მთავარი,სიახლეები

რუსეთში არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელება ქონების ჩამორთმევით დაისჯება

31.01.2024
რუსეთში არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელება ქონების ჩამორთმევით დაისჯება

2024 წლის 31 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი კანონში ცვლილებას, ქონების კონფისკაციით დაისაჯოს პირი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკს“, ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს და, ასევე, ისეთი მოწოდებებისთვის, რომელიც „სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.

დოკუმენტი 22 იანვარს შეიტანა დუმაში დეპუტატთა ჯგუფმა პარლამენტის პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით. ვოლოდინმა თქვა, რომ ეს არის დოკუმენტი „ნაძირალებისა და მოღალატეების შესახებ“, მათ შესახებ, ვინც „დღეს აფურთხებს ჯარისკაცებს ზურგში და ღალატობს სამშობლოს”.

„მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის დაისაჯონ ისინი, ვინც ახორციელებს ქმედებებს მათი ქვეყნის წინააღმდეგ – ჩამოერთვას ამ ნაძირალებს საპატიო ტიტულები, ასევე ქონება, ფული და სხვა ძვირფასეულობა“, – განაცხადა მან.

კანონი, რომელიც რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რუსეთში 2022 წლის გაზაფხულზე მიიღეს, ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

ამ კანონით გაასამართლეს და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში პოლიტიკოს ილია იაშინს – გამოძიება მის შემთხვევაში ინტერნეტ-სივრცეში მოწყობილ ჩართვის, ე.წ. „სტრიმის“ გამო დაიწყო, სადაც პოლიტიკოსი უკრაინაში, ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ საუბრობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: