მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა გადაწიეს

24.12.2025
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა გადაწიეს

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 20 იანვრამდე გადაწიეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა და წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 22 დეკემბერი იყო.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გატყობინებთ, რომ ბათუმი-სარფის გზის პროექტი, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა სატენდერო მოწვევაში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 იანვარი 16:00 სთ [თბილისის დროით].“ – წერია გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე. დეპარტამენტი ვადის გადაწევის მიზეზს არ უთითებს.

  • განახლება: ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. „სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 თებერვალი 16:00 სთ (თბილისის დროით)“ – წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში..

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტი კონსულტანტებსაც იწვევს. განსახლების გარე მონიტორინგის, გარემოს დაცვისა და პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტების მომსახურებაზე ინტერესების გამოსახატად კი განცხადებები ჰქონდა გამოქვეყნებული.

ვრცლად: ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა – დეპარტამენტი განსახლებისა და სხვა სკითხებში კონსულტანტებს იწვევს

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბათუმი-სარფის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი. [2026-2029 წლების კაპიტალური ბიუჯეტის დანართის მიხედვით კი, ბათუმი-სარფის გზისთვის ჯამში 895 მილიონი ლარია გაწერილი შემდეგნაირად: 2025 წელს – 35 მილიონი, 2026 წელს – 160 მილიონი, 2027 წელს – 200 მილიონი, 2028 წელს – 250 მილიონი და 2029 წელს – 250 მილიონი ლარი].

ბათუმი–სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.

ახალი გზა დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით კი, ამ გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.

ამ თემაზე:

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია – გზების დეპარტამენტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: