მთავარი,სიახლეები

რატომ ისესხა „ოცნებამ“ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი – არჩევნები 2021

08.03.2022 •
რატომ ისესხა „ოცნებამ“ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი – არჩევნები 2021

2 აპრილს საქართველოს ორ ქალაქში შუალედური არჩევნები იმართება. ბათუმში საკრებულოს #4 სამაჟორიტარო ოლქის წარმომადგენელს აირჩევენ, რუსთავი კი, თავის მაჟორიტარს აირჩევს საქართველოს პარლამენტში.

ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პარტიამ [ენმ] განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ და საკრებულოში „ნეიტრალურ პოზიციაში“ დარჩენას სთხოვდნენ.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა, ის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის მერად აირჩიეს.

ბათუმში მთავარ სარეკლამო ბილბორდებზე მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატის ნახვა შეიძლება, ოპოზიციის კანდიდატი კი, საინფორმაციო შეხვედრებით შემოიფარგლება.

რა თანხას ხარჯავენ პარტიები შუალედურ არჩევნებში თავიანთი კანდიდატების გასამარჯვებლად, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა თვითმმართველობის არჩევნებზე გაწეული ხარჯების საბოლოო ანგარიშებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი ციფრები „ოცნების“ ანგარიშშია წარმოდგენილი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე [2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში] „ოცნებამ“  შემოსავლის სახით 17  მილიონ 980 ათას 838 ლარი მიიღო, აქედან 15 მილიონ 694 ათას 369 ლარი შემოწირულობა, დარჩენილი თანხა კი საბიუჯეტო სახსრების სახით მიღებული დაფინანსება იყო.

აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშის მიხედვით კი, 2021 წელს „ოცნებამ“ შემოსავლების სახით, მთლიანობაში, 25 938 319 ლარი მიიღო, აქედან 19 772 768 ლარი შემოწირულობის სახით მიღებული თანხაა, ანუ თანხა, რომელიც პარტიას კერძო პირებმა და კომპანიებმა შესწირეს. 5 140 020 ლარი კი მმართველმა პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსების სახით მიიღო.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი დაფინანსებისა, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არჩევნებზე ფული მაინც დააკლდა და გადაწყვიტა სესხი, 1 000 000 ლარი, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან აეღო.

დოკუმენტების მიხედვით, პარტიამ „ბანკი ქართუსგან“ 13.78-პროცენტიანი კრედიტი აიღო, სესხი გირავნობით არის უზრუნველყოფილი, თუმცა კონკრეტულად რა ქონება დააგირავა მმართველმა პარტიამ, არ ვიცით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონით, პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება აიღოს კრედიტი მხოლოდ საქართველოს კომერციული ბანკისგან: „საერთო რაოდენობით არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.“

საარჩევნო პერიოდში გაცილებით ნაკლები იყო სხვა პოლიტიკური პარტიების როგორც შემოსავალი, ასევე დანახარჯი:

2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

წლიური დეკლარაციის მიხედვით, „ოცნებამ“ 2021 წელს 25 მილიონ 769 370 ლარი დახარჯა, აქედან 13 მილიონი ლარი რეკლამისთვის, მათ შორის, 2  მილიონი ლარი სატელევიზიო რეკლამაში გადაიხადეს.

2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით კი, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა პარტიამ 18 მილიონამდე ლარი დახარჯა. ამავე პერიოდში არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა კი, ჯამში – 9,2 მილიონი ლარი.

2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

წლიურ ანგარიშში შეტანილი ინფორმაციით, არჩევნების წელს შრომის ანაზღაურებისთვის „ოცნებამ“ 506 943 ლარი დახარჯა. აქედან  144 975 ლარი ხელფასების სახით გადაიხადა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დარჩენილი თანხა კოორდინატორებისა და აგიტატორების მომსახურების ხარჯია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რამდენი აგიტატორი და კოორდინატორიც ჰყავს „ოცნებას“, არჩევნებზე ეს თანხა საკმარისი არ უნდა იყოს.

ამ თემაზე:

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: