განათლება,მთავარი,სიახლეები

„5 წელია განათლების სისტემაში ვარ და უკვე 4 „რეფორმას“ მოვესწარი“ – მასწავლებელი

07.07.2026
„5 წელია განათლების სისტემაში ვარ და უკვე 4 „რეფორმას“ მოვესწარი“ – მასწავლებელი

„მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში. მასწავლებელს მოუწევს გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ კვაჭაძე.

ის წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში შეარჩიეს. მარიამს ვესაუბრეთ „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმაზე და იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას დღეს ქართული სასკოლო სისტემა.

  • ქალბატონო მარიამ, როგორც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რეფორმის მიზეზი ყოფილა ის, რომ სკოლებში „აქამდე, არ ისწავლებოდა ეროვნული ღირებულებები“ – ახლა უნდა ვასწავლოთო. რა ისწავლებოდა აქამდე სკოლებში, რას ასწავლიდით?

შეუძლებელი მგონია ამის თქმა და რაღაც სარკასტული სიტუაცია შეიქმნა ამ განცხადების გაკეთებით. ჩემი საგნიდან ამოვალ ამჯერად, რადგან შეუძლებელია ასწავლო მოსწავლეს ქართული ენა და ლიტერატურა, ასწავლო ის ნაწარმოებები, რომლებსაც ვასწავლით ამდენი წელია და გვერდი აუარო ეროვნულ ღირებულებას.

ეროვნული ღირებულებების სწავლება ყოველთვის იყო პრიორიტეტი სწავლა-სწავლების პროცესში. უბრალოდ, გვერდს ვერ აუვლი ამას და ეს არც არავის უცდია.

  • თავად არ აკონკრეტებენ რას გულისხმობენ „ეროვნულ ღირებულებებში“, მაგრამ თქვენ რასაც გულისხმობთ, იქნებ ამაზე ვისაუბროთ. რა არის ჩვენი ეროვნული ღირებულება?

ჩემთვის ეროვნული ღირებულება, პირველ რიგში, თავისუფლება, თვითმყოფადობა და სამშობლოს სიყვარულია. „სამშობლოს სიყვარული“, ალბათ სხვადასხვანაირად გვესმის ჩვენ და ამ „რეფორმის“ მესვეურებს. პატრიოტიზმი ყოველთვის იყო მთავარი ღირებულება და  შეუძლებელია, პატრიოტიზმი თავისუფლების ცნების და თავისუფლების განცდის გარეშე ასწავლო, რადგან თავისუფლება და პატრიოტიზმი ერთმანეთზეა მიბმული და სწორედ ეს მიმაჩნია ეროვნულ ღირებულებად.

  • რაზე დაყრდნობით ასწავლით პატრიოტიზმს, თავისუფლების სიყვარულს, მის არსს?

მე მთის სკოლაში ვასწავლი. ამიტომ, პირველ რიგში, ვაჟა-ფშაველას დავასახელებ რა თქმა უნდა. ვაჟას ნაწარმოებებით ვაღრმავებთ, ვაყვარებთ თავისუფლებას, კოსმოპოლიტიზმს, პატრიოტიზმს და სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს განცდას და უნარს, რაც მოსწავლემ უნდა მიიღოს სკოლისგან.

ვაჟა იქნება ეს თუ ილია ჭავჭავაძე, სწორედ ამ მწერლების შემოქმედებით ვასწავლით თავისუფლებას და პატრიოტიზმს.

  • მაშინ, რატომ საუბრობს საპირისპიროზე „ოცნების“ ხელისუფლება. რას ნიშნავს ეს – პოპულიზმია, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თუ რა მიზანი აქვთ?

ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, თვალის ახვევა და იმ სეგმენტზე აპელირება, ვისაც შეიძლება დააჯერონ, რომ თურმე აქამდე არ ისწავლებოდა სკოლაში ეს უნარები და აქამდე არ აქცევდა ამ ღირებულებებს მასწავლებელი ყურადღებას. თამაში მგონია იმ ამბების გადასაფარად, რა ამბებიც მოჰყვება ამ რეფორმას.

  • რა ამბები მოჰყვება, რა უნდა გადაფარონ?

მგონია, რომ პრიორიტეტები უკუღმაა დალაგებული ამ შემთხვევაში, რადგან არ შეიძლება ვსაუბრობდეთ სახელმძღვანელოს ყდაზე მაშინ, როდესაც არ გვაქვს სახელმძღვანელოს შინაარსი, არ გვაქვს სტანდარტი და არ ვიცით რა მიზნების ირგვლივ უნდა შეიქმნას ეს სახელმძღვანელო.

ამ დროს, როცა მეუბნები, რომ სახელმძღვანელოს ყდა იქნება მოხატული ამა და ამ გამოსახულებით, რა თქმა უნდა, ჩემი მოტყუების მცდელობა გაქვს, რომ აღარ დავსვა შეკითხვა, რას ემსახურება ერთ სახელმძღვანელოზე გადასვლა და ასე შემდეგ.

სტანდარტი აქამდეც ერთიანი იყო, აქამდეც ყველა საჯარო სკოლა ერთი და იგივე სტანდარტით ხელმძღვანელობდა ყველა საგანში. მაგრამ სხვადასხვა სახელმძღვანელოს არჩევის თავისუფლება და აკადემიური თავისუფლება არსებობდა. ახლა რას მოემსახურება ეს? არავის გაუკეთებია განმარტება. ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია ვინმეს ჯეროვანი განმარტება ამაზე – რატომ გადავდივარ ერთ სახელმძღვანელოზე, რატომ იზღუდება აკადემიური თავისუფლება?

  • მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ „მე რაც მინდა, მაინც იმას ვასწავლი გაკვეთილზე“. თუ ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული, მაშინ ღირს კი ამდენი შფოთვა და თუ ეს ასე არ არის, გამოდის, რაღაც კონფლიქტი მაინც განვითარდება მომავალში?

ვინც ამას ამბობს, არ ვიცი რამდენად დარჩებიან მომავალში თავიანთი ღირებულებების ერთგული, ამ შეზღუდული თავისუფლების პირობებში. სხვა ამბავია, თავად რა ღირებულებების მატარებელნი არიან და რამდენად შეძლებენ იმ რესურსების თავისუფლად გამოყენებას, რაც მათ უნდათ, რომ გამოიყენონ გაკვეთილზე.

ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, რომლის მიხედვითაც სტანდარტზე უნდა გავსულიყავით, ეს ნამდვილად იყო სახელმძღვანელო და ვიტყვი იმასაც, რომ ასეთ პირობებში უფრო აღმოჩნდებიან მოსწავლეები არათანაბარ პირობეში. არ მინდა ვინმეს კომპეტენციას შევეხო, მაგრამ მაინც სახელმძღვანელო იყო დასაყრდენი რესურსი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსა არ შეეძლოთ დამატებითი რესურსების მოძიება.

  • როგორც გვითხრეს, სახელმძღვანელოების ყდებზე ხუროთმოძღვრების ძეგლები, ილია მეორე და კიდევ სხვა ბევრი ილუსტრაცია იქნება დატანილი. ახლა რა ახატია მაგალითად ქართულის სახელმძღვანელოს და არსებითად თუ შეიცვლება რაიმე ილუსტრაციების შეცვლით?

როგორც მახსოვს, ძველ სახელმძღვანელოსაც ეკლესია ახატია ყდაზე, ბევრგან არის ქრისტიანული სიმბოლიკები, ზოგან გამოჩენილი ქართველები ახატია. ისედაც არის ეს ეროვნული სიმბოლიკები გამოსახული ყდებზე. ამიტომ, ვერაფრით მივხვდი, რას ემსახურება ეს ამბავი. ან ამდენი საუბარი რატომ არის საჭირო ყდასთან დაკავშირებით.

როდესაც რაღაც პროექტს ვაკეთებთ, აუცილებლად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება და რას მოუტანს ეს მოსწავლეს, შეესაბამება თუ არა მიზნებს, ხომ არ არის აქტივობა აქტივობისთვის გაკეთებული და ტყუილად გაფლანგული დრო საგაკვეთილო პროცესში? სახელმძღვანელოს ყდაზე დახატული სიმბოლიკით ჩვენ ვერ გავალთ ვერანაირ მიზანზე. შეუძლებელია სახელმძღვანელოს ყდამ მოგცეს მიზანი.

  • როგორც ვიცი, გერბი, დროშა და ჰიმნიც არის განთავსებული პირველ გვერდზე.

რა თქმა უნდა, ყველა სახელმძღვანელოზეა ეს. ამიტომ, რატომ ქმნიან იმის განცდას, რომ თითქოს ახლა კეთდება ეს პირველად, არ ვიცი. უბრალოდ, პოპულიზმია და პრიორიტეტების უკუღმა შემოთავაზება საზოგადოებისთვის, რომ კითხვები არ დაისვას რეფორმაზე საზოგადოების მხრიდან. ამის გადაფარვა უნდათ ამ ყდებზე საუბრითაც.

  • თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა დაგხვდებათ სკოლაში სექტემბერში?

ძალიან მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში, რომ მასწავლებელს მოუწევს რაღაცებზე გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში.

თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენებს – შესაძლოა ვერ ვესაუბროთ იმ ღირებულებებზე მოსწავლეებს თავისუფლად, რაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და საჭიროდ. ეს იქნება ძალიან ცუდი, განათლების მიზნებისა და მოსწავლისთვის.

არ მინდა, როგორც მასწავლებელი რაღაც ბრძოლაში ვიყო სულ. მირჩევნია ჩემს საქმეს მივხედო. მაგრამ თუკი მომიწევს ბრძოლა, მანამდე ვემსახურები იმ ღირებულებებს, რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად. შემდეგ რა იქნება ნამდვილად არ ვიცი.

  • როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დაწყებულიყო სკოლაში პრობლემების მოგვარება, რომ ხარისხიც გაუმჯობესებულიყო და მოსწავლის და მასწავლებლის მოტივაციაც გაზრდილიყო?

ხუთი წელია, რაც განათლების სისტემაში ვარ და უკვე ოთხ „რეფორმას“ მოვესწარი. თუ შენ გინდა რეფორმის შედეგი და მდგრადობა განსაზღვრო, ერთი წელი მაინც ხომ უნდა დააკვირდე პროცესებს? ამაზე ნაკლებ დროში ვერც დაინახავ და ვერც განსაზღვრავ შედეგს.

მთავარი რეფორმა, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი აზრით, და ის, რაც მოგვცემდა რეალურ შედეგს, სასკოლო კვების დანერგვაა: მოსწავლეების უმეტესობა მთელ დღეს მშიერია სკოლაში და ეს დიდი პრობლემაა. მშიერი მოსწავლის გონებრივი აქტივობა გაკვეთილზე ძალიან რთული ამბავია.

ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. ზოგიერთ სკოლაში ინტერნეტი არ იჭერს წესიერად და უკვე საუბარი ზედმეტია სხვა რესურსების ჩართვაზე. ინფრასტრუქტურა იქნება, მასწავლებლების მოტივაცია, ხელფასი თუ სხვა რამ, ეს უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნებოდა რეალური საქმის გაკეთება და არა ის, რომ სულ რაღაცას ცვლიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვიღებთ შედეგს.

სქემის მუდმივი ცვლილებაც აშფოთებთ მასწავლებლებს. იყოს ეს გამოცდები, მაგრამ ნუ მიაწვდიან ისე, მასწავლებლებს ეგონოს, რომ თუ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ცხოვრება თავზე ჩამოენგრევათ. ან ის, რომ ბოლო წუთამდე არ ელოდოს, რომ რაღაც შეიცვლება და აღარ მოუწევთ ამ გამოცდის ჩაბარება.

პროფესიული განვითარების გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მასწავლებლის არსებობა სკოლაში, მაგრამ განვითარებისთვის სხვა მოტივაციაც შეიძლება არსებობდეს. ეს კი, რაღაც სადამსჯელო ფორმა. მაგალითად, ძალიან მტკივნეული იყო, როცა მასწავლებლებმა გამოცდაც ჩააბარეს, პორტფოლიოც დაიცვეს, მიენიჭათ სტატუსები, შემდეგ კი წაართვეს სტატუსების დანამატი და შეუმცირეს ხელფასები.

  • თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლისთვის, რა არის მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების პროცესში?

პირველი მთავარი ამბავი, რაც მოსწავლესთან მაქვს, ეს არის ნდობა. როდესაც გაკვეთილზე შევდივარ, მოსწავლე არ ელის ჩემგან, რომ მოვიდა ვიღაც, ვინც გააკრიტიკებს დავალების ან რაღაცის გამო. მთავარია, მოსწავლე გამოცდისთვის კი არ მოვამზადო, არამედ ჩემი გაკვეთილებით გაიზარდოს თავისუფალი და ჯანსაღი ღირებულებების მქონე მოქალაქე.

ზუსტად იმ ღირებულებებზე გაიზარდოს, რომელზეც თქვეს, რომ თურმე აქამდე არ ასწავლიდნენ სკოლაში. ამით დახუნძლული და შეიარაღებული გაუდგეს ცხოვრების გზას.

მე მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვასწავლი, სულ რვა ბავშვი გვყავს სკოლაში, კლასში მაქსიმუმ ორი მოსწავლე, ამიტომ ასეთი სკოლების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შუაფხოს სკოლა ერთადერთი წერტილია, რაც ამ სოფელს ამაგრებს. რომ არა სკოლა, არ იქნებოდა სოფელი. სულ ორი ოჯახის ბავშვები დადიან ამ სკოლაში. როცა ესენიც დაამთავრებენ, სოფელი დაცარიელდება და გაუკაცრიელების საფრთხის წინაშე დადგება.

ერთადერთი, რაც შეიძლება მოსწავლისთვის, ახალგაზრდისთვის საინტერესო ხდებოდეს ამ სოფელში, სკოლაა. მეტი არაფერი არსებობს – არც წრეები, არც კლუბები. სკოლაა ერთადერთი მაცოცხლებელი წერტილი და ასეთი სკოლის მასწავლებელი კიდევ სხვა ვალდებულებებით არის აღჭურვილი. შენ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა გევალება, არამედ გევალება იმ მოსწავლის თავისუფალი დრო როგორმე დატვირთო საინტერესო აქტივობებით, რომ არ ჰქონდეს იმის დანაკლისი, რაც ვთქვათ, ქალაქთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს აქვთ.

  • ფორმები შემოაქვთ წელს, უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათო. სჭირდება კი შუაფხოს სკოლის მოსწავლეს ეს ფორმა?

არ ვიცი, რატომ არის ფორმის ჩაცმა ასეთი მნიშვნელოვანი. ის, რა ფორმითაც აპირებენ შესყიდვას, საერთოდ კარიკატურული ამბავია. ეს 45 მილიონი ლარი, მთელი ხეობის სკოლების ცხოვრებას შეცვლიდა უკეთესობისკენ. სკოლებს ექნებოდათ გამართული ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები. ბევრი რამ აკლიათ ამ სკოლებს და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა 45 მილიონით, ვიდრე ვთქვათ პლასტმასის ფორმები, რომლებსაც რამდენიმე თვეში ისევ კარადებში ჩამოკიდებენ.

ჩემთვის მთავარი საზომი, თუ როგორ ჩაიარა ჩემმა გაკვეთილმა არის ის, დასვამს თუ არა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე კრიტიკულ შეკითხვებს. აქვს თუ არა კრიტიკული დამოკიდებულება რაღაცის მიმართ, ცდილობს თუ არა იმის გადამოწმებას, რაშიც შეეპარა ეჭვი.  ჩემი აზრით, მაშინ გავდივართ მაღალ სააზროვნო ღირებულებებზე.

უპირობო მორჩილება და შეკითხვის არდასმა მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსმა ასე თქვა და უფროსი არ შეიძლება ცდებოდეს, არ შეიძლება შევუბრუნოთ შეკითხვა მასწავლებელს ან ვინმე სხვას – ჩემზე უფრო მაღლა მყოფს, ეს, რა თქმა უნდა, დააჩლუნგებს ღირებულებებს.

შეეჩვევა მოსწავლე იმას, რომ საკუთარი აზრი არ უნდა გამოთქვას, არ უნდა გადაამოწმოს, მაშინ როცა, მთავარი ამბავი ახლა, ამ საუკუნეში არის ის, შემიძლია თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, კრიტიკული აზროვნება და გავხდები თუ არა ამ ზღვა პროპაგანდის მსხვერპლი, რაც ამ საუკუნეს თან ახლავს.

თუკი ამ უნარებით არ აღვჭურვე მოსწავლე გაკვეთილზე, ესე იგი არ შემისრულებია ჩემი მიზნები, როგორც მასწავლებელს, მით უმეტეს, როგორც ქართულის მასწავლებელს.

კიდევ ერთი, მინდა შევეხო უნივერსიტეტების თემასაც, რადგან სასკოლო რეფორმის პარალელურად ჩემთვის ასევე მტკივნეულია საუნივერსიტეტო რეფორმა – მე სოხუმის უნივერსიტეტის ყველა საფეხური დავამთავრე – ბაკალავრიდან დაწყებული დოქტორანტურამდე და ახლა, როცა ამ უნივერსიტეტს და განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ, სოხუმის უნივერსიტეტს კი გამოგლიჯეს პედაგოგიური ფაკულტეტი, ეს არის ტრაგედია.

სოხუმის უნივერსიტეტს მხოლოდ უნივერსიტეტის სტატუსი არ აქვს, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოც იყო რაღაცნაირად. ამიტომ თუ „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ იდეა არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს იმედი, რომ სოხუმის დევნილი უნივერსიტეტი ოდესმე დაუბრუნდება თავის საწყის ლოკაციას და დაბინავდება აფხაზეთში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: