ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს მაღალი ძაბვის ხაზები გადის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ გაარკვევენ, უსაფრთხოა თუ არა ბაღის ტერიტორია ბავშვებისთვის.

ბათუმის #38 -ე ბაღი. ეზო შემოსაზღვრულია ღია რკინა-ბეტონის ღობით, ელექტროგადამცემი ბოძის მხარეს კი – ბეტონის კედლით. ეს ბოძი მეორე მხრივ მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტთან ახლოსაა.
მშობლების ინფორმაციით, რაც „ბათუმელებს“ ადგილზე დასაქმებულმა პირმაც დაუდასტურა, ბაღი 15 სექტემბერს გახსნეს: „რას ამბობთ? ახალი ბაღია, ახლა გაიხსნა, 15 სექტემბერს“, თუმცა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, მერიას ამ ბაღის გახსნის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები არც ვებგვერდზე განუთავსებია და არც ფეისბუქის გვერდზე.
„ბაღი ჩუმად რომ გახსნეს, ამანაც დაგვაეჭვა, რომ რაღაც არ იყო ისე“, – გვიყვება #38-ე ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი.
გახსნიდან რამდენიმე დღეში ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა შენობასთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძის საკითხის განხილვა შიდა ჯგუფში დაიწყეს, რამაც უფრო მეტი კითხვა გამოიწვია, ამიტომაც ბაღების გაერთიანებას მიმართეს.
„ამხელა ბოძი ვერ დაინახეს?“ – გვითხრა ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, რომლის შვილიც #6-ე ბაღში სწავლობს, თუმცა იმის გამო, რომ ბათუმის #6-ე ბაღის რეაბილიტაციის პროცესი ვერ დაასრულეს, ბავშვები დროებით #38-ე ბაღში გადაუყვანიათ: „გაერთიანებაში გვითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევენ და გვიპასუხებენ, თუმცა ჯერ ვერ გაარკვიეს, ძალიან ვნერვიულობ.“
ინფორმაციის გადამოწმება ბათუმის ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებმაც“ სცადა. პასუხს მთელი დღის განმავლობაში ველოდით, თუმცა უშედეგოდ. როგორც ჩანს, ბაღების გაერთიანებას მართლაც არ აქვს დაზუსტებული პასუხი კითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა ბაღი ბავშვებისთვის, რომელიც ახლახან, 15 სექტემბერს მერიასთან ერთად გახსნა.
კომენტარისთვის ბათუმის მერიასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ – დიდი ხანია ბათუმის მერიაში თავს არავინ იწუხებს იმ საკითხებზე პასუხების გასაცემად, რაც ხალხს აინტერესებს. მეორე მხრივ კი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ამომრჩეველთან დადის, ხმა მომეცით და თქვენს პრობლემებს მოვაგვარებო. ის უკვე შეხვდა ბაღებში დასაქმებულებსაც.

ფოტო: ბაღების გაერთიანება – მერის მოვალეობის შემსრულებელი ბაღებში დასაქმებულებს ხვდება.
„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ საბავშვო ბაღთან 110 კვ მაღალი ძაბვის ხაზები გადის. ხაზს კი თავისი დამცავი ზონა უნდა ჰქონდეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით ეს არის სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ. ანუ ამ 40 მეტრი სიგანის დერეფანში საცხოვრებელი შენობა არ უნდა იყოს. N38 ბაღის შენობის ნაწილი კი ხაზის დამცავ ზონაშია მოქცეული. რაც შეეხება ბაღის ეზოს ღობეს, ის გადამცემი ბოძის ძირში გადის. ფაქტობრივად, ბოძი სამი მხრიდან ბაღის ღობითაა შემოსაზღვრული.
„ბათუმელებმა“ საბავშვო ბაღთან არსებული ელექტროგადამცემი ბოძის შესახებ „ენერგო პრო-ჯორჯიასაც“ ჰკითხა. კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ ბოძი შენობიდან დაშორებული უნდა იყოს 20 მეტრით, თუმცა აქვე მოგვწერეს, რომ „შენობის განაპირა კედლიდან შესაძლებელია დაშორება 15 მეტრიც“.
ენერგოკომპანიამ განმარტა: „აღნიშნულ მისამართზე ელ.გადამცემი ხაზი ეზოზე არ გადადის, გამომდინარე აქედან საშიშროებას არ წარმოადგენს.“
„ბათუმელებმა“ ბაღის შენობიდან [„განაპირა კედლიდან“] ელექტროგადმცემ ბოძამდე მანძილი გადაზომა და ის ზუსტად 15 მეტრია.

ეს ფოტო ასახავს შენობის უკანა მხარეს, სადაც ელექტროგადამცემი ბოძია განთავსებული
აღსანიშნავია, რომ ბაღის შენობა მერიამ მაღალი ძაბვის ხაზებთან და მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტთან ააშენა, რომელიც ქალაქისთვის ფაქტობრივად ღია სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. შენობის ამ მხარეს ბეტონის მომაღლო კედელი აუშენებიათ.

მდინარის კალაპოტი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე №82-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა.
ეს ტენდერი ვაჟა-ფშაველას ქ.№83-სა და ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ კიდევ ორი ბაღის მშენებლობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, სატენდერო წინადადება ითვალისწინებდა ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის სამუშაოებს და თამარ მეფის ქ.№20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოებს – შესყიდვის ღირებულება 13 მილიონ 600 000-ზე მეტი ლარი იყო.
აეროპორტის გზატკეცილზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ელექტრობოძებთან ახლოს ბაღის მშენებლობისთვის მერიამ 4 მილიონ 500 000 ლარი დახარჯა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები წინასწარ მომზადებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით ჩაატარა.

ბაღის ეზო






