ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს.
მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა სააგენტომ ის ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
გაყიდვის ფასი სიმბოლური, 1 ლარია, ბიჯი 5000 ლარი, საგარანტიო თანხა 491 000 ლარი.
პირობის მიხედვით, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წელში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესყიდული ტერიტორიიდან არანაკლებ 5000 კვ.მეტრზე არანაკლებ 7 956 000 ლარის დანახარჯი უნდა გასწიოს შპს „სთარინგ ჯორჯიასთან“ შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისად [„სთარინგ ჯორჯია“ სახელმწიფოს შპს-ა].
პირობების მიხედვით, მყიდველმა არანაკლებ 4000 კვ.მეტრზე უნდა ააშენოს შენობა, სადაც იქნება 65 ერთეული [შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს], არანაკლებ 30 კვ.მეტრი შიდა სივრცის მქონე აპარტამენტები ინდივიდუალური სველი წერტილებითა და სამზარეულო კუთხით, 6 ერთეული არანაკლებ 60 კვ.მეტრი და 1 ერთეულ 40 კვ.მეტრი [შიდა სივრცე] ფართობის მქონე აპარტამენტი ან სასტუმრო ნომერი, იმავე განაშენიანებით.
არანაკლებ 800 კვ.მეტრ საერთო სარგებლობის ფართობს, რომელიც მოიცავს არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიასა და არანაკლებ 50 ადამიანზე გათვლილ სამუშაო სივრცეს.
შემსყიდველს დაევალება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა.
მყიდველმა უნდა აიღოს ასევე ვალდებულება მშენებლობის დასრულებიდან 12 თვეში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვისა, უზრუნველყოს რემონტის დასრულება, შემდეგ კი არაუმეტეს 1 თვის ვადაში ეს ქონება სახელმწიფოს გადასცეს [საუბარია ზემოთ მითითებულ შენობაზე].
მყიდველს ასევე დაევალება, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 წელში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაცემული ტერიტორიის განვითარება. ეს მოიცავს, მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს არანაკლებ 100 ნომრის მქონე ჰოსტელის, სასტუმროს ან აპარტამენტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის, ღია სივრცეების მქონე კვების ობიექტების, საბავშვო სივრცისა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის შექმნა-მოწყობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებას.
ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, მყიდველმა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე.
მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, წარადგინოს არანაკლებ 300 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც პროექტის ჩაბარების ვადას 4 თვით უნდა აღემატებოდეს.






