მთავარი,სიახლეები

„პროპაგანდას არ აქვს მორალი“ – ივანიშვილი ფოტოზე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად

26.05.2026
„პროპაგანდას არ აქვს მორალი“ – ივანიშვილი ფოტოზე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად

„პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ისენი მოყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“.

დღეს, 26 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოსახა 26 მაისის ქარდზე.

რა მიზანი აქვს „ოცნებას“, როცა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს ივანიშვილთან ერთად გამოსახავს ფოტოზე? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ლაშა ბუღაძეს.

„აქ ისტორიაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის პროპაგანდა და მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი არც ამ ქარდზე აქცენტის გაკეთება და მითუმეტეს, ამ ქარდის გადმოტანა სოციალურ ქსელებში, რადგან მათი მიზანი ეს არის. ადამიანები ხშირად აზრს არ ატანენ ხოლმე ამას, თუმცა შემდეგ, ეს როგორც ვიზუალური ხატი იბეჭდება მათ მეხსიერებაში და მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორ ვაფასებთ ამას, მაინც ხდება ხოლმე ჩვენი აღქმების ნაწილი. მათი მიზანია, რომ ეს ადამიანების თავში ჩაიბეჭდოს“- ამბობს ლაშა ბუღაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად იწვევს სარკაზმს და, შესაძლოა, ბრაზსაც? – ვკითხეთ მას. ლაშა ბუღაძის შეფასებით, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს პროპაგანდისთვის.

ლაშა ბუღაძე

„პროპაგანდამ შექმნა იმიჯი, ჩვენ კიდევ, ამ წლების განმავლობაში ვეღარ ვისწავლეთ ის, რომ არ უნდა ავყვეთ ამათ პროპაგანდისტულ ხრიკებს. ეს კიდევ ცალკე ღრმა პრობლემაა ჩვენი, რომელზედაც დისკუსიები მართლა საჭიროა.

ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პროპაგანდას არ აქვს არანაირი ინტელექტუალური ამბიცია. ეს არ არის ღრმა მეცნიერება. პროპაგანდა არის ბრტყელი, ზედაპირული და მისი მიზანი არის მარტივი: აი ეს იმიჯი, ეს ხატი, უნდა ჩაიბეჭდოს ადამიანის აზროვნებაში. ეს ჩაბეჭდილი ხატი რაც უფრო გავრცელდება და რაც უფრო მეტად ციტირდება, მით უფრო კმაყოფილი დარჩება პროპაგანდისტი, რომელიც ამ ქარდს ავრცელებს.

რთულია ადამიანებს მოსთხოვო, რომ არ აღშფოთდნენ ამაზე იმიტომ, რომ კრეტინიზმია თავისთავად და ბუნებრივია, დაცინვის, აღშფოთების და დაგმობის სურვილს იწვევს, მაგრამ ეს არ აინტერესებს პროპაგანდას.

პროპაგანდას აინტერესებს ჩვენს მეხსიერებაში ჩარჩეს ეს ხატი. დარწმუნებულები იყავით, რომ ძალიან ბევრი ადამიანისათვის ეს გარკვეული მოდელი ძალიან ჩვეულებრივად იქნება აღქმული. ასეთი ხალხი შეიძლება უმრავლესობა არ არის საქართველოში, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ პროპაგანდამ გარკვეულ წრეში ან სოციუმში მიაღწიოს თავის მიზანს.

ზოგადად რომ ვთქვათ, პროპაგანდა ცხადია ცდილობს ისტორიის გაყალბებას. პარლამენტის ფასადზე ვნახეთ ხომ რა არის – 1700 წელი გაქრისტიანებიდან, ეს ბილბორდია და ილია მეორის პორტრეტია გამოფენილი. ერთი დროშაც არ არის ევროკავშირის და უბრალოდ ისტორიული უსამართლობა და უმსგავსობაა, საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციებში, რომ 26 მაისს არ არის ნახსენები საქართველოს პირველი რესპუბლიკა.

26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ 1918 წლის 26 მაისიდან, როცა დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ვთქვათ, ნოე ჟორდანიას არ ახსენებენ, მაგრამ, როგორ შეიძლება არ ახსენო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, რომელიც საერთოდ 26 მაისს არის დაბადებული. 1700 წელია ხსენებული ქრისტიანობის, ხომ?! გასაგებია, რომ ილია მეორე ახლახანს გარდაიცვალა, მაგრამ ქრისტიანობა უკავშირდება წმინდა ნინოსაც, ქალს.

ანუ, აღარც წმინდა ნინო, აღარც პირველი რესპუბლიკა, აღარც ზვიად გამსახურდია… მარტო არის ივანიშვილი და მათი რაღაც სუროგატული ირანიზაცია, სადაც მარტო მღვდლები, თავიანთი პატრიარქი შიო მესამე და „ქართული ოცნებაა“, ეს უნდათ, რომ ჩაებეჭდოთ ადამიანებს გონებაში და ეს ძალიან სახიფათოა.

საჭიროა გარკვეული იმუნიტეტი და უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ასეთ პროპაგანდაზე, რომ უნებლიედ არ დავეხმაროთ ამის გავრცელებაში. ბუნებრივია, ამას სჭირდება ისევ და ისევ დაუღალავად საუბარი რეალურ, ნამდვილ ისტორიაზე. აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ის, რომ საზოგადოების ძალიან ფართო წრეებში იყოს მიტანილი ნამდვილი ამბავი, ნამდვილი ისტორია და არა ეს ტყუილი“- ამბობს ლაშა ბუღაძე.

მისი თქმით, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის აგრესიული უმცირესობა, რომელთაც რეპრესიული, პოლიციური მექანიზმებით და ფულით მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველოს უმრავლესობა.

„ამიტომ, ჩვენ ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ 26 მაისზე, რომელიც დაიბადა 1918 წელს და მისი აღდგენა მოხდა ეროვნული მოძრაობით 80-იან წლებში და რომ არ ყოფილიყო გერმანია, არ იქნებოდა 1918 წლის 26 მაისი.

გერმანია და გერმანიის ელჩი ფიშერი დღეს მტრად ჰყავს გამოცხადებული „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში გერმანია იყო ჩვენი პირველი ზურგი დამოუკიდებლობის სხვა ქვეყნებთან ერთად.

ასევე, 90-იანი წლებიდან, უბრალოდ შიმშილისგან და სრული კატასტროფისგან გადაარჩინეს საქართველო. ჩვენ ვილაპარაკოთ ნამდვილი ამბავი მერაბ კოსტავაზე, გამსახურდიაზე, ჟორდანიაზე და ამათ იბოდონ რაც უნდათ. ჩვენ ნუ დავეხმარებით მათ ბოდვების გავრცელებაში.

ჩვენ დავდოთ ჩვენი ქარდები და როგორც ლევილში შეინახეს ემიგრანტებმა მთელი 70 წლის განმავლობაში 26 მაისის და დამოუკიდებლობის მეხსიერება საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, ასე შევინახოთ ჩვენც. ყველამ – ჟურნალისტებმა, მწერლებმა, მსახიობებმა, პედაგოგებმა უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობის იდეა და დავიცვათ ფალსიფიკაციისგან“ – ამბობს ლაშა ბუღაძე.

მისი შეფასებით, პროპაგანდა ცდილობს ქრისტიანობასთან დააკავშიროს ივანიშვილი.

„კობახიძემ კი რუსი გავრილოვი ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის სავარძელში, მაგრამ პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ესენი მოჰყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს ლაშა ბუღაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: