მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები

11.01.2023
ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული.

კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია:

  • ე.წ „შანხაის დასახლებაში“ 2 სოციალური სახლის მშენებლობა
  • 26 მაისის N13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა
  • კახაბრის ქ. N30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა
  • ს. ხიმშიაშვილის ქ. N94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 16 იანვარს დასრულდება.

შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“ მერიის სამმართველოს წინააღმდეგ საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოში 9 იანვარს შეიტანა.

მომჩივანის აზრით:

  • „ტენდერში მონაწილე კომპანიისთვის კონკრეტული გამოცდილების დასადასტურებლად ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების მოთხოვნა წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს და კანონსაწინააღმდეგო დანაწესს“;
  • „ცალსახად აბსურდულია სატენდერო პირობების მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს პრეტენდენტს წარმოადგინოს იმ დამკვეთ(ებ)ის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული აქვს შესაბამისი სამუშაოები“;
  • „ამხანაგობის მიმართ დაწესებულია სრულად კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნა, რომელიც ასევე თავდაყირა აყენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ამხანაგობის მიმართ“;
  • „შემსყიდველს აქვს გასაოცარი დანაწესი და მოთხოვნა აუდიტორული კომპანიების მიმართ, რაც გარდა ჩვენს მიერ სადავოდ გამხდარი სრულად არაკვალიფიციური დანაწესებისა, ასევე წარმოადგენს ნულოვანი კვალიფიკაციის მაჩვენებელს.“

 

 

მომჩივანი კომპანია დავების საბჭოსგან ითხოვს ბათილად ცნოს სატენდერო პირობების სადავო პუნქტები და დაავალოს ბათუმის მერიის სამმართველოს „სატენდერო პირობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა“.

საჩივრის განხილვის თარიღად დავების საბჭოში 12 იანვარია ჩანიშნული.

ერთიანი ტენდერის გამოცხადებაზე მერიამ თანხმობისთვის 2022 წლის ბოლოს მიმართა საკრებულოს.

დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის მერია 78-მილიონიანი ტენდერის გამოცხადებაზე საკრებულოს თანხმობას ითხოვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: