მთავარი,სიახლეები

თხილის ბაღები ხმება, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა – სამინისტრომ სუფსიდიები გააუქმა, მაგრამ რეკომენდაციები გამოსცა

09.07.2026
თხილის ბაღები ხმება, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა – სამინისტრომ სუფსიდიები გააუქმა, მაგრამ რეკომენდაციები გამოსცა

„დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა,“ – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ახალ რეკომენდაციებში.

ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაა. სამინისტრომ წელს მეთხილეებისთვის სუბსიდია გააუქმა. იმ ფონზე, როცა თხილის ბაღები დასავლეთ საქართველოში მასობრივად ნადგურდება და წელს მოსავლის უპრეცედენტოდ მცირე მოსავალი იქნება, „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა რეკომენდაციები: რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ უშველოს თხილის ბაღს.

სამინისტროს რეკომენდაციებში ნათლად ჩანს, რამდენად გაეზარდათ ხარჯი მეთხილეებს. კრიზისულ ვითარებაში ჩავარდნილი მეთხილეები ვეღარ იღებენ სუბსიდიას, რასაც „ოცნების“ მთავრობა 2023-2025 წლებში გასცემდა.

„მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქტერიული დაავადებები – ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), თუმცა დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს მცენარის დასუსტება, კლიმატური ცვლილებები, გვალვა, ჭარბტენიანობა, ნიადაგის მაღალი მჟავიანობა და სხვა ბიოტური თუ აბიოტური სტრესფაქტორები.

თხილის უეცარი ხმობის დამახასიათებელი სიმპტომებია: მცენარის ფოთლების გაყვითლება მუქი ნეკროზული ყავისფერი ლაქებით, ტოტებზე ვერტიკალური ნახეთქები, ჭკნობის და ხმობის ნიშნებით, ტოტის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე ღეროს გულის (ქსილემის) გამუქება, შტამბზე კორძებით შემოსაზღვრული ნახეთქები, სპეციფიკური ლაქები და სხვა.

როგორ შევამციროთ თხილის უეცარი ხმობის განვითარების რისკი?

➡️ თხილის ნარგაობაში მნიშვნელოვანია მაღალი აგროტექნიკური ფონის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს: ნიადაგის pH-ის კორექტირებას მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, ნიადაგის ანალიზზე დაფუძნებულ დაბალანსებულ განოყიერებას, ორგანული და მინერალური სასუქების მიზნობრივ გამოყენებას, ფოთლოვან კვებას, მცენარეთა ინტეგრირებული (ფიტოსანიტარული, ბიოლოგიური და ქიმიური) დაცვის ღონისძიებების განხორციელებას და ყველა მოვლითი აგროღონისძიების აგროვადებში ჩატარებას.

➡️ სარეველების კონტროლი, როგორც რიგთაშორისებში, ისე მცენარეებს შორის. რეკომენდებულია მექანიკური გათიბვა განათიბის ადგილზე დატოვებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური ჰერბიციდების გამოყენება.

➡️ აუცილებელია სადრენაჟო-წყალშემკრები სისტემის გამართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალი სადრენაჟო არხების მოწყობა. გვალვიან პერიოდში რეკომენდებულია მცენარის მორწყვა შესაძლებლობის ფარგლებში.

➡️ დასუსტებული მცენარეები ზაფხულის განმავლობაში უნდა მოინიშნოს, რათა გასხვლისას ცალკე დამუშავდეს.

➡️ საშემოდგომო-საგაზაფხულო გასხვლის დროს სამუშაოები რეკომენდებულია დაიწყოს დაავადებული ბუჩქებიდან. დაზიანებული დედა-ტოტები უნდა ამოიჭრას, ბაღიდან გაიტანოს და განადგურდეს.

➡️ საბაღე ინსტრუმენტები ყოველი დაზიანებული მცენარის შემდეგ უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით, სხვა სადეზინფექციო ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით. დეზინფექცია აუცილებელია ყოველ ახალ მცენარეზე გადასვლისას.

➡️ გასხვლის შემდეგ მცენარეები უნდა დამუშავდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად.

➡️ ფოთოლცვენის დაწყებისას (50–70%) აუცილებელია სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება. რეკომენდებულია სპილენძის შემცველი პრეპარატების ორჯერადი შესხურება შემოდგომით და ორჯერადი შესხურება ადრე გაზაფხულზე, ეტიკეტზე მითითებული დოზირებით.

➡️ უნდა შეიზღუდოს რიგთაშორისებში ნიადაგის მოხვნა და კულტივაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაზიანებული ფესვების ნაწილებით.

➡️ იმ ბაღებში, სადაც დაავადების ძლიერი კერებია და ბუჩქები მთლიანად გამხმარია, ხოლო ახალი ამონაყრები აღარ ვითარდება, მცენარეები აუცილებელია მთლიანად ამოიძირკვოს და განადგურდეს.

➡️ აუცილებელია ამბროზიის ხოჭოს (Anisandrus dispar) და შავი ხარაბუზას (Oberea linearis) სისტემატიური კონტროლი, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების ალბათობა.

➡️ სავეგეტაციო პერიოდში უნდა შეიზღუდოს სისტემური ჰერბიციდების (გლიფოსატი) გამოყენება.

📌რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, თუ თხილის უეცარი ხმობის პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა?

თხილის უეცარი ხმობით დაზიანებული მცენარეების სრულად განკურნება რთულია, რადგან პათოგენი სისტემურად ვრცელდება მცენარის ქსოვილებში, აზიანებს როგორც ქსილემას, ისე ფლოემას. გარდა ამისა, დასუსტებულ მცენარეებს ხშირად ემატება სხვა ტრაქეომიკოზური სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა ბოტრიოსფერია და ვერტიცილიოზი. თუმცა დროული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია დაავადების გავრცელებისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება.

თუ დაავადების პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა, რეკომენდებულია:

➡️ მცენარის ზედა ნაწილში ფოთლების სწრაფი გაუფერულების, შეყვითლებისა და ჭკნობის შემთხვევაში რეკომენდებულია მცენარის გადაჭრა 90–110 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო გადაჭრილი ადგილის დამუშავება 2–3%-იანი სპილენძის შემცველი პრეპარატით.

➡️ მთლიანად დაზიანებული მცენარე და მისი ნაწილები უნდა გაიტანოთ ბაღიდან და გაანადგუროთ. თუ მცენარე უკვე სრულად გამხმარია, მისი ამოძირკვისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა ბაქტერია არ გავრცელდეს.

➡️ სეტყვის, წაყინვის ან სხვა მექანიკური დაზიანების შემდეგ რეკომენდებულია მცენარეების პროფილაქტიკური დამუშავება სპილენძის შემცველი პრეპარატებით. დამატებით შესაძლებელია ამინომჟავების შემცველი ბიოპრეპარატების გამოყენება, თუმცა მათი სპილენძის შემცველ პრეპარატებთან შერევა დაუშვებელია.

➡️ დაავადებულ მცენარეებზე მუშაობისას სეკატორები და სხვა საჭრელი იარაღები ყოველი გამოყენების შემდეგ დაამუშავეთ 70%-იანი ეთანოლის ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების რისკი.

➡️ რეკომენდებულია ნიადაგის მჟავიანობის განეიტრალება შესაბამისი საშუალებების – კირის, დოლომიტის, დეფეკატი ტალახისა და სხვ. გამოყენებით.

➡️ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენის შემდეგ რეკომენდებულია თხილის ბუჩქისა და ფესვთა სისტემის დამუშავება 7-10-დღიანი ინტერვალით, 3-4-ჯერ, ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების სისტემური პრეპარატებით – უპირატესად სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ასევე ალუმინის ფოსეტილით, მეტალაქსილით და სხვა. პრეპარატები გამოიყენეთ ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად (საორიენტაციოდ 50–100 გ/10 ლ წყალზე).

➡️ სასურველია ფესვთა სისტემის 1–2-ჯერ დამუშავება სისტემური ფუნგიციდების კომბინირებული ნაზავით (დიფენოკონაზოლი, ტებუკონაზოლი, კარბენდაზიმი და სხვა), ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად (საორიენტაციოდ 5–10 მლ/10 ლ წყალზე).

➡️ ბიოორგანული მეთოდებიდან რეკომენდებულია Bacillus amyloliquefaciens-ის (ყოფილი subtilis) შემცველი ბიოფუნგიციდების გამოყენება – 100 მლ/10 ლ წყალზე, 10–14-დღიანი ინტერვალით, 3–4-ჯერ.

✅ პირველადი კვლევების მიხედვით, დაავადების მიმართ განსაკუთრებით მიმღებიანია ტონდა ჯიფონის და ანაკლიურის ჯიშები, განსაკუთრებით ტონდა ჯიფონი,“ – წერია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

__

ამ თემაზე:

„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: