მთავარი,სიახლეები

„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი

11.11.2025
„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მთელი რიგი დოკუმენტური მტკიცებულებები. წარმოუდგენელი მიკერძოების მხოლოდ 1 მაგალითს მოვიტან ამ ეტაპზე – ეს არის მზია ამაღლობელის ფორმა 100“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, ქუთაისში, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვისას.

მაია მწარიაშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, განაჩენში მიუთითა მხოლოდ ერთი ფორმა  100 სადაც ხაზი გაუსვა მხოლოდ იმას, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით მზია ამაღლობელს 8 წლის წინ გადატანილი ჰქონდა თვალის კერატოკონუსი.

„სინამდვილეში კი სასამართლომ დამალა ამ დოკუმენტის ის ნაწილები, რაზეც ჩვენ მივუთითეთ სასამართლოში და საგანგებოდ მივაქცევინეთ ყურადღება.

კერძოდ: ამ ფორმა 100-ში მითითებულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის მხედველობა იყო მხოლოდ 0.02 (დაახლოებით 2%), მარჯვენა თვალის კი 0,3 (დაახლოებით 30%), რაც სათვალის გამოყენებით შესაძლოა გაუმჯობესებულიყო 90%-დე. ამავე დასკვნით მას მარჯვენა თვალზე არ ჰქონდა კერატოკონუსი, არამედ ჰქონდა მხოლოდ მარცხენა თვალზე.

ამ ფორმა 100-ის მიხედვით სწორედ ეს გარემოებები იყო მნიშვნელოვანი და არა ის, რომ 8 წლის წინ მზია ამაღლობელმა გადაიტანა თვალის დაავადება – კერატოკონუსი, რაც არასწორია.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ 8 წლის წინ მას ჰქონდა ჩატარებული თვალის ოპერაცია, ხოლო კერატოკონუსი მზია ამაღლობელს ჰქონდა ამ ფორმა 100-ის გაცემის მომენტისთვის და არა 8 წლის წინ,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა

მზია ამაღლობელის ადვოკატმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დამალა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზერელედ მიუთითა მხოლოდ ერთი ფორმა 100, რომელიც აღწერდა მისი თვალის მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მაგრამ არ მიუთითა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მისი მხედველობა დრამატულად გაუარესდა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ.

მაია მწარიაშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე გამოიკვლიეს შემდეგი დოკუმენტები:  კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული 2 კვლევა თვალზე.

“2025 წლის 4 თებერვალს „ვივამედში“ ჩატარებული კვლევით, მისი შედარებით უკეთესი მარჯვენა თვალის მხედველობის კორექცია/გაუმჯობესება შესაძლებელი იყო მხოლოდ 60%-დე. ხოლო ამავე კლინიკაში 6 თებერვალს ჩატარებული კვლევით, მისი ამავე თვალის მხედველობა იყო დრამატულად გაუარესებული და შემცირებული 0,1-დე (დაახლოებით 10%-დე), რომლის სათვალით გაუმჯობესება შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-დე. ამ ორივე დასკვნით, მას მხოლოდ მარცხენა თვალზე ჰქონდა კერატოკონუსი.

ამავე სხდომაზე გამოვიკვლიეთ და სასამართლოს ყურადღება მივაქციეთ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კომისიის 14 თებერვლის დასკვნას, რომლის მიხედვით მზია ამაღლობელს უკვე აქვს მე-3 ხარისხის კერატოკონუსი ორივე თვალზე. ეს დასკვნა სასამართლომ მიუთითა განაჩენის 3.53 პუნქტში, თუმცა არ მიუთითა, თუ რა წერია ამ დასკვნაში და რატომაა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ეს დასკვნა.

სასამართლომ განაჩენში ასევე არ მიუთითა ჩვენს მიერ ცნობის სახით წარდგენილი, 2025 წლის 22 ივლისით დათარიღებული ფორმა 100, რომლის მიხედვით მზია ამაღლობელს მარცხენა თვალზე უკვე აქვს მე-4 ხარისხის კერატოკონუსი და ამ თვალში მხედველობა არის მხოლოდ 0,01 (ფაქტობრივად არა აქვს), ასევე კიდევ უფრო გაუარესებულია მარჯვენა თვალის მხედველობითი უნარი და ამავე დასკვნით მზია ამაღლობელს დადასტურებულად ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი, რაც მას არ ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

ნახეთ რეპორტაჟი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან: 

მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: