მთავარი,სიახლეები

„თუ სახლში საშიშია, მე გასაბერ აუზში ვიცხოვრებ“ – 8 წლის ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში ცხოვრობს

20.07.2026
„თუ სახლში საშიშია, მე გასაბერ აუზში ვიცხოვრებ“ – 8 წლის ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში ცხოვრობს

„სახლში ხომ საშიშია და გასაბერი აუზი მიყიდეთ დედა, ეზოში, აუზში ვიქნები“ – რვა წლის დეამ დედას გასაბერი აუზის ყიდვა სთხოვა, რადგან სახლში ყოფნა საშიშია, ეზოში ვიქნებიო – შესთავაზა.

დეა მთელ დღეებს სოფელ ქობულეთში, მშობლებთან ერთად ატარებს. ბავშვის დედა გვიყვება, რომ ახლომახლო დეას თანატოლები არ ცხოვრობენ და ბავშვი დროს ძირითადად ლეკვებთან თამაშობს – „უყვარს ისინი.“

დეას ფეხები „მწვანე წამლით“ აქვს დაფარული, მწერებს დაუკბენიათ და ასე უშუშებენ ნაკბენ ადგილებს.

დეა და მისი მეგობარი

დეა ბევრს არ ლაპარაკობს, უცნობებს არ გვეკონტაქტება, კითხვებს არ პასუხობს, თუმცა გადასაღებ კამერას ინტერესით აკვირდება.

ჩვენი იქ ყოფნის დროს ერთი წამითაც არ გაჩერებულა, გაუჩერებლად მოძრაობს. რეზინის ჩუსტები აცვია, როგორც ჩანს, ოდნავ დიდი აქვს, ამიტომაც ხმაურით დადის.

დედის მითითებებს, რომ სახლში ყველგან მოძრაობა არ შეუძლია, რადგან სახლის ადგილას ზოგ უფრო საშიშია გავლა, სრულად არ ემორჩილება. ავიწყდება, სად უფრო მეტი ან ნაკლებია ჩამონგრევის ალბათობა.

დეა მშობლებთან ერთად სოფელ ქობულეთში, ავარიულ სახლში ცხოვრობს. მათი სახლი ფაქტობრივად დანგრევის პირასაა, ნაწილობრივ, ჩამონგრეულია კიდეც.

ვერულიძეებს სახლის მშენებლობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუწყიათ და ვერ დაუსრულებიათ

სახლის ერთი მხარე ჩამონგრეულია, მეორე – დაწეული

დეას მამა, იოსებ ვერულიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს, ხანდახან მეზობლებს ეხმარება მსუბუქ საქმეებში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. არ მუშაობს არც დეას დედა, ნატო ბერიძე.

„ბავშვი პატარა იყო, სამუშაო ვერ დავიწყე“ – გვიყვება ნატო.

მისი ოცნებაა ოჯახი სადმე, „ნორმალურ, საცხოვრებელ გარემოში“ ქირით გადავიდეს: „მეშინია, ბავშვს ყოველ წამს საფრთხე ემუქრება“ – წუხს ნატო.

დეას ხატვა ჰყვარებია, თუმცა ოჯახს არ აქვს საშუალება, ბავშვი დამატებით წრეებზე ატაროს, მხოლოდ სკოლაში დაჰყავთ:

„სკოლაც შორს არის, ტრანსპორტი არ არის, უჭირს ბავშვს ამხელა მანძილის გავლა“ – გვეუბნება ნატო.

სახლის პირველი სართული, სადაც ფაქტობრივად 2 ოთახში ცხოვრობენ, მეტწილად ჩაბნელებული და ნესტიანია

ვერულიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახში გვიყვებიან, რომ არ ჰქონდათ საშუალება ძველი და საცხოვრებლად უვარგისი სახლი დაეშალათ და ახალი აეშენებინათ.

მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. შემოდგომაზე მანდარინს ვყიდით, მაგრამ დიდი არაფერი გამოგვდის, არაფერს გვყოფნისო – გვეუბნება ნატო.

სახლის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა, ამიტომაც ოჯახმა დახმარების თხოვნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, მერიამ კი, თავის მხრივ – გეოლოგიურ სამსახურს.

დოკუმენტში, რომელიც ვერულიძეებმა გვაჩვენეს, ექსპერტი წერს, რომ სახლი აღდგენას არ ექვემდებარება, საცხოვრებლად უვარგისია და ერთადერთი გამოსავალი დემონტაჟია.

დასკვნაში, რომელიც 2025 წელს არის მომზადებული, ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს ასევე, რომ საჭიროა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

ნატო ბერიძე გვიყვება, რომ დასკვნის მომზადების შემდეგ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, დასკვნა მიუტანეს და უთხრეს აქ ცხოვრება სახიფათოა:

„სახლი უნდა დაშალოთო. ვუთხარი, სად წავიდეთ-მეთქი. აქ როგორ ხართო. აბა, რა ვქნა-მეთქი. გამაფრთხილეს, რამდენიმე ადგილზე მიმითითეს, ამ მხარეს ბავშვმა არ იაროს, სახიფათოაო“.

იოსებ ვერულიძე

„მუნიციპალიტეტმა 20 000 ლარი შემოგვთავაზა დემონტაჟისთვის, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ მეყოფოდა და არ დავთანხმდი“- ამბობს დეას მამა, იოსებ ვერულიძე.

 

ნატოს ქობულეთის მერთან შეხვედრაც უცდია:

„მივედი, მერთან შეხვედრა მინდა მეთქი, ველოდე. შემდეგ მითხრეს, მერს პირდაპირ კი ვერ შეხვდები, ასე არ ხდებაო. ბაქლავა მომართვეს, ვუთხარი – მე ბაქლავა არ მინდა, მერთან შეხვედრა მინდა-მეთქი. ტყუილად ვუცადე, არ შემხვდა“.

ნატო ბერიძე

ქობულეთის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ ვერულიძეების სახლი მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება:

„აღნიშნულმა ოჯახმა მერიას გეოლოგების მოწვევის და საცხოვრებელი სახლის შესწავლის მიზნით გასულ წელს მომართა.

გეოლოგიური სამსახურის შესწავლის შედეგად სახლი დაექვემდებარა დემონტაჟს, რისთვისაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი თანხა. ოჯახმა უარი განაცხადა აღნიშნული თანხის მიღებაზე.

რაც შეეხება მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვას, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება არ დაწყებულა. როცა დაიწყება განაცხადების მიღება, ოჯახს შეუძლია შემოიტანოს დოკუმენტაცია, კომისია შეისწავლის და მიიღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

მერიაში ასევე გვითხრეს, რომ დემონტაჟის დასრულებამდე ოჯახს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა ვერულიძეების თქმით მხოლოდ დემონტაჟისთვის 20 000 ლარი შესთავაზეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: