მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ქალი, რომელსაც სილამაზის სალონი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ჰქონდა

01.11.2021 • 50262
რას ჰყვება ქალი, რომელსაც სილამაზის სალონი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ჰქონდა

„სამი კვირის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, დახმარება დამჭირდებოდა, გამეცინებოდა, მაგრამ დღეს ისეთი სასოწარკვეთილი და უიმედო ვარ, ყველაფერს ვითხოვ ყველასგან. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მეც და ჩემი თანამშრომლებიც,“ – ეს სიტყვები 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ გადარჩენილს, ინგა კეჭაყმაძეს ეკუთვნის.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული სადარბაზოს გვერდით სადარბაზოში, პირველ სართულზე, ინგას სილამაზის სალონი ჰქონდა. 8 ოქტომბერს, სადარბაზოს ნგრევის დროს, ის სალონში იმყოფებოდა და გადარჩა.

ბათუმის მერია ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს ბინებს გადასცემს, მათ შორის იქნება ინგაც. თუმცა ეს პროცესი ხანგრძლივია. ინგამ არ იცის, ახლა როგორ დააღწიოს თავი სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა.

„ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ მიმიღია. საკუთარი სახსრებით, საკუთარი თავით ვდგები ფეხზე. მეგობრებიც მეხმარებიან. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სალონი იყო ჩემი საკუთრება, რომელიც ბანკიდან გამოტანილი სესხით მქონდა გაკეთებული. ბანკში ვიხდი 900 დოლარს. მაქვს დაზღვეული, სესხიც და შენობაც, მაგრამ არც ბანკი გამიჩერეს, არც ფორს მაჟორი გამოაცხადეს ჩემს შემთხვევაში, არც გამიყინეს. არ ვიცი რა უნდა ვქნა, თუ არავინ დამეხმარა.

ახლახან მანქანა გავყიდე, რადგან ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერს ვერ მეხმარება და იმ  თანხით ვიქირავე ახალი ობიექტი. 1000 დოლარი მაქვს გადასახდელი ქირა. ვინც მყავდა დასაქმებული, ისევ ისინი უნდა დავასაქმო. ვცდილობ, ჩემი თანამშრომლები არ დარჩნენ უმუშევრები და, რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა გავიტანო თავი. ქირის გარდა, ეს 900 დოლარიც უნდა გადავიხადო ბანკში. უბრალოდ კითხვას ვსვამ, დღევანდელ საქართველოში მე ამას რანაირად შევძლებ?“ – კითხულობს ინგა კეჭაყმაძე.

ინგას თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლელა სურმანიძესთან.

„რამდენჯერმე დავურეკე და ვკითხე. კი, კიო, შევეცდებით [დაგეხმაროთო]. ძალიან ბევრია 1000 დოლარი, მაგრამ კლიენტები იმ უბნიდან მყავდა ძირითადად, რომელშიც მქონდა სალონი გახსნილი. სხვა უბანში გადასვლა არ მაწყობდა, ამიტომ ვეცადე ფართობი ამავე უბანში მეშოვა.

უკვე სამი კვირაა გასული, გავყიდე მანქანა, თუ რაიმე სახსრები მქონდა ოჯახში გადანახული, ყველაფერი ჩავდე, ახლა ვარ განწირული, ვერ მიმყავს ბოლომდე [ახალი ფართობის რემონტი] და არ ვიცი რა იქნება. თუ ვერ მივიყვანე დასასრულამდე ის შენობა, ვრჩები ქუჩაში. ჩემთან ერთად ის ხალხიც, ვისაც მე ვამუშავებდი. ოთხი ადამიანი მყავს დასაქმებული. დიდი კოლექტივი არ ვართ, მაგრამ ოთხი ადამიანი რომ დღევანდელ საქართველოში პურის ფულის გარეშე დარჩება – ყველას ბანკი გვაქვს. ამხელა ტრაგედია გადავიტანეთ, ცოცხლები ძლივს გამოვასწარით, ფაქტობრივად ერთ-ერთი გადარჩენილი ვარ, რომელიც ნანგრევებიდან გამოვიდა. არც მორალური დახმარება, არც ფინანსურად, არაფერი არ ჩანს. ვერაფერს გეტყვით ხვალ და ზეგ რა იქნება,“ – ამბობს ინგა კეჭაყმაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს  ლელა სურმანიძეს.

„რაც იყო დაპირება მოსახლეობის მიმართ, როცა აშენდება შენობა, მათ გადაეცემათ ფართობები, რემონტის თანხა და ა.შ. ეს ვრცელდება, რა თქმა უნდა, ინგა კეჭაყმაძეზეც. მე მას პირადად ვიცნობ, ამასწინათ დამირეკა კიდევაც და ვუთხარი, რომ შემოიტანე განცხადება-მეთქი.

ინგა ამ ბინაში ფლობს კომერციულ ფართობს. ჩვენი სტიქიის კომისია არ განიხილავს კომერციულ ფართობებს [გათვალისწინებული]. იქ საუბარია ბინების [მესაკუთრეებზე] და მათ ქირით გაყვანაზე.

სავარაუდოდ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ცალკე ამ საკითხებზე [იმსჯელებს]. ფონდშიც არის თანხები, ნახევარი მილიონი, რომელიც თბილისის მერიამ გადმორიცხა, არის სხვა თანხებიც 800 ათასზე მეტია. მე მას [ინგა კეჭაყმაძეს] ვუთხარი, რომ დახმარების გარეშე არ დავტოვებთ.

უბრალოდ, მომავალ კვირაში რასაც ვაპირებთ [ქირით გასვლის მსურველთა ხელშეკრულებების], კომისიაში განხილვას, ამ კომისიის ფორმატში ვერ განვიხილავთ. მაგრამ ან ახალი კომისია შეიქმნება ან შეიძლება მთავრობას მივმართოთ, რომ დაეხმაროს. კიდევ ერთი კომერციული ფართობია იქ, ის ფართობი ხან ქირავდებოდა, ხან არა და რაღაცა დოკუმენტები აქვს წარმოსადგენი იმასაც. როცა ინგამ განცხადება შემოიტანა, ვუთხარი, რომ უახლოეს პერსპექტივაში (ერთ კვირაში და ათ დღეში)  ვერ ვიზამთ-მეთქი, მაგრამ მისი საკითხი ყველა ვარიანტში განიხილება ცალკე,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე გაუწევს თუ არა მერია ან მთავრობა სალონის მეპატრონეს ბანკთან შუამავლობას, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, რომ დაეხმარებიან.

„თუ წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომ ბანკში აქვს სესხი, ჩვენ რაც შეგვიძლია გავუკეთოთ, გავუგზავნოთ შუამდგომლობა ბანკს, რომ ამ სესხის რესტრუქტურიზაციაზე. ამაშიც შეგვიძლია დავეხმაროთ. კომპენსაციის საკითხი როცა განიხილება, შევეცდებით, რომ დავეხმაროთ,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩის №13-ის არსებული კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია და ბათუმის მერია მას მალე დაანგრევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: