სად წავიდეთ წვიმის დროს ბათუმში


წვიმა აჭარის სანაპიროს კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და თუ ზაფხულში ბათუმში ჩამოსულს მზიანი ამინდის ნაცვლად წვიმა დაგხვდათ, ფერადი საწვიმარი მოისხით და ბათუმის მუზეუმებს, კინოს, თეატრს, სავაჭრო ცენტრებს ესტუმრეთ ან სულაც ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნეთ და ქალაქის არქიტექტურას გაეცანით.

ჩვენ შევეცდებით ის ადგილები გირჩიოთ, სადაც წვიმიან ამინდშიც შეძლებთ ბათუმში დროის საინტერესოდ გატარებას. მაშ ასე, სად შეიძლება წავიდეთ ბათუმში წვიმიან ამინდში:

მუზეუმები

ქობულეთი, ფიჭვნარი. ძვ. წ. V ს ბერძნული სამაროვანი. ახალგაზრდა ქალის სამარხი (სამარხი №261, „ასპასია“). ოქროს ყუნწიანი მინის, ქვისა და ოქროს პირამიდისებრი საკიდები.

ბათუმში ათამდე მუზეუმია, მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარულია. მაგალითად, არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობათა და სხვა უნიკალური ექსპოზიციების დათვალიერების გარდა ჩვენს ერამდე აღმოჩენილი სამკაულების ასლების შეძენაა შესაძლებელი. აქვე არსებულ სახელოსნოში კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასებიც ტარდება ტურისტებისთვის.

ასევე შეიძლება ესტუმროთ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, სადაც XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალებია დაცული. ამ მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია.

ასევე გირჩევთ ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს ეწვიოთ, სადაც ძველ ბათუმში ნავთობის მაგნატების – ძმები ნობელებისა და აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეების გარდა “კოსმოსური სივრცეც” არის, სადაც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – “რეფლექტორული ანტენის” და მისი გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსისა და გენერალ-მაიორის, ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

კიდევ ერთი ადგილი წვიმიან ამინდში ვიზიტისთვის ბათუმის ხელოვნების მუზეუმია, სადაც პერსონალური, ჯგუფური და რეტროსპექტული გამოფენები ეწყობა. პროგრამის ნახვა კი მუზეუმის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

კინო და თეატრი

ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრია – “აპოლო”, რომელიც მემედ აბაშიძის 17 ნომერში, ისტორიულ შენობაში მდებარეობს. კინოსეანსები დღის ყველა მონაკვეთშია ჩანიშნული, ფილმების ჩამონათვალი კი “აპოლოს” ფეისბუქის გვერდზეც შეგიძლიათ იხილოთ.

ბათუმში არის 12D კინოთეატრიც, თუმცა აქ მხოლოდ რამდენიმეწუთიანი ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ ოღონდ მოძრაობის, ქარის დაბერვის, წყლის შხეფებისა და სხვა ეფექტებით. 12D კინოთეატრი სავაჭრო ცენტრ “ბათუმი მოლის”  (გორგილაძეს 88 ) მეორე სართულზე მდებარეობს.

რაც შეეხება თეატრს, ბათუმში რამდენიმე თეატრია, მათ შორის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი, რომლის გარემონტება რამდენიმე თვეში დასრულდება. იქამდე კი შეგიძლიათ დრამატული თეატრის “ახალ სცენას” ესტუმროთ. იგი დაახლოებით  სამი წლის წინ გაიხსნა თეატრის ყოფილ სადურგლოში, სულ სხვა მისამართზე (მელაშვილის ქუჩის 32 ნომერი).  ერთსართულიანი შენობის ახალი და პომპეზურობას მოკლებული გარემო უფრო თანამედროვე სპექტაკლებზეა მორგებული.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის  “თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს” გირჩევთ. რომელიც მემედ აბაშიძის 49 ნომერში მდებარეობს. თეატრის აფიშას მის ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

ცხოველები

ბათუმის ზოოპარკის გარდა, რომელიც ცენტრალურ პარკში ღია სივრცეში მდებარეობს,  “ბათუმი მოლში”, მე-4 სართულზე, არსებობს პატარა კონტაქტური ზოოპარკი – “ზოოტოპია”, სადაც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად მიხვიდეთ და იქვე ნაყიდი ბოსტნეულით თქვენი ხელითვე გამოკვებოთ ზღვის გოჭები, ზღარბები, ბაჭიები, თუ სხვა უწყინარი ცხოველები. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თუთიყუშები და წიწილები, ციყვი, ქამელეონი, გველი, ლემური და სხვადასხვა პატარა ჯიშის მაიმუნები.

გარდა ამისა, ბათუმში ნებისმიერ ამინდში მუშაობს დელფინარიუმი,  დელფინების შოუ – ყოველდღე 16:00, 19:00 და 21:00 საათზე ეწყობა. დელფინარიუმი ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარეობს და აქ მსურველებისთვის დელფინებთან ცურვაც არის შესაძლებელი [(15 წუთი): 5–დან 16 წლამდე – 100 ლარი, 16 და უფროსი ასაკის – 150 ლარი], საამისოდ წინასწარ უნდა ჩაეწეროთ.

 

შოპინგი

ბათუმში ბევრი მაღაზიაა, რომელთა ჩამოთვლასაც არ მოვყვებით, თუმცა მიგასწავლით სამ სავაჭრო ცენტრს, სადაც რამდენიმე ბრენდია თავმოყრილი. ესენია: “ბათუმი მოლი”, “მეტრო სითი” და “შავი ზღვის მოლი”.

“ბათუმი მოლი” გორგილაძის ქუჩის 88 ნომერში მდებარეობს. ჰიპერმარკეტის გარდა აქ  განთავსებულია ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, სახლისთვის საჭირო ნივთები, სუვენირები, სათამაშოები, სილამაზის სალონები, ესთეტიკის ცენტრი, ფიტნესდარბაზი და კვების ობიექტები.

“მეტრო სითიში” ძირითადად ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებია წარმოდგენილი, ასევე სწრაფი კვების ობიექტები და ბავშვთა გასართობი ცენტრი Playland-ი, სადაც ბავშვებთან ერთად უფროსებსაც შეუძლიათ გაერთონ, ან პატარები ანიმატორებს მიაბარონ. “მეტრო სითი” ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარეობს.

სავაჭრო ცენტრი “შავი ზღვის მოლი” ტბელ აბუსერიძის ქუჩის 22 ნომერში მდებარეობს, აქ განთავსებულია ჰიპერმარკეტი, სწრაფი კვების ობიექტი, ტანსაცმლის, აქსესუარების, სათამაშოებისა და სუვენირების მაღაზიები.

და, რა თქმა უნდა, წვიმიან ამინდში კაფეებს შეიძლება შეაფაროთ თავი, მათი არჩევანი ბათუმში დიდია და ყველა გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობის დამსვენებლისათვის მოიძებნება შესაფერისი ადგილი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან