შსს: 4 წლის უზბეკი გოგოს ცხედარი ბათუმში დაკრძალეს

4 წლის ბავშვის ცხედარი ბათუმში დაკრძალეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

4 წლის გოგო ბათუმში 13 ივნისს ღამით მოკლეს. ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი რამდენიმე დღის წინ გაიტანეს ბათუმის პროზექტურიდან. „დედის ახლობელმა დაკრძალა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ცხედარი ბათუმში დაკრძალეს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში, სადაც ვერ დაგვიკონკრეტეს,  რომელ სასაფლაოზე დაკრძალეს 4 წლის გოგოს ცხედარი.

ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელის, ავთანდილ ბურკაძის თქმით, ბავშვის ცხედარი მათ არ დაუკრძალავთ. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მიუსაფარი პირების სპეციალურ სასაფლაოზე დაკრძალვას. „ალბათ ის რომელიმე კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს, მაგალითად, გონიოს ან ადლიის სასაფლაოზე. ეს კერძო საფლავებია და ჩვენს ორგანიზაციას არ ეკუთვნის,“ – გვითხრა ავთანდილ ბურკაძემ.

გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა თურქეთში აპირებდა გადასვლას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას. 4 წლის გოგოსთვის კი ბრალდებულს უნდა მოევლო, რომელიც დედის მეგობარი იყო. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთის მხრიდან ბავშვის დედას დეპორტი გაუკეთეს – ის უზბეკეთში იძულებით დააბრუნეს. საკითხის გარკვევამდე კი, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება ბრალდებულმა აიღო.

ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული  წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მას აღიარებითი ჩვენება გამოძიებისთვის ჯერ არ მიუცია.წინასასამართლო პროცესი ამ საქმეზე ხვალ, 7 აგვისტოს გაიმართება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკვლელობაში ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ელის.

მთავრობამ საფრთხის შემცველი, მძიმე და მავნე სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცდა. შესაბამისი დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა.

ასეთი სამუშაოების ჩამონათვალის განსაზღვრას საქართველოს მთავრობას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ავალდებულებდა. ეს კანონი კი, ზოგიერთი მუხლის გამოკლებით, ძალაში 2018 წლის 7 ივლისს შევიდა.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

კანონის მუხლი, რომლითაც დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. 2019 წლიდან ამოქმედდება ასევე კანონის ის მუხლი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ორგანიზებას და მართვას შეეხება.

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: ღამით 20-25, დღისით 25-30 გრადუსი სითბო.

აჭარის მთიან რაიონებში ღამით 10-15, დღისით 22-27 გრადუსი სითბო.

ზღვის სანაპიროზე იქროლებს დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ, უმეტესად უნალექოდ. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ.[2-3 ბალი] ზღვის წყლის ტემპერატურა: +28 გრადუსი.

8 და 9 აგვისტოს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა.

დააკავშირე დიალექტური სიტყვები საქართველოს კუთხეებთან

გამოიცანი რას ნიშნავს ტესტში მოცემული დიალექტური სიტყვები და დააკავშირე ისინი საქართველოს კუთხეებთან.

იყიდება მიწის ნაკვეთი სოფელ თხილნარში ზღვისა და ჭოროხის შესართავის ხედით

სასწრაფოდ!

სოფელ თხილნარში, გონიოს ხიდიდან ავტომანქანით 8 წუთის სავალ გზაზე იყიდებ 3400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე გაშენებულია თხილის, მანდარინის და ლიმონის ბაღი. ნაკვეთამდე მისულია ბუნებრივი აირი და წყალი.

ნაკვეთი გადაჰყურებს ზღვას და მდინარე ჭოროხის შესართავს.

დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 579 22 36 33

ხედი მიწის ნაკვეთიდან შავ ზღვასა და ჭოროხის შესართავზე

 

სახალხო დღესასწაული „შუამთობა -2018“

5 აგვისტოს მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა.

სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიულოცეს. აჭარის მთის უძველეს სახალხო დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძე: „შუამთობა“ წინაპრების პატივისცემის გამოხატულებაა

„მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები სრულიად აჭარას.

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული  – „შუამთობა“, რომელიც არის ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ბებიების და ბაბუების პატივისცემის კიდევ ერთი გამოხატულება. მე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ბავშვებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ დიდი ხანი ელოდნენ ამ დღესასწაულს. ასევე მინდა მივულოცო ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასე რუდუნებით შემოგვინახეს ეს დღესასწაული“ – აღნიშნა მილოცვისას თორნიკე რიჟვაძემ.

შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა
შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა

მთავრობის თავმჯდომარემ შუამთობაზე მყოფ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მთაში არსებული პრობლემები სწრაფი ტემპებით გადაიჭრება. „ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. მინდა დაგპირდეთ, რომ კურორტი ბეშუმი და ყველა  ჩვენი ტურისტული მდებარეობა გადაიქცევა ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ დანიშნულებად“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„დღევანდელი დღე არის ზეიმი სიყვარულის და ერთიანი სულისკვეთების. დღევანდელი დღე არის ზეიმი მთისა და ბარის ერთობლიობის. ჩვენთვის მთის განვითარებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ, რომ ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი ხორციელდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მთიანი აჭარა ვაქციოთ 4 სეზონიან კურორტად.  მალე დაიწყება ხულო-ზარზმის პროექტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლამაზი მთიანი აჭარის განვითარებისთვის, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია განვახორციელოთ ბევრი ისეთი პროექტი, რაც მთიან აჭარას აქცევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა
შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა

ღონისძიება „შუამთობის“ კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი ანსამბლები, მათ შორის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“ მონაწილეობდა. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა.

შუამთობის დღესასწაულზე ჩატარდა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. გაიმართა ასევე შეჯიბრი მკლავჭიდში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

 

შუახევი-ხულოს [გოდერძი] გაზსადენის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია

შუახევი[ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის[ზანკები] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გაზპროექტი 2009“-სთან 295 ათას ლარზე გააფორმა.

დოკუმენტების მიხედვით ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი კობა ლომიძეა.

„მუშაობა პროექტირებაზე დაწყებული გვაქვს და გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ. ამ დროისთვის ვაზუსტებთ იმ კოორდინატებს, სადაც მილსადენმა უნდა გაიაროს. ეს სამუშაო შუახევიდან დაბა ხულომდე მონაკვეთში უკვე შესრულებულია“- გვითხრა სატელეფონო საუბარში კობა ლომიძემ.

ხელშეკრულებით, რომელიც მიმდინარე წლის 17 ივლისს დაიდო, სამუშაოების პირველი ეტაპი – წინასაპროექტო კვლევა, რომელიც მოიცავს დასახლებათა გაზიფიცირების არეალისა და საორიენტაციო აბონენტების რაოდენობის განსაზღვრას – 2018 წლის 25 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

„პირველ ეტაპზე გამოკვლეულ უნდა იქნას ბუნებრივი აირის მომხმარებელი საწარმოების რაოდენობა, პერსპექტიული განვითარების ჩათვლით. დადგინდეს მილსადენის საპროექტო სიმძლავრეები, კატეგორიები და სამშენებლო ობიექტის კლასები. გაზსადენის სირთულიდან გამომდინარე აუცილებლად ჩატარდეს დეტალური ჰიდრავლიკური გაანგარიშება, მომზადდეს სიტუაციური ნახაზი ე.წ გენერალური გეგმა; გაზსადენის კონტურის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფო და კერძო ინტერესები, კონტურში მოქცეული ტერიტორიების გეოლოგიური მდგრადობის საკითხები… საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად,“ – აღნიშნულია სატენდერო პირობაში.

ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო დოკუმენტის პროექტირების მეორე ეტაპზე უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, მესამე ეტაპზე კი – სამშენებლო დოკუმენტის პროექტი დამუშავდეს.

პროექტი მზად უნდა იყოს 2018 წლის 16 დეკემბრამდე.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც ხიჭაური-გოდერძის მილსადენს შეუერთდება. თავის მხრივ, გოდერძი-ხიჭაურის გაზსადენი დაერთდება ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენზე, რითაც აჭარას ბუნებრივი აირის მოწოდების ორი კერა ექნება – ქობულეთისა და გოდერძის მხრიდან.

აჭარის გაზიფიკაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ბათუმიდან ხიჭაურამდე უკვე შენდება გაზსადენი, რომელიც ნაცვლად 2019 წლისა, მიმდინარე წლის აგვისტოში, ან ნოემბერში უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების [სოფლების] დაქსელვაზე კი აჭარის მთავრობას არც პროექტი აქვს და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა, თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

შსს: თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი და კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი – 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს დაბადებული კ.თ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შედგინა“ – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორი მიკროავტობუსები იმოძრავებენ ბათუმში – კომისია შეფასებას 10 აგვისტოდან დაიწყებს 

ბათუმის მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისია იმ მიკროავტობუსების ტექნიკურ შემოწმებას, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ, 10 აგვისტოდან დაიწყებს.

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება დასრულებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს  შესაბამისი ნებართვები აქვთ და მათი მიკროავტობუსები დღემდე მოძრაობენ ქალაქში.

ახალი კრიტერიუმები, რასაც ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები უნდა აკმაყოფილებდნენ, ბათუმის საკრებულომ  დაამტკიცა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან შევიდა ძალაში.

როგორც მერიაში განმარტავენ, ახალ კრიტერიუმებს კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელთა მიკროავტობუსები უნდა აკმაყოფილებდეს. ნებართვის მოპოვება კი სწორედ საკონკურსო შეფასებაზე იქნება დამოკიდებული – ვისი მიკროავტობუსებიც უფრო მეტად დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, მეტ ქულასაც ის მიიღებს.

ნებართვის მაძიებელთა მიერ საკონკურსო კომისიაში წარდგენილი მიკროავტობუსების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება ბათუმში, გოგოლის ქ. N1-ში [„მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორია], 2018 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ კონკურსში წარდგენილი მიკროავტობუსები და შესაბამისი ქულები:

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სანებართვო მოსაკრებელი ერთ სამარშრუტო ხაზზე, თვეში 5 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ერთ სამარშრუტო ხაზზე გაიცემა ერთი ნებართვა.

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზეა გამოცხადებული, რომლებზეც მოძრაობის ახალი სქემები და ინტერვალები საკრებულომ დაამტკიცა.

ეს სამარშრუტო ხაზებია: № 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.

კონკურსის შემდეგ ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.

ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის ახალი სქემები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბათუმში ოფისი გაქურდეს

ბათუმში, ქალაქის ცენტრში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ოფისი გაქურდეს. უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომელს დღეს, 5 აგვისტოს, დილით, სააგენტოს ოფისი გაქურდული დახვდა. „სავარაუდოდ კარის საკეტია დაზიანებული და წაღებულია კომპიუტერი,“ – გვითხრა მან.

ადგილზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ოფისი გაქურდეს / 5.08.2018

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

„იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ“, „ძროხის ყიდვა თუ გინდა, დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ – მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ, – იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს“, – მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ „მარშუტკაში“ მოისმენთ, თუ გაგიმართლათ და ნამდვილ მემთეურებს დაემგზავრეთ.

ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარე კურორტი ბეშუმი დაბა ხულოდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. იქ წამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გზა ძალიან დამღლელი და მიხვეულ-მოხვეულია, ბათუმიდან ბეშუმში ჩასვლას დაახლოებით 4-5 საათი სჭირდება. თუმცა მას შემდეგ, რაც ხულოს გასცდებით და სოფლები: რიყეთი, შუასოფელი და დანისპარაული გამოჩნდება, მიხვდებით, რომ მომქანცველი გზა ამად ღირდა.

გაითვალისწინეთ, რომ ბეშუმში პირდაპირ ჩასულებს საცხოვრებლის პოვნა წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაგიჭირდებათ. ყველა ქოხს უკვე ჰყავს დამსვენებელი, ამიტომ თადარიგი გამგზავრებამდე დაიჭირეთ.

გოდერძის უღელტეხილს გადაივლით თუ არა იაილები – მემთეურთა დასახლებები გხვდებათ. მემთეურები იაილებში ზაფხულობით რჩებიან, საქონელს უვლიან, რძის პროდუქტებს ამზადებენ და შემოდგომისპირზე დასახლებას ტოვებენ. მაღალმთიანი აჭარაში ზაფხულობით სიცოცხლე ჩქეფს და დილიდან საღამომდე მხიარული ჟრიამულია: იაილებზე ერთად ამოდიან ბებია-ბაბუები, შვილები და შვილიშვილები, ქოხებიდან გამოფენილი ლოყაღაჟღაჟა ბავშვები გზადაგზა ხელს უქნევენ „მარშუტკის“ მგზავრებს.

გოდერძის უღელტეხილის შემდეგ მალევე მიადგებით ბეშუმს, ხის კოტეჯებისა და ქოხების კურორტს – ნაძვნარში გაბმული ჭრელაჭრულა ჰამაკები, დამსვენებელთა განტვირთული,  მომღიმარი სახეები და ყველგან, ყველგან მხოლოდ ხის სახლები.

აქ გვიანამდე ისმის ხის აივნებზე გამოფენილი დამსვენებლების კისკისი, ნარდის კამათლების ხმა და  ბავშვების მხიარული ჟრიამული.

ხის ქოხებში გვიანობამდე არ ქრება შუქი, დილით კი, როცა ყავას მიირთმევთ, აუცილებლად გაიგებთ კოტეჯებსა და ქოხებში პროდუქტების დამტარებელთა ხმას: „აბა, ველური მარწყვიიი! კაიმაღიიი!”.

ბეშუმში ყველაფერი ძალიან ჰგავს ზღაპრის დეკორაციებს: პატარ-პატარა სახლები, ბავშვის ხელით ნაწერი აბრები, სახელდახელოდ მოწყობილი კაფე-ბარების უცნაური აფიშები, რაც გამცნობთ, რომ „ქვედა კვადრატში“ ყოველ პარასკევს „დისკო“ იმართება. იმავე დღის 14:00 საათზე კი „ინდიელთა დღეა“.

ზღაპარია ბეშუმის ღამეებიც, გვიანამდე ციმციმა ქოხებით და სუფთა, გრილი ჰაერით, ღამით ღია ფანჯრიდან მობერილი სიოთი, რომელიც უცნაურად გიხსნის ფილტვებს და ნაძვების სურნელი მოაქვს.

ბეშუმი სპეციფიკური კურორტია. აქ დიდი სასტუმროები არ არის და კოტეჯები მთლიანად ქირავდება – ძირითადად ოჯახებზე. კოტეჯების ფასები ერთი თვის განმავლობაში 350-დან 700 ლარამდე მერყეობს, 400 – დან 600 დოლარამდე ღირს განსაკუთრებულად კეთილმოწყობილი კოტეჯები – სადაც თავისუფლად დაეტევა 2 ან 3 ოჯახიც.

ორი, სამი დღით ან ერთი კვირით ბეშუმში ასულ დამსვნებელს, თუ მხოლოდ ორნი ხართ ან ერთი, ადგილზევე ღამის გასათევის პოვნა გაგიჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში თუ გაგიმართლათ და ვინმემ საკუთარ კოტეჯში გაგათევინათ, ერთ ღამეში დაახლოებით 40 – 50 ლარის გადახდა მოგიწევთ (კვების გარეშე).

თუ ბეშუმთან ახლომდებარე იაილებში – მემთეურთა სახლებში გაათევთ, ფასი მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, 24 – 30 ლარზე მეტს მემთეურები არ გადაგახდევინებენ ღამეში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იაილებში აბაზანები ძირითადად არ არის და ძროხებიც თქვენთან ახლოს იცხოვრებენ – ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუმცა ასეთ სახლებში ნახავთ ყველის, ყურუთის, ნადუღის დამზადების პროცესს და ამ ყველაფერს ადგილზევე დააგემოვნებთ. თუ მანქანით ხართ, იაილებზევე შეიძენთ ძალიან იაფად რძის პროდუქტებს შინ წასაღებად.

არის მესამე და ოპტიმალური საშუალებაც: ბეშუმთან ახლოს ულამაზესი სოფლებია: რიყეთი, შუასოფელი, დანისპარაული, სადაც 30-დან 50 ლარამდე ღირს საოჯახო სასტუმროებში ღამისთევა როგორც კვებით, ასევე კვების გარეშე.

მას შემდეგ, რაც ბეშუმში თქვენი პირველი დღე მიიწურება და ლურჯი ღამეც გათენდება, შეგიძლიათ ესტუმროთ კურორტთან ახლოს მდებარე იაილებს. ყველაფერი, რასაც ბეშუმში მოგართმევენ: რძეს, ყველას, კაიმაღს თუ ყურუთს –  იაილებიდან მოაქვთ, აქვეა დამზადებული, ახალი და გემრიელია.

კაიმაღი ძალიან ცხიმიან არაჟანს ჰგავს, ყურუთი კიდევ რძეში გადაზელილი ნადუღია, რომელსაც ფორმებს აძლევენ, სახლის ხის ყავარზე აშრობენ, ახმობენ და მერე ლუდთან ან ისე მიირთმევენ – მარილიანია ყურუთი, ლუდს უხდება ძალიან.

იაილების მემთეურები განსაკუთრებით სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი არიან, მაშინაც კი, თუ უბრალოდ იკითხავთ სწორად ადგეხართ თუ არა გზას, აუცილებლად გთავაზობენ ყავას და ცოტა ხნით მათთან შესვენებას.

ეს ხის სახლი კატრიძირშია, ასე ჰქვია იაილას, სადაც 60 წლის ნათელა აბულაძე ატარებს ყოველ ზაფხულს შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად. სულ ექვსი ძროხა ჰყავთ. ყოველდღე აკეთებს ყველს, კაიმაღს და მაწონს. საქმეში შვილები და შვილიშვილებიც ეხმარებიან.

ხის ქოხის კედლები ნათელას მოქარგული ყვავილებით და მარწყვიანი კალათებითაა მოფენილი. აჭარაში უფროსი თაობის ქალებს ქარგვა განსაკუთრებით უყვართ და გამოსდით.

ნათელა აბულაძე გვეუბნება, რომ იაილებზე რძის პროდუქტი გაცილებით იაფია და ტურისტებიც ხშირად არჩევენ ყველაფრის აქვე, მემთეურებთან ყიდვას. ნახევარი კილოგრამი კაიმაღი  5 ლარი ღირს, ყველი – 8 ლარი, ერთი ყურუთი 1 ლარი, ნადუღი – 2 ლარი, რძე კი ლარ-ნახევარი. კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ბაზარში, ბეშუმში, პროდუქტის ფასი თითქმის არ განსხვავდება ბათუმის ფასებისგან. ხილი, ბოსტნეული და სახელდახელოდ გამართული კაფე-ბარი – აქ ყველაფერია, რაც მთის კურორტზე დასვენებისთვის დაგჭირდებათ.

იაილებზე მოგზაურობისას აუცილებლად გაიცნობთ და დაუმეგობრდებით ბავშვებს, რომლებიც არ დაგზარდებიან და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან.

მაგალითად იმას, რომ ბეშუმთან ახლომახლო უამრავი იაილაა, ყველას სხვადასხვა სახელი ჰქვია: აივაზაჭოლო, ღრმაჭალა, ბერიჭალა, დიდი იაილა, ტიალიფერდი, ლეკიძირი, მწვანე ტბა და ტბის იქით – დიდაჭარისა და ალმის იაილები. ჩვენი მეგზური მემთეური ნათელა აბულაძის შვილიშვილი, 13 წლის ვეფხიაა. ფანჯრიდან დიდ, მწვანე ველს გვიჩვენებს და გვეუბნება, რომ შუამთობა აგვისტოს პირველ კვირას სწორედ ამ ველზე იმართება: დოღი, ცეკვა-თამაში და გართობა. კვირას, 5 აგვისტოს, აქ დიდი მხიარულება იქნება. ბეშუმის იაილებზე უამრავ სტუმარს ელიან ბარიდან.

ბეშუმთან ახლოს ულამაზესი ალპური ბაღია გაშენებული, სადაც ათასფერადი, უცნაური ყვავილია, ბარში რომ ვერსად შეხვდებით, ისეთი.

ბეშუმის დამსვენებლებს ნაწვიმარზე ხშირად ნახავთ ტყისპირებზე კალათებით გამოფენილებს – აქ ბევრი სოკოა და ტურისტებმა ეს მშვენივრად იციან.

ბეშუმის დატოვება არ შეიძლება მწვანე ტბის მონახულების გარეშე. გოდერძის უღელტეხილიდან ტბამდე 6 კილომეტრია, გზა შეგიძლიათ ტაქსით ან ფეხით გაიაროთ. ტაქსი იქამდე 30 ლარად მიგიყვანთ, დაგელოდებათ და უღელტეხილამდე დაგაბრუნებთ. ტბის პირას კარვებითაც რჩებიან, იქვე წვრილმანების მაღაზიაცაა.

 

მაღაზია „ტექნობუმი“ ხანძრის შემდეგ [ფოტო]

წუხელ ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა. დამწვარია შენობის გარკვეული ნაწილი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

მაღაზიის მენეჯერის, ემზარ ქოქოლაძის თქმით, არ იციან საიდან გაჩნდა ხანძარი. კომპანიას არც ზარალი დაუთვლია, ვინაიდან მენეჯერის ინფორმაციით, შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და კომპანიის თანამშრომლებს არ უშვებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა / 5.08.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

სახანძრო: მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი ლოკალიზებულია

დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 1 საათის წინ, ბათუმში, მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია მაღაზიის გარკვეული ნაწილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მაღაზია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბათუმში, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. იქვეა არაერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტი [ბათუმი მოლი და სხვ.], ასევე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგური.

ადგილზე ამ დროისთვის [03:30 სთ.] მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე პოლიცია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

ხანძარი მაღაზია „ტექნობუმში“ ლოკალიზებულია / ბათუმი, 5.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ხანძარი მაღაზია „ტექნობუმში“ ლოკალიზებულია / ბათუმი, 5.08.2018 /
ხანძარი მაღაზია „ტექნობუმში“ ლოკალიზებულია / ბათუმი, 5.08.2018 /
ხანძარი მაღაზია „ტექნობუმში“ ლოკალიზებულია / ბათუმი, 5.08.2018 /
ხანძარი მაღაზია „ტექნობუმში“ ლოკალიზებულია / ბათუმი, 5.08.2018 /

 

სკაუტები აჭარიდან ინგლისში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ

ავტორი: აიდან იუსუბი

საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ოგანიზაციის წევრები დღეს უცხოეთში, სკაუტთა ბანაკებში მიემგზავრებიან. „ბათუმელებს“ მათ სარფში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეხვდა.

შორენა ლომაძე, სკაუტური ორგანიზაციის დამფუძნებელი და ორგანიზაციის პრეზიდენტი: „34 სკაუტი მივემგზავრებით დღეს უცხოეთში, ნაწილი მიდის თურქეთის რესპუბლიკაში, მეორე ნაწილი საბერძნეთში, კვიპროსზე, ზოგიერთი კი ინგლისის საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში“.

სკაუტები არიან ადამიანები, რომლებიც ერთობლივად ეუფლებიან ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის უნარ-ჩვევებს: კლდეზე ძრომას, კარვების გაშლას, საველე პირობებში საკვების მოპოვება – მომზადებას და ა. შ.

სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია არის მოხალისეთა დიდი, არაპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 169 ქვეყნის ნაციონალური ორგანიზაციების 40 მილიონზე მეტ წევრს. საქართველოს სკაუტური მოძრაობის არასამთავრობო ორგანიზაცია 1994 წელს დაარსდა, მისი მიზანი არაფორმალური განათლების გზით მოზარდი თაობისა და ახალგაზრდების განვითარებაა.

1997 წელს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია სკაუტური მოძრაობის მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციის 147-ე ოფიციალური წევრი გახდა.

სკაუტების ისტორია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ინგლისელმა ლორდმა, პოლკოვნიკმა ბადენ პაუელმა გადაწყვიტა თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება გაეზიარებინა ბავშვებისთვის შეკრიბა ოციოდე ბიჭუნა.  1907 წელს კუნძულ ბროუნსზე მოაწყო პირველი სკაუტური ბანაკი, მალე წიგნიც გამოსცა „სკაუტური ბიჭებისთვის“. სულ ცოტა ხანში სკაუტური მოძრაობა პოპულარული გახდა როგორც ინგლისში, ასევე მთელ მსოფლიოში.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში 6000-ზე მეტი სკაუტი გაიზარდა და ორგანიზაციის წევრებმა 250-ზე მეტ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. სკაუტურ ბანაკებში ორგანიზაციის წევრები ყოფილან აშშ-ში, შვედეთში, საფრანგეთში, ინგლისში, ჩილეში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, ჩეხეთში და ა.შ. ორგანიზაცა საქმიანობს საქართველოშიც.

მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს განცხადებას და ფოტოს, რომელიც მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ ატყობინებს.

განცხადებაში, რომელსაც სტილის დაცვით ვაქვეყნებთ, წერია: „შეგახსენებთ, რომ ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე „დაბოლილი“ ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას!  ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ორშაბათს 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ (მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა) გაიმართება მშვიდობიანი აქცია გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლისს ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ პრობლემის გამოსასწორებლად!“

30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის საქართველოში მოხმარება ლეგალური გახდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე პატრიარქის მოსაყდრე შიოს თანაშემწემ განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია“ და მარიხუანას ლეგალიზაცია შეაფასა როგორც „ერის ღალატი“.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვა, პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი იყო. ის სოციალურ ქსელში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. დავითაშვილმა საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს თანადგომისკენ მოუწოდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე უწყების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ კრიტიკოსთა ნაწილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას, გოცირიძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი რამ ვერ მოხდება.

მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

გამომცემლობა „ტრიასის“ ქართული სახელმძღვანელოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე იაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამომცემლობის მიერ შედგენილი ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელმაც გრიფირების ყველა ეტაპი გაიარა, მოულოდნელად მოუხსეს გრიფი. ირინე იაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელო ატვირთულო იყო განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, სადაც სახელმძღვანელომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„ყველაზე მეტმა სკოლამ სწორედ ჩვენი სახელმძღვანელო აირჩია. ჩვენ უკვე ვიცოდით ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა და ახალი სასწავლო წლისთვის 25 ათასი ეგზემპლარი უნდა დაბეჭდილიყო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირინე იაშვილი.

იაშვილი ამბობს, რომ მათ გუშინ 4 საათზე გრიფირებიდან მიიღეს ოფიციალური წერილი, იმის შესახებ, რომ სახელმძღვანელომ გრიფირება გაიარა: „თუმცა დღეს, მოულოდნელად გავიგეთ, რომ გრიფი მოუხსნეს. ეს წარმოუდგენელია. ეს არის სრულიად შეგნებულად გაკეთებული, რა თქმა უნდა“.

ირინე იაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ამ საქმეში განათლების სპეციალისტის გია მურღულიას ფაქტორმა იმუშავა.

„წინა გრიფირების დროს, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო გია მურღულია და მასთან ერთად ვმუშაობდით სახელმძღვანელოებზე. ამჯერად ჩვენ ცალკე ვიმუშავეთ, ამიტომ მივწერეთ სამინისტროს ოფიციალური წერილი და გია მურღულიას აცილება მოვითხოვეთ სახელმძღვანელოს შეფასებაზე. გარკვეული მასალები იყო წინა პერიოდიდან გამოყენებული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მურღულია კოდირების მიუხედავად იცნობდა ჩვენს ნამუშევარს, მით უმეტეს იცოდა, სახელმძღვანელოებზე რომ ვმუშაობდით“, – ამბობს იაშვილი.

მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელო, ინოვაციურია და სკოლების უმრავლესობამ სწორედ მასზე გააკეთა არჩევანი.

„საქართვერლოში „ჯიპრაიდის“ საგანმანათლებლო პროექტმა, ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენი სახელმძღვანელო სწორედ ჯიპრაიდს ეფუძნება“.

იაშვილი ამბობს, რომ გრიფირებისას მის გამომცემლობას მეხუთე-მეექვსე კლასების სახელმძღვანელოც ჩაუგდეს.

„როგორც გავარკვიეთ, საჯარო სკოლები, ძირითადად, იღებენ ერთი გამომცემლობის სახელმძღვანელოებს, რადგან შემდეგ სკოლები ადვილად უცვლიან ხოლმე კლასების მიხედვით წიგნებს. ამიტომ ჩვენც გვქონდა სახელმძღვანელოების სერია. როცა 5-6 კლასის წიგნებს აგდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ წირავ სერიას და ეს ძალიან კარგად იციან სამინისტროში“.

ამ დროისთვის გამომცემლობის მხოლოდ მე-2 და მე-4 კლასის წიგნებს აქვს გრიფირება მინიჭებული, თუმცა იაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია მსგავსი სიურპრიზები ისევ განმეორდეს.

„იგივე მდგომარეობაში ჩააყენეს გამომცემლობა „ელფიც“, რომლის მათემატიკის სახელმძღვნელოსაც აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი.  19 ათასი უნდა დაბეჭდილიყო ეს წიგნი, თუმცა გრიფირება მასაც მოულოდნელად მოუხსნეს.

ორი ყველაზე რეიტინგული, ყველაზე მოთხოვნადი წიგნი არის გრიფირებიდან მოხსნილი მესამე ეტაპის შემდეგ. ეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, – ამბობს ირინე იაშვილი. ის ამბობს, რომ აუცილებლად მიმართავს განათლების სამინისტროს და მოითხოვს დასაბუთებას თუ რატომ მოუხსნეს მის სახელმძღვანელოს გრიფი.

„ბათუმელები“ გია მურღულიასაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელსაც მან დადებითი შეფასება არ მისცა, სწორედ გამომცემლობა „ტრიასის“ იყო.

„მე დამიკავშირდნენ განათლების სამინისტროდან და მთხოვეს შემეფასებინა სახელმძღვანელოები. მე გადავუგზავნე ჩემი დასკვნები. შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელსაც არ მივეცი დადებითი შეფასება, ყოფილა „ტრიასის“, თუმცა მე ამ გამომცემლობის სახვა სახელმძღვანელოები  დადებითად შევაფასე.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, შეუძლებელია, რადგან შეფასებისას ჩვენ არ ვიცით ვის სახელმძღვანელოებს ვაფასებთ“, – ამბობს ის.

ირინე იაშვილი კი ამბობს, რომ გრიფირების კომისიის წევრების მისამართით ყოველთვის არსებობდა კითხვები, „ახლა კი უფრო მეტად გაიზარდა ეჭვი კომისიის წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I-VI კლასების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო და პირველ ეტაპზე გრიფი მიენიჭა მათემატიკის, ქართული ენის (II-IV), ბუნებისმეტყველების, სპორტის (I-IV), მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინგლისური, გერმანული და რუსული ენების სახელმძღვანელოებს.

„ბრძანების ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად განხორციელდა: ყველა სახელმძღვანელო, დარგის სპეციალისტების გარდა, შეფასდა ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების მიერ. ამ შეფასებების შედეგად შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

რეფერირების პროცესში კარგად გამოჩნდა მანამდე გრიფირებული სახელმძღვანელოების პრობლემებიც; ჩატარდა ინტენსიური საჯარო განხილვები, რომლის დროსაც სამინისტრომ საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა და არ შეერჩია მათ შორის მხოლოდ ერთი. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოჩნდეს რეცენზირების შედეგების კორელაცია სკოლების არჩევანთან“, – გვეუბნებიან განათლების სამინისტროში.

სამინისტროში ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთი, – მეორე დონის კომისია, რომელმაც დამატებით განიხილა სარეცენზიო ჯგუფების დასკვნები და წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები რეკომენდაციის სახით.

საერთო ჯამში 200-მდე სპეციალისტის მონაწილეობით დადგა ის შედეგი, რომელიც ბრძანებაში აისახა.

„ბუნებრივია, კონკურსი თავისთავად გულისხმობს, რომ წარმოდგენილ სახელმძვანელოთაგან მხოლოდ საუკეთესოებს მიენიჭება გრიფი.

ამ მხრივ სამინისტროს ამოსავალ წერტილს საზოგადოების დაკვეთა წარმოადგენდა, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა მაღალი სტანდარტის შესაბამისი სახელმძვანელოებით ისწავლონ.

კითხვებზე, – რომელიც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, სამინისტროს შეფასების სრულიად გამჭვირვალე პროცესი და პროფესიონალთა შეჯერებული შეფასებები აქვს პასუხად.

სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩვენი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

სამინისტროს განმარტებით, „ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს“.

 

 

კაფე k2: მერიამ გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმა 500 ლარით

ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე არსებული კაფე „k 2“-ის წარმომადგენელი ლევან ხუჯაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის მერიის ხმის მონიტორინგის ჯგუფმა გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა.

„გუშინ მოგვივიდა ჯარიმა 500 ლარი. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რის საფუძველზე დაგვაჯარიმეს. ხმაურის მონიტორინგის სამსახურში გვაჩვენს ოქმი, თუმცა ოქმის ბოლოში ეწერა, რომ ხმაური იყო დასაშვებ ნორმაში. ამის მიუხედავად, ჯარიმა მაინც გამოიწერა“, – ამბობს ლევან ხუჯაძე.

ლევან ხუჯაძის თქმით, ხმაურის გადაჭარბებაზე მონიტორინგის ჯგუფი მოქალაქე  მარიკა ჩაჩიბაიამ გამოიძახა. „თუმცა, როცა მას ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ მან ხალხის ხმაურის გამო გამოიძახა ჯგუფი და არა მუსიკის. ჯარიმა მუსიკის ხმაურზეა გამოწერილი“.

მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით ჩხარტიშვილი ამბობს, რომ კაფე „k2“ დაჯარიმებულია ხალხის და მუსიკის ხმაურის გამო.

„ეს კაფე სისტემატურად არღვევს ნორმებს. დაჯარიმების საკითხი სასამართლოში გაირკვევა“, -ამბობს ის.

გუშინ ლევან ხუჯაძის კიდევ ერთ კაფეს – „ვინილს“  მერიამ ტროტუარზე მაგიდების განთავსებაზე უთხრა უარი. ტროტუარის ეს მონაკვეთი სრულად აქვთ დაკავებული ავტომანქანებს.

სწორედ ამიტომ ლევან ხუჯაძეს ვკითხეთ, ვინმეს პერსონალური ინტერესებში ხომ არ შედის მის მიმართ სანქციების დაწესება. რაზეც მან თქვა, რომ – არა.

„ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსება მას შემდეგ შეუზღუდეს, რაც დუმბაძის ქუჩაზე არსებული კაფეების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ეს აქცია გააშუქა, როგორც ადგილობრივმა, ისე ნაციონალურმა მედიამ. ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ დღეს მათთან მისულმა მერიის მოხელემ დაჯარიმების აუცილებლობა მედიაგაშუქებით ახსნა. „ახლა მოსული იყო ხმაურის ზომვის განყოფილების უფროსი (ეზოს დასათვალიერებლად სტუმრები მოიყვანა) და მითხრა დაგვაჯარიმეს არა იმიტომ, რომ ვაჭარბებდით დაშვებულ ნორმას (სინამდვილეში არ ვაჭარბებდი თურმე), არამედ რადგან ტელევიზიებმა გააშუქა.

ეგრეც რომ იყოს, როგორც წესი პირველ ჯერზე აფრთხილებენ, ჩვენ კი პირდაპირ დაგვაჯარიმეს გაურკვეველი მიზეზით“, – აცხადებს ლევან ხუჯაძე.

„ვინილი“, ისე როგორც „კ2“ ევროპის მოედანზე მდებარეობს. აქვე არის სხვა კაფეებიც, მათ შორის, მაგალითად, მაკდონალდსი, რომელმაც ფეხითმოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე მთლიანად გადაკეტა, მაგრამ მერიამ შეზღუდვები და სანქციები მხოლოდ „ვინილს“ და „კ2“-ს დაუწესა.

ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ მერიის მონიტორინგის ჯგუფის გადაწყვეტილებას ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ. ჯერ დაჯარიმების შესახებ წერილი ოფიციალურად არ მიუღიათ.

ამავე თემაზე:

რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება

თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა

თორნიკე რიჟვაძე – „ მწვანე ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად უნდა იქცეს“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

https://www.youtube.com/watch?v=XU_7Duweg7M&t=25s

მწვანე ტბის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც გაეცნენ.

ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორი ლითონის ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, შენდება ბეტონის საყრდენი კედელები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს მწვანე ტბის რეკრეაციული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და განვითარების გეგმაზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია საპიკნიკე ადგილებისა და ღია ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნისა და სამაშველო სამსახურის ცენტრის მოწყობა. მწვანე ტბის ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, „მწვანე ტბა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ტბაა საქართველოში და იგი აუცილებლად უნდა იქცეს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად. „მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით დაწყებულია მუშაობა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფს მწვანე ტბით დაინტერესებული ვიზიტორების უფრო კომფორტულ გადაადგილებას. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მწვანე ტბის განვითარების მიმართულებით ღონისძიებების შესრულებას“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღესვე ალპურ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც სამშენებლო პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონის ხელმძღვანელმა ალპური ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა, ასევე დასრულებული მეფუტკრის სახლი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძესთან ერთად დაათვალიერა.

 ალპური ბოტანიკური ბაღი
ალპური ბოტანიკური ბაღი

ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილია საპიკნიკე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ გააცნო.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ალპური ბოტანიკური ბაღის ფინანსური მხარდამჭერი კავკასიის ალიანსის პროგრამის წარმომადგენლები. აღნიშნულ პროგრამას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, რომელიც კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

გოდერძის ალპური ბაღი აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. მნიშვნელოვანია, რომ ალპურ ბაღს ექნება ეკოლოგიური განათლების ცენტრის ფუნქციაც.

თორნიკე რიჟვაძე – „კურორტ ბეშუმის დამსვენებელი უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო პირობით“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კურორტ ბეშუმს ესტუმრა და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე პირადად გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათი შეფასებები მოისმინა. როგორც  მთავრობის თავმჯდომარემ მათთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა კურორტზე არსებული პრობლემების აღმოფხვრის და უკეთესი პირობების შესაქმნელად. მისი თქმით, ბეშუმი აჭარის თითოეული მკვიდრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კურორტია, ამიტომაც მნიშვნელოვანია შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი დამსვენებლებისთვის.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ბოლო წლებში ბეშუმში  სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, ასევე შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდა.  კურორტის ყველა ქუჩაზე მოეწყო გარე განათება.

„ამ მიმართულებით აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და ხაზი გაუსვა გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მნიშვნელობას, რომელიც კურორტზე იდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

როგორ იცვლება ბათუმი Google Map-ზე

Google პერიოდულად აახლებს მსოფლიოს სატელიტურ რუკებს. ბათუმის ბოლო რუკა Google-მ  2018 წლის 27 მაისს გაახლა, პირველი კი 2004 წელს გადაიღო. იხილეთ როგორ იცვლებოდა ქალაქი წლების განმავლობაში Google Map-ის მონაცემებით.

Google Earth ბლოგის ინფორმაციით, Google Map-ზე შესაძლოა მონაცემები რამდენიმე თვის ინტერვალითაც გაახლდეს, მაგრამ ისინი შესაძლოა არ ასახავდეს რეალურ დროს. Google Earth-ი მონაცემებს სხვადასხვა თანამგზავრიდან და წყაროდან აგროვებს. ამ ფოტოების დამუშავებას, შედარებასა და განთავსებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია Google Map-ზე:

როგორ იცვლება ბათუმი - Google Map

ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორია. ფოტოებზე ჩანს ფოსტის შენობის ტრანსფორმაცია.

ევროპის მოედანი 2004-2018

იყიდება თუ არა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

კომპანიას, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეკუთვნის, აღარ აქვს ვალდებულება დაწესებულებას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰოსპიტლის ყიდვით თუ მრავალწლიანი იჯარით აღებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ჰოსპიტლის მესაკუთრეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰოსპიტლის პროფილის შეცვლასა და შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაციას ამ სამედიცინო დაწესებულებაში კატეგორიულად უარყოფენ.

„ჰოსპიტალი ჩვეულებრივად უწყვეტად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას, სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით, ამასთან, არანაირი პროფილის შეცვლის გეგმა არ არსებობს და არც არის ასეთი სამომავლო ინტერესი. ჰოსპიტალში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა ამ ეტაპისთვის 450-ს აღემატება. მათ ძირითად ნაწილთან დადებულია გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვეულებრივ გრძელდება. რაც შეეხება სტაციონარის სანებართვო მოწმობასა და მოწმობის დანართებს, განგიმარტავთ, რომ ის არის უვადო,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაწესებულების იურისტმა, ლევან სიამაშვილმა.

რაც შეეხება ჰოსპიტლის გასხვისებას, ლევან სიამაშვილი აცხადებს, რომ „ინფორმაცია გასხვისებასთან თუ მრავალწლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით არ არის სინამდვილე. ეს არის მიზანმიმართულად აგორებული დეზინფორმაცია ჰოსპიტლის საწინააღმდეგოდ, ორგანიზაციის იმ არაკეთილმოსურნეთა მხრიდან, რომელთა მიზანია, როგორც ჩანს ის, რომ შექმნან არასტაბილურობის განცდა დაწესებულებაში, მაშინ, როცა დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული სამედიცინო დაწესებულებაა“.

ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰოსპიტლით ამ ბოლოს დაინტერესებულია შპს „ბლოკ-ჯორჯია“, თუმცა, ლევან სიამაშვილის თქმით, „არანაირი მოლაპარაკება არ არის კომპანიასთან [შპს „ბლოკ-ჯორჯია“-ავტ], რომელსაც თქვენ ასახელებთ“.

ინფორმირებული პირის თქმით კი, მოლაპარაკება ამ კომპანიასთან არ შედგა, ვინაიდან ჰოსპიტლის მესაკუთრეებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა კომპანიის შეთავაზება. „ბათუმელები“ „ბლოკ-ჯორჯიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა მისგან ამ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ.

ჰოსპიტლის შეძენით ბათუმში კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია იყო დაინტერესებული, თუმცა მოლაპარაკება აქაც ფასის გამო არ შედგა. „ჩვენ გვყავს პარტნიორი, რომელიც მუშაობს სამედიცინო კუთხით და გაჩნდა იდეა, აგვეღო ეს ჰოსპიტალი [რა თქმა უნდა, პროფილის შენარჩუნებით, თორემ იქ ახალი მშენებლობისთვის ადგილი არც არის, მთლიანად ათვისებული აქვთ]. თუმცა, იდეა იდეად დარჩა, იმდენად მაღალი თანხა დაასახელეს ჰოსპიტლის მესაკუთრეებმა“, – გვითხრეს სამშენებლო კომპანიაში და ითხოვეს, რომ რადგან გარიგება არ შედგა, მათი ვინაობა არ დაგვესახელებინა.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მფლობელი – შპს BROTHERS-ი თურქეთის მოქალაქეებმა ბათუმში 2012 წელს დააფუძნეს.

„BROTHERS“-სა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, კომპანია ვალდებული იყო შენობისთვის სამედიცინო დაწესებულების პროფილი შეენარჩუნებინა „მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში და დაესაქმებინა საქართველოს 300 მოქალაქე“.

ბათუმში თურქული ინვესტიციით ახალი ჰოსპიტლის გახსნა 2014 წლისთვის იგეგმებოდა [ერთი ვერსიით, ინვესტორს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში ხელოვნურად უშლიდნენ ხელს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის აღებაში, რასაც ჰოსპიტალში უარყოფდნენ]. საბოლოოდ ჰოსპიტალი 2016 წლის პირველ თებერვალს გაიხსნა, შესაბამისად, პროფილის შენარჩუნების ვალდებულება კომპანიას 2018 წლის პირველი აგვისტოდან აღარ აქვს.

მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალი გაიხსნა, შიდა მენეჯმენტი BROTHERS-ის პარტნიორებმა რამდენჯერმე შეცვალეს. ბოლო ცვლილება ოთხი თვის წინ, 2018 წლის 30 მარტს განხორციელდა, როცა დაწესებულების დირექტორები, მათ შორის ისმეთ დინდარი [რომელიც კომპანიის 10% წილის მფლობელიცაა] გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დირექტორებად სხვები დანიშნეს. პარტნიორების გადაწყვეტილებით, ისმეთ დინდარი ჰოსპიტალში მუშაობას აგრძელებს მუდმივი [უვადო] შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

კომპანიას სასამართლოშიც ედავებიან, რის გამოც სასამართლომ ჰოსპიტალს აუკრძალა უძრავი ქონების გასხვისება და მისი იპოთეკით დატვირთვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით იურისტი ლევან სიამაშვილი აცხადებს: „ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჰოსპიტლის არგუმენტირებული საჩივრის საფუძველზე [რომელიც სრულად დაკმაყოფილდა] გააუქმა მის მიერვე მიღებული განჩინება უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკის აკრძალვაზე… რაც შეეხება მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ინდივიდუალურ შრომით დავას, რომლის დეტალებზე საუბარი საჯაროდ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი არ არის“.

შპს „BROTHERS“-ი ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, 15 005 კვ/მ მიწის ფართობს და 10 103 კვ/მ საერთო ფართობის ნაგებობებს [მათ შორის ჰოსპიტლის შენობას] ფლობს.

შპს „BROTHERS“-ის წილებს ფლობენ: „აიკონ გრუპი“ – 45% [თავის მხრივ, აიკონ გრუპის 100% წილის მფლობელია სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთი“, რომელიც თურქეთშია რეგისტრირებული], ერქან ოზმენი – 22,5%, ბურაქ ბაშლილარი – 22,5% და ისმეთ დინდარი – 10%.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი / 3.08.2018 / ლელა დუმბაძის ფოტო

 

ბათუმის „შერატონი“: სასტუმროს მეხი არ დასცემია

ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონს“ მეხი დაეცა  – ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გაავრცელა. მომღერალი ბათუმში სოლოკონცერტის გასამართად ჩამოვიდა. სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც 3 აგვისტოს, საღამოს, მომღერალმა კონცერტი უნდა ჩაატაროს, ფეისბუქლაივით ჩაერთო, რა დროსაც თქვა:

“დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჭექა-ქუხილისგან, შერატონს  დაეცა მეხი, ლიფტებიც კი გაითიშა და ჩამოვედით სათადარიგო ლიფტებით”.

“ბათუმელებმა” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო „შერატონს“ მიმართა. როგორც სასტუმრო “შერატონის” მარკეტინგის სამსახურში გვითხრეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“არაფერ შუაში არ არის მეხი და ჭექა-ქუხილი, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ სათადარიგო ლიფტებიც არ იმუშავებდნენ. რაღაც დროის განმავლობაში ნამდვილად სათადარიგო ლიფტებს იყენებდნენ ჩვენი სტუმრები. სათადარიგო ლიფტებში ვგულისხმობ თანამშრომლების ლიფტებს. საქმე იმაშია, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივ დაგეგმილი ლიფტების მომსახურება, ვთანამშრომლობთ კომპანია “მიცუბიშთან”, რომელიც პერიოდულად მოდის და ატარებს ლიფტების შემოწმებას,” – უთხრა “ბათუმელებს” სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მეხის დაცემის შესახებ ჭორზე აგებული ისტორია გავრცელდა.

“სავარაუდოდ ეს იყო, უბრალოდ, დამთხვევა”, – ამბობენ „შერატონში“.

დღეს დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმს. დილით იყო ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.

 

 

სად წავიდეთ წვიმის დროს ბათუმში

წვიმა აჭარის სანაპიროს კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და თუ ზაფხულში ბათუმში ჩამოსულს მზიანი ამინდის ნაცვლად წვიმა დაგხვდათ, ფერადი საწვიმარი მოისხით და ბათუმის მუზეუმებს, კინოს, თეატრს, სავაჭრო ცენტრებს ესტუმრეთ ან სულაც ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნეთ და ქალაქის არქიტექტურას გაეცანით.

ჩვენ შევეცდებით ის ადგილები გირჩიოთ, სადაც წვიმიან ამინდშიც შეძლებთ ბათუმში დროის საინტერესოდ გატარებას. მაშ ასე, სად შეიძლება წავიდეთ ბათუმში წვიმიან ამინდში:

მუზეუმები

ქობულეთი, ფიჭვნარი. ძვ. წ. V ს ბერძნული სამაროვანი. ახალგაზრდა ქალის სამარხი (სამარხი №261, „ასპასია“). ოქროს ყუნწიანი მინის, ქვისა და ოქროს პირამიდისებრი საკიდები.

ბათუმში ათამდე მუზეუმია, მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარულია. მაგალითად, არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობათა და სხვა უნიკალური ექსპოზიციების დათვალიერების გარდა ჩვენს ერამდე აღმოჩენილი სამკაულების ასლების შეძენაა შესაძლებელი. აქვე არსებულ სახელოსნოში კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასებიც ტარდება ტურისტებისთვის.

ასევე შეიძლება ესტუმროთ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, სადაც XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალებია დაცული. ამ მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია.

ასევე გირჩევთ ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს ეწვიოთ, სადაც ძველ ბათუმში ნავთობის მაგნატების – ძმები ნობელებისა და აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეების გარდა “კოსმოსური სივრცეც” არის, სადაც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – “რეფლექტორული ანტენის” და მისი გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსისა და გენერალ-მაიორის, ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

კიდევ ერთი ადგილი წვიმიან ამინდში ვიზიტისთვის ბათუმის ხელოვნების მუზეუმია, სადაც პერსონალური, ჯგუფური და რეტროსპექტული გამოფენები ეწყობა. პროგრამის ნახვა კი მუზეუმის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

კინო და თეატრი

ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრია – “აპოლო”, რომელიც მემედ აბაშიძის 17 ნომერში, ისტორიულ შენობაში მდებარეობს. კინოსეანსები დღის ყველა მონაკვეთშია ჩანიშნული, ფილმების ჩამონათვალი კი “აპოლოს” ფეისბუქის გვერდზეც შეგიძლიათ იხილოთ.

ბათუმში არის 12D კინოთეატრიც, თუმცა აქ მხოლოდ რამდენიმეწუთიანი ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ ოღონდ მოძრაობის, ქარის დაბერვის, წყლის შხეფებისა და სხვა ეფექტებით. 12D კინოთეატრი სავაჭრო ცენტრ “ბათუმი მოლის”  (გორგილაძეს 88 ) მეორე სართულზე მდებარეობს.

რაც შეეხება თეატრს, ბათუმში რამდენიმე თეატრია, მათ შორის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი, რომლის გარემონტება რამდენიმე თვეში დასრულდება. იქამდე კი შეგიძლიათ დრამატული თეატრის “ახალ სცენას” ესტუმროთ. იგი დაახლოებით  სამი წლის წინ გაიხსნა თეატრის ყოფილ სადურგლოში, სულ სხვა მისამართზე (მელაშვილის ქუჩის 32 ნომერი).  ერთსართულიანი შენობის ახალი და პომპეზურობას მოკლებული გარემო უფრო თანამედროვე სპექტაკლებზეა მორგებული.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის  “თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს” გირჩევთ. რომელიც მემედ აბაშიძის 49 ნომერში მდებარეობს. თეატრის აფიშას მის ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

ცხოველები

ბათუმის ზოოპარკის გარდა, რომელიც ცენტრალურ პარკში ღია სივრცეში მდებარეობს,  “ბათუმი მოლში”, მე-4 სართულზე, არსებობს პატარა კონტაქტური ზოოპარკი – “ზოოტოპია”, სადაც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად მიხვიდეთ და იქვე ნაყიდი ბოსტნეულით თქვენი ხელითვე გამოკვებოთ ზღვის გოჭები, ზღარბები, ბაჭიები, თუ სხვა უწყინარი ცხოველები. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თუთიყუშები და წიწილები, ციყვი, ქამელეონი, გველი, ლემური და სხვადასხვა პატარა ჯიშის მაიმუნები.

გარდა ამისა, ბათუმში ნებისმიერ ამინდში მუშაობს დელფინარიუმი,  დელფინების შოუ – ყოველდღე 16:00, 19:00 და 21:00 საათზე ეწყობა. დელფინარიუმი ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარეობს და აქ მსურველებისთვის დელფინებთან ცურვაც არის შესაძლებელი [(15 წუთი): 5–დან 16 წლამდე – 100 ლარი, 16 და უფროსი ასაკის – 150 ლარი], საამისოდ წინასწარ უნდა ჩაეწეროთ.

 

შოპინგი

ბათუმში ბევრი მაღაზიაა, რომელთა ჩამოთვლასაც არ მოვყვებით, თუმცა მიგასწავლით სამ სავაჭრო ცენტრს, სადაც რამდენიმე ბრენდია თავმოყრილი. ესენია: “ბათუმი მოლი”, “მეტრო სითი” და “შავი ზღვის მოლი”.

“ბათუმი მოლი” გორგილაძის ქუჩის 88 ნომერში მდებარეობს. ჰიპერმარკეტის გარდა აქ  განთავსებულია ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, სახლისთვის საჭირო ნივთები, სუვენირები, სათამაშოები, სილამაზის სალონები, ესთეტიკის ცენტრი, ფიტნესდარბაზი და კვების ობიექტები.

“მეტრო სითიში” ძირითადად ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებია წარმოდგენილი, ასევე სწრაფი კვების ობიექტები და ბავშვთა გასართობი ცენტრი Playland-ი, სადაც ბავშვებთან ერთად უფროსებსაც შეუძლიათ გაერთონ, ან პატარები ანიმატორებს მიაბარონ. “მეტრო სითი” ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარეობს.

სავაჭრო ცენტრი “შავი ზღვის მოლი” ტბელ აბუსერიძის ქუჩის 22 ნომერში მდებარეობს, აქ განთავსებულია ჰიპერმარკეტი, სწრაფი კვების ობიექტი, ტანსაცმლის, აქსესუარების, სათამაშოებისა და სუვენირების მაღაზიები.

და, რა თქმა უნდა, წვიმიან ამინდში კაფეებს შეიძლება შეაფაროთ თავი, მათი არჩევანი ბათუმში დიდია და ყველა გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობის დამსვენებლისათვის მოიძებნება შესაფერისი ადგილი.

 

 

საგანგებო: აკრძალულია ბანაობა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე

დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, სამბალიან შტორმს ელოდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, აკრძალულია ბანაობა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე, სადაც წითელი ალმებია აღმართული.

რაც შეეხება ბათუმს, დილით ძლიერი წვიმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალული იყო. ამ დროისთვის [12:00] ზღვა მშვიდია და ბანაობა დასაშვებია.

როგორი ამინდი იქნება აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3-4 აგვისტოს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 28 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 15-25 დმ – 4-5 ბალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 5 აგვისტოს ღამით შენარჩუნებული იქნება წვიმა, დღისით და მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმის მერია: „ამ ძეგლის ბათუმში დადგმას არ ვგეგმავთ“

„დავით აღმაშენებლის ძეგლი თაბაშირში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ! (მოქანდაკე: მერაბ მერაბიშვილი)“, – ეს ინფორმაცია ფოტოსთან ერთად რამდენიმე საათის წინ „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა თავის ფეისბუქგვერდზე. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმში „ამ ძეგლს“ არ დადგამენ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებს, მანამდე კი, 12 აგვისტოს, მერია შერჩეულ ადგილზე დავით აღმაშენებლის მემორიალს განათავსებს.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო.

ძეგლის დადგმის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. „მარში“ წერდა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა.

„ქართულ მარშს“ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

იგივე თემაზე მათ ბათუმის მერთანაც ჰქონდათ ხმაურიანი შეხვედრა.

„ქართული მარში“ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიდის – საკრებულოს პასუხი

ბოლო ორ თვეში ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში საქართველოში 39 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს.

მათგან ყველაზე მეტი – 20 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 11- ტბაში, რვა ადამიანი კი – ზღვაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე, მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 145 – ზღვაში დახრჩობას.

 

რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება

ბათუმში, ევროპის მოედანთან ახლოს, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ვინილს“ ბათუმის მერიამ კაფეს წინ მაგიდების დადგმის უფლება არ მისცა. შესაბამისი თხოვნით კაფეს მენეჯერმა, ლევან ხუჯაძემ, მერიას 11 ივლისს მიმართა, პასუხად კი მერიიდან უარი მიიღო.

დუმბაძის ქუჩის მიმდებარედ მაგიდები ქუჩაში გამოტანილი აქვს  კაფე “მედეასაც”, იქვე, ევროპის მოედანზე, მდებარეობს  მაკდონალდსის ახალი ფილიალიც, რომელმაც ფეხით მოსიარულეთა გზა სრულად აითვისა, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, ამ კაფეებისთვის მერიას მაგიდების გამოტანაზე უარი არ უთქვამს. თავად დუმბაძის ქუჩა კი, ავტომობილების პარკინგად არის ქცეული.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის თანახმა დუმბაძის #12 მისამართზე, კაფე-ბარის წინ, მაგიდა, სკამების განსათავსებლად“, – ნათქვამია „ვინილის“ მენეჯერისთვის გაგზავნილ წერილში.

ბათუმის მერიის ეკონომიკური საქმიანობის განყოფილებამ, რომელიც ნებართვის გაცემაზეა უფლებამოსილი, „ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის #8 დადგენილებით იხელმძღვანელა.

ამ დადგენილების მიხედვით, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულოს დადგენილი აქვს,  თუ რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია გარევაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე.

კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი მხოლოდ ამ კაფეს, ბათუმის მერიის ეკონომიკური საქმიანობის განყოფილების უფროსმა თამაზ გოგიტიძემ გვიპასუხა:

„ვის მივცეთ და ვის არ მივცეთ, ამას ჩემი სამსახური არ წყვეტს. ვიზირებას გადის სამსახურის უფროსთან და მერე ქალაქის მერი აწერს ნებართვებს ხელს.

ხშირად ჩვენ მეწარმეების მხარეზე ვართ.  იქ [„ვინილთან“] რადგან მასიური გამოსვლა იყო, ჯერჯერობით შევიკავეთ თავი, თორემ ხვალ და ზეგ მათ შეუძლიათ მოგვმართონ განცხადებით. მერე კიდევ შევისწავლით დამატებით და შეიძლება გავცეთ ნებართვა და ამაში ქალაქის მერს ჩავაყენებთ საქმის კურსში,“ – განაცხადა თამაზ გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო ექვს თვეში მერიაში გარევაჭრობის თხოვნით 700-მდე განცხადება შევიდა, აქედან  190 ნებართვა გაიცა გარევაჭრობაზე, ხოლო 360 ობიექტს უარი ეთქვა.

კაფე „ვინილის“ მენეჯერი, ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ მერიამ კონკრეტული ადამიანების ინტერესი გაითვალისწინა და ამ მოტივით უთხრა მათ უარი. იგი ეჭვობს, რომ უარის მიზეზი „ვინილის“ მეზობლად მცხოვრები ორი მოქალაქეა, რომელთაც გავლენიანი ნაცნობები ჰყავთ.

“მაშინ, როცა მთელ ქალაქში ყველგან ნებართვით თუ უნებართვოდ დგას მაგიდები, ისეთ ადგილებში, სადაც მართლა არ შეიძლება რომ იდგეს, ჩვენ გვითხრეს უარი. დუმბაძის ქუჩა ტურისტული ქუჩაა, რომელიც თავიდანვე განსაზღვრული იყო ფეხით მოსიარულეთათვის, სადაც ბორდიურიც კი არ არის გამოყოფილი გზისგან.  იქ, სადაც მერიამ გვითხრა, რომ მაგიდებს ვერ დავდგამთ, დგას მანქანები. პარკინგად არის მთელი ქუჩა. როგორც ჩანს, მანქანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ადამიანები,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე.

კაფე „ვინილის“ მიმდებარე ტერიტორია დღეს

მისი თქმით, აზრი არ აქვს მერიისთვის განმეორებით მიმართვას, რადგან სანამ მერია მათ წერილს განიხილავს, ზაფხული დამთავრდება.

„უარი გვითხრეს იმიტომ, რომ უნდათ ვიდავოთ. ამ დავაში გავა ზაფხული, ეს ერთ-ერთი მომჩივანი ვინც არის, ალბათ წავა ამასობაში თბილისში, დაწყნარდება და მერე მოგვცემენ ნებართვას. მერიამ დაიხია უკან, არის შეშინებული და არ იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ არასდროს კანონი არ დაგვირღვევია, ყოველთვის ვუფრთხილდებით სხვის საკუთრებასაც, სხვის შეწუხებისგანაც თავს ვიკავებთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არის საშინელება, როცა ქალაქის მერია ხელს გიშლის, რომ აკეთო შენი საქმე,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე.

აქცია დუმბაძის ქუჩის მცხოვრებლებმა 24 ივლისს გამართეს. აქციის მონაწილეები დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ბარებიდან გამომავალ ხმაურს აპროტესტებდნენ. აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც  იმყოფებოდნენ. დუმბაძის ქუჩაზე ოთხი ბარია განთავსებული: „ვინილი“, „კ2“, „ვარშავა“ და კაფე „მედეა“. აქციის მონაწილეებს პრეტენზია ჰქონდათ ბარ „ვარშავას“ და „მედეას“ მიმართ. აქციის გამართვამდე მათ ბათუმის მერიის ხმაურის მონიტორინგის სამსახური გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის მონაცემებით, ხმაური დადგენილ ნორმას არ აჭარბებდა, სამსახურმა ბარების მფლობელები მაინც გააფრთხილა.

მთავარი ფოტო: დუმბაძის ქუჩა

„მუსორი არ დაყაროთ, მოგატეხავთ ხელებს“ – როგორ იცავენ ბავშვები გარემოს ბეშუმში [ფოტო]

„მუსორი არ დაყაროთ, მოგატეხავთ ხელებს“, „ნუ დააჭუჭყიანებ!“ – ბეშუმში ხის კოტეჯებსა და ქოხებზე ბავშვების ხელით ნაწერ ბევრ ასეთ აბრას წააწყდებით.

როგორც ბეშუმში გვითხრეს, კურორტს პოლონელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც ბავშვებს უფასოდ უწყობენ ექსკურსიებს ბეშუმის შემოგარენში, მწვანე ტბასა და გოდერძიზე. აბრებიც კურორტზე სისუფთავის დაცვის მოწოდებით, ბავშვებმა პოლონელი ტურისტების დახმარებით დაამზადეს.

ბეშუმი, თამარ ნერგაძის ფოტო
ბეშუმი, თამარ ნერგაძის ფოტო
ბეშუმი, თამარ ნერგაძის ფოტო

მერიამ ჯერ არ იცის, სად ააშენებს ბიზნესინკუბატორს, მაგრამ პროექტში 34 500 ლარს იხდის 

ბათუმის მერიამ ბიზნესინკუბატორის დაპროექტებისთვის 50 ათასი ლარი გამოყო და ტენდერში გამარჯვებულთან 34 500 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერიას დღემდე არ აქვს დაზუსტებული, სად უნდა ააშენოს ბიზნესინკუბატორი. პროგრამისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 5,9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

გამარჯვებულ კომპანიას ინკუბატორის დაპროექტება მიმდინარე წლის 7 ივლისს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ეს თარიღი გადაუვადეს. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა.

ახალი ცვლილებით, რომელსაც ხელს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე აწერს, სამუშაოს [ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა] კომპანია მაშინ დაიწყებს, როგორც კი მერია ტერიტორიას გამოყოფს. მერიამ ტენდერი 2018 წლის 23 აპრილს გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანია „ხობი 2005“-თან კი ხელშეკრულება 23 მაისს გააფორმა.

მერია რომ ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავდა, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ, მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა. მისივე განმარტებით, ბიზნესინკუბატორი იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს.

მერიამ პროგრამა ისე დააფინანსა, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ინკუბატორი სამრეწველო ზონაში, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო. ადგილმდებარეობაც, წესით, კვლევის შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.

[red_box]ამ თემაზე: 6-მილიონიანი პროგრამა – ვისთვის ქმნის ბათუმის მერია ბიზნესინკუბატორს[/red_box]

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული 50 077 კვ.მ ტერიტორია, სადაც ბიზნესცენტრის აშენება დაიგეგმა, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მერიას აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის მარტში გადასცა.

ლაშა კომახიძემ მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე [მიმდინარე წლის აპრილში] ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით ისიც განაცხადა, რომ „მერიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის დაგეგმარება. აქ, პირველ რიგში, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც მიყვანილი იქნება საწარმოო ქსელები, ეს იქნება 500-დან 1000 კვადრატამდე მეტრის სხვადასხვა საწარმოო ფართობები, სადაც მეწარმეებს შეეძლებათ გახსნან საწარმოები ან გადაიტანონ საკუთარი წარმოება. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ბიზნესცენტრს, რომელიც კონცენტრაციას გაუკეთებს მსუბუქი მრეწველობის დარგებს.“

რატომ გადაიფიქრა მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესცენტრის აშენება? – „ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდიოდით კონსულტაციებს შერჩეულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქონდა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაზეც უარი ვთქვით და გადავერთეთ მომიჯნავე ტერიტორიაზე. ამავე დროს იქ გადის შემოვლითი გზა და ამ ფაქტორიდან გამომდინარე მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა“, – მოგვწერეს მერიის პრესსამსახურიდან.

პროგრამის მიხედვით, ბიზნესინკუბატორის შესაქმნელად წელს 75 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. ცალკე 40 ათასი ლარია გათვალისწინებული საერთაშორისო ბიზნესცენტრის [საერთაშორისო ბიზნესინკუბატორის] მოდელის შემუშავებისთვის. ასეთი ბიზნესმოდელი ანუ კვლევის დოკუმენტი მერიას მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა შეემუშავებინა.

„რაც შეეხება მოდელს, უკვე შემუშავებულია და ასახულია სტრატეგიაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება,“ – მოგვწერეს ქალაქის მერიიდან.

თურქულ მხარესთან „მინივენებზე“ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს – ეკონომიკის სამინისტრო

თურქული მხარის მორატორიუმი – რომ არ დააჯარიმებდა ქართულ ავტომანქანებს, პირველ აგვისტოს დასრულდა. საკითხი იმ ავტომანქანებს ეხება, რომლებითაც საქართველოდან თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ და შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. საქართველო-თურქეთის შეთანხმება მგზავრთა გადაყვანისას გარკვეულ შეღავათებს აწესებს, თუმცა არა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

აღნიშნული შეთანხმებით „გადამზიდავმა  უნდა აიღოს ერთწლიანი ნებართვა, რათა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს რეგულარული რეისები და რეგულარული ტრანზიტული მიმოსვლა. მგზავრთა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მგზავრთა კომერციული გადაყვანის განსახორციელებლად შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყებიდან შესაძლებელია ერთწლიანი ნებართვის აღება. თურქეთში ამ დოკუმენტის აღება შესაძლებელია თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,“ – აცხადებენ ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

ხელშეკრულებაში, ტერმინი – „სატრანსპორტო საშუალება“ მგზავრთა გადაყვანის დროს ნიშნავს ავტობუსს ან ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გააჩნია არა უმცირეს 8 დასაჯდომი ადგილი მძღოლის ადგილის ჩაუთვლელად. ქართველი მძღოლები კი, რომელთაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ამბობენ, რომ მათ ექვსადგილიანი მინივენები აქვთ. ამიტომ, ამ ხელშეკრულებით მინივენებით მგზავრთა გადაზიდვა ვერ დარეგულირდება.

„ხელშეკრულებით – კლასი „M1“ [Mini Van], კატეგორია „В“, მგზავრთა რაოდენობა [7+1] – ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით,“ – განმარტავენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. აღნიშნული ხელშეკრულება 1995 წლიდან არის ძალაში.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან ზემოხსენებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და Mini Van-კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაციების დაწესების თაობაზე,“ – აცხადებენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა.

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის დეტალებზეც აღნიშნული პროცესის დასრულებამდე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ე.წ. „მინივენებს“, უშუალოდ ამ თემაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ამ ტიპის ავტომობილების საკითხს ხსენებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს,“ – მოგვწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.

რატომ არ ითვალისწინებს მოლაპარაკებები „მინივენების საკითხს“? – ამ კითხვაზე სამინისტროდან პასუხი არ გვაქვს.

შესაბამისად, „მინივენების“ ქართველი მძღოლები, რომლებსაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ თურქეთის შიდა კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქული მხარე უფლებამოსილია ისინი უკანონო საქმიანობისთვის დააჯარიმოს. 

ამ თემაზე:

რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი 

მთავარი ფოტო: დაჯარიმებული ავტომანქანები თურქეთში საჯარიმო ავტოსადგომზე. ფოტო „ბათუმელებს“ დაჯარიმებულმა მძღოლმა მოაწოდა /არქივიდან

 

 

როგორ შეიძლება გადაამოწმოთ ექიმის რეცეპტი

16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. პაციენტს, რომელიც ეჭვობს, რომ ექიმმა მას საჭიროზე მეტი მედიკამენტი გამოუწერა, შეეძლება ექიმის დანიშნულება პოლიფარმაციის ჯგუფთან გადაამოწმოს. პოლიფარმაციის ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანი მედიკამენტების ჭარბ მოხმარებასთან ბრძოლაა.

იმისათვის, რომ ექიმის დანიშნულება გადაამოწმოთ:

  • ექიმის დანიშნულება უნდა მოიცავდეს ხუთ და მეტ მედიკამენტს
  • დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა იყოს დაწყებული

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულების მატერიალური ფორმის არსებობისას ინფორმაცია უნდა მიუთითოთ თავად დანიშნულების ფურცელზე, ხოლო ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში -სისტემაში უნდა აირჩიოთ მკურნალობის სათანადო სტატუსი-მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). ამავდროულად, მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ შემთხვევაში, ის უნდა იყოს წაკითხვადი, ტექნიკური ხარვეზების გარეშე.

თუ პაციენტს სურვილი აქვს ელექტრონული რეცეპტი გადაამოწმოს,  უნდა შევიდეს ელექტრონული რეცეპტების სისტემაში.   ამ პორტალზე პაციენტი უკვე რეგისტრირებულია ელექტრონული რეცეპტის პირველად გამოწერის დროს.

  • სისტემაში შესვლისთვის საჭიროა აირჩიოთ გვერდი „პაციენტი“ და შესაბამის ველში მიუთითოთ პირადი ნომერი და პაროლი.
  • თუ პაროლი დაგავიწყდათ, შეგიძლიათ იხილოთ სამახსოვრო ბარათში, რომელიც გადმოგეცათ ექიმის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დროს.
  • მას შემდეგ, რაც თქვენ გაივლით ავტორიაზაციას და შეხვალთ სისტემაში, შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გადამოწმებისათვის აირჩიოთ ორი გზა. პირველი გზა: აირჩიეთ ველი „დანიშნულებები“, აირჩიეთ ქვეგვერდი „ვიზიტი“, სასურველი ვიზიტის მონიშვნის შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება კლავიშა „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევით იწყება განაცხადის შექმნა ამ ვიზიტის შესაბამის თარიღში გამოწერილი მედიკამენტების ერთობლიობაზე. 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დანიშნულების ატვირთვის ინსტრუქცია:

იმ შემთხვევაში, თუ რეცეპტი არ არის გამოწერილი ელექტრონულ ფორმატში, პაციენტმა ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების ფურცელი უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში, სადაც ოპერატორი დოკუმენტს ელექტრონულად ატვირთავს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სისტემაში და დანიშნულების ფურცელი ამ გზით გაიგზავნება პოლიფარმაციის შემსწავლელ ჯგუფთან.

დანიშნულებას განიხილავს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტყობინებას იღებთ განაცხადის გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მომართვის ფორმის შესაბამისად: ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არსებულ პაციენტის გვერდზე, ან აკითხავთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს – თუ დანიშნულება ატვირთული გაქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალიდან.

სანამ პაციენტი ელოდება ექიმის დანიშნულების გადამოწმებას, მანამდე იწყებს/აგრძელებს ექიმის მიერ მიცემული დანიშნულებით წამლების მიღებას.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმი არ ეთანხმება დანიშნულების განხილვის შედეგებს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დანიშნულების კორექტირებას, პაციენტი უფლებამოსილია  მას მისცეს ახსნა-განმარტება დანიშნულების თაობაზე. ამავდროულად, დანიშნულების გადამოწმების მიზნით, პაციენტს შეუძლია ხელმეორედ მიმართოს პოლიფარმაციის ჯგუფს.

თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იმავე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 5 შემთხვევა, მისი მონაცემები (სამუშაო ადგილის მითითებით) განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ სათანადო რეესტრში, ერთი წლის ვადით.

თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იმავე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 7 შემთხვევა, აღნიშნული ექიმის საკითხი განიხილება პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. განხილვის შედეგების გათვალისწინებით, პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, დასვას პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საკითხი აღნიშნული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის განხილვის თაობაზე.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა პაციენტის მიერ გაგზავნილ დანიშნულებაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზი, პოლიფარმაციის ჯგუფის სამდივნოს კლინიკური
ფარმაკოლოგების დასკვნის საფუძველზე დასაშვებია აღნიშნული საკითხი განხილულ იქნეს პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, იშუამდგომლოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

__________

მთავარი ფოტო: pexels 

რას ისწავლიან ხულოს პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტები

ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება.

პროფესიული კოლეჯი ხულოს საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, საჯარო სკოლის გვერდით დგას მეორე შენობა და სწორედ აქ განთავსდება პროფესიული სასწავლებელი.

შენობა 720 კვ.მეტრია, აქვს 154.5 კვ. მეტრი სარდაფი, სასწავლებელს დარჩება შენობის მიმდებარე ტერიტორიაც. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შენობა მთლიანად მოერგება თანამედროვე სტანდარტებს და მოდულურ სწავლებას.

„შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, იქნება პანდუსი და ადაპტირებული ლიფტი, სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები, მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელები. შენობის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 500 000 ლარი, რომელსაც შემდეგში დაემატება შესაბამისი სასწავლო ინვენტარის, სიმულატორებისა და ლაბორატორიების ღირებულება,“ – გვითხრეს სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში პირველ ეტაპზე ექვსი საგანმანთლებლო პროგრამა განხორციელდება. ესენია: ტურიზმი, ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, სატყეო საქმე, ვეტერინარია, თექის ოსტატი.

პროგრამით გათვალისწინებულია ინგლისური ენის სწავლებაც, დამატებით შესაძლებელი იქნება სხვა ენის შესწავლაც.

პროგრამების განხორციელებაში ჩართული იქნებიან პარტნიორი ქვეყნები – ესტონეთი და გერმანია, აგრეთვე გაეროს განვითარების ფონდი, რომლებიც უზრუნველყოფენ თავდაპირველად პედაგოგების გადამზადებას, ხოლო შემდეგ ეტაპზე პედაგოგთა და სტუდენტთა მობილობას განახორციელებენ პარტნიორ უცხოურ სასწავლებლებში.

სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერი შენობის რეაბილიტაციაზე უკვე გამოცხადებულია.  სწავლა პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყება.

თავდაპირველად კონტინგენტი განისაზღვრება 125-150 სტუდენტით. თითოეულ სასწავლო ჯგუფში შესაძლებელია ჩარიცხული იყოს მაქსიმუმ 15 სტუდენტი.

სასწავლო პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ორ ცვლაში. სწავლა იქნება უფასო და მიღება განხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ერთიანი წესით, სწავლების პროცესში მთავარი აქცენტი გაკეთდება პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრაქტიკულ კომპონენტზე.

ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

„ფინკა ბანკი“ განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტზე. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ან გამოდმოიტანოს დეპოზიტი „ფინკა ბანკში“ და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური – 9.73 %), ხოლო 12 თვით  – წლიური 11% (ეფექტური 11%).

დღეისათვის „ფინკა ბანკის“ საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველია იურიდიული პირებისთვის. ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტზე მინიმალური  საპროცენტო განაკვეთი იწყება 8,14%-დან (ეფექტური 8.94%), ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი  განისაზღვრება 10,74 % -ით (ეფექტური 10.22%).

„ფინკა ბანკი“ მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს, მათ შორის, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო და ანაბარი „მეტი სარგებელი“, რომელსაც, ლარში განთავსების შემთხვევაში, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5% ერიცხება (ეფექტური 12.32%).

დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებგვერდიდან www.FINCA.ge

წელს „ფინკა“ საქართველოს ბაზარზე ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და წლის ბოლომდე მრავალ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს.

ხე ზღვაში

დღეს, 2 აგვისტოს, გამთენიისას, მახინჯაურიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ხე წაიღეს. ხის გადასატანი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარკვეული პერიოდით ჩაკეტილი იყო ბათუმში შემოსასვლელი ცენტრალური გზა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ივანიშვილის დენდროპარკში მორიგი ხე გადააქვთ 2/08/2018

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

აჭარაში 4 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები ერთ შემთხვევაში, აჭარაში 4 600 კოლოფ, ხოლო თბილისში 3 500 კოლოფ უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

_____________

აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი

ოპტიმალური – ამ სიტყვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ყოველი მეორე წინადადების შემდეგ ამბობს; საქმის ოპტიმალურად, ოპტიმალური ხედვით კეთებას ეკონომისტებს უკვე შესწავლილი თეორია ავალდებულებსო – ამაზეც თვითონ გვითხრა. აპირებს ოპტიმიზაციას სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, რასაც გათავისუფლებებიც შეიძლება მოჰყვეს. მის გამინისტრებაში გამორიცხავს მამის ფაქტორს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად არჩილ ხაბაძის მთავრობაში მუშაობდა – ამბობს, რომ მისი შერჩევა იმ გამოცდილებამ და ხედვებმა განაპირობა, რაც მან დააგროვა.

  • ბატონო ჯაბა, ბოლო დღეებში აქტუალური საკითხით დავიწყოთ, ეთანხმებით მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომების დახურვაზე?

პროცესი თანხვედრაში იყო რეგლამენტთან, პროცედურულად ყველაფერი იყო სწორად. გამომდინარე აქედან, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემატურ საკითხს.

  • მას შემდეგ, რაც უკვე დაგამტკიცათ უმაღლესმა საბჭომ, თქვენი ბიოგრაფია გამოქვეყნდა. თუმცა მაინც გვინდა უფრო მეტი გავიგოთ თქვენს განათლებასა  და იმაზე, თუ რა გამოცდილებით მოხვედით მინისტრის თანამდებობაზე.

საქართველოში ორი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, ბათუმის უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია. უნივერსიტეტში შევისწავლე აღრიცხვა და საგადასახადო საქმე, ხოლო აკადემიაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მივიღე მაგისტრის ხარისხი. ვსწავლობდი სომხეთშიც, ეს იყო სპეცპროექტი, სადაც ჩართული იყო ტეხასის უნივერსიტეტი. შემდეგ განათლება გავაგრძელე ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში, სპეციალობით ფინანსური ეკონომიქსი და მაგისტრის წოდება გადმომეცა… გადავედი პოლონეთში, სადაც ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, ახლა ვარ ვარშავის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი. ჩემი მიმართულება აქაც ფინანსებია, მთელი ჩემი განათლება ტრიალებს ეკონომიკისა და ფინანსების ირგვლივ.

  • გამოცდილება?

ბრიტანეთში სწავლის პერიოდში სტუდენტური ვიზის ფარგლებში ვმუშაობდი, ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე ვაწყობდით პანელ შეხვედრებს საპენსიო თუ, ზოგადად, საინვესტიციო ფონდებისთვის. ხელფასს არ ვიღებდი – ეს იყო ფართთაიმი [ ნახევარი განაკვეთი]. შემდეგ სამუშაო გავაგრძელე პოლონეთში, „სითი ბანკის“ ვარშავის ოფისში, ჩვენ ვემსახურებოდით მსხვილ საპენსიო და საინვესტიციო ფონდებს – ამ ფონდების ადმინისტრირება გვევალებოდა. მე ვიყავი ფონდების მართვის სპეციალისტი. შემდეგ საქართველოში სამუშაო გავაგრძელე საკონსულტაციო კომპანიაში, ძირითადად საგადასახადო აუდიტთან მიმართებაში ვუწევდი კონსულტაციებს, შემდეგ გადავედი ისევ „თი ბი ეს კონსალთინგში“ – ეს ერთ-ერთი საინტერესო და ცნობილი კომპანიაა საქართველოში. შემდეგ „გრანდ ტორტონში“ – ეს არის დიდი ექვსეული და აქვს სხვადასხვა მიმართულება. მე აქ უშუალოდ მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი – „ბიზნეს ქონსალთინგის“ დეპარტამენტი მქონდა ჩაბარებული.

  • გამოდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამინისტროში თავდაყირა დააყენებთ ყველაფერს – ინოვაციური იდეები იქნება უახლოეს მომავალში?

არ მინდა ისეთი მოლოდინები შევქმნა, რომ ვაპირებ ახალი ველოსიპედის გამოგონებას. რა თქმა უნდა, ჩემამდე გუნდი მუშაობდა და ძალიან ბევრი პროცესი დალაგებულია. თუ იქნება სფეისი [ადგილი], რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება, ხედვები, რა თქმა უნდა, მაქვს…

  • დაგვიკონკრეტეთ ეგ ხედვები…

გვყავს ძალიან ბევრი გამოცდილი და მცოდნე კადრი, პროფესიონალები, ამ ეტაპისთვის საკმაოდ ოპტიმალური შემადგენლობით არის დაკომპლექტებული გუნდი. იმის თქმა მინდა, რომ დღეს არ გვეშლება ხელი, რომ საქმიანობა ოპტიმალურად წარვმართოთ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გაგრძელდება ოპტიმიზაციის პროცესი, რადგან ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს საჯარო სამსახურში. ამ ეტაპზე უფრო სტრატეგიულად ვუყურებთ ოპტიმიზაციის პროცესს თუ როგორ უნდა განხორციელდეს და როდესაც უკვე მზად გვექნება სტრატეგია, მერე შეგვეძლება სტრუქტურულად ჩავიდეთ და კონკრეტულ დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. შეიძლება იგივე ხარჯებით, იქნება ეს ხელფასები თუ სხვა ხარჯები, მივიღოთ იგივე შედეგი, რაც ბიუჯეტში გაგვაჩნია, ამით გავაკეთოთ უფრო დიდი საქმე ან შესაძლებელია ხარჯები შევამციროთ.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუ ხელფასი არ იქნება მაღალი, კარგი სპეციალისტები არ მოვლენ სამინისტროში სამუშაოდ – ხარჯების შემცირებას როცა ახსენებთ, ხელფასების შემცირებასაც გულისხმობთ?

ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ ყველაფერი, რაც ოპტიმიზაციის პროცესში იქნება შესაძლებელი, ეს იქნება ხელფასები თუ სხვა ხარჯები ნებისმიერი მიმართულებით. რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, ფაქტია, რომ საჯარო სექტორს აქვს კონკურენცია კერძო სექტორთან …

  • რას გულისხმობთ მეტ საქმეში, მეტი იდეა გჭირდებათ, თუ კონკრეტული დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება?

ყველა იმ ასპექტს მოიცავს, რაც ახლა თქვით, უფრო დაჩქარებულ რეჟიმში ხარისხიანად და ახალი იდეებით. ახალი ინვესტორების ძიება და, ზოგადად, ჩვენი საქმიანობის ფარგლების არეალის გაფართოება, ყველა ეს ასპექტი არის ამ ხედვაში.

  • ოპტიმიზაცია თანამშრომლების შემცირებასაც გულისხმობს?

დიახ, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ს(ს)იპი, ააიპი თუ სხვა სამსახურები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს მონახაზი, მაგრამ ვიდრე ეს არ იქნება დანახული კონკრეტული სურათიდან გამომდინარე, თითო მიმართულებაზე არ მინდა გავამახვილო ყურადღება. შემიძლია იმ მაგალითზე ვისაუბრო, რაც დღეს უკვე გავაჟღერეთ – ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური [მთავრობამ ეს სამსახური გააუქმა – ავტ].

მინდა გითხრათ, რომ სხვა მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გვესმის, რომ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და ჩვენც მაქსიმალურად ვითავისებთ ამას… არ მინდა გავასწრო მოვლენებს, თუმცა შემიძლია დავაანონსო და გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საკითხები, რასაც დღის წესრიგში დავაყენებთ ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.

  • ვინ შემოგთავაზათ მინისტრის თანამდებობა?

კომუნიკაცია მქონდა მხოლოდ და მხოლოდ ბატონ თორნიკესთან [რიჟვაძე], როდესაც უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა ჩვენი კომუნიკაცია.

  • იცნობდით მანამდე?

ვიცნობდი, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონდა. ბატონი თორნიკე გავიცანი სამი წლის წინ ფორუმზე. გავცვალეთ კონტაქტები და თვალს ვადევნებდით ერთმანეთის კარიერულ განვითარებას, ჩვენი კომუნიკაციის დროს მან მოითხოვა ჩემი cv და გამოცდილება…

  • რატომ დათანხმდით?

მარტივად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება და რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, უპირველეს ყოვლისა, იყო გამოწვევა, თუნდაც ახალი მიმართულებები, ეს ნამდვილად მომხიბვლელია ჩემი ცხოვრების წესისთვის. იმას თუ დავამატებთ, რომ ბავშვობაში უკრაინაში ვცხოვრობდი, მთლიანად რეგიონულ დონეზე უკვე მქონდა წარმოდგენა, თუ რა პროცესები მიდიოდა. მე მქონდა ხედვები თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყანა. როგორც ნორმალური სხვა ადამიანისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის წარმატება. არ მინდა ისე გამოვიდეს განსაკუთრებული პატრიოტული პათოსით, მაგრამ ნორმის ფარგლებში… კიდევ მინდა ვიხმარო სიტყვა ოპტიმალური. მე ხშირად ვხმარობ ამ სიტყვას.

  • შეგნებულად აკეთებთ ამას?

რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ვერ ვნახულობ სინონიმებს. ეკონომისტებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება არ არის კარგი, ან ცუდი, ან აღმაფრთოვანებელი, უნდა იყოს ოპტიმალური. მე მინდა ჩემი ნებისმიერი შეფასება აღქმული იყოს ასე, რომ ეს იყო ნათქვამი მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმალურობის ჭრილში დ არა სხვა რაიმე მიმართულებით. მე მაქვს ჩემი კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში უნდა ვიმოქმედო ოპტიმალურის ფარგლებში, ეკონომიკური თეორია მავალდებულებს ამ ტერმინზე გავაკეთო აქცენტი. მე ამ მიმართულებით მეცნიერმუშაკი ვარ.

  • უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გააკეთებთ ახალს, რას გულისხმობთ როცა ამბობთ, რომ გაქვთ სხვადასხვა ხედვა?

მსოფლიოში ბევრი გამოწვევაა და გლობალიზაციამ სამყარო წაიყვანა იქითკენ, რომ მხოლოდ ადგილობრივი პრობლემებით, ადგილობრივი საკითხების გადაჭრით თუ ვიქნებით დაკავებული, ჩვენ ამოვარდებით ამ გლობალური კონტექსტიდან. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებულიც ვართ და ეს კარგიც არის, რომ რეგიონში გვაქვს ასეთი ლოკაცია, მნიშვნელოვანია საქართველო ჯერ და შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დავინახოთ გლობალურ ჭრილში. ჩვენ გვინდა მეტი ინვესტორის და მეტი ტურისტის შემოყვანა საქართველოში. არის ასეთი ინგლისური გამონათქვამი „აუთ ოფ ბოქს“, რაც ნიშნავს ყუთის გარეთ – სწორედ აქ იყო ვფიქრობ უპირატესობა, რამაც ხაზი გაუსვა ჩემს კანდიდატურას.

  • რა გათვლები აქვს და რა მიმართულებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გლობალურ ჭრილში? 

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება, როგორც ცენტრალური მთავრობიდან, ასევე ჩვენც დავაანონსეთ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება. ვფიქრობ, ტურიზმის მიმართულება აშკარა აქტივია, რაც უკვე ჩანს, ხელისგულზე გვიდევს და იქნებოდა არასწორი, თუ ჩვენ ამ მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ და გადავალთ სხვა მიმართულებებზე. აშკარად გვაქვს ეს მარგალიტი, ტურიზმის სექტორი და ვფიქრობთ საინტერესო იქნება. სხვა დანარჩენი სექტორების, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, ამათი განვითარება მიბმული იქნება ტურიზმის სექტორთან. მნიშვნელოვანია, რომ აჭარა გახდეს საინტერესო წლის ოთხივე სეზონზე. მოგეხსენებათ ასევე თავმჯდომარემ დაანონსა სპორტული ტურიზმის განვითარება და ვფიქრობთ ამ მიმართულებასაც დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ტურისტული პროდუქტების და სერვისების გამრავალფეროვნება. ამ სექტორში არსებული ხარისხის სტანდარტის ზრდა.

  • რაიმე ახალი გაქვთ მოფიქრებული? – ტურიზმის დეპარტამენტი ფულს ხარჯავს ევროპაში ბილბორდების განთავსებაში, ამ ქვეყნებიდან ტურისტები რომ ჩამოვიდნენ. იმაზე გვითხარით, თქვენი ახალი გზა რაში მდგომარეობს? 

გეტყვით, ჩვენ აქამდე რა ტიპის მესიჯს ვუგზავნიდით ინვესტორს ან ტურისტს? – საქართველო არის ძალიან კარგი ქვეყანა ჩამოდი დაისვენე, ან აქ არის სხვადასხვა ტიპის შეღავათი, მეგობრული ხალხი და ასე შემდეგ – ეს არის უფრო ჯენერალმესიჯი, ზოგადი მესიჯი. ჩემი ხედვაა, რომ უნდა მოხდეს სეგმენტაცია, ჩვენ უკვე გამოვავლინეთ კომპანია, რომელიც გამოავლენს 12 ქვესექტორს. შემდეგ უკვე შემუშავდება კონკრეტული საინვესტიციო პროექტები, კონკრეტული წინადადებები, კონკრეტულ ინვესტორებთან. ზოგადიდან გადავალთ კონკრეტიზაციაზე.

  • უფრო ნათელი რომ გახდეს, რაშია ამ იდეის უპირატესობა, მაგალითი დამისახლეთ…

ჩვენ გვინდა ტურისტების დივერსიფიცირება, ავიღებ ევროკავშირიდან  შემოსულ ტურისტებს, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა და სხვადასხვა ტიპის ასპექტის მიბმა ამ თვალსაზრისით. ევროკავშირში უნდა გავაკეთოთ ჩვენ სეგმენტაცია, თუ ვინ არის ყველაზე აქტიური ტურიზმის მიმართულებით და ვის აქვს რეალურად შემოსავლები. თუ ჩვენ შევისწავლით საკითხს, დავინახავთ, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულები არიან ტურისტულად ყველაზე აქტიური და ფინანსურად უზრუნველყოფილი ჯგუფები.

Exit mobile version