„ოცნების“ პარლამენტი ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა .
ინიციირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის დამტკიცების შემდეგ კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
- კოდექსის 40-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება დადგენილი წესით, რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას 1500 ლარით.
- კოდექსის 44-ე1 მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
44-ე1 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც აწესებს 5000-ლარიან ჯარიმას რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის. კოდექსის 44-ე1 მუხლს ემატება მე-3 პრიმა ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, არასწორი ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ეფუძნება ვალდებულების ყოველთვიურ ხასიათს და მწარმოებელთა რაოდენობას.
კოდექსის 44-ე1 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც სანქცია [5000 ლარი] გავრცელდება არა მხოლოდ ანგარიშგების შეუსრულებლობაზე, არამედ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენაზეც.
კოდექსის 44-ე1 მუხლის მე-8 ნაწილი აწესებს 10 000 ლარიან ჯარიმას მგვ-ის [მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება] ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობაზე.
კოდექსის 44-ე1 მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომელიც აწესებს 5 000-ლარიან ჯარიმას ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ისეთი მოთხოვნების დარღვევისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამავე მუხლის პირველი მე-9 ნაწილებით [მაგ: ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება და ა.შ.]
პროექტის მიხედვით, კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით: კოდექსის 47-ე მუხლს ემატება 1(1) ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ 35-ე1, მე-40, 40-ე1, 40-ე2, 42-ე, 43-ე, 44-ე და 44ე1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელი პირს შეიძლება დაედოს დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ეს განპირობებულია დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამორკვევისა და მტკიცებულებების სრულად შეკრების აუცილებლობით.
სახდელის დადების ვადის ათვლა იწყება ჩადენის დღიდან, ცვლილება კი გარკვეულ მუხლებზე ითვალისწინებს ვადის ათვლას გამოვლენის დღიდან.
„რადგან მოცემული მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დღის განსაზღვრა შეუძლებელია, მიზანშეწონილია, რომ ათვლა დაიწყოს გამოვლენის დღიდან.“
კოდექსის 47-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის 20%-ით შემცირებას, თუ პირი მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე8 მუხლით დადგენილია ანალოგიური საშეღავათო დათქმა, რომელიც დამრღვევს აძლევს საშუალებას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 10
დღის ვადაში გადაიხადოს ჯარიმა 20% ფასდაკლებით.
ნარჩენების მართვის კოდექსი დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე – ნარჩენების 3 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, დღის წესრიგში დგება ცალკეული პროდუქტის უფრო ხანგრძლივი ვადით დროებითი შენახვის საჭიროება. ეს საჭიროება მით უფრო მძაფრია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს სახიფათო ნარჩენების არცერთი თანამედროვე ნაგავსაყრელი, იმ პირობით, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.






