შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“
რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში?
„მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ინვესტიცია რამდენად რეალურია, ყველაზე კარგად ამ რიცხვების შედარებით ჩანს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაკლიის პორტიც კი, ჩინეთისთვის საინტერესო აღარ იქნება.
„თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან… ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.
- ქალბატონო თინა, რა ეტაპზეა საქართველო-ჩინეთის მოკავშირეობა? შუა დერეფანსა და სავაჭრო კავშირებზე გაამახვილა ყურადღება 29 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მანამდე თქვენ ჰელსინკის კომისიას მიმართეთ: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“
ერთია, სამართლებრივად სად ვართ და მეორე: რეალურ ცხოვრებაში რა ხდება. სამართლებრივად, ქაღალდებს რომ გავყვეთ, მემორანდუმებს, რომელიც ფორმდება, საკმაოდ სწრაფად მივდივართ ამ ურთიერთობებში. ბევრი შეთანხმებაა, მაგალითად, იგივე განათლების სამინისტროებს შორის. სხვათა შორის, ელჩმა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბევრი ისაუბრა, რომ სკოლებში ჩინური დაემატა, როგორც მეორე უცხოური ენა და კონფუცის ინსტიტუტები ძლიერდება – უფრო და უფრო მეტი საგანმანათლებლო ცენტრი იხსნება უნივერსიტეტებთან, რაც არის ჩინეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან უამრავი შეთანხმება ფორმდება პოტენციური ინვესტიციების შესახებ. ისევ ჩინეთის ელჩს დავესესხები, მან თქვა, რომ საქართველო ჩინეთისთვის საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანააო. ამას ამბობენ უკვე 10 წელია, მაგრამ საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები არ გვინახავს.
განახლდა შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებები „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ მეორე ეტაპზე. როგორც ჩანს, ამას ხელს რეალურად მოაწერენ – ელჩმა თავის გამოსვლაში თქვა, პროგრესი სახეზეა და მოლაპარაკებები წარმატებულიაო.

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი და „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე
რეალურ ცხოვრებაში კი, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, სტატისტიკას, რიცხვებს და მონაცემებს, რომელიც სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად დაპირებებისა, ვერ ვნახეთ განვითარება ამ ურთიერთობებში, ვერ ვნახეთ რეალური ინვესტიციები, ვერ ვნახეთ ვაჭრობაში წარმატება.
ინვესტიციების კუთხით კატასტროფა გვაქვს: 2024 წელს 6 მილიონი იყო ჩინური ინვესტიცია საქართველოში – 60 მილიონი, ან 6 მილიარდი კი არა, 6 მილიონი. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით [იანვარი – სექტემბერი] 93%-ით ნაკლებია.
- ანუ ჩინეთთან მოკავშირეების გააქტიურების ფონზე ინვესტიციები საქართველოში კიდევ უფრო შემცირდა?
დიახ, ძალიან დაბალი იყო და ისიც შემცირდა. ფაქტობრივად, ძალიან არასერიოზულია ამის თქმა, რომ ჩინური ინვესტიციებია საქართველოში.
რაც შეეხება ვაჭრობას, მართალია ელჩი, როცა ამბობს, 12 %-ით გაიზარდაო. 12%-ით გაიზარდა, თუ 11 %-ით [11% დასტურდება მონაცემებით] ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ვთქვათ, რომ ორნიშნა ზრდა გვაქვს, ოღონდ ის არ არის მართალი, რა რიცხვსაც ელჩი ასახელებს: 2 მილიარდ 400 იყო ვაჭრობაო. ეს ტყუილია: 1 მილიარდ 900 იყო, ანუ 500 მილიონი ჰაერიდან მოიტანა, ერთი-მეოთხედით მოიტყუა და გაზარდა ეს რიცხვი.
სინამდვილეში რას ნიშნავს, როცა ამბობენ, რომ ვაჭრობა ჩინეთსა და საქართველოს შორის გაიზარდა? – ეს ნიშნავს, რომ შვიდჯერ გაიზარდა ჩინური პროდუქციის ექსპორტი საქართველოში და შემცირდა იმპორტი საქართველოდან.
ბევრ ქვეყანაში ჩინური ექსპორტი, რა თქმა უნდა, ჭარბობს, მაგრამ საქართველოს „ქეისი“ სპეციფიკურია იმით, რომ აი, ამ მზარდ ვაჭრობაში, ამ ზრდის პროცესში დინამიკა გვაქვს უარყოფითი, ანუ გაიზარდა ექსპორტი ჩინეთიდან საქართველოში და მკვეთრად შემცირდა იმპორტი საქართველოდან ჩინეთში. არავითარი ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა არ გვაქვს. სინამდვილეში, გვაქვს ჩინეთისთვის სასარგებლო ურთიერთობა და წამგებიანი ურთიერთობა ჩვენთვის, როდესაც ქართული ბაზარი წაილეკა ჩინური, იაფი პროდუქტით.

თინა ხიდაშელი
სულ ბოლო განცხადებები რომ გავიხსენოთ, მაგალითად, გადამზიდავები წუხდნენ იმაზე, რომ ჩინურმა ონლაინ შოპინგის ვებგვერდებმა დაიპყრეს ქართული ბაზარი და საქართველოს ხელისუფლება ამაზე არაფერს აკეთებს. არც გააკეთებს, იმიტომ, რომ ბატონ-ყმური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან.
- ჩინეთის რეალური ინტერესი რა არის საქართველოში: გაზარდოს ექსპორტის წილი?
პატარა ბაზარია საქართველო და ლომის წილი, ცხადია, ვერ იქნება ჩინური ეკონომიკისთვის, მაგრამ ჩინეთი ყველგან ეძებს სარგებელს. სად, როგორ სარგებელს იღებს ჩინეთი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება: რამდენად იცავს საკუთარ ბაზარს? იცავს საკუთარ მომხმარებელს? აინტერესებს პროდუქტის სტანდარტი? იცავს გარემოსდაცვით სტანდარტს?
საქართველოში არცერთი ეს სისტემა არ მუშაობს და რატომ არ უნდა ისარგებლოს, მაგალითად, ჰუნანის პროვინციიდან ვინმემ?
- ჩინური კომპანიები ასევე სოლიდურ ტენდერებს იგებენ საქართველოში.
გზის პროექტი არ არის ერთადერთი, სადაც ჩინური კომპანიები იმარჯვებენ. მათ უამრავი კონტრაქტი აქვთ მოგებული საქართველოში უსაფრთხოების კუთხით, მაგალითად, ქვეყნის საზღვრების დაცვის ყველა კონტრაქტი პრაქტიკულად მაგათ აქვთ მოგებული. მთელი ეს სკანერები და სათვალთვალო კამერები, დაცვის სისტემები, რაც საზღვრებზე გვიდგას, ჩინურია. დედაქალაქში, ბათუმში, სხვადასხვა მუნიციპალურ ცენტრში – მთელი უსაფრთხოების სისტემები ჩინურია.
მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული – ამ პროექტების ნაწილი საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და დიდი ნაწილი საერთაშორისო დახმარებებით ფინანსდებოდა.
ბაზარი დიდია, თუ პატარა, ამას ჩინეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა: ყველგან, სადაც სარგებელს მიიღებს, ის იმ ბაზარზე დამკვიდრდება. ჩინეთი იღებს სარგებელს საქართველოში, უპირობოდ და უსიტყვოდ, პირიქით, აგერ, მადლობების ნიაღვარი მოედინება მათ მიმართ და რაღაც ზღაპრებს გვიყვება კობახიძე.
29 სექტემბრის ცნობილ გამოსვლაში კობახიძემ ისიც კი გვითხრა, რომ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო პარტნიორია ჩინეთიო. ზღაპრის ხარისხს შეხედეთ, როდესაც მსოფლიო მედია და, მათ შორის, ქართული მედიაც გაჯერებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის – როგორც ორგანიზაციის, ისე წევრი ქვეყნების – პრობლემებით ჩინეთთან, განცხადებებით ჩინეთზე, წინააღმდეგობებით ჩინეთთან, აი, კობახიძე დგას და ამხელა ტრიბუნიდან გველაპარაკება, რომ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო პარტნიორია თურმე ჩინეთი.
როცა ასეთი ვითარებაა, რატომ არ ისარგებლებს ამით პეკინი? ჩვენ პეკინთან პრეტენზია ვერ გვექნება, ისინი საკუთარ ინტერესს იცავენ და ძალიანაც სწორად მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
- ანაკლიის პორტით რატომ არ ისარგებლეს ჩინელებმა, რა გაირკვა?
არ ისარგებლეს. ანაკლიის პორტში მათ რეალურად მოუწევდათ ინვესტიციის განხორციელება – ანაკლიის პორტისთვის ბევრი იწვალა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ფული ვერ იშოვა.
ანაკლიის პორტი ძალიან კომპლექსურ საკითხად, თავსატეხად ექცა „ქართულ ოცნებას.“
რეალურად ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ ანაკლიაში პორტი აშენდეს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიაში პორტი არ აშენდეს, მაგრამ ამასობაში არსებობს დიდი მოთხოვნა საზოგადოებიდან. ამ წნეხს ისინი დაემორჩილნენ და ანაკლიაზე მეორე ტენდერი გამოაცხადეს. საპარლამენტო არჩევნების წინ მათ სჭირდებოდათ ამ მითის დაბრუნება, რომ აი, ოპოზიცია იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ანაკლიის აშენება არ გვინდა და აგერ, ბატონო, თუ არ გვინდა, აბა, რატომ ვაცხადებთ ტენდერს?
- ივანიშვილს ანაკლიის პორტის აშენება არ უნდა იმიტომ, რომ ჰქონდეს დასავლეთთან ვაჭრობის საგანი?
დასავლეთთან არა – ამერიკელებთან. ევროპელებს მაინცდამაინც რამე განსაკუთრებული ინტერესი არასდროს არ გამოუვლენიათ, მაგრამ ამერიკელებთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, სჭირდებათ.
თებერვალში, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ეს საკითხი, მათ შორის, ჩინელების ზეწოლით – ჩინელებმა იციან, რომ თუ ანაკლიის აშენება გახდა მოცემულობა, მათ მოუწევთ ფულის დახარჯვა.
მაგრამ ჩინელებს არ ესმით, რატომ უნდა აიღონ ვალდებულება ამხელა ფულის დახარჯვაზე ასეთ არასტაბილურ ვითარებაში? ამიტომ მათი ინტერესშია, რომ გამოცხადდნენ გამარჯვებულად, ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს და დაელოდონ საუკეთესო მომენტს, თუ ასეთი მომენტი დადგება. ხელშეკრულება კი გაფორმდეს ისეთი პირობით, რომ იქიდან გავიდნენ კაპიკი ფულის დახარჯვის გარეშე, თუკი ვითარება გახდება განსხვავებული.
როდესაც წინა სატენდერო პირობები გამოცხადებულია, შემდეგ ორჯერ ახალი პირობები გამოცხადდა, იმის მერე უზარმაზარი დოკუმენტი შეიქმნა, რომელშიც ყველაფერი გაწერილია და კიდევ ოთხი თვე გველაპარაკებოდა ლევან დავითაშვილი [საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი], იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთო, რა იურიდიულ დეტალებს აზუსტებდა? – ერთადერთს, ხელშეკრულებაში ისედაც ჩაწერეს, რომ რვათვიანი მოცდის პერიოდი იყო საწყის ეტაპზე. როგორც ჩანს, ჩინელებს დანახული ჰქონდათ ეს, როგორც საკმარისი დრო იმისთვის, რომ აქ დასტაბილურდებოდა ვითარება, გაირკვეოდა რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ რვა თვე კი არა, შეიძლება წარმოუდგენელ უსასრულობაში გაიწელოს ეს ყველაფერი.
ამიტომაც, ჩინელები ცდილობენ ხელშეკრულებაში ისეთი დებულება მიიღონ, რომელიც სავალდებულოს არ გახდის მათთვის ამ ფულის დახარჯვას და იმ შემთხვევაში, თუ არ დახარჯავენ, საერთაშორისო არბიტრაჟში არ წააგებენ მრავალმილიონიან დავას.
აი, ამაზე ვერ თანხმდებიან დღეს „ქართულ ოცნებასთან“. მეათე თუ მეჩვიდმეტე მიზეზი კი არის ის, ჩინელებს არ აქვთ საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფინანსურს პასუხისმგებლობას ამ პროექტში. ასეთი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა.
ამას ემატება ის, რომ ამერიკელებთან ვაჭრობისთვის იყენებენ ამ თემას. ბოლოს, როდესაც ვაშინგტონში იყო მსოფლიო ბანკის შეკრებაზე ლევან დავითაშვილი, მას ცალსახად უთხრეს, რომ ანაკლია თუ ჩინელებთან წავიდოდა, ეს, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს გადასაწყვეტი და საქართველოს სუვერენული უფლება, მაგრამ ამის შესაბამისად მიიღებდა ვაშინგტონი ყველა გადაწყვეტილებას.
მე ვიცი დავითაშვილმა იქ ვის რა პირობა მისცა, მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე საუბარს არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამის შემდეგ დავითაშვილი გაუშვეს თანამდებობიდან – ის დარწმუნდა, რომ ანაკლია იყო წითელი ხაზი და ვაშინგტონიდან ეს ამბავი ყოველგვარი შელამაზებება-ტყუილების გარეშე ჩამოიტანა თბილისში.
დავითაშვილმა ვერ დაიცვა ბიძინა ამერიკელებთან და მისი თანამდებობა ამას შეეწირა. ამის მერე არაფერი აღარ გაგვიგია ამ თემაზე, რაც დავითაშვილი გადააყენეს. ეს თემა პიარულადაც მკვდარია.
- რადგან ივანიშვილი ვერ იღებს პოლიტიკურ სარგებელს აშშ-დან, არ ელის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მართლაც ჩინელების ხელში აღმოჩნდეს ანაკლიის პროექტი?
კი, არის. ოღონდ ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ ჩინელებს და ეს არ აწყობს ივანიშვილს – ამაზე ვერ თანხმდებიან. ასეთ არასტაბილურ გარემოში, რაც ახლა ქვეყანაშია, უცებ ვიღაცამ 700 მილიონი გაისროლოს, თან ეს ვიღაც ჩინეთია… ჩინეთი 16 წელია საქართველოში ოპერირებს, ამ 16 წლიდან 10 წელია აქტიურად არის ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ტენდერით წარმოდგენილი. ამ 10 წლიდან 3 წელია სტრატეგიული შეთანხმება გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და ამის მიუხედავად ინვესტიციებს მაინც არ ახორციელებს. ახლა უცებ 700 მილიონი უნდა დახარჯოს, როცა ყველაზე არეულია ვითარებაა საქართველოში?
- მაგრამ ანაკლიის პორტს, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ხომ ექნება დიდი ეკონომიკური სარგებელი?
იმ შემთხვევაში, თუ რამე დარჩა ამ ქვეყნისგან. თუ საქართველო რუსეთის ანექსი ხდება, მაშინ რა ინტერესი აქვს ჩინეთს პორტი ააშენოს, რომელსაც უკვე არავითარი ფუნქცია არ ექნება?
ჩინეთი დაინტერესებული იყო და ახლაც არის დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ოღონდ, დაინტერესებულია აი, ამ პირობით – „ვნახოთ, რა იქნება“.
როდესაც შუა დერეფანი უალტერნატივოა, რუსეთი დასჯილია და საქართველო ისევ რჩება თავისუფლების ზონად, სანდო, საიმედო გზად, სატრანზიტო ზონად დასავლეთ ევროპისთვის და დასავლური სამყაროსთვის აზია-ევროპის დასაკავშირებლად, მაშინ ჩინეთი დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, რადგან პორტი, თუ გზატკეცილი, ყველაფერი, რაც გადის საქართველოზე, იბრუნებს თავის სტრატეგიულ, გეოგრაფიულ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა მაშინ, როდესაც, მაგალითად, ის ცნობილი შამპანურის ბოთლი გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ინაუგურაციის დროს.
- თუ ამოქმედდება სამხრეთ კავკასიაში ე.წ. ტრამპის მარშრუტი, ამ შემთხვევაში ანაკლისიის პორტი ამ მნიშვნელობას დაკარგავს?
თუ საქართველო რაიმე მიზეზის გამო – არ აქვს მნიშვნელობა, ეს მიზეზი არის სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთს შორის მიმდინარე პროცესი, ან თბილისი-მოსკოვს შორის მიმდინარე პროცესი, თუ რაიმე სხვა – დაკარგავს თავის ფუნქციას, რა თქმა უნდა, ჩინეთი არ დახარჯავს ფულს. მკვდარია ეს დერეფანი და ჩიხში 700 მილიონი გადაიხადოს?
ჩინეთის ინტერესი და ამოცანა მარტივია, ამ წუთას ხელი დაადოს, თავისად დაიგულოს ისე, რომ რაიმე შემოუბრუნებადი ვალდებულება არ აიღოს და მერე, ვითარების მიხედვით იმოქმედოს.
- რა მასშტაბით შეიძლება გაიზარდოს ჩინეთთან ვაჭრობა? შესაძლებელია, „ოცნების“ რეჟიმმა ამით დააკომპენსიროს დასავლეთთან იზოლაციით მიყენებული ზარალი?
ჩინეთის ბაზარი ძალიან პროტექციონისტულია. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის ჩარჩო ხელშეკრულება. მთავარია, ამის შემდეგ რა ხდება. თუ ეს სუპერ პროტექციონისტული ბაზარი რეალურ ცხოვრებაში გაიხსნება ქართული პროდუქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, მაგრამ იაფი.
ქართული წარმოების ევროპულ ბაზარზე გასვლა – ყველაზე ძვირადღირებულ ბაზარზე – სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს საქართველოში და არაფერში არ დასჭირდებოდა მას იაფ ბაზრებზე ნადირობა, იქნებოდა ეს რუსული თუ ჩინური ბაზარი.
მაგრამ „ოცნება“ ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით კი, საშუალო მეწარმეებს უბიძგებს რუსული და ჩინური ბაზრებისკენ. რუსეთში როცა უნდათ გაგიღებენ ბაზარს, როცა უნდათ – დაგიკეტავენ იმის მიხედვით, როგორ ხასიათზე იქნება მორიგი ონიშენკო. ჩინურ ბაზარზე კი სპეციალური პოლიტიკური ნება გჭირდება, რომ ეს ბაზარი სინამდვილეში გაიხსნას შენი პროდუქტისთვის. ამის პოტენციალი ამ წუთას არ ჩანს.
საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობაში აირჩია სრულიად უპრინციპო, მორჩილების გზა. იგივე სტრატეგიული შეთანხმება როდესაც გაფორმდა: ეს შეთანხმება პეკინშია დაწერილი, პეკინის ტერმინოლოგიით შედგენილი და პეკინის ინტერესებზეა ორიენტირებული. ჩინეთისთვის ღრმად არასერიოზული პარტნიორი ხარ – პარტნიორი საერთოდ არ ხარ, მორჩილი ქვეყანა ხარ დღეს პეკინის გადასახედიდან, ისეთი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი ხარ, საკუთარი სახელმწიფოს დაბადების დღეზეც კი არ გეპატიჟებიან.
- რატომ აწყობს ასეთი მოკავშირეობა ჩინეთთან ივანიშვილის დაჯგუფებას?
2023 წლის იმ პერიოდისთვის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში სრული მარცხი ექნება, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას, მას სჭირდება გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე, რომლითაც იამაყებს და იტყვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა საქართველოს აქვს. ამიტომ ყველაფერზე მოაწერდა ხელს ერთი ხელის ჩამორთმევისთვის, რომელიც სი ძინპინთან პრესკონფერენციის დროს მიიღო.
მაშინ ტექსტზე არავითარი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ზუსტად ამიტომ არ ჩაიწერა იქ რუსულ ოკუპაციაზე არაფერი, თორემ არა მგონია, რომ ჩინეთს წინააღმდეგობა გაეწია – უბრალოდ, საქართველოდან არავინ მოითხოვა.
ახლა თბილისიდან მოთხოვნები დაუყენოს ვინმემ პეკინს, რომ იცით რა, აი მაშინ კი ამაზე შევთანხმდით ძმებო, მაგრამ მოდი, გადავხედოთ, ეს ძალიან არასერიოზული იქნება.
- დასავლეთში როგორ უყურებენ ამ საფრთხეებს? თქვენ მიმართეთ ასევე ჰელსინკის კომისიას: „საქართველო, რომელიც ამ ავტორიტარიზმისკენ მიემართება, მხოლოდ მის ხალხს კი არ უქმნის საფრთხეს, ის პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს რეგიონში, ასუსტებს შუა დერეფნის სანდოობას…“
თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან. ეს არის თემა, რომლის მიმართ კითხვები და ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს. ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.
პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებში, გვაბრუნებს მსოფლიო პოლიტიკის მაგიდაზე, ინტერესის სფეროებში. რთული წარმოსადგენია, რეგიონში მუდმივი მშვიდობის მიღწევის კონტექსტში, ვერ დაინახო საქართველოს როლი, მისი ადგილი და მნიშვნელობა.
ზუსტად ამ კუთხით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი, რომ რეაგირებები იყოს უფრო სწრაფი და ადეკვატური იმ გამოწვევებზე, რასაც ქმნის ივანიშვილის რეჟიმი.
ჩემი არგუმენტაცია არის მარტივი, რომ კავკასიაში სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია მშვიდი, დემოკრატიული, სტაბილური, დასავლეთის პარტნიორი საქართველოს გარეშე. ამ რეგიონში საქართველო თუ ჩამოიშალა, როგორც საყრდენი – საფრთხეები მუდმივად დარჩება და იმაზე უფრო დიდი იქნება, ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია.
- ტრამპის ე.წ. კორიდორი, თქვენი აზრით, საქართველოს გარეშე ვერ ამოქმედდება?
ჯერ ერთი, რომც გამოვიდეს, ეს დერეფანი არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი. ჩვენ ვლაპარაკობთ პრობლემებზე, რომელსაც რეგიონი განიცდის დღეს, განიცდის ხვალ და დროის მოკლე მონაკვეთში მოსაგვარებელია.
სომხეთი ფორმალურად, პოლიტიკურად დისტანცირებულია რუსეთისგან და ეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, ის წარმატებული იქნება ამ ბრძოლაში, მაგრამ ფორმალურად ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სომხეთის რუსეთისგან ჩამოშორების პროცესი არ დასრულებულა, ისევე როგორც, სხვათა შორის, აზერბაიჯანის, მიუხედავად ალიევის საკმაოდ მწვავე განცხადებების და მკვახე პოზიციებისა ბოლო დროს მოსკოვის მიმართ.
ასევე ვხედავთ საქართველოში რუსეთი როგორ არის გააქტიურებული.
ეს პროცესი რომ განვიხილოთ, როგორც დასრულებული ფურცელი, რომ აი, რუსეთი კავკასიიდან წავიდა, არასერიოზულობად მიმაჩნია. ის უბრალოდ დასუსტებულია.
სხვათა შორის, რაც ხდება კავკასიაში, არის საუკეთესო დასტური იმის, რომ მეორე ფრონტის გახსნას ჩვენ არავინ გვთხოვდა. დადასტურდა სომხეთის მაგალითზე, სირიაშიც იგივე მოხდა – რუსეთს რესურსი არ აქვს, რომ სადმე სხვაგან კიდევ იომოს უკრაინის გარდა.
ისტორიული ფაქტია, რაც მოხდა: პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, სომხეთის პრემიერის თვითმფრინავმა იფრინა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ეს ყველაფერი დიდებულია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის თვალისმომჭრელი პიარი. რა დარჩება რეალურ ცხოვრებაში, არ ვიცით. ზუსტად ახლა უნდა ვიაქტიუროთ და დავაბრუნოთ საქართველოს როლი, როგორც კავკასიაში თავისუფალი სამყაროს ინტერესების შემგროვებელი, შემომკრები.
- რამდენად არსებობს ამის პერსპექტივა, რომ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში დაიბრუნოს?
ეს პერსპექტივა გაჩნდება იმდენად, რამდენადაც ჩვენ გავაჩენთ მას, რამდენადაც ჩვენ ვიქნებით აქტიურები. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ვაშინგტონს სტრუქტურული, სიღრმისეული პოლიტიკა ჯერჯერობით ამ რეგიონთან მიმართებაში არ გამოუცხადებია. ეს შეიძლება კარგიც არის – ჯერ კიდევ გვაქვს დრო პოზიციონირების და საკუთარი ადგილის პოვნა-დამკვიდრების, მაგრამ შეიძლება ცუდიც არის: თუ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ასე, შესაძლოა, რუსეთმაც გამოიყენოს და რაღაც მომენტში გადამწყვეტი დარტყმა განახორციელოს.
ძალიან სარისკო მომენტში ვართ. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვიყენოთ ეს ფანჯარა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგად კავკასიაში აშშ-ის ინტერესით შეიქმნა. ამ ფანჯარაში უნდა შევეკვეხოთ რაღაცნაირად.
როცა ხელისუფლება არ არის ამ ბრძოლაში ჩართული, ამოცანა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ.






