მთავარი,სიახლეები

პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

23.10.2025
პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

დღეს, 23 ოქტომბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. პაპუაშვილი ამჯერად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოთი, სახაროვის პრემიით.

„წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როცა ევროპარლამენტმა ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა“ და დასძინა, რომ „ამ პრიზით დაგვანახეს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ“ და ბრიუსელს არ ესმის „ქართველი ხალხის ნამდვილი ხმა“.

მან მზია ამაღლობელს „დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი“ უწოდა.

ასევე, პაპუაშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ანდრეი სახაროვი რუსი იყო და იმაზეც, რომ ეს პრიზი წინა წლებში მიღებული აქვს რუს ოპოზიციონერ ნავალნის.

დღეს მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიით დაჯილდოებას გამოეხმაურა „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძეც. პროფესიით იურისტმა კობახიძემ, რომელმაც არაერთხელ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია ჯერ კიდევ მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, კიდევ ერთხელ გაავრცელა მიზანმიმართული ტყუილი მზია ამაღლობელის შესახებ.

კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „მზია ამაღლობელმა უცხოური აგენტურის დავალება შეასრულა“.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მისი დაკავებიდან დღემდე, მეათე თვე, „ოცნების“ ლიდერები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ მზია ამაღლობელის შესახებ. მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძისა და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოსაც კი მიმართა. 

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 284 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპუულმა სასამართლომ.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: