დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე ელექტორნერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და სავარაუდოდ, მთელს საქართველოში.
ფეისბუქზე მოქალაქეები წერენ, რომ შუქი არც სხვა რეგიონებშია.
ამავე დროს, შეზღუდულად მუშაობს ინტერნეტი და მობილური ქსელები.
გაჩერდა მატარებლები და მეტრო. მოქალაქეებს თბილისში მეტროს დატოვება ფეხით მოუხდათ.
„ბათუმელები“ ცდილობს სუს-თან, სახელწიფო ელექტროსისტემასთან და ენგურჰესთან დაკავშირებას, თუმცა ამ უწყებებში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ.
საქართველოში ელექტორენერგია 24 და 25 ივლისს, რამდენიმე საათით გაითიშა. რა გახდა გათიშვის დადასტურებული მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
შუქის გათიშვიდან დაახლოებით ერთ საათში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] წევრმა, გიორგი ფანგანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ საქართველოში დღეს, 5 აგვისტოს, დენის გათიშვის მიზეზი ენგურჰესზე დაგეგმილი ტესტირება იყო:
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.
ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“ – წერს გიორგი ფანგანი.
ამ დრომდე [21:25 სთ] ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს ელექტროსისტემას.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ელექტროსისტემამ.
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“ – წერს „ელექტროსისტემა“.






