რა იცვლება „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტით? – თანამედროვე ჩინეთის სპეციალისტი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რეალურად რამდენად გაღრმავდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან, თუმცა „ამის პოტენცილი არის“.
„საფრთხე არის სხვა რამ: თუკი ქართული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ვერ მოხერხდა ისე, რომ მართლაც შეუძლებელი იყოს ამხელა რაოდენობის ტვირთის გატარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვანაცვლებს ზანგეზური.
ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ჯერჯერობით სტაგნაცია, ხომ?! არც ანაკლიის პორტი გვაქვს, არც რკინიგზა გვაქვს მოდერნიზებული,“ – ამბობს გიორგი ქართველიშვილი. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო გიორგი, თქვენი დაკვირვებით, რით იყო გამორჩეული ირაკლი კობახიძის ვიზიტი ჩინეთში, რა იცვლება არსებითად?
ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრა არის ჩინეთის პრემიერ ლი ციანთან შეხვედრა. ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან და ესეც რაღაცნაირად ერთი ნაბიჯია.
ჩინეთში იმართება იმპორტის საერთაშორისო დიდი ექსპოგამოფენა, სადაც მთელი მსოფლიოდან არიან წარმოდგენილნი კომპანიები, სხვადასხვა ქვეყნიდან. გასაგებია, რომ მიზანია რაღაცნაირად ჩინეთთან ვაჭრობის სტიმულირება, ახალი კავშირების დამყარება და ასე შემდეგ. 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი და ესაა ამ ვიზიტის ერთი მხარე.
ასევე, რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენელია დელეგაციაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აპირებენ გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ჩინეთის რამდენიმე სახელმწიფო ორგანო აპირებს მემორანდუმების გაფორმებას. დეტალებს ალბათ თავად გაასაჯაროებენ.
- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2023 წლიდან არსებობს, თუმცა განსაკუთრებული ეკონომიკური პროექტები, ჩინური ინვესტიციები არ გვინახავს…
ეს არის ფორმალური დოკუმენტი, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები არ გააჩნია. ეს არის უფრო სამომავლო თანამშრომლობის მონიშვნა.
- მაგალითად, ანაკლიის პორტში ჩინელებს ინვესტიცია ჯერ კიდევ არ ჩაუდიათ.
დიახ. კონკურსში გაიმარჯვა ჩინეთის ერთ-ერთმა, ძალიან მსხვილმა სახელმწიფო კომპანიამ. ამის შემდეგ რაღაცნაირად გაიყინა პროცესი. ოფიციალურად არ დადებულა ხელშეკრულება.

მას შემდეგ რამდენიმე კომენტარი ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს, რომ ფორმალური პროცესი მიმდინარეობს, რაღაც დეტალების დადგენა, ანაკლიაში წინა მოსამზადებელი სამუშაოებია… ბელგიური კომპანია რომ დაიქირავეს, სწორედ ამის შემდეგ ჩაერთვება ინვესტორი. ჯერჯერობით საბოლოო კონტრაქტი არ გაფორმებულა.
- „ოცნების“ პროპაგანდისტები, ასევე ტროლ-ბოტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ევროპა უარს ამბობს საქართველოზე და აი, ჩინეთთან გავაღრმავებთ ურთიერთობასო.
ჩემი აზრით, ევროპასთან ურთიერთობის გაფუჭების თუ გაუმჯობესების ფონზე, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება გარდაუვალია.
ჩინეთი კიდევ უფრო აქტიურად იქნება მომავალში წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში. უკვე მთელს მსოფლიოში ეს ტრაექტორია აქვს ჩინეთს. ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს და მისი აქტივობა მზარდია მთელს მსოფლიოში. მოსალოდნელია, რომ მზარდი იქნება ჩვენთანაც.
- თუ საქართველო ერთგვარი ჩიხი გახდება და ის დაკარგავს თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, მაგალითად, „ტრამპის კორიდორის“ ამოქმედებით და დასავლეთისგან იზოლირებული, ჩინეთის ინტერესი ისევ მზარდი იქნება საქართველოს მიმართ?
ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე. ჩვენთან ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია: ხან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, ხან – ევროკავშირი მტერია. წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ამ რეგიონში ჩინეთის ინტერესი მზარდია.
ჩემი აზრით, ჩინეთის გადმოსახედიდან, ე.წ.ზანგეზურის დერეფანიც და ბაქო-თბილისი-ყარსიც, ასევე ანაკლია – რეალურად ერთი და იგივე გზაა. ბაქომდე როცა ჩამოდის ტვირთი, სულ რამდენიმე ასეული კილომეტრია ზანგეზურამდე, ყარსამდეც და ანაკლიამდე. ამიტომ, პირიქით, ეს შეიძლება იყოს რაღაცნაირად ერთი და იმავე მარშრუტის უფრო დატვირთვის საშუალება და არა პირიქით. ჩემთვის ცნობილია ეს მოსაზრება, რომ ეს დერეფანი თუ ამოქმედდება, ეს აისახება ჩვენზე ნეგატიურად, მაგრამ ჩემი აზრით, საფრთხე არის სხვა რამ – თუკი ქართული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ვერ მოხერხდა ისე, რომ მართლაც შეუძლებელი იყოს ამხელა რაოდენობის ტვირთის გატარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვანაცვლებს ზანგეზური.
ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ჯერჯერობით სტაგნაცია, ხომ?! არც ანაკლიის პორტი გვაქვს, არც რკინიგზა გვაქვს მოდერნიზებული და ესაა მთავარი პრობლემა. აქ არსებობს კითხვები: რატომ არ ხერხდება უფრო სწრაფად ამ შესაძლებლობის გამოყენება.
- არსებობს გათვლები, რამდენად შეიძლება დაეყრდნოს „ოცნების“ პოლიტიკური სტაბილურობა ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე? ჯერჯერობით აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან არ გვაქვს
პოტენციალი, რა თქმა უნდა, არის თეორიულად, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც საქართველო ხდება გადაკვეთის წერტილი და არა ერთის მეორით ჩანაცვლების წერტილი.
ამიტომაცაა, რომ ეს რეგიონი აინტერესებს ერთსაც და მეორესაც. ამიტომაც, უნდა გაიზარდოს ქართული წარმოება, რომელსაც გაიტან ექსპორტზე და გაყიდი, მაგრამ ამ მხრივ ძალიან მოვიკოჭლებთ. რეალურად ჩინეთთან იგივე ხდება, რაც იყო დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაფუჭებამდე – დაიდო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ ამით დიდად არ გაზრდილა ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. სხვათა შორის, პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც დადო ხელშეკრულება ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. ასეთი უცნაურობით გამოვირჩევით.
მთავარ ფოტოზე: ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან
ამ თემაზე:
ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ






