„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას.
„დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, ისინი ისევ იღებდნენ სოციალურ დახმარებას.
ასეთი იყო მდგომარეობა. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“, – განაცხადა კობახიძემ დღეს, 25 მაისს, ჟურნალისტებთან.
ის, რომ 300-ლარიან დასაქმების პროგრამას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული რესურსს, ამაზე თავად მოქალაქეებიც საუბრობდნენ. მაგალითად, 2023 წელს „ბათუმელებთან“ სოციალური პროგრამით დასაქმებულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ფიქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩაბმული და ეს ვერ შეცვლიდა მათ სოციალურ მდგომარეობას.
„მე ქართულ ოცნებაში ვარ, კოორდინატორად ვმუშაობ,“ – ამბობდნენ აღნიშნული პროგრამით „დასაქმებული“ ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
„ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დასაქმების პროგრამის გაუქმებაზე საუბარი 2024 წლის არჩევნების შემდეგ გააჟღერა პირველად. 2026 წლისთვის კი ეს პროგრამა გააუქმეს.
მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში დასაქმება შემცირებულია, მოსახლეობა კი სიღარიბეზე, უმუშევრობასა და მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობს, კობახიძე მაინც ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე მილიარდით არის გაზრდილი ბოლო 2-3 წელიწადში.
„დღეს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2025 წლის სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 7.1%-მდე შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს, შვიდნახევრიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 90 000-მა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე.
2020 წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ლარში, 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში, 16 მილიარდიდან, 38 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენ არა მარტო რეგიონში, ევროპის მასშტაბითაც ვარ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდით.
2020 წელს, ჩვენი მოსახლეობის ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი და დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები შეიტანეს ბიუჯეტში ჩვენმა მოქალაქეებმა“, – ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ ქვეყანაში 7 %-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 280 000 მოქალაქე, ისევ სიღარიბეში რჩება.






