მთავარი,სიახლეები

რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

01.06.2018 • 2214
რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში გუშინ, 31 მაისს მიიღეს. როგორ მუშაობს საპარლამენტო კომისია და რისი უფლება აქვს მას? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ყოფილ პარლამენტარს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა.

იურისტის თქმით, კომისიამ უნდა გამოავლინოს „დამნაშავე საჯარო მოხელეები, დამნაშავეები პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში. ერთი სიტყვით, ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეები, ვინც ხელს უშლიდა გამოძიების ობიექტურად წარმართვას“.

თამარ კორძაიას აზრით, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი იყოს გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს დაკარგავს:

„ყველა პირი, ვისაც საგამოძიებო კომისია დაიბარებს, უნდა გამოცხადდეს გამოკითხვაზე და ეს პროცესი უნდა იყოს ღია.

გვესმის, რომ საკითხი დელიკატურია და არასრულწლოვნებს ეხება, მაგრამ საპარლამენტო კომისიის მანდატიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, კითხვები მიმართულია არა არასრულწლოვნების, არამედ სახელისუფლებო ადამიანების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტების გაყალბებაში და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. მათკენ, ვინც ხელშეშლის ფაქტებს ახორციელებდა გამოძიების პროცესში.

ამიტომ აქ უკვე სხდომის დახურვის, რაღაც დამატებითი მოტივების მოყვანის საფუძველი არ ექნებათ… კომისიამ ყველა ობიექტურ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რა კითხვაც გაჩნდება პროცესის ფარგლებში საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა“.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისია მოითხოვს საქმეში თუ მის მიღმა არსებულ ნებისმიერ დოკუმენტს, დაიბარებს ნებისმიერ პირს, ვინც საქმესთან არის დაკავშირებული, დასვამს ნებისმიერ კითხვას [კითხვებზე პასუხის გაცემა, ისე როგორც დოკუმენტაციის მიწოდება, სავალდებულოა], მასალებს ისევ აგზავნის პროკურატურაში და იწყება ხელახალი გამოძიება. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.

თამარ კორძაია. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

აქ მნიშვნელოვანია საპარლამენტო კომისიის დაკომპლექტების წესიც, თუმცა გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიცია იქნება უფრო მეტი, ვიდრე სახელისუფლო პარტიის წევრები. კორძაიას თქმით, „რადგან პარლამენტის რეგლამენტი მკაფიოდ და ნათლად ადგენს საგამოძიებო კომისიის შექმნის წესს, ამას აუცილებლად დასჭირდება სამართლებრივი გაფორმება“.

„სამართლებრივი გაფორმების“ შემთხვევაშიც კი, კორძაიასთვის საპარლამენტო ოპოზიციის შესაძლებლობები ბუნდოვანია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ვიცი, უარი თქვა კომისიის შექმნასა და მონაწილეობაზე, ამიტომ რჩება მხოლოდ ევროპული საქართველო და „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ოპოზიციად არც შეიძლება განვიხილოთ“.

აქედან გამომდინარე, თამარ კორძაია ამბობს, რომ საპარლამენტო კომისიის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. „მაგრამ არც ის მინდა, რომ ყველაფერს გადავუსვა ხაზი, ყველა შესაძლებლობა მოვსპო მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტია ვარ… ეს არის შანსი ხელისუფლებისთვის, რომ დაიბრუნოს ხალხის ნდობა, თუმცა როგორ გამოიყენებ ამ შანს, ეს პარლამენტარებზეა დამოკიდებული“.

თამარ კორძაიას აზრით, კომისიის შექმნა თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუ ის შედეგს არ დადებს: „კომისიის მიზანი არ არის კონკრეტული დანაშაულის გამოძიება, არამედ იმ ფაქტების გამოკვლევა, თუ რა ახდენდა გამოძიებაზე ზეგავლენას… შედეგს ვერ დადებს, თუ ის ღიად და გამჭვირვალედ არ იმუშავებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: