მთავარი,სიახლეები

„მარტო რეცეპტით განსაზღვრა რთულია“ – სპეციალისტები ექიმების „შავ სიაზე“

15.06.2018 • 2378
„მარტო რეცეპტით განსაზღვრა რთულია“ – სპეციალისტები ექიმების „შავ სიაზე“

პირველი ივლისიდან საქართველოში ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ექიმთან ვიზიტის შემდეგ ე.წ. დანიშნულების გადამოწმება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან. ექიმი, რომელმაც პაციენტს შეუსაბამოდ ბევრი წამალი გამოუწერა, შესაძლოა „შავ სიაში“ მოხვდეს.

როგორ იმუშავებს ახალი მექანიზმი? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტმა რეცეპტი გადასამოწმებლად სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ელექტრონულად უნდა მიაწოდოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოს ბეჭდური რეცეპტი. მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად სამედიცინო რეგულირების სააგენტოში ფარმაკოლოგებითა და ტექნიკური სპეციალისტებით შემდგარი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მიღებულ ინფორმაციას დაამუშავებს.

თუკი დადგინდება, რომ დანიშნულება გადამოწმებას საჭიროებს, პაციენტი ხელახლა მივა ექიმთან. ექიმმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არ სჭირდება შეცვლა მის მიერ ხელმოწერილ დანიშნულებას.

თუ ექიმის დასაბუთება პაციენტს დამაჯერებლად არ მოეჩვენება, მას შეუძლია ხელახლა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი დარგობრივ ექსპერტებს მოიწვევს და ექიმმა უკვე ამ ჯგუფს უნდა წარუდგინოს საფუძვლიანი არგუმენტაცია, რატომ არ შეუცვალა პაციენტს დანიშნულება. თუკი ექიმი არც ამ ჯგუფის დასკვნას არ გაითვალისწინებს, ექიმის სახელი და გვარი სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე არსებულ რეესტრში, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდება.

სამინისტროში ამბობენ, ჯგუფი, რომელიც რეცეპტების მიღებასა და დამუშავებაზე იმუშავებს, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში შეიქმნება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი შტატი იქნება დაშვებული სამუშაო ჯგუფისთვის. აქ ამბობენ, რომ თუ სამინისტროს მექანიზმზე დიდი მოთხოვნა იქნება, ჯგუფს გაზრდიან.

ჯანდაცვის სპეციალისტები „ბათუმელებთან“ სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა შენიშვნებიც აქვთ. მათი თქმით, ამ გზის გავლა პაციენტს არ დასჭირდებოდა, ქვეყანაში  ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა სრულად და გამართულად რომ მუშაობდეს.

„თუ ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა გამართულად იმუშავებს მთელს ქვეყანაში, ყველა მედიკამენტი, რასაც, მაგალითად, ოჯახის ექიმი გამოწერს, აისახება ელექტრონულ სისტემაში და შემდეგ კეთდება ანალიზი – თუ თითოეულ შემთხვევაზე რა მედიკამენტი გამოწერა, რამდენი, ხომ არ არის ეს ექიმი შეკრული რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთ ანალიზს სჭირდება გამართული ელექტრონული სისტემა.

ელექტრონულ ჯანდაცვაზე ღონისძიებები სამინისტრომ დაიწყო, მაგრამ ამან ეფექტურად ვერ იმუშავა, რადგან ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის სისტემისთვის.

როცა რაღაცას ვერ აკეთებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაშინ ალტერნატიული მეთოდი უნდა გამოიყენო. ეს შედარებით დაბალხარჯიანი მეთოდია, უფრო ჩვენნაირი, გაჭირვებული ქვეყნებისთვის, მაგრამ აუცილებელია, რაღაც გზით მაინც გაკონტროლდეს ეს სიტუაცია“, – ამბობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა.

იდეა მოსწონს ჯანდაცვის ექსპერტ ირაკლი სასანიას. თუმცა ეჭვობს, რომ ინფორმაციის დამუშავება რიგ შემთხვევებში შესაძლოა რთული აღმოჩნდეს:

„ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა იქნეს განხილული, რიგ შემთხვევაში მარტო რეცეპტით განსაზღვრა რთულია, მნიშვნელოვანია პაციენტის სტატუსი. ვფიქრობ, ყველა შემთხვევის განხილვა ერთ ჭრილში რთული იქნება. ასევე, შეიძლება პაციენტმა ჩათვალოს, რომ მას ბევრი წამალი გამოუწერეს და შეიძლება ძალიან დიდი ინფორმაცია მიაწყდეს სამინისიტროს – ამ ინფორმაციის მართვა გაჭირდება.  არ ვიცი, რამდენად ეყოფა ადამიანური და ტექნიკური რესურსი სამინისტროს და ეს რესურსი რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულ შემთხვევებში, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება სამინისტროს, შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს“.

ირაკლი სასანია ამბობს, რომ უკეთესი გზა პოლიფარმაციის გასაკონტროლებლად ელექტრონული რეცეპტების ანალიზი იქნებოდა: „უბრალოდ, ეს უნდა იყოს დანერგილი ძალიან ინტენსიურად. ელექტრონული რეცეპტების სისტემის ანალიზით გამოჩნდება საერთო ტენდენცია, რა წამლებს წერენ, რომელი კლინიკები, რომელი ექიმები…  შემდგომ ალბათ უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო კურსები, ტრენინგები, რომელიც გამოასწორებს ამ მდგომარეობას. ვფიქრობ ეს უფრო ეფექტური გზა იქნება. ასევე, რიგ შემთხვევაში ისევ ხდება ანტიბიოტიკების ურეცეპტოდ გაცემა აფთიაქებში, ისევ დაიწყო ეს მანკიერი წრე, ამიტომ ამაზე კონტროლის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.“

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმის ამუშავების ერთ-ერთი მიზეზი სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომელმაც გამოავლინა შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: