექტრონული ქვითრის ამობეჭდვის საშუალება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელით წერენ) და ა.შ.
  • აუდიტის პერიოდში უბნის ინსპექტორები კვირაში 80 საათზე მეტს მუშაობდნენ (ყოველ მე-2 დღეს მორიგეობდნენ), რაც მკვეთრად ამცირებდა მათი საქმიანობის პროდუქტიულობას. ამჟამად მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ 72 საათი უწევთ მუშაობა.

[/crosslist]

აუდიტის ინფორმაციით, „საპატრულო პოლიციის ოფიცერის სამუშაო განრიგი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, თუმცა, ძირითადად, გამოიყენება ევროკავშირის სტანდარტები, რაც გულისხმობს სავალდებულო დასვენებას, ხოლო კვირაში სამუშაო დრო, დაახლოებით, 40 საათის ფარგლებშია. მაგალითად, ესპანეთში პოლიციის ოფიცერი კვირაში მუშაობს 40 საათს და ისვენებს 2 დღე“.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ

[crosslist]

  • ქვეყანაში საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება.
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც ავლენს საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევას (სიჩქარის გადაჭარბების გარდა), არ არის ტექნიკურად გამართული.
  • უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო, არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა.
  • ვიდეოჯარიმებზე ქულების კლების სისტემა არ ვრცელდება, რაც ამცირებს ვიდეოჯარიმების ეფექტიანობას. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით კი, ნებისმიერი ტიპის ჯარიმა აისახება მძღოლის ქულებზე და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

[/crosslist]

ზოგიერთი პრობლემა და სტატისტიკა აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის დასკვნით, ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25-30% თავს არიდებს დაკისრებული ჯარიმების გადახდას. „სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2015-2017 წლებში, საშუალოდ, 1,2 მლნ. ჯარიმაა გამოწერილი ყოველწლიურად, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში საშუალოდ 58,5 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში პერმანენტულად მცირდება ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი, ხოლო გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება. შედეგად, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე შემცირდა“.

შს სამინისტროში არსებული პროგრამა ხასიათდება ხარვეზით. კერძოდ, საერთოდ ვერ ხერხდება კერძო კომპანიების მიერ გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იძულებით აღსრულების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არც ფოსტის საშუალებით იგზავნება. შედეგად, იმ კერძო კომპანიებზე, რომლებიც არ იხდიან ჯარიმებს, არც იძულებით აღსრულების ღონისძიებები ხორციელდება. ჯამში ასეთი კატეგორიის და გადაუხდელის სტატუსის მქონე ვიდეოჯარიმების ღირებულებამ 2016 წლისათვის თითქმის 450 ათასი ლარი შეადგინა.

გარკვეული პრობლემებია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით უკვე დაფიქსირებულ დარღვევებზე სანქციების დაკისრების თვალსაზრისით, კერძოდ:

– ოპერატორების მიერ ჯარიმის გამოწერა არ ხდება იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საიდენტიფიკაციო კოდი პროგრამაში არ არის დაფიქსირებული;

– აუდიტის პერიოდში არ ხორციელდებოდა ვიდეოჯარიმების გამოწერა და სანქციების შეფარდება სატრანზიტო და უცხო ქვეყნის სანომრენიშნებიან ავტომანქანებზე;

– ჯარიმების გამოწერა ვერ ხორციელდება აგრეთვე მცირე პროგრამული, ტექნიკური ხარვეზით დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევაშიც, რაც ამცირებს გამოვლენილ დარღვევაზე გატარებული რეაგირების მაჩვენებელს.

აუდიტი აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციისადმი ნდობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ყოფით პრობლემებთან დაკავშირებული გამოძახებები. კერძოდ, მარტო თბილისში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 1100 გამოძახება ფიქსირდება, საიდანაც მხოლოდ 250 ეხება საგზაო მოძრაობის საკითხებს. ანუ, თითო ეკიპაჟს დღეში საშუალოდ 8-9 გამოძახებაზე უწევს რეაგირება, საიდანაც მხოლოდ 2-3 ეხება საგზაო უსაფრთხოებას. ასეთ პირობებში კი საგზაო მოძრაობის დარღვევების ფაქტებზე სრულყოფილი რეაგირება რთულია.

ვიდეოდაჯარიმების ახალ სისტემაში არსებობს რამდენიმე პრობლემა, მათ შორის:

› შსს-ს მონაცემთა ბაზაში რეგისტირებულია 1 256 000 ავტომანქანა, საიდანაც 376 300, ანუ თითქმის 30%-ის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული, რის გამოც მათთვის sms შეტყობინებების გაგზავნა ვერ ხერხდება;

› ავტომფლობელთა მნიშვნელოვანი ნაწილის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირებულია ზემოხსენებულ ბაზაში, უკვე მრავალჯერ არის შეცვლილი, რაც გამორიცხავს მათ მიერ sms შეტყობინების მიღებას;

› შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად მიიჩნევა, მაშინ როდესაც შესაძლოა მძღოლების ნაწილს ინტერნეტთან წვდომის პრობლემაც ჰქონდეს. სამინისტროს კი არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება დამრღვევთათვის ვიდეოჯარიმების ჩაბარების თვალსაზრისით, ამიტომ პრობლემური ვიდეოჯარიმების ჩაბარების მიზნით, ქმედითი ღონისძიებები არ ხორციელდება. მაგალითად, პატრულ-პოლიციელებს არ ევალებათ თუნდაც იმ მძღოლების ინფორმირება მათზე გამოწერილი და ჩაუბარებელი ვიდეოჯარიმების შესახებ, რომლებსაც ახალი დარღვევისათვის უწერენ ჯარიმას.

2016-2017 წლებში დაფიქსირებულია 13 018 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლებზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები და რომლის შედეგადაც 1 098 ადამიანი გარდაიცვალა, 18 412 კი დაშავდა. აღნიშნული 13 018 ავტოსაგზაო შემთხვევიდან, 1 180 შემთხვევაში (როცა 1 232 ადამიანი დაშავდა და 22 გარდაიცვალა), კონკრეტული პირის ბრალეულობა ვერ დადგინდა.

აუდიტის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზს ხშირად წარმოადგენენ ქვეითად მოსიარულეები, მათ კი თითქმის არ აჯარიმებენ: „ქვეყნის მასშტაბით 2017 წელს, დღეში საშუალოდ 16 ქვეითად მოსიარულე ჯარიმდებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მაშინ როდესაც აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დაკვირვებით, მხოლოდ 4 ლოკაციაზე 15-15- წუთიან მონაკვეთებში 115 დარღვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ 115-მა ქვეითად მოსიარულემ დაარღვია მოძრაობის წესები და რამდენიმე შემთხვევაში საავარიო სიტუაციაც შექმნა, არც ერთი მათგანი არ დაჯარიმებულა“.

აუდიტის ანგარიში შსს-ს მისამართით მთელ რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

მთავარი ფოტო: ავარია ბათუმში. ჯაბა ანანიძის ფოტო, „ბათუმელების“ არქივიდან.

ავარიის შედეგად გოგებაშვილის ქუჩაზე გამყოფი ღობე დააზიანეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სანაოსნოს მიმდებარედ, ქუჩის გამყოფი რამდენიმემეტრიანი რკინის ღობეა დაზიანებული. რკინის რიკულები მთლიანად დალეწილია, ასევე დაზიანებულია პალმის ხე, რომელიც გაზონზე დგას.

დაზიანებული რკინის ღობე გოგებაშვილის ქუჩაზე
რკინის ღობის გარდა დაზიანებულია გაზონზე მდგარი პალმის ხეც

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურში ამბობენ, რომ  რკინის ღობე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. „გამოვლენილია ის პირიც, ვინც ღობეს დაეჯახა და დაზიანებულ ღობეს ის აღადგენს,“ – გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.

რა თანხა დაჯდება ღობის აღდგენა, ამის შესახებ კეთილმოწყობის სამსახურში ინფორმაცია არ აქვთ. „კომისია იმუშავებს და გადაწყვეტს,“ – გვითხრეს კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.

 

სად იგეგმება სოლიდარობის აქციები – თბილისი, ვარშავა, ქუთაისი, ხულო 

თბილისი, გორი, ბორჯომი, ზუგდიდი, ქობულეთი, ვარშავა, ქუთაისი, ხულო  – აქ  დღეს, პირველ ივნისს, სოლიდარობის აქციებია დაგეგმილი.

აქცია უკვე დაიწყო და მიმდინარეობს ქუთაისში. სტუდენტები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

[checklist]

  • ქობულეთში, მერიის წინ აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი.
  • აქცია გორში 19:00 საათზეა დაგეგმილი.
  • ბორჯომში სოლიდარობის აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი.
  • 15:00 საათზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია ხულოს მუნიციპალიტეტში. “3 საათზე თეატრის შენობასთან გაიმართება სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ. გთხოვთ, მოდით ერთმანეთის სიცოცხლისთვის. ერთად ვითხოვოთ მშვიდი და უსაფრთხო ბავშვობა,” – წერს ფეისბუქზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამთა თავართქილაძე.
  • სოლიდარობის აქცია იგეგმება ვარშავაში, საღამოს 7 საათზე, უაზდოვსკის გამზირზე. “სტუდენტები ვგეგმავთ სოლიდარობის აქცია გავმართოთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. საღამოს 7 საათზე, უაზდოვსკის გამზირი 00-460,” – აცნობა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა ხუციშვილმა.
  • თბილისში,  აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში გაათია. საპროტესტო აქციის განახლება 16:00 საათზეა დაგეგმილი.

————————————

სოლიდარობის აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გუშინ, 31 მაისს სპონტანურად დაიწყო. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს.

ავარია ბათუმში, დაშავდა სამი ადამიანი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით კი, მათ შორის ორი მეთორმეტეკლასელია, რასაც შსს-ს პრესსამსახური არ ადასტურებს.

სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, „შემთხვევა მოხდა კლინიკა ბაუსთან და ამავე საავადმყოფოში მოვათავსეთ დაზარალებულები, ისინი კონტაქტურები იყვნენ“.

შსს-ს ინფორმაციით,  ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

დღეს ბათუმში ბავშვებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საზაფხულო თეატრში გაიმართება

უამინდობის გამო ბათუმის მერიამ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმის საზაფხულო თეატრში გადაიტანა. როგორც კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომელიც ამ ღონისძიებების ორგანიზატორია, ყველა ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის: კონცერტები, სახის მოხატვის აქციები და ა.შ. დარიგდება უფასო ნაყინი და პოპკორნი ბავშვებისთვის.

  • ბავშვების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში [12:00-დან – 20:00-საათამდე] იზრუნებენ ზღაპრის გმირები – კოსტიუმირებული მსახიობები – დისნეი, ჯამბაზები, იქნება ჭადრაკის თემატიკა, ოჩოფეხები, მეკობრე; გაიმართება საბავშვო კონცერტები, ქალაქში არსებული საბავშვო სტუდიების მონაწილეობით [მინიმუმ 5 სტუდია, თითო სტუდია არანაკლებ 40-წუთიანი პროგრამით].
  • მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს უფასოდ  დაურიგდებათ ბამბის ნაყინი [2500 ცალი], პოპკორნი [2500 ცალი], ჩამოსასხმელი ნაყინი [3000 ცალი], ჰელიუმის ფერადლენტიანი ბუშტები [2000 ცალი]; 
  • საზაფხულო თეატრში განთავსდება მინიმუმ ორი მომენტალური ფოტო ბეჭდვის აპარატი [ე.წ. „PhotoBooth“], რომლებითაც ბავშვებს 2000 ფოტოს გადაუღებენ და ადგილზე უფასოდ მიაწოდებენ, ანიმატორითა და გადაღებისთვის სხვადასხვა სახალისო აქსესუარებით; მოეწყობა რეტრო კომპიუტერული თამაშები –  8 სხვადასხვა რეტრო კონსოლი, 8 ტელევიზორი, მინიმუმ 300 რეტრო თამაში.

ღონისძიებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 29 850 ლარი დაიხარჯება.

ასევე, დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მზრუნველობამოკლებული და სოციალური პრობლემების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება.

გამოფენაზე გამოტანილი იქნება ბათუმის საოჯახო ტიპის რამდენიმე სახლის ბავშვების ნახატები შექმნილი თემაზე –  მათი საოცნებო ან/და ახლანდელი გარემო.
გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

„მე სიბერე კაი მინდოდა…“ – 4 მოხუცის ამბავი

„მოხუცს, პირველ რიგში, გარშემომყოფებისგან ყურადღება და სითბო სჭირდება. გეუბნებით, საჭმელზე ნაკლები არაა ეგ…“ – ეს ერთ-ერთმა ხანდაზმულმა გვითხრა, ვისაც სიბერეზე ვესაუბრეთ, დამოკიდებულებაზე, რასაც ისინი ოჯახისა თუ საზოგადოებისგან გრძნობენ, სიმარტოვეზე, პრობლემებზე, რაც 80 წლის და უფრო ასაკოვან ბებიებს აწუხებთ.

„მე რა ჩასაწერი ვარ,“ – ყველა მოხუცის პირველი რეპლიკა ეს იყო, როცა მათი სახლის კარი შევაღეთ და გასაუბრება ვთხოვეთ. იმავდროულად ყველა მათგანს დაეტყო სიხარული და ის, რომ სათქმელი ჰქონდათ.

რატომ უნდა ვიყო სხვაზე დამოკიდებული, როცა 35 წელი ვიმუშავე?

„ჩვენ ყოველთვის დამოკიდებული ვართ სხვაზე,“ – დაიწყო 82 წლის სულიკო გოგუაძემ. ის ლერმონტოვის ქუჩაზე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. 35 წელი სამკერვალო ფაბრიკაში იმუშავა. ახლა ყოველდღე, გათენებამდე იღვიძებს და ბულვარში დადის. ამბობს, რომ ზღვის ჰაერი ყველაფერს შველის. დღის განმავლობაში სულიკო გოგუაძე საოჯახო საქმეებშია ჩართული. ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრებს თვალით ანიშნა, მარტო დამტოვეთო.

„რატომ უნდა ვიყო სხვაზე დამოკიდებული, როცა 35 წელი ვიმუშავე, ჩემს თავს რატომ ვერ უნდა ვარჩენდე?… ისე მიყვარს მოგზაურობა…“  – მიყვება ის. ვიდეოკამერის ობიექტივს თვალს არ აცილებს და ხშირად იმეორებს: იწერება?

წახვიდოდით სამოგზაუროდ-მეთქი, ვეკითხები. გაკვირვებით მიყურებს:

„წავიდოდი?  წავიდოდი კი არა, გადავფრინდებოდი ხელათ…

მოხუცს, პირველ რიგში, გარშემომყოფებისგან ყურადღება და სითბო სჭირდება. გეუბნებით, საჭმელზე ნაკლები არაა ეგ, როცა სითბო და სიყვარული გაქვს ოჯახში. მერე, სჭირდება საარსებო წყარო, ფული. 400 ლარი ერთ წამალში დამჭირდა, მეუღლემ გაიკეთა ოპერაცია, რამდენი თვე უნდა ავიღო ახლა მე პენსია, რომ ეს 400 ლარი დავფარო? მთავრობამ, მართალია, დაგვაფინანსა, მაგრამ იმის მერე წამლები რომ გვჭირდება? რატომ უნდა გამოგვქონდეს ჩვენ თურქეთიდან წამალი? პენსია აუცილებად უნდა გაიზარდოს. ესაა ჩემი სათქმელი.“

სულიკო გოგუაძე ფიქრობს, რომ მოხუცებისთვის მთავარი პრობლემა შესაბამისი საზოგადოებრივი სივრცის არარსებობაა, სადაც მოხუცები შეიკრიბებიან და ერთმანეთს ამბებს მოუყვებიან. „უპატრონოთა სახლს არ ვგულისხმობო“, მაფრთხილებს და ისევ გაკვირვებით მიყურებს, როცა ვეკითხები, რას გააკეთებდნენ ერთად შეკრებილი მოხუცები.

„იმას გავაკეთებდით, რასაც თქვენ, ახალგაზრდები აკეთებთ… ახლა ქუჩაშიც აღარაა მოხუცის ადგილი. დილას ადგა მოხუცი, შეხედა კედლებს, გამოდის ქუჩაში, დაჯდა ერთ ადგილას, უთხრეს, რომ ეს სხვისი ადგილია, ვაჭრობენ, ააყენებენ მოხუცს, ვითომც არაფერი…

ევროპაში ხომაა, მთავრობამ  კარგად იცის ეს, არსებობს სახლები, სადაც მოხუცები დღისით იკრიბებიან, იცეკვო და იმღერო, იმისთვის კი არ არის ეს, მოვუყვებით ერთმანეთს ამბებს, გამოცდილი ხალხია, ბევრმა ლექსის წერაც იცის“.

სულიკო გოგუაძეს მთავრობასა და საზოგადოებასთანაც მოთხოვნა აქვს, ევროპას როცა ახსენებენ, იქაურ მოხუცებზეც ილაპარაკონ:

„მარტო ევროპას კი ნუ უყურებენ, მოხუცებს როგორ ეპყრობიან, ევროპის ქვეყნებიდან გაგიჟებული ჩამოდიან. იქ ფიქრობენ, ერთი ღმერთმა მოხუცობამდე მიმიყვანაო. ჩვენთან პირიქით ფიქრობენ, ღმერთო, მოხუცობამდე ნუ მიმიყვანო“, – დაასრულა სულიკო გოგუაძემ.

სულიკო გოგუაძე

მოხუცები ზედმეტი ბარგი ვართ

„სიბერე არაა კარგი, არ მომწონს, მაგრამ გარდაუვალია,“ – სევდიანი ღიმილით იწყებს გულიკო ხოჭოლავა თხრობას. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ რთულია, როცა შვილები ცალკე ცხოვრობენ, რადგან „თავისებური სითბო უნდა მოხუცს.“ გულიკო ხოჭოლავას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება, შესაძლოა, კარგია, მაგრამ ამას მიჩვევა უნდა.

„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო, ამბობენ, მაგრამ როგორ? თვალში დაგაკლდება, ყურში დაგაკლდება და როგორ იქნება ტკბილი… შვილები ცალ-ცალკე არიან. მაინც არაა ისეთი სითბო, როცა ერთ ოჯახად ხარ, თავისებური სითბო უნდა მოხუცს. მარტო როცა ცხოვრობ, არაა ასე. ჩვენ, მოხუცები ერთმანეთის იმედათ არ ვართ… მე მინდა, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ არ გამოდის ყოველთვის ასე. ახალგაზრდა როცა ხარ, არა უშავს მარტო ცხოვრებას, მაგრამ… ახლა ისინი უკვე შეჩვეული არიან დამოუკიდებელ ცხოვრებას“, – ამბობს ის.

გულიკო ხოჭოლავაც სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა, მუშაობა ახლაც სურს. „სამუშაო ადგილი რომ იყოს, რატომ არ ვიმუშავებდი? ენა მაქვს, ხელი მაქვს და ტვინი მაქვს, მაგრამ სადაა სამუშაო?“ – გვეკითხება ის.

რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მოხუცების მიმართ? – გულიკო ხოჭოლავა ისევ შეკითხვით ასრულებს სათქმელს:

„ჩვენთან აბსოლუტურად არ ზრუნავენ მოხუცებზე. ჩვენ ვართ ისე, მიგდებული. ზედმეტი ბარგი ვართ, ზედმეტი. იმდენი ხალხია უმუშევარი, მოხუცი ვის აინტერესებს?“

ახლა მაღლივი კორპუსების მშენებლობებზე დარდობს გულიკო ხოჭოლავა:

„აგერ 24-სართულიანს აშენებენ, იგერ – უკვე ააშენეს, უკან ააშენეს, წინ ააშენეს, ჩვენ ჩავვარდით, სულ ცემენტში და ქვაში ვართ, არც ჰაერია, ყველა სახლი მიბჯენილია ერთმანეთს… კიდევ ჩვენთან შემოდიან ეზოში, რადგან ჩამოსაჯდომი აღარაა არსად, ესაა ცხოვრება?“

გულიკო ხოჭლავა

აქტიურად უნდა იყოს მოხუცი ჩართული საქმეში

„სამუშაო მინდა, უმუშევრობას ვერ ვეგუები,“ – ეს შეხვედრისთანავე გვითხრა 79 წლის გუგული დევაძემ. იგი შარაბიძეების დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაგვხვდა. სადარბაზოს კიბეებს მივუყვებით. 45 წელი სხვადასხვა საბავშვო ბაღში პედაგოგად ვმუშაობდი, მერე შემამცირეს და დავრჩი ასეო.

გუგული დევაძე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მეუღლე – გარდაცვლილია. შუადღისას სახლში არავინაა. გუგული დევაძე მარტოობას ვერ უძლებს. „რამდენჯერ ჩავალ ეზოში და ამოვალ, ვინ იცისო,“ – იცინის.

„აქტიურად უნდა იყოს მოხუცი ჩართული საქმეში,“ – მაგიდასთან ჯდება და განაგრძობს, – „ვისაც შეძლება აქვს, უნდა იმუშაოს. მაგალითად, ჩემისთანა ხალხი ნამდვილად უნდა გავიდეს გარეთ, საზოგადოებაში უნდა იყოს. მე 2011 წლიდან შემკვეცეს და დღემდე ვერ მომინელებია, ვერ ვუძლებ სახლში. არ შემიძლია, მარტო ტელევიზორს ვუყურო, რაღაცით უნდა ვიყო დაკავებული. წყალსაქაჩზეც გასაღები მე მაქვს, წყალს ჩავრთავ დილით, იმას ვემსახურები, მერე წითელ ჯვრის ოფისს გავაღებ, მაგის გასაღებიც მე მაქვს, მერე ამოვალ, ოჯახში სადილს გავუმზადებ, სახლს მივალაგებ, სახლს განა რძალი ალაგებს. ყველაფერი მზად მაქვს და ვარ ასე.

კარგი სიბერე კარგია, მაგრამ თუ სიბერე ისეთი გაქვს, რომ გასაქანი არ გაქვს, ცუდია. მე, ჩემდა თავად, ჩემს სიბერეს არ ვემდური. შვილი მყავს ისეთი, მეკითხება, ექიმია, წასვლა-მოსვლაა… ბევრია ისეთი, რომ პენსიის გარდა, არაფერი აქვს.

კარგი სიბერე ნიშნავს იმას, რომ ლოგინად არ იქნები ჩავარდნილი, შენი თავის გაყვანის, გამოყვანის საშუალება გექნება. სიტყვა-პასუხის თქმის უფლება რომ გექნება და ოჯახში რომ ადამიანად გთვლიან, შვილი რომ შეგეკითხება, რა გვიჭირს, რა გვილხინს. არის ასეთი, ბევრია, მოხუცი ხარ და აღარ შეგიძლია, გაჩუმდიო, ასეთი რამ ჩემთან არ არის.

ყურადღებას იჩენენ, მაგრამ ჩვენ მეტი ყურადღება გვინდა. მინდა, მეტი შემოსავალი გვქონდეს, ოჯახს მოვახმარდი, დისკოთეკაზე არ წავალთ ახლა ჩვენ, შვილიშვილებს გავახარებდით, პირველ რიგში. ბავშვი რომ დაგიძახებს, ბებიავ, ფული მინდაო, იმას უნდა მისცე… მე არ მაქვს შვილოო, არ უნდა უთხრა.“

საუბრის ბოლოს გუგული დევაძე იმ ქაღალდს შლის, მანამდე დაკეცილი ხელში რომ ეჭირა. მე არ დამისრულებია, ახლახანს ჩემი დაწერილი ლექსი უნდა წაგიკითხოთ სიბერეზეო. სათვალეს ირგებს და კითხულობს:

„დღეს, როგორც გუშინ დაღამდა, მეც ისევ ისე მარტო ვარ, კიდევ ერთი დღით მოვხუცდი, კიდევ ერთმა დღემ დამტოვა, დღე ასე უჩუმრად გადის, ვერა ვგრძნობ ფერისცვალებას, მე ჩემს მაგივრად მოვკვდები, არავინ მენაცვალება…“

გუგული დევაძე

მე სიბერე კაი მინდოდა…

„რომ ავდგები დილას, აგენის ადგომამდე, ჯერ ფანჯარასთან მივალ, წიწილები მყავს, ჩიტები, მტრედები მოდიან, დავუყრი პურს, 15-20 ცალი მოდის, ჭუ-ჭუ-ჭუ-ჭუ იძახიან… მერე გავაკეთებ საჭმელს. შვიდზე, რვაზე თავისუფალი ვარ უკვე. მერე ადგებიან, ოი, ბებიას საჭმელი გაუკეთებიაო. ჩვენ გავაკეთებთო, მეუბნებიან, მარა მე ჩემი გაკეთებული მინდა. დღისით  მცალია და ვქსოვ. ტელევიზორსაც ვუყურებ, მაგრამ პოლიტიკურ ამბებს – არა. პოლიტიკის ყურებით რა იქნება?“

ასიე ხალვაში 84 წლისაა. მიაჩნია, რომ სიბერეში მთავარი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა, დანარჩენს – ეშველება. დარდობს, ყანაში მუშაობა აღარ შემიძლიაო. ბოლო წლებია ქსოვს და ნაქსოვს ყიდის. სიხარულით იხსენებს დღეებს, როცა რამდენიმე წლის წინ წითელი ჯვრის ორგანიზაციიდან თბილისში წაიყვანეს და მისი ნაქსოვი გამოფინეს. ასიე ბებია პირველად მაშინ ჩასულა თბილისში.

„პირველი იყო ჩემი ჩასლა თბილისში. ჰოდა, რომ ევედი, რას ხელობ ბებიაო, მკითხეს. ვუთხარი, რას ვხელობ, ვართავ-მეთქი. რას ართავო, წაღებული მქონდა მატყლის სართავი და დავაბრუნე, დავართე და მალადეც ბებიაო, გადიმიღეს სურათები… თბილისიც ძალიან მომეწონა, მთელ დღეს ვიარეთ, მერე წაგვიყვანეს სასადილოში, ვჭამეთ, ვსვით…“ – გვიყვება ღიმილით.

სხვა მოხუცების მსგავსად ასიე ბებიაც თვლის, რომ მოხუცს თავისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს:

„იმუშაოს იმან და მე მომცეს, ამფერი არ იქნება და არც ვიტყვი. არ მინდა მე სხვისი ნამუშევარი, ჩემი ხელით ნაშრომი მინდა…

ხუთი წლის წინ ყანებს ვთესვიდი, კიტრი იყო, პომიდორი, ლობიო, ვზიდავდი იქედან. ახლა ამას ვეღარ ვხელობ და ქსოვაზე გადავედი, ამას ახლა ორ ლარად გავყიდი,“ – გვიყვება ის და თან ხელით მოქსოვილ ჭურჭლის ტილოს გვაჩვენებს, მანამდე რომ ეფერებოდა ცალი ხელით, -„ადრეც ვქსოვდი, ახალგაზრდობაში, მაგრამ კაცურ საქმესაც ვაკეთებდი, ღობე იქნებოდა, თუ ყანა, ვაკეთებდი ყველაფერს.“

ასიე ხალვაშის ოჯახი წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდა. მოხუცი შემწეობის შეწყვეტას აპროტესტებს და ამბობს, რომ ოჯახში მისი ერთი შვილიშვილის გარდა, დასაქმებული არავინაა.

ასიე ბებიას პრობლემა აქვს პენსიაზეც. რამდენიმე წლის წინ ის შვილიშვილის ქმარს სესხის აღების დროს ბანკში თავდებად დაუდგა. ახლა კრედიტი მისი პენსიიდან იფარება და ხელზე მოხუცი მხოლოდ 30-40 ლარს იღებს.

„არც ვიცოდი, რას მოვაწერე ხელი. შვილს ვეჩხუბები, მე წერა-კითხვა არ ვიცი, შენ რომ წაიკითხე, რაზე მომაწერიე ხელი-მეთქი. პენსიას რომ ვიღებ ახლა, ბაღანასავით ვტირი…“ – ჩერდება მოხუცი და მზერას გვაშორებს.

თქვენთვის როგორია ბედნიერი სიბერე-მეთქი, ვეკითხები. ის ნაქსოვ ნივთებს ერთმანეთზე აწყობს, ალაგებს და განაგრძობს:

„მე სიბერე კაი მინდოდა, მარა არ იქნა კაი… კარგი სიბერე რაფერია და უწვალებელი ცხოვრება. 5 შვილი მყავს, შვილიშვილი – დუთლელი… ჩემი ქმარი საცოდავი იყო, დატანჯული ბავშვობიდან. მეც დატანჯული ვიყავ. მამა დაჭერილი იყო, დედა –  გათხოვდა და ორი ბავშვი დავრჩით, ბიძიამ გაგვზარდა. მეუღლე როგორ გავიცანი და გამაცნეს. ახლა რომ იცნობენ მობილურით, მასე არა. დამინახა და გამაყოლეს. ქორწილი სა იყო იმ დროში. ოი, ისე სუფრა გვქონდა სამხიარულო. სადედოფლო კაბაც არ მეცვა. არ იყო იმ დროში, რა ვიცი…“

ასიე ხალვაში

მთავარ ფოტოზე: სულიკო გოგუაძე და ასიე ხალვაში

ქობულეთის უბნები ფეკალური წყლებით დატბორვის საფრთხის წინაშე

ქობულეთის რამდენიმე უბანი ფეკალური წყლებით დატბორვის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც მითითებულია, რომ პრობლემა სატუმბო სადგურებზე მილების დაზიანებამ გამოიწვია.

„რეზინის გოფრირებულმა მილმა ვერ გაუძლო ფეკალური მასების ზემოქმედებას და დაიშალა, რის გამოც საჭიროა რეზინის გოფრირებული მილები შეიცვალოს ლითონის მილით. ხდება სატუმბო სადგურების ავარიული გაჩერება და აღარ ხდება ფეკალური წყლების გადაქაჩვა ეგრეთ წოდებული საავადმყოფოს უბნიდან ჩოლოქის დასახლებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული უბნების და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, რითაც ზიანი ადგება აღნიშნულ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას,“ – აღნიშნულია „ქობულეთის წყლის“ განაცხადში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ საწნეო ხაზები 2018 წლის 30 მაისს გამოვიდა მწყობრიდან და „ქობულეთის წყლის ტექნიკური ბრიგადის თავდაუღალავი შრომის მიუხედავად“ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. ამიტომ კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას შესაბამისი მილები ტენდერის გარეშე შეისყიდონ.

მილების შესყიდვას და პრობლემის აღმოფხვრას სამი დღე დასჭირდება. შესყიდვების საბჭო კი კომპანიის განაცხადს პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებით, 5 ივნისს განიხილავს.

ჩოლოქის დასახლებაში გამწმენდი ნაგებობა დონორთა სესხითა და გრანტით აშენდა, რისთვისაც 5 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ქალაქ ქობულეთიდან ფეკალური წყლები ამ გამწმენდ ნაგებობაში იტუმბება.

მთავარი ფოტო: გამწმენდი ნაგებობა ჩოლოქის დასახლებაში.

 

შაბათ-კვირის ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, პირველ ივნისს, ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ასეთივე ამინდი შენარჩუნდება ბათუმში შაბათს, 2 ივნისს: სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, ხვალ, ასევე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით, ზოგან – 15-20 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი  
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე

ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. რომელ გამოძიებაზეა საუბარი როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთ მტიცებები აღარ არსებობს. მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები. როგორ ფიქრობთ? ვინმე გადადგავს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭქვეშ დააყენებენ??? მე ვიცი რო განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუგვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ, მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ სანამ ცოცხალი ვარ. მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი,“ – მიმართავს პრემიერს ზაზა სარალიძე.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მაისში უკანონო თევზჭერის 25 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი.

პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს, ხოლო სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.

__________________

მთავარი ფოტო: oceanoutcomes.org

პირადობის მოწმობა არასრულწლოვნებისთვის უფასოდ – აქცია ერთი დღით

18 წლამდე პირები იუსტიციის სახლში დღეს რეგისტრაციის შემთხვევაში პირადობის მოწმობას ათ სამუშაო დღეში უფასოდ მიიღებენ. მსურველებმა განაცხადი დღეს, ექვს საათამდე უნდა შეავსონ იუსტიციის სახლში.

აქცია მხოლოდ ერთი დღით მოქმედებს და ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, უკავშირდება.

 

“გამოდით” – მსვლელობა ბათუმის ქუჩებში და აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს და თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მოთხოვნებს უერთდებიან. ევროპის მოედანზე აქციის დაწყებამდე მსვლელობა გაიმართა ბათუმის ქუჩებში, ისმოდა შეძახილები: “გამოდით!” – ასე აქციის მონაწილეები ბათუმელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ აქციას.

__________________

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

#ნუმომკლავ – სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე [ფოტოამბავი]

დღეს, 31 მაისს, ბათუმში ევროპის მოედანზე საზოგადოების ნაწილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა. სოლიდარობის აქციები დღეს, ბათუმს გარდა, ქუთაისსა დაზუგდიდშიც გაიმართა.

#ნუმომკლავ- სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მოქალაქეებმა ევროპის მოედანზე, გამოძიების პროცესის არაობიექტურობაზე ისაუბრეს და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

#ნუმომკლავ, სოლიდარობის აქცია.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ჩვენ გამოგიყვანთ კაბინეტებიდან, პარლამენტიდან და ნებისმიერი კაბინეტიდან, სადაც ზიხართ თბილად, რადგან არცერთი ახალგაზრდის სისხლი არ შეგრჩებათ“, – აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე
ფოტო: ლელა დუმბაძე
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი აქ დგომით საკუთარი შვილების სიცოცხლეს იცავენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის
#ნუმომკლავ, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს და პროკურატურას მკვლელების დასჯას სთხოვენ
#ნუმომკლავ
ფოტო: ლელა დუმბაძის
#ნუმომკლავ-სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები თავიანთ შვილებთან ერთად იყვნენ
ფოტო: ლელა დუმბაძის

„აღარ განმეორდება გირგვლიანი საქართველოში, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. დაისაჯოს მკვლელი და ისინიც, ვინც ხელს აფარებს მათ“, – აცხადებდნენ აქციაზე გამომსვლელები.

#ნუმომკლავ, სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე
ფოტო: ლელა დუმბაძის

 

#ნუ მომკლავ – როგორ ეხმაურებიან სოლიდარობის აქციას მოქალაქეები ინტერნეტში

დღეს, 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.  სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ერთი პირი ცნო დამნაშავედ, თუმცა ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ერთ-ერთი დაღუპულის მამის, ზაზა სარალიძის ოჯახისა და მხარდამჭერების აქცია მოჰყვა საქართველოს პროკურატურასთან, მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.

გთავაზობთ მოქალაქეების რეაქციებს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობას აფასებენ.

მოქალაქე გიგა მაქარაშვილი დღეს დიდი რაგბის თამაშზე დამსწრეებს მოუწოდებს, თამაშის 41-ე წუთზე, ანუ პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ფეხზე ადგნენ, აანთონ მობილური ტელეფონის სანათები და სოლიდარობის ნიშნად ერთად იყვირონ – სარალიძე.

ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თეატრის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო.

დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო
დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებასა და წინსვლას.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების მხარდაჭერისთვის. ცოტა ხნის წინ გაიხსნა მწერალთა კავშირი, თანამედროვე სარაგბო ბაზა, მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში „რვაფეხას“ სარესტავრაციო სამუშაოები, დაგეგმილია ასევე მწვანე კონცხზე საბაგირო გზის და ზოოპარკის მოწყობა, სულ მალე დასრულდება ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია. ბათუმის თეატრი  გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული კულტურის ცენტრი, სადაც ჩატარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები“.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე თეატრში უკვე დამონტაჟებულია რესტავრირებული ცენტრალური ჭაღი, დასრულებულია ჭერის მხატვრობა და განათების მონტაჟი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ასევე თეატრის მეორე, ექსპერიმენტულ სცენას.

თეატრში მთლიანად შეიცვალა გათბობა – ვენტილაციის სისტემა, ჩატარდა სახანძრო რეზერვუარის აღდგენითი სამუშაოები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის. პროექტის თანახმად, თეატრის პირველ სართულზე განთავსებული იქნება თეატრის მუზეუმი  და ლიტერატურული კაფე. თეატრი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანისთვის საჭირო ტექნიკით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფესტივალების მასპინძლობას.

თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის განცხადებით, 2018 წლის ბოლომდე, ბათუმის დრამატული  თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ორი ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება.

შენი საზაფხულო მარშრუტი – „მაჭახელას თოფის“ გზა  

„მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ მაჭახელას განთქმული თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები.

თუ „თოფის გზა“ და მაჭახელას ხეობა ჯერ არ გინახავთ, ეს ნიშნავს, რომ წინ ერთი ან რამდენიმედღიანი სიამოვნება გელით – ამ კუთხის ისტორიაში მოგზაურობა, სადაც მომავალშიც არაერთხელ მოგინდებათ დაბრუნება.

წარწერა მაჭახელას თოფის მონუმენტზე.
თოფის მონუმენტი   
                                                                                                                           

მარშრუტის დასაწყისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გავლისას გზად მაჭახელას თოფის ქანდაკება გხვდებათ – თოფმა მე-18 საუკუნიდან გაუთქვა სახელი ხეობას. აქ კაჟ-ჩახმახიან თოფებს, დამბაჩებსა და ხმალ-ხანჯლებს ამზადებდნენ. „თოფის გზას“ სწორედ იმ სოფლამდე აჰყავხართ, სადაც ახლაც ცხოვრობენ სახელგანთქმული თოფის ოსტატების შთამომავლები. მართალია, თანამედროვე ეპოქაში კაჟიანი თოფებით აღარავინ იბრძვის, თუმცა ადგილობრივები აქ ჩამოსულ ტურისტებს მაჭახელას ხეობის გასაცნობად, პირველ რიგში, თოფის ისტორიას უყვებიან.

აქვეა VI საუკუნეში აგებული გვარას ციხის ნანგრევები, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ოთხივე მხარეს. ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა და აქ სათვალთვალო კოშკები იყო მოწყობილი. თოფის მონუმენტის შემდეგ ცხემლარას თაღოვან, ქვითკირის ვიწრო ხიდს გაივლით, რომელიც შუასაუკუნეებშია აგებული და სივიწროვის გამო მხოლოდ  ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი.

  ზედა ჩხუტუნეთი – მაჭახელას ხეობის საზღვრისპირა სოფელი

 

სოფელი ზედა ჩხუტუნეთი. მაჭახელას ხეობა

აქ მთავრდება საქართველო და იწყება თურქეთი. „ჩხუტუნეთში გასაყიდ მიწას ვერ ნახავთ, გამორიცხულია, აქ ვინმე უცხო დასახლდეს. ყველა უვლის და უფრთხილდება თავისი წინაპრების კარ-მიდამოს, შეიძლება ზოგი ქალაქში იყოს გადასახლებული, მაგრამ მიწას აქ არავინ გაყიდის,“ – ამბობენ ჩხუტუნეთელები.

 

სოფელში რამდენიმე ჩანჩქერი და სასეირნოდ მოსახერხებელი, მყარგრუნტიანი ბილიკია. თუ აჭარის სხვა სოფლებშიც ყოფილხართ, აღარ გაგიკვირდებათ, რომ სახლების უმრავლესობა აქ ხისაა და  ძველია. არ გაგიკვირდებათ, თუმცა ბევრგან შეჩერდებით, რომ ხის პატარა, დაბრეცილ ფანჯრებს დააკვირდეთ და ნალიებში შეიჭვრიტოთ.

ნალია. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი. მაჭახელას ხეობა

ეს უძველესი ნაგებობები სიმინდისა და ხილის შესანახად გამოიყენება: სიმინდი თაგვისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს, ამიტომაც დგას ნალიები მაღალ ბოძებზე, ნაგებობის კედლების ფარღალალა ფიცრებში კი თავისუფლად გადი-გამოდის ქარი და ადვილად აშრობს სიმინდს. ნალიები აჭარის სოფლებში დღემდე აქვს ყველა ოჯახს, ზოგს ორსართულიანიც: პირველზე სიმინდს აშრობენ, მეორეზე კი, ხილს ინახავენ.

200 წლის ფერადი მეჩეთის მუზეუმი
მეჩეთი, რომელშიც მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული. მაჭახელას ხეობა. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი

მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა და 200 წლის წინ აგებულ ხის სამსართულიან მეჩეთშია განთავსებული.

აქ მოსული სტუმარი მაჭახლელების საუკუნეების წინანდელ ყოფას ნახავს. საოჯახო ნივთები, ქალის სამზითვო სკივრები, თოფ მაჭახელას უკანასკნელი ოსტატის ხელსაწყოები და დაზგა – ყველა ექსპონატი ადგილობრივების ოჯახებიდანაა შეგროვილი და ხეობის ნამდვილ ისტორიას გიცოცხლებთ.

მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი

მუზეუმი – მეჩეთის ნაგებობას მაღალმხატვრული ღირებულება აქვს: როგორც მუზეუმის დირექტორი, მალხაზ ნაგერვაძე გვეუბნება, ორასი წლის მეჩეთის მოხატულობა რესტავრირებას დღემდე არ საჭიროებს, ფერადი ორნამენტები მზის შუქზე ახლაც ისე ხასხასებს, თითქოს ლაზმა ოსტატებმა ეს-ესაა მოხატეს.

კედლის დეკორი მეჩეთიდან, რომელშიც მაჭახელას ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი
მაჭახელას თოფის ისტორია

ნოე ნაგერვაძე თოფ მაჭახელას ოსტატების შთამომავალია. როგორც გვეუბნება, თოფის ოსტატები ქავთარაძეები, ძნელაძეები და კახიძეებიც იყვნენ.

„მაჭახელამ” პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა კაჟიანი საკეტის მქონე თოფი. გამოიგონეს თოფის კაჟის ქვა, რომელიც ჩამოჰკრავდა ფოლადის ფირფიტას, ისვრიდა ნაპერწკალს, ეცემოდა დენთს და თოფი ვარდებოდა. როგორც არ უნდა გაგეტენა, მაჭახელას თოფის ლულა არ გასკდებოდა და სამიზნემდეც შორს მიდიოდა, ამიტომ ჰქონდა „მაჭახელას“ უპირატესობა სხვა თოფებთან შედარებით. უფრო მეტს კი ნოე ნაგერვაძე გვიამბობს.

საოჯახო სასტუმროები მაჭახელას ხეობაში

საოჯახო სასტუმროების უპირატესობა, როგორც მაჭახელას ხეობაში, ისე სხვაგან ის არის, რომ შეგიძლია ოჯახების ნამდვილი ყოფა ნახო, დააკვირდე როგორ მიერეკებიან ძროხებს დილით საძოვარზე, სანამ შენს საუზმეს გაამზადებენ, შეიძლება იმავე ბოსტანთან ახლოს გაგიშალონ სუფრა, საიდანაც ეს-ესაა დაკრიფეს პიტნა და ნადუღს შეურიეს.

თუმცა საოჯახო სასტუმრო „ზურა“ სტუმრებს არამხოლოდ გემრიელი კერძებით უმასპინძლდება, როცა ტურისტების ჯგუფები ჰყავს, სასტუმროს მეპატრონე მალხაზ ნაგერვაძე, შვილებსა და ნათესავ-მეზობლების ბავშვებს ეძახის, ეზოში საცეკვაო მოედანს აწყობს და უცხოელ ტურისტებს ქართული ცეკვებით ახალისებს, ბავშვები ცეკვავენ თავადაც და აცეკვებენ სხვებსაც.

სასტუმრო „ნოეში“ კი მწვანე ლობიოს, ბორანოს, სინორისა და სხვა ტრადიციული კერძების დაგემოვნების გარდა ულამაზესი ხედებით ტკბობა შეგიძლიათ. ოჯახის ვერანდიდან აქ მაჭახელას მთელი ხეობა მოჩანს: თუ დილით ადრე გაიღვიძებთ, ნახავთ, როგორ იფანტება ხეობაში ნისლი ნელ-ნელა და მკვეთრდება საკვამურიანი სახლების, მოვლილი, კოპწია ბაღჩა-ბოსტნების კონტურები.

ნისლიანი დილა მაჭახელას ხეობაში
ფეხით მთაში

თუ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ხელუხლებელ ტყეებში გსურთ მოგზაურობა, მაჭახელას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ სასურველი ბილიკი აირჩიოთ: წაბლის, წიფლისა და რცხილის ხეები ჯგუფ-ჯგუფად მთავარანგელოზის მთის ბილიკზე თქვენი მთავარი მეგზურები იქნებიან. თუმცა გარდა ამ ბილიკისა, მაჭახელას ნაკრძალში ქოქოლეთის ან ტყუპი ჩანჩქერის ბილიკიც შეგიძლიათ დალაშქროთ. მთავარანგელოზის რვაკილომეტრიანი ბილიკი მთავარანგელოზის მთით მთავრდება.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაჭახელას თოფის გზით დაინტერესებული ტურისტებისთვის

[checklist]

  • მაჭახელაში სამარშრუტი ტაქსი დადის, რომლის ღირებულებაც 2 ლარია.ქვედა ჩხუტუნეთი-ბათუმი 07:00   ბათუმი – ქვედა ჩხუტუნეთი – 16:00ზედა ჩხუტუნეთი-ბათუმი 09:00  ბათუმი-ზედა ჩხუტუნეთი – 12:30
  • ტაქსი: 90 -100 ლარი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს ნომრებზე: +995 577 90 90 91   +995 577 90 90 93
  • ან მიმართეთ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციაც შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: gobatumi.com

[/checklist]

 

 

 

ბათუმში დაიწყო სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, დაიწყო სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ. აქცია დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისში მოკლული დათუნა სარალიძის მამისთვის ცნობილი გახდა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება და თბილისში დაიწყო სპონტანური აქცია.

ზაზა სარალიძემ დღეს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ, რათა მკვლელობის მონაწილეები და მათი მფარველები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ბათუმში, ევროპის მოედანზე, შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ სარალიძის საქმე თანდათან ემსგავსება გირგვლიანის საქმეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

რა იგეგმება ქობულეთში ბავშვთა დაცვის დღეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქობულეთში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიება 12:00 საათზე ცენტრალურ პარკში დაიწყება –  საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეები მხიარულ სტარტებს მოაწყობენ.

14:00 საათზე  ზღაპრის გმირების მონაწილეობით საბავშვო შემეცნებითი და სახალისო წარმოდგენა გაიმართება. მოეწყობა საპნის ბუშტების შოუ, ფერადი ცარცებით მოხატავენ ასფალტის საფარს ცენტრალურ პარკში.

18:00 საათზე  ცენტრალური პარკის ამფითეატრის ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით.

გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში მოეწყობა საერო სკოლა „ფარნავაზის“ მე-7 კლასის მოსწავლის, სერგო მახარაძის ნახატების პერსონალური გამოფენა.

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს

გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

არსებული კონცეფციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციის მიუხედავად, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი 3 მილიარდ დოლარს აღწევს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტში 250 ათასი ლარი გამოყო ყოფილი პოლიგონის გეოლოგიური კვლევისთვის. სამინისტრო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტერიტორიის „საინვესტიციო პოტენციალის“ დადგენას ახლა აპირებს. მეტიც, ეს კვლევა ამ დრომდე არც დაუწყია.

„კონცეფციას რაც შეეხება, ერთი პერიოდი აქტუალური იყო, ამ ბოლო პერიოდში კი აღარ, თუმცა ინვესტორზეა დამოკიდებული, თუ მოსწონს ეს კონცეფცია, მას შეუძლია გამოიყენოს… ეს იყო იმ კომპანიის ხედვა, რომელმაც კონცეფცია შეადგინა, თორემ რაიმე კონკრეტული მაგ კონცეფციით არ გაკეთებულა, მაგით არ ვმუშაობთ. ეს არის საჩვენებლად, თუ ვინმეს მოეწონება, დავუშვათ, შემდეგ დაიწყება მუშაობა, თორემ მაგ კონცეფციის მიხედვით ვინმეს რაიმე პროექტი ჩვენთვის ჯერ არ შემოუთავაზებია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ჭეიშვილმა.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიით ინვესტორები დაინტერესებულები არიან, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ასახელებენ.

„დაინტერესება არის, მაგრამ ისეთი, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტი იდგეს, ასეთი არა. თავად ადგილია ისეთი, ყველა მხრიდან არიან დაინტერესებულები – ჩეხური კომპანია იყო, ჩინური, საუდის არაბეთიდანაც, ადგილობრივიც ბევრი იყო, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არა. უბრალოდ, შეიძლება მოვიდნენ, გავისაუბროთ… ისეთი წინადადება კი, ჩვენ რომ განვიხილავდეთ და მხედველობაში გვქონდეს, არ არის წარმოდგენილი“, – ამბობს ვახტანგ ჭეიშვილი.

სთავაზობს თუ არა რაიმე ფასს ინვესტორებს სამინისტრო? – ვახტანგ ჭეიშვილის თქმით, „ჯერ გააჩნია შემოთავაზებას, რა მოთხოვნაც ექნებათ კონკრეტული, ვნახავთ და შევაფასებთ. მაგის პრობლემა არ არის. თავისუფალი მიწის ნაკვეთია და აუცილებლად მოხდება მისი პრივატიზება“.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია მთლიანობაში, ერთიანად განვითარდება თუ ნაწილ-ნაწილ, აჭარის სამინისტროში ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან. „გონოის განვითარების კონცეფცია“ კი მთლიანობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს – 300 ჰექტარზე მეტს, გონიოს ზღვისპირა ზოლის ჩათვლით.

საქართველოს და აჭარის მთავრობა კი ინვესტორებს ამ კონცეფციის გარდა ოფიციალურად არაფერს სთავაზობს.

„ბათუმში მხოლოდ გმირთა ხეივანი იყო, სადაც ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ანუ შევთავაზეთ ინვესტორებს ნაკვეთები – სამინისტრომ შექმნა განვითარების კონცეფცია, გაწერა ვალდებულებები და პირობები. ყოფილ პოლიგონთან დაკავშირებით კი, ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია ინვესტორის შემოთავაზებაზე,  ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა, მაგრამ ინვესტორის ხედვასაც ვითვალისწინებთ“, – ამბობს ვახტანგ ჭეიშვილი.

განიხილავენ თუ არა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე?  – ამ კითხვით „ბათუმელები“ საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებს დაუკავშირდა.

„ჩვენ არანაირი შეხება მაგ კონკრეტულ ლოკაციასთან არ გვაქვს“, – გვითხრეს საპარტნიორო ფონდში, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია.

რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით 5 წლის წინ შეიქმნა და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „რაიმე პროექტი, რაც გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას უკავშირდება, ფონდში არ ფიქსირდება. ჩვენი მხრიდან არავინ არის ჩართული ამ მიმართულებით“.

ამავე თემაზე:

„ყოფილი პოლიგონის განვითარება და საინვესტიციოდ მისი ეფექტური ათვისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა 2018 წლისთვის დამტკიცებულ „საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების პროგრამაში“ გონიო და ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარება არ შედის. ამ პროგრამაში გონიოსთან მიმართებაში, მხოლოდ გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაა გათვალისწინებული:

სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის საკურორტო ადგილების დეტალურ დაგეგმარებას იწყებს

„გონიოს განვითარების კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებაში, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია „ქოლიერსი“. დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ, გონიოს ხიდის მშენებლობა. ტერიტორიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული ტერიტორიის განვითარება“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიმდინარე წლის იანვარში:

ახალი ხიდი ჭოროხზე – „გონიოს პოლიგონით“ დაინტერესებულ პირებს მთავრობა არ ასახელებს

გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

ქვეყნის ხელისუფლება ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს:

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

 

ბიუჯეტი გენდერული თანასწორობისთვის პირველად ქედის თვითმმართველობაში

ქედის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ,,გენდერული თანასწორობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“ დააფინანსა.

,,ტოლერანტობის დღე“, ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“, საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას“, ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“, ,,ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულს“, ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება, ,,გენდერის საათი“ და ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებში“ – სულ 9 პროგრამის ბიუჯეტი 5 300 ლარს შეადგენს.

ვორქშოფი „ჩვენ პატივს ვცემ განსხვავებულს“
ვორქშოფი „ჩვენ პატივს ვცემ განსხვავებულს“

პროგრამის ფარგლებში დღეს მეორე  ღონისძიება გაიმართა. შემეცნებითი სამუშაო ვორქშოფი „ჩვენ პატივს ვცემ განსხვავებულს“ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელთათვის მოეწყო, რომელსაც ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი, მალმოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული – მამუკა საფარიძე გაუძღვა. მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იქნა აქტივობები, რომელიც  მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების დონის ამაღლებას, ტოლერანტობის უნარის გაღვივებასა და  მრავალფეროვნების დაფასებას.

ვორქშოფი „ჩვენ პატივს ვცემ განსხვავებულს“
ვორქშოფი „ჩვენ პატივს ვცემ განსხვავებულს“

მონაწილეებმა შექმნეს წარმოსახვითი პერსონები, განსაზღვრეს მანიპულაციისა და პროპაგანდის სახეები, ჯგუფური ინტერაქციული სამუშაოების მეშვეობით შეაფასეს ანტიდისკრიმინაცული პოლიტიკის მნიშვნელობა და ა.შ.

სამუშაო შეხვედრაზე ტრენერის ორგანიზებით ახალგაზრდებმა გამოყენეს ელექტრონული აპლიკაციები, რაც ხელს უწყობს მონაწილეთა პროცესში აქტიურ ჩართულობასა და მასალის იოლად აღქმას. ციფრული და ელექტრონული რესურსის გამოყენება განსხვავებული სტრუქტურისა და შინაარსის მქონე აქტივობების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ასეთი აქტივობები ეხმარება ახალგაზრდებს გამოიმუშაონ კოოპერაციისა და თანამშრომლობის უნარები, პატივი სცენ მათგან განსხვავებულ ადამიანებსა და შეძლონ თანასწორობაზე და თანაბარ უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა.

ღონისძიების ფასილიტაციას ქედის ,,ქალთა ოთახის“ მენეჯერი თეა შარაშიძე უწევდა.

წელს აჭარაში 21 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2018 წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გამტარიანობის გაზდისთვის მნიშვნელოვანია ხელოვნური ნაგებობების და მათ შორის, ხიდების მშენებლობა-რეაბილიტირება.

წელს აჭარაში თვრამეტი ახალი და სამი არსებული ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია და დარჩენილიც გეგმის მიხედვით განხორციელდება.

ხიდი კლდისუბანსა და ბესელაშვილებში
დასრულებული ხიდი კლდისუბანსა და ბესელაშვილებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათი-ტყემაკარავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის სიგრძე 18 მეტრია, ხოლო სიგანე – 4 მეტრი.

პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და მოადგილემ, რაულ ბერიძემ, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან სულხან ღლონტთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მირზა ცეცხლაძესთან ერთად.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 241 500 ლარს შეადგენდა.

ჭახათი-ტყემაკარავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობა დასრულდა
ჭახათი-ტყემაკარავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი აშენებული ლითონის ხიდი

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ახალი ხიდის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე, პროექტი მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – თაღოვანი ხიდის გადარჩენას და მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის გამოყენებას შეუწყობს ხელს.

სამშენებლო სამუშაოები სახელშეკრულებო ვადაზე ადრე დასრულდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხანა-ჩელტას საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც 2,5 კმ-ზე მეტი ახალი ასფალტობეტონის გზა დაიგო და მოცემული პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდი.

ქარხანა-ჩელტას საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც 2,5 კმ-ზე მეტი ახალი ასფალტობეტონის გზა დაიგო და მოცემული პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდი.
ახალი ხიდი ქარხანა-ჩელტას საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ახალი ხიდის მშენებლობა სოფლებში – კლდისუბანსა და ბესელაშვილებში. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და  სამუშაოებზე 390 000-მდე ლარი დაიხარჯა.

სულ დაგეგმილია თვრამეტი ახალი ხიდის აშენება და სამი არსებულის ხიდის  რეაბილიტაცია. ჯამში გამოყოფილია 1 770 472 ლარი.

გახდი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნახატების პერსონაჟი – პერფორმანსი #მეცაქვარ

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის ცენტრალურ პარკში [უამნიდობის შემთხვევაში კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში] მზრუნველობამოკლებული და სოციალური პრობლემების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა-პერფორმანსს გამართავს. გამოფენაზე გამოტანილი იქნება ბათუმის საოჯახო ტიპის რამდენიმე სახლის ბავშვების ნახატები შექმნილი თემაზე,  მათი საოცნებო ან/და ახლანდელი გარემო.
პერფორმანსის ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნახატები ნაჩვენები იქნება პროექტორის საშუალებით დიდ ეკრანზე და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გახდეს ეკრანზე გაშუქებული ნახატის პერსონაჟი. პერფორმანსის სლოგანია #მეცაქვარ.
გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

აქტივობა ხორციელდება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ზვიად ელიზიანი: აუცილებელია ბალანსის დაცვა, ბულვარი ბაზრობას რომ არ დაემსგავსოს

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზოლში, მოჭარბებულად ჩნდება კვების ობიექტები – რესტორნები, კაფეები. სანაპირო ზოლი გადატვირთულია მაღაზიებითაც. როგორი უნდა იყოს ბულვარის იერ-სახე, რა არის მიღებული და რა მიუღებელი რეკრეაციულ ზონაში და რა დოზით შეიძლება ეთნოგრაფიული ელემენტების გამოყენება ტურისტულ ზონაში? – თემაზე ტურიზმის სპეციალისტს, ზვიად ელიზიანს ვკითხეთ.

ზვიად, ბოლო პერიოდში სულ ცდილობენ, რომ ბათუმის ბულვარში კვების ობიექტები გახსნან ნაციონალური ელემენტებით. გამოჩნდა ქვევრები, თონე და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ეს?

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალური ელემენტები იქნება თუ ევროპული გადამეტებით. მთავარი ის არის, რომ ბულვარს გააჩნია თავისი სპეციფიკა და დანიშნულება, რომელიც  გულისხმობს იმასაც, რომ ეს სივრცე არ უნდა გადაიტვირთოს კაფეებით, ბარებით  და რაღაც მასშტაბური კონსტრუქციებით.

მსუბუქი კონსტრუქციის კაფეები გარკვეული დოზით დასაშვებია, მაგრამ ბოლო წლების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ ან დღეს რა პროცესებიცაა, აჩვენებს, რომ ბულვარი არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ბულვარის სხვადასხვა ტიპის ობიექტით გადატვირთვის პროცესი დღეს არ დაწყებულა, 7-8 წელია უკვე ეს ტენდენცია შეიმჩნევა. პირსის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც რესტორნებია განთავსებული, ასევე მაღაზიები, „შავი მარგალიტი“ თუ რაღაც საშინელი რესტორანი, რომელიც ალიკა ინწკირველმა ააშენა, ეგეც ერთ-ერთი ცუდი ჩარევა იყო ბულვარში. შემდეგ კი ეს ტენდენცია გაგრძელდა.

რა დოზით შეიძლება კვების ობიექტების განთავსება რეკრეაციულ ზონაში, როგორია ზოგადი სტანდარტი?

როცა ამ თემაზე საუბრობ, თვითმმართველი ორგანოების არგუმენტი არის ის, რომ მათ მოსვლამდე იყო ეს ობიექტები შეცდომით ან არასწორი სტრატეგიით გადაცემული მოიჯარეებზე. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი გამოსავალი მაინც ის არის, რომ ბულვარის შემთხვევაშიც უნდა გვქონდეს იგივე მიდგომა, რაც გვაქვს ძველ ბათუმთან მიმართებაში. უნდა გააჩერო იქ მშენებლობის პროცესი, არ უნდა გაგრძელდეს დიდი კონსტრუქციების მშენებლობა და დადგინდეს გარკვეული ჩარჩო, მონახაზი, წესები, გავარკვიოთ რა სტრატეგია აქვს ბულვარს და ამის შემდეგ ვიფიქროთ ნებართვებზე.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბულვარი ვერ კარნახობს მოიჯარეებს სტანდარტებს, როგორი უნდა იყოს კაფე, მის ირგვლივ არსებული გარემო და ამ ყველაფერს მოიჯარეები თავიანთი გემოვნებით წყვეტენ.

პრობლემა ეგ არის, რომ განვითარების კონცეფცია არ ჩანს. კონცეფცია თავისთავად მოიცავს განვითარების გზებსაც. პირველი ეტაპი ამ პრობლემის მოგვარების არის კონცეფციის შემუშავება, სტანდარტის შექმნა, გარკვეული მონახაზი მაინც ხომ უნდა გვქონდეს, რა ტიპის, რა დიზაინის მშენებლობები არის დაშვებული ბულვარში. დღეს ამ ყველაფერს აქვს ქაოტური ხასიათი.

ცალკე აღებული, კონკრეტული კაფე ან სხვა რაიმე ობიექტი, განყენებულად რომ ავიღოთ, შესაძლებელია საინტერესო კონცეფცია იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ შეესაბამებოდეს იმ კონკრეტულ ადგილსა და გარემოს. დღეს არსებულ ტენდენციებს კი პოზიტიურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ტრადიციების და ფოლკლორის პოპულარიზაცია როგორ უნდა ხდებოდეს ბულვარის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში, ზოგადად? როგორია ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით?  

ახლა აპირებენ ძველი ფოტოატელიეს ადგილზე რაღაც კვების ობიექტების გაკეთებას, რაც ასევე ერთ-ერთი საფრთხეა. ერთი შეხედვით, შეიძლება წარმოდგენილი კონცეფცია არ არღვევდეს რაღაც ფორმატს, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო მასშტაბურ კონსტრუქციებში.

სწორედ ამიტომ საჭიროა ჯერ შეიქმნას ბულვარის განვითარების კონცეფცია, სტანდარტები და შემდეგ დაიწყოს ესა თუ ის მშენებლობა.

ტურისტული კუთხითაც თუ შევხედავთ, შეიძლება ტურისტს აინტერესებდეს ტრადიციული სამზარეულო, ეთნოთემატიკა, მაგრამ ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილები. ჯობია ამისთვის ტურისტი ავთენტურ გარემოში მივიდეს, ვთქვათ, იგივე მთიან რეგიონში, რაც ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და არა ის, რომ ეს ყველაფერი ჩამოვიტანოთ და დავახვედროთ ტურისტს ზღვაზე. ლოგიკურადაც, როცა ტურისტი ზღვაზე მოდის, მას ცურვა, პლაჟი აინტერესებს და პლაჟს რაც სჭირდება, სამწუხაროდ, ის ნაკლებად არის ბათუმში მოწესრიგებული.

უფრო მეტად უნდა იყოს პლაჟი დასუფთავებული, საშხაპეებიც უფრო მეტი და კარგი ფორმატის უნდა გაკეთდეს. შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც კეთდება ხოლმე ნორმალურად განვითარებულ ზღვისპირა ქალაქში. ბულვარი უნდა შეინარჩუნო იმ ფორმით, რისთვისაც იქ მიდის ადამიანი.

ითქვა, რომ შესაძლოა ბათუმის ცენტრალურ პარკშიც ზოოპარკის გადატანის შემდეგ გამოჩნდეს კაფეები და რესტორნები. ამაზე რას ფიქრობთ?

ბუნებრივია, ყველა ქალაქს აქვს თავისი ინდივიდუალური სტილი და ხედვა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვისაუბროთ კარგ მაგალითებზე. მსუბუქი კონსტრუქციები, ღია საზაფხულო კაფეები კარგია და მისაღებია, მაგრამ პლაჟზე მაინც და მაინც ხინკალი, ხაჭაპური და მწვადი არ არის აუცილებელი. აუცილებელია ბალანსის დაცვა,  ბულვარი ბაზრობას რომ არ დაემსგავსოს. ბულვარში დასვენებისთვის მიდიხარ და იქ არც მუსიკა და არც სხვა გარემო არ უნდა იყოს ისეთი, რაც შეგაწუხებს და დისკომფორტს შეგიქმნის.

 

 

Exit mobile version