Batumelebi | შსს: თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი და კიდევ ორი პირი დააკავეს შსს: თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი და კიდევ ორი პირი დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

შსს: თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი და კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი – 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს დაბადებული კ.თ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შედგინა“ – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com