მთავარი,სიახლეები

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

07.11.2024
„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამ დღეში ორჯერ დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც წერია: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“.

5 ნოემბერს ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმეს, დღეს, 7 ნოემბერს კი – 3 000 ლარით.

„ამ მეორე დაჯარიმების შესახებ ტელეფონით გვაცნობეს, რადგან არ ვიყავით ოფისში“ – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე.

მისი თქმით, ბანერი რის გამოც ორგანიზაცია დააჯარიმეს, ოფისის აივანზეა გამოფენილი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტორი, ბორის შავიშვილი.

ოქმში წერია, რომ ორგანიზაცია ჯარიმდება „მრავალსართულიან ბინაზე არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური რეკლამის განთავსების“ გამო.

ირმა გორდელაძე ამბობს, რომ სამ დღეში ორჯერ დაჯარიმება ერთი და იგივე მოტივით, კანონდარღვევაა და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„დიახ, მოიპარეს არჩევნები და ხელისუფლებას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რუსეთს გადასცენ ქვეყანა.“ – ამბობს ის.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა ოპოზიცია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, საქართველოს პრეზიდენტი და ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხმის მიცემის დღეს იყო მთელი რიგი დარღვევები, მათ შორის დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

_______________

ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: