„4 მეტრი სიღრმის თხრილია ნახევრად ღიად დატოვებული, ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ბავშვი ჩავარდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ვეფხვია ბერიძე. ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც 15 თებერვალს, თხრილში ორი ბავშვი დაიღუპა.
მოქალაქის თქმით, „ოცნების ქალაქში“, ამჯერად მის საცხოვრებელ ბარაკთან ახლოს, 4-მეტრი სიღრმის კანალიზაციის თხრილია.
„ოცნების ქალაქში“ ასობით ოჯახი წლებია კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. გუშინ, 27 თებერვალს, ამ დასახლებაში ძველი შენობის სახურავი ჩატყდა. ამ შენობაში 30-მდე ოჯახი ცხოვრობდა.
მოქალაქეების თქმით, სწორედ ამ ძველი შენობის საკანალიზაციო თხრილია ნახევრად ღიად დარჩენილი, რომელსაც მანამდე ე.წ. „სინკარი“ ჰქონდა დაფარებული:
„ეს თხრილი ნახევრად ღიაა უკვე რამდენიმე დღე, სინკარის ნაწილი ჩამოიშალა… ვიხვეწები, მოგვაქციეთ ყურადღებას, უარესი საშინელება არ დატრიალდეს-მეთქი,“ – გვიყვება ვეფხვია ბერიძე, – „გუშინ რომ სახურავი ჩამოვარდა შენობაზე, მთავრობა მოდისო თქვეს და ტრაქტორი შემოვიდა, მაშინ მიაყარეს ამ თხრილს თოვლი, მთავრობამ არ დაინახოსო ალბათ და აღარ ჩანს თხრილი კარგად. სინამდვილეში უარესი საფრთხეა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ჩავარდეს.
მე საერთოდ ვეღარ შევდივარ სახლში – სულ ბავშვებს ვუყურებ.
ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს პირადად ვესაუბრე ტელეფონით. მერე თავად მინისტრმა მითხრა, გამგებელმა უნდა მიხედოს ამ საკითხსო. გამგეობაშიც დავრეკე და ყველგან. ბოლოს პოლიციამ მომაქცია მარტო ყურადღება – ლენტი შემოავლეს თხრილს.
ლენტის შემოვლება არაა საკმარისი, თუ არ ამოავსეს ეს თხრილი შუა დასახლებაში, ბარაკების წინ. ეს ჩვენი ბავშვების ეზოა,“ – გვითხრა ვეფხვია ბერიძემ.
2025 წლის 15 თებერვალს „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა და დაიღუპა. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა ახალი კორპუსების აშენებას აპირებს, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე კანონით სავალდებულო უსაფრთხოების ზომების, მათ შორის, ღობის გარეშე ტარდებოდა. აქ უსაფრთხოების ღობე მხოლოდ ერთი დღით – 8 თებერვალს მოაწყვეს, როცა 210 ათას ლარად „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და არალეგიტიმური აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კაფსულა ჩააგდეს.
8 თებერვლის ღონისძიებაზე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ვეფხვია ბერიძე დააკავეს. ვეფხვია ბერიძე ამბობს, რომ მას ირაკლი კობახიძესთან სურდა შეხვედრა და იმის თქმა, რომ ამ ტერიტორიაზე კიდევ ბევრი სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილია.
„დამაჯარიმა თურმე მოსამართლემ 1000 ლარით, არც მივსულვარ პროცესზე,“ – დასძინა ვეფხვია ბერიძემ, მან დღეს თავის ბარაკთან ახლოს მდებარე თხრილთან „ფეისბუქლაივი“ ჩართო და ისე მიმართა ხელისუფლებას.
„ბათუმელები“ ამ შემთხვევაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
ჩვენ ასევე ვცადეთ ბათუმის მერიასთან დაკავშირება, თუმცა მერიის პრესცენტრთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

დაუცველი 4 მეტრი სიმაღლის თხრილი „ოცნების ქალაქში“ / ფოტო: „ბათუმელები“