სიახლეები

მუსიკოსები მარნეულიდან, რომლებმაც აზერბაიჯანულ-ქართული სიმღერა ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნეს

01.04.2024 • 7665
მუსიკოსები მარნეულიდან, რომლებმაც აზერბაიჯანულ-ქართული სიმღერა ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნეს

26 მარტის შემდეგ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფლეი-ოფში საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო მარნეულიდან, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მღერიან აფიგ ნოვრუზოვი და საჰილ დენიზი – გამარჯვების აღსანიშნად.

ვიდეო ქართულ სოციალურ ქსელებში 27 მარტს გამოჩნდა და უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა.

@sahildeniz_official Tezliklə🧨 @Nato_Negd_Pul #georgia #gürcistan #tiktok #keşfet #sahildeniz_official #yeni #new #nev ♬ orijinal ses – Sahildeniz_official

ვიდეოს მთავარ გმირებს, აფიგ ნოვრუზოვს და საჰილ დენიზს მატჩზე დასასწრები ბილეთი არ შეხვდათ. მეგობარი დაჰპირდათ, რომ ყველას უყიდდა ბილეთს, როგორც კი გაყიდვა დაიწყებოდა, მაგრამ აფიგი და  მისი მეგობრები უბილეთოდ დარჩნენ. სწრაფად ამოიწურა ბილეთები და ყველას არ შეხვდა. აფიგი მეგობრებთან ერთად თბილისში გეგმავდა წასვლას ბილეთი რომ შეხვედროდა, მაგრამ მარნეულში, მეგობრებთან ერთად ნახა მატჩი.

„ყოველთვის ვგულშემატკივრობდით საქართველოს ნაკრებს, ყველა თამაშზე. სიმღერა გვქონდა თითქმის დაწერილი და დასრულებული საქართველოზე, როცა ჩვენმა გუნდმა მოიგო და ამ სიმღერით გამოვხატეთ ჩვენი ემოცია. სიმღერა საქართველოს მშვენიერებაზეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვიგეთ, გადავაკეთეთ ტექსტი და ვახსენეთ ჩვენი ისტორიული გამარჯვებაც“, – ამბობს აფიგ ნოვრუზოვი.

საჰილ დენიზი

ამ სიმღერაზე აფიგი და მისი მეგობრები ახლა კლიპს იღებენ დაშბაშის კანიონზე:

„ქუჩაში უყურებდა ფეხბურთს მთელი მარნეული, ძალიან გვიხაროდა. ევროპის ჩემპიონატი უზარმაზარი სპორტული მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. საქართველოს ადგილი ევროპაშია და მოვხვდით კიდეც ჩემპიონატზე“, – ამბობს აფიგი.

მისი თქმით, მარნეულში ფეხბურთის მიმართ ინტერესი დიდია და ამ გამარჯვების შემდეგ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

„კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო დიდ ეკრანზე შევძლებთ მარნეულში, სადმე ერთ ადგილას ყველანი, ევროპის ჩემპიონატის მატჩების ნახვას. მგონი გეგმავენ კიდეც ასეთი ადგილის მოწყობას ჩვენთან. მე რეპერი ვარ, ჩემი მეგობარი საჰილ დენიზი, რომელიც ვიდეოში ჩანს, პოპს მღერის, ჩვენ ერთად დავწერეთ ეს სიმღერა, რომელიც ახლა უკვე საქართველოს გამარჯვებას ეძღვნება“, – ამბობს 37 წლის აფიგი, „თურქეთის ხმის“ თურქეთის „ნიჭიერის“ და აზერბაიჯანის რეპკონკურსის მონაწილე.

აფიკი ფიქრობს, რომ მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის მთავარი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა.

აფიგ ნავრუზოვი

„მე რომ სკოლაში დავდიოდი ქართულს არ ვსწავლობდით. ეს ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება, რაც ძალიან კარგია. ჩემზე პატარები მშვენივრად საუბრობენ უკვე ქართულად, ჩემი თაობის ხალხი კი ვერა. რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა ის, რომ მე და თქვენ ახლა ინტერვიუს ჩასაწერად რუსულად ვსაუბრობთ“, – ამბობს აფიგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: