მთავარი,სიახლეები

პოლონეთის საგარეო ორბანს ნატოსა და ევროკავშირიდან გასვლას სთავაზობს

29.07.2024
პოლონეთის საგარეო ორბანს ნატოსა და ევროკავშირიდან გასვლას სთავაზობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტეოფილ ბარტოშევსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკას „ანტიევროპული, ანტიუკრაინული და ანტიპოლონური“ უწოდა. შესაბამისად, მან ორბანს ევროკავშირის დატოვება და პუტინთან ალიანსი შექმნა შესთავაზა.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემა ეყრდნობა ონლაინ პორტალ Onet.pl-ს, რომელმაც პოლონელი დიპლომატის ციტატები 28 ივლისს გამოაქვეყნა.

„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს დარჩეს იმ ორგანიზაციების წევრად, რომლებიც მას ასე არ მოსწონს და რატომ არ ქმნის ის [ორბანი] ალიანსს ვლადიმერ პუტინთან და ამ ტიპის სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან?“ – თქვა ბარტოშევსკიმ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 27 ივლისს გააკრიტიკა ევროკავშირისა და მთელი დასავლეთის პოლიტიკა, ხოლო პოლონეთის პოლიტიკას „თვალთმაქცობა“ უწოდა. უნგრეთის მთავრობის მეთაურმა კვლავ შეაქო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები, გამოვიდა რუსეთის მხარდასაჭერად და თქვა, რომ უკრაინა სავარაუდოდ „არ გახდება ევროკავშირის ან ნატოს წევრი“.

გარდა ამისა, ორბანმა ვარშავა დაადანაშაულა ევროპაში ძალთა ბალანსის შეცვლაში „ბერლინ-პარიზის ღერძის ახალი, ლონდონ-ვარშავა-კიევი-ბალტიის-სკანდინავიური კონფიგურაციის სასარგებლოდ“. უნგრეთის პრემიერის თქმით, ეს იწვევს მისი ქვეყნის მნიშვნელობის შესუსტებას და იწვევს „პოლონეთის ძველი გეგმის“ განხორციელებას.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უნგრეთი ჩამორჩება ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს, განსაკუთრებით კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლაში, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში. უნგრეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა წლის ბოლომდე, მუდმივად აკრიტიკებენ ევროკომისიის ანგარიშებში კანონის უზენაესობის შესახებ.

ამავე დროს, უნგრეთის ხელისუფლება უარყოფს ევროკავშირის კანონებს, მაგრამ ითხოვს გრანტებს COVID-19 დახმარებისა და თანაბარი შესაძლებლობების ფონდებისგან.

ევროკავშირმა ბუდაპეშტს 30 მილიარდი ევროს დახმარება გაუყინა, რადგან ქვეყანაში კორუფციის რეალური რისკია და უნგრეთის სასამართლოები დამოუკიდებლად აღარ მიიჩნევა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/OLIVIER MATTHYS

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: