მთავარი,სიახლეები

იყიდება თუ არა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

03.08.2018 • 4708
იყიდება თუ არა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

კომპანიას, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეკუთვნის, აღარ აქვს ვალდებულება დაწესებულებას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰოსპიტლის ყიდვით თუ მრავალწლიანი იჯარით აღებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ჰოსპიტლის მესაკუთრეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰოსპიტლის პროფილის შეცვლასა და შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაციას ამ სამედიცინო დაწესებულებაში კატეგორიულად უარყოფენ.

„ჰოსპიტალი ჩვეულებრივად უწყვეტად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას, სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით, ამასთან, არანაირი პროფილის შეცვლის გეგმა არ არსებობს და არც არის ასეთი სამომავლო ინტერესი. ჰოსპიტალში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა ამ ეტაპისთვის 450-ს აღემატება. მათ ძირითად ნაწილთან დადებულია გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვეულებრივ გრძელდება. რაც შეეხება სტაციონარის სანებართვო მოწმობასა და მოწმობის დანართებს, განგიმარტავთ, რომ ის არის უვადო,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაწესებულების იურისტმა, ლევან სიამაშვილმა.

რაც შეეხება ჰოსპიტლის გასხვისებას, ლევან სიამაშვილი აცხადებს, რომ „ინფორმაცია გასხვისებასთან თუ მრავალწლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით არ არის სინამდვილე. ეს არის მიზანმიმართულად აგორებული დეზინფორმაცია ჰოსპიტლის საწინააღმდეგოდ, ორგანიზაციის იმ არაკეთილმოსურნეთა მხრიდან, რომელთა მიზანია, როგორც ჩანს ის, რომ შექმნან არასტაბილურობის განცდა დაწესებულებაში, მაშინ, როცა დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული სამედიცინო დაწესებულებაა“.

ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰოსპიტლით ამ ბოლოს დაინტერესებულია შპს „ბლოკ-ჯორჯია“, თუმცა, ლევან სიამაშვილის თქმით, „არანაირი მოლაპარაკება არ არის კომპანიასთან [შპს „ბლოკ-ჯორჯია“-ავტ], რომელსაც თქვენ ასახელებთ“.

ინფორმირებული პირის თქმით კი, მოლაპარაკება ამ კომპანიასთან არ შედგა, ვინაიდან ჰოსპიტლის მესაკუთრეებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა კომპანიის შეთავაზება. „ბათუმელები“ „ბლოკ-ჯორჯიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა მისგან ამ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ.

ჰოსპიტლის შეძენით ბათუმში კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია იყო დაინტერესებული, თუმცა მოლაპარაკება აქაც ფასის გამო არ შედგა. „ჩვენ გვყავს პარტნიორი, რომელიც მუშაობს სამედიცინო კუთხით და გაჩნდა იდეა, აგვეღო ეს ჰოსპიტალი [რა თქმა უნდა, პროფილის შენარჩუნებით, თორემ იქ ახალი მშენებლობისთვის ადგილი არც არის, მთლიანად ათვისებული აქვთ]. თუმცა, იდეა იდეად დარჩა, იმდენად მაღალი თანხა დაასახელეს ჰოსპიტლის მესაკუთრეებმა“, – გვითხრეს სამშენებლო კომპანიაში და ითხოვეს, რომ რადგან გარიგება არ შედგა, მათი ვინაობა არ დაგვესახელებინა.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მფლობელი – შპს BROTHERS-ი თურქეთის მოქალაქეებმა ბათუმში 2012 წელს დააფუძნეს.

„BROTHERS“-სა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, კომპანია ვალდებული იყო შენობისთვის სამედიცინო დაწესებულების პროფილი შეენარჩუნებინა „მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში და დაესაქმებინა საქართველოს 300 მოქალაქე“.

ბათუმში თურქული ინვესტიციით ახალი ჰოსპიტლის გახსნა 2014 წლისთვის იგეგმებოდა [ერთი ვერსიით, ინვესტორს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში ხელოვნურად უშლიდნენ ხელს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის აღებაში, რასაც ჰოსპიტალში უარყოფდნენ]. საბოლოოდ ჰოსპიტალი 2016 წლის პირველ თებერვალს გაიხსნა, შესაბამისად, პროფილის შენარჩუნების ვალდებულება კომპანიას 2018 წლის პირველი აგვისტოდან აღარ აქვს.

მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალი გაიხსნა, შიდა მენეჯმენტი BROTHERS-ის პარტნიორებმა რამდენჯერმე შეცვალეს. ბოლო ცვლილება ოთხი თვის წინ, 2018 წლის 30 მარტს განხორციელდა, როცა დაწესებულების დირექტორები, მათ შორის ისმეთ დინდარი [რომელიც კომპანიის 10% წილის მფლობელიცაა] გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დირექტორებად სხვები დანიშნეს. პარტნიორების გადაწყვეტილებით, ისმეთ დინდარი ჰოსპიტალში მუშაობას აგრძელებს მუდმივი [უვადო] შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

კომპანიას სასამართლოშიც ედავებიან, რის გამოც სასამართლომ ჰოსპიტალს აუკრძალა უძრავი ქონების გასხვისება და მისი იპოთეკით დატვირთვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით იურისტი ლევან სიამაშვილი აცხადებს: „ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჰოსპიტლის არგუმენტირებული საჩივრის საფუძველზე [რომელიც სრულად დაკმაყოფილდა] გააუქმა მის მიერვე მიღებული განჩინება უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკის აკრძალვაზე… რაც შეეხება მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ინდივიდუალურ შრომით დავას, რომლის დეტალებზე საუბარი საჯაროდ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი არ არის“.

შპს „BROTHERS“-ი ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, 15 005 კვ/მ მიწის ფართობს და 10 103 კვ/მ საერთო ფართობის ნაგებობებს [მათ შორის ჰოსპიტლის შენობას] ფლობს.

შპს „BROTHERS“-ის წილებს ფლობენ: „აიკონ გრუპი“ – 45% [თავის მხრივ, აიკონ გრუპის 100% წილის მფლობელია სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთი“, რომელიც თურქეთშია რეგისტრირებული], ერქან ოზმენი – 22,5%, ბურაქ ბაშლილარი – 22,5% და ისმეთ დინდარი – 10%.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი / 3.08.2018 / ლელა დუმბაძის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: