პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან დღეს, 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.
„ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაჰბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია.
„ლონდონში ვიმყოფები ამჟამად, 12 იანვარს გადავკვეთე საზღვარი და მაშინ გავიგე, რომ თურმე დაჯარიმებული ვარ.
ინფორმაცია გადავამოწმე protocol.ge-ზეც, police.ge-ზეც და ჩემი ჯარიმის ოქმი არ იძებნება არსად. არც საქართველოში ყოფნის დროს ჩაუბარებიათ დაჯარიმების ოქმი.
როგორც მესაზღვრემ მითხრა, მაქვს 5 სექტემბრის ჯარიმა. თბილისში, მელიქიშვილზე იყო საპროტესტო აქცია, სადაც მეგაფონით ვიყავი.
ჩემს მეგობარსაც გადავამოწმებინე და ვერავინ ვერ იპოვა ეს საჯარიმო ოქმი. არც ჩემი მშობლების სახლში მიუტანიათ ჯარიმა.
მხოლოდ ამ დილით მეილზე მივიღე შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა დამედო. TBC-ზეც მაქვს ანგარიში და იქაც განულებულს მაჩვენებს“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე.

დაყადაღების შესახებ ინფორმაცია დავით ჯინჭარაძემ დღეს მიიღო.
მისი თქმით, არც იმაზე აქვს ინფორმაცია, რამდენი ლარით არის დაჯარიმებული.
„არ ვიცი 5000-ლარიანი ჯარიმაა თუ არა. არც ის ვიცი, რისთვის ვარ კონკრეტულად დაჯარიმებული, ქუჩის გადაკეტვისთვის თუ, ვთქვათ, საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანები საზღვრის კვეთისას იგებენ, რომ დაჯარიმებული არიან. საზღვარზე ჯარიმის დახვედრა უკვე „ტრადიციად“ აქციეს, პოლიტიკოსებსაც და აქტივისტებსაც აყოვნებენ ამის გამო“ – გვითხრა დავით ჯინჭარაძემ.
მისი თქმით, თუ ვერ გაარკვია რისთვის დააჯარიმეს, ვერც გაასაჩივრებს.
„რომ ჩაებარებინათ ეს ჯარიმა, შემეძლებოდა გასაჩივრება და გადადება ამ ყველაფრის.
წესით, 30 დღის შემდეგ ითვლება ჯარიმა გამოქვეყნებულად და ჩაბარებულადაც, როცა გამოაქვეყნებენ. ამიტომ, თუ 12 იანვარს არ იყო ჯარიმა დადებული ონლაინ, ჩაბარებულადაც ვერ ჩაითვლება“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე.
მისი თქმით, ის დაუკავშირდება იურისტებს საქართველოში და ასე შეეცდება ჯარიმის დეტალების დაზუსტებას და გასაჩივრებას.






