მთავარი,სიახლეები

„ბორშჩი ჩვენია“ – იუნესკომ უკრაინული ბორშჩი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

01.07.2022 • 1156
„ბორშჩი ჩვენია“ – იუნესკომ უკრაინული ბორშჩი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

უკრაინული ბორშჩის მომზადების კულტურა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც კულტურული ძეგლი, რომელსაც სჭირდება დაცვა.

„და მაინც, ბორშჩი ჩვენია“ – წერს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ფეისბუქზე.

„ბორშჩის მომზადება და გაზიარება უკრაინელი ხალხისთვის იმედისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ – წერს იუნესკო.

გადაწყვეტილება დღეს, პირველ ივლისს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

„ბორშჩის მომზადების კულტურა დიდი ხანია გამოიყენება და აღინიშნება უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც საზოგადოება, ოჯახები და რესტორნები ავითარებენ ამ ტრადიციული და პოპულარული კერძის საკუთარ ვერსიებს, რომელიც დაფუძნებულია ჭარხალზე. ის ასახავს ადგილობრივ მახასიათებლებსა და პროდუქტებს რეგიონის მიხედვით. ბორშჩი შეიძლება შეიცავდეს სოკოს, თევზს ან ტკბილ წიწაკას. …ბორშჩი მიიჩნევა უკრაინული საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობისა და ტრადიციის ნაწილად“ – წერს იუნესკო.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ტრადიციული უკრაინული ბორშჩი ასევე გახდა დაპირისპირების საგანი. 2022 წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინას არ უნდოდა ბორშჩი ყოფილიყო საერთო კერძი და ამას ნაციზმისა და ექსტრემიზმის გამოვლენა უწოდა.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ დღეს დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ბორშჩისთვის ბრძოლა ომამდე დაიწყო.

„რაც არ უნდა თქვას ზახაროვამ, რომ „კულინარიული წიგნები აკრძალული იყო, რეცეპტი კი საიდუმლოდ ინახებოდა და აკრძალული იყო მომზადება“ და საერთოდ, ჩვენი ბორშჩი „ექსტრემიზმისა და ნაციზმის გამოვლინებაა“, ეს “ექსტრემიზმის გამოვლინება” უკვე ოფიციალურადაა უკრაინული და ოფიციალურად იუნესკოს მფარველობაშია.

მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ბორშჩის რეცეპტს ყველა ცივილიზებულ ქვეყანას და არაცივილიზებულსაც, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც გემრიელი და უკრაინული.

მაგრამ გახსოვდეთ და დარწმუნებული იყავით – როგორც ბორშჩის ომში, ამ ომშიც გავიმარჯვებთ ჩვენ,“ – წერს ტკაჩენკო ტელეგრამზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: