მთავარი,სიახლეები • • • •

ვიდრე „ოცნება“ სპორტსმენების ოქროს ითვლის, სპორტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ლპება

08.11.2026
ვიდრე „ოცნება“ სპორტსმენების ოქროს ითვლის, სპორტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ლპება

გამარჯვებულ სპორტსმენებთან ფოტო-ვიდეო გადაღებას და მედლების ფონზე პოზირებას მთავრობის წარმომადგენლებს ზოგჯერ მედალოსნების ოჯახის წევრებიც ვერ ასწრებენ. ოფიციალურ ვებგვერდებსა და ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოებითაც მიხვდებით, რომ დაჯილდოებების „ბრჭყვიალა“ ცერემონიალებზე მისვლა და მილოცვა ერთ-ერთია მათ შორის, რაც მთავრობის წარმომადგენლებსა და მერებს ყველაზე მეტად უყვართ.

მაგრამ, რას აკეთებს მთავრობა მათთვის, ვინც ქვეყანას ოქროს მედლები და, შესაბამისად, სახელი მოუტანა მსოფლიოს ასპარეზზე? – საინტერესოა რეალურად უმაგრებენ თუ არა ზურგს სახელოვან სპორტსმენებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და იმ პირობების შექმნაზე ზრუნვით, რაც მათ ასე სჭირდებათ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რასაც ისინი იმსახურებენ? –  ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის კონკრეტულ დაპირებებს გაჰყვა.

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე სპორტსმენებთან ერთად

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის წევრები სპორტსმენებთან ერთად

გადავამოწმეთ და გამოვარკვიეთ, რომ რეალობა მედლების გადაცემის პომპეზური ცერემონიალებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ზოგჯერ ბალახშია ჩაფლული, ზოგჯერ კი ტალახითაა დაფარული ინფრასტრუქტურა, სადაც ახლა ბავშვები უნდა ვარჯიშობდნენ. სადაც, როგორც მთავრობა ჰპირდებოდა მათ, „ღვაწლმოსილებს მომავალი თაობები უნდა აღეზარდათ. კიდევ ბევრი ტურნირი და მედალი უნდა მოეგოთ“ [ეს სადღეგრძელო არ არის, „ოცნების“ მთავრობის სიტყვებია].

დაპირებულ პროექტებს შორის არის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე. აქ განახლების პროცესის დაწყებას ბავშვებს 2022 წელს დაჰპირდნენ, 2024 წელს უნდა დაესრულებინათ, თუმცა რას დაასრულებდნენ, რაც სინამდვილეში არც დაუწყიათ. აქაურობა უკვე წლებია ბალახით და ტალახით არის დაფარული, არსებული შენობის ნაწილი კი ლპობის სუნით ყარს.

ტბეთის ქუჩა – საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც 2022 წლიდან არ მუშაობს

ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავდა. როგორც ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები გვიყვებიან, „დღემდე საშველი ვერ დააყენა.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიამ“ ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების  შესყიდვა ორჯერ სცადა: 2023 წელს და 2026 წელს, თუმცა უშედეგოდ. პირველ შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 3 მილიონ 854 018 ლარი იყო და ტენდერი არ შედგა.

დაპირებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროცესი აჭარის მთავრობამ ვერც 2026 წელს გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეძლო. გამოცხადებიდან მალევე შესყიდვის პროცესი „პროექტების მართვის კომპანიამ“ პროექტის „გადამუშავების საჭიროების მიზეზით“ შეწყვიტა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი 2022 წელს არის მომზადებული და იგივეა, რომლითაც ტენდერი 2023 წელს ჰქონდათ გამოცხადებული. როგორც ჩანს, 4 წლის შემდეგ ისე გამოაცხადეს განმეორებითი ტენდერი 2022 წელს მომზადებული პროექტით, რომ ის არავინ წაიკითხა.

პროექტი ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი ამჯერად 3 მილიონ 963 052 ლარის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.

როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმშია მითითებული, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა,  რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავებასთან ერთად საჭირო იყო „კორექტირებების შეტანა.“  საინტერესოა, რატომ განიხილეს სატენდერო დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე, რამ შეუშალა ამას ხელი არცერთ დოკუმენტში არ წერია.

პროექტის რენდერი – ტერიტორია მოედნის ჩათვლით 5111 კვ.მეტრ ფართობს მოიცავს მოიცავს.

რენდერი

შესყიდვის პირობა იყო ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა ორსართულიანი სასტუმროს შენობის და ერთსართულიანი დამხმარე შენობის [ტრიბუნით] დემონტაჟს იგივე ადგილზე.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტებს თან დაურთეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის 2022 წელს გამოცემული ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები ტენდერში გამარჯვებულს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

საჩოგბურთო მოედანი დღეს

შენობის ეს ნაწილი ნაგვითაა სავსე და ყარს

2023 წლიდან გეგმავს აჭარის მთავრობა ქობულეთში, 9 აპრილის #28-ში სპორტული კომპლექსის მშენებლობას, მაგრამ ჯერ თავი ვერ მოაბა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი ორჯერ უშედეგოდ გამოაცხადეს, ჯერ 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს.

განმეორებითი ტენდერის შეწყვეტის ოქმის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნოემბრის [N 974/2024] მოხსენებითი ბარათით ცნობილი გახდა, რომ  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კიდევ ერთხელ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა „არსებითი შეუსაბამობა.“

დოკუმენტებში წერდნენ, რომ ამ შეუსაბამობის გასწორება საჭიროებდა შეთანხმებას ნებართვის გამცემ ორგანოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ სატენდერო პირობებში „ორაზროვანი, ბუნდოვანი მოთხოვნები იყო ჩადებული, რომელიც უშვებდა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.“ კომისია წერს, რომ შესაძლებელი იყო ამას მნიშვნელოვნად შეემცირებინა პოტენციურ მიმწოდებელთა რიცხვი და „შემსყიდველ ორგანიზაციას მიეღო შესყიდვის ობიექტი, რომელიც შეუსაბამო იქნება მის რეალურ საჭიროებებთან.“

კომისიამ ტენდერი შეწყვიტა 2024 წლის პირველ ნოემბერს. პროექტის საწყისი ფასი 29 მილიონ 660 597 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა.

9 აპრილის ქუჩაზე, ანუ იქ, სადაც უკვე რეაბილიტირებული სტადიონი უნდა იყოს ორი ჟანგმოდებული და გაღუნული ძელი და კიდევ ორი ძველი ბურთი დაგვხვდა. თუმცა ეს ადგილი სხვა მიტოვებული სპორტული მოედნებისგან ბევრად განსხვავდება იმით, რომ უფრო სუფთა და ლამაზია – ირგვლივ კარგად გამწვანებული სივრცეებია.

ადგილზე გვითხრეს, რომ ამ მოედანს ბავშვები სათამაშოდ მაინც იყენებენ.

 

სტადიონი, რომლის მოწყობასაც აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს

სტადიონის კარი და ძველი ბურთები

დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის, „ჩელე არენას“ რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე. მართალია, ამ სტადიონს მოზარდი და ახალგაზრდა ფეხბურთელები სავარჯიშოდ უკვე იყენებენ, მაგრამ შეუძლებელია დასრულებული პროექტი ეწოდოს იმას, რაც ადგილზე ვნახეთ.

როგორც შესყიდვების პორტალზეა მითითებული, „ჩელე არენას“ ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე ტენდერი 2024 წელს გამოაცხადეს. თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. ოქმის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიამ შესაბამისი სამუშაოების გამოცდილება ვერ დაადასტურა.

საფეხბურთო სტადიონ „ჩელე არენას“ ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოების (II ეტაპი) შესყიდვის მიზნით, პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.

პირველ შემთხვევაში 2026 წლის მარტში, შესყიდვის ღირებულება იყო 1 მილიონ 220 302 ლარი, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. შემდეგ კი 2026 წლის აპრილში იგივე თანხით. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შპს „კაიზენს“ გაუფორმეს.

„ჩელე არენა“ 6 ნოემბერს

როგორც ქობულეთში გვითხრეს, „ჩელე არენას“ საპირფარეშო დღეს ისეთ მდგომარეობაშია, „ამ ქალაქში გაურემონტებელ სტადიონსაც კი არ ეკადრება“

ჩაქვში რაგბის სტადიონის დაუსრულებელ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. პროექტი გააჩერეს იმის გამო, რომ 2025 წლის იანვრის ერთ თოვლიან დღეს ჩამოინგრა, კედლები კი დაიბზარა. შემდეგ სამშენებლო მოედანი უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები კი პროკურატურამ წაიღო.

ამ დროისთვის ადგილზე აქტიურად მუშაობენ. აქ გვითხრეს, რომ კომპანიამ ვითარების გამოსასწორებლად მშენებლები შეცვალა. მშენებლობას „გლობალ სტანდარტმშენი“ აგრძელებს, იგივე კომპანია, რომელსაც „პროექტების მართვის კომპანიამ“ 2022 წლის სექტემბერში გაუფორმა ხელშეკრულება. შესყიდვის ბიუჯეტი 4 მილიონ 310 553 ლარია.

„აქტიურად ვმუშაობთ, ერთი შენობა დასანგრევი იყო და დავანგრიეთ, ზოგი რამ შევცვალეთ, ავამაღლეთ, აქაურობას გავასწორებთ და დავასხამთ. წლის ბოლოს ამ ყველაფერს დავასრულებთ“, – გვითხრეს ადგილზე. დოკუმენტების მიხედვით კი, მოედნის მშენებლობა, რომელიც 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ივლისიდან გაგრძელდა და 2027 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ადგილზე დათვალიერებით გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ამ მასშტაბის სამუშაოებს 2027 წლის იანვარში, ანუ 3 თვეში დაასრულებენ.

ჩაქვის რაგბის სტადიონი 6 ნოემბერს

ამჯერად ადგილზე აქტიური სამუშაო პროცესი დაგვხვდა

ჩაქვის რაგბის სტადიონი – სამშენებლო სამუშაოები

მშენებარე რაგბის სტადიონთან ახლოს კიდევ ერთი სტადიონია, მიტოვებული და მწყობრიდან გამოსული. ამ სტადიონის კეთილმოწყობაზე ვინ და როდის იზრუნებს, ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

დაბა ხულოში, წერეთლის ქუჩაზე #4, #7ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მოწყობასა და არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას აჭარის მთავრობა 2024 წლიდან გეგმავს, პირველი მცდელობა პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაციით დასრულდა.

განმეორებითი ტენდერი იგივე კომპანიამ – შპს „არალმა“ მოიგო. ხელშეკრულების ღირებულება 11 მილიონ 422 940 ლარია. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები დაწყებული უნდა იყოს. ამ დროისთვის გადახდილია 2 მილიონ 202 714  ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულებია 16 პროცენტია.

დაბა ქედაში „საფეხბურთო კლუბი ბეთლემისა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში „საფეხბურთო კლუბი მაჭახელას“ სათამაშო მოედნების რეაბილიტაციისა და საფეხბურთო სტადიონების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 11 მილიონ 999 922 ლარი იყო. ტენდერი არ შედგა და ეს პროექტებიც აქ გაჩერდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: