ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა.
ბათუმის მერიის ინიციატივას, 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაეზარდათ ბათუმში, ავტობუსით მგზავრობის გადასახადი, მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
საკრებულოს სხდომა სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა, დღეს, 30 იანვარს გაიმართა.
გადაწყვეტილების მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ.
საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ვაჟა დარჩიამ.
“ორ ნახევარჯერ უძვირებთ ბათუმელებს ყოველდღიურობას. იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე გაჭირვებული ფენაა, ანუ იმ ადამიანებს, ვინც დადის ავტობუსით. არ მგონია, რომელიმე თქვენგანი ავტობუსის ყოველდღიური მომხმარებელი იყოს ჩემგან განსხვავებით… მაგალითად გუშინ, ბატონმა ლევან დავითაძემ [საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“], 13 ნომერი რა არისო იკითხა, არ იცოდა და ეტყობა არ არის [ავტობუსის] მომხმარებელი.
მნიშვნელოვანია ეს ამბავი უთხრათ საზოგადოებას, რომ ორნახევარჯერ უზრდით მათ მგზავრობის ღირებულებას. თან არგუმენტებში გიწერიათ ბენზინი გაძვირდაო და ბენზინი ბოლო წლებში რადიკალურად არ გაძვირებულა. მაინტერესებს, თუ არის ბენზინის ფასი მთავარი არგუმენტი ამ გაძვირებაში, განვიხილოთ ის საკითხი, რომ 13 ნომერი, რომელიც ბენზინთან საერთოდ არაა დაკავშირებული, ელექტროავტობუსია, დავტოვოთ იგივე ტარიფზე. მით უმეტეს მარშრუტის ცვლილებაც არ მომხდარა,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ საკრებულოს სხდომაზე.
„აქ მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ მოხდეს მგზავრთა ხარისხიანი, შეუფერხებელი მომსახურება. რომ არ გახდეს უხარისხო ამიტოვ ვაკეთებთ ამას [მგზავრობას ვაძვირებთ],“ – თქვა საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ.
მერიის პოზიცია დაიცვა საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ.
„მესმის, რომ არის სენსიტიური თემა და თქვენ ამით მოსახლეობაზე სპეკულირებთ. კვლავაც ცდილობთ ჩაიწეროთ პოლიტიკური ქულები. მე ასე ომახიანად, წეღან რატომღაც გააჟღერა ბატონმა დავითმა „თიბისი ბანკი“ თუმცა თქვენ არ გესიამოვნათ, მაგრამ
თქვენ მაშინ იქნებით გულწრფელი და მაშინ დაგიჯერებთ ადამიანები, თუ თქვენ, თუნდაც ამ დარბაზიდან თქვენი პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებთ იგივე მათთან დასაქმებული ადამიანების ხელფასების გაზრდაზე და მერწმუნეთ ეს ფასნამატი რასაც დღეს ჩვენ დავამტკიცებთ და მივიღებთ, ნამდვილად არ დააზიანებს და არ იქნება მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის, უფრო მძიმე ტვირთი, არის ის საპროცენტო განაკვეთი, რასაც თქვენი ლიდერები სთავაზობენ ადამიანებს,“ – თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ.
მან დღეს სხვა დეპუტატებთან ერთად მხარი დაუჭირა ავტობუსით მგზავრობით ტარიფის გაზრდას.
„სიმართლე არის ის, რომ 30 თეთრი წლების განმავლობაში ვერ ფარავდა მუნიციპალური ტრანსპორტის რეალურ ხარჯებს. საწვავს, სათადარიგო ნაწილებს, სერვისებს, დახელფასებას და ა.შ. თუმცა ამ სხვაობას მუდმივად ფარავდა ქალაქის ბიუჯეტი. არა ბილეთების სახით, მაგრამ საბიუჯეტო სახსრებით ჩვენ მაინც ვაფინანსებდით ამ ღირებულებას.
ამ რეალობაში ჩვენ არჩევანი გვქონდა ორი – ან უნდა აგვერჩია სერვისის გაუარესება, რაც გულისხმობდა დიდი შუალედები, გაუმართავი ავტობუსები და ა.შ. მეორე უკიდურესობა ეს იყო, გონივრული კორექტირება ტარიფების, რაც მოგვცემდა საშუალებას შეგვენარჩუნებინა უსაფრთხო და სტაბილური მუნიციპალური ტრანსპორტი,“ – ასე ახსნა გაძვირების მოტივი საკრებულოს წევრმა ლევან დავითაძემ.
„მესმის, ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მოთხოვნა ლოგიკურია – მას უნდა მეტი შემოსავალი. აქ ვიცე მერმა ორ გზაზე რომ თქვა, ან ხარისხი უნდა გაგვეუარესებინა ან გაგვეზარდა ტარიფიო, არსებობს მესამე გზაც – მაინც დოტაციურია და გავზარდოთ დოტაცია,“ – შესთავაზა საკრებულოს დეპუტატმა „გირჩიდან“, გიორგი მასალკინმა.
საბოლოოდ საკრებულომ არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნა არ გაითვალისწინა და მგზავრობის ტარიფის გაზრდას მხარი დაუჭირა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება მიიღეს
ამავე თემაზე:






