მთავარი,სიახლეები

ბათუმში დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება – გაიმართება დისკუსიები და კინოჩვენებებიც

20.09.2025
ბათუმში დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება – გაიმართება დისკუსიები და კინოჩვენებებიც

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი შეიქმნა, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და  კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარების განვითარება. ეს საქმე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა წამოიწყო – ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე სთავაზობენ ახალგაზრდებს ამ კურსის გავლას.

სასწავლო კურსის საკითხებია: დემოკრატია და საქართველო; ადამიანის უფლებები და მისი პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში; მედიის ბრძოლა არსებობისთვის; საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა.

სასწავლო კურსის პარალელურად მონაწილეებისთვის გაიმართება  თემატური კინოჩვენებები, დისკუსიები და დებატები ბრიტანული მოდელით. ასევე მოეწყობა მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურის განხილვა.

თითოეულ სასწავლო ჯგუფთან სასწავლო კურსები გაიმართება 3 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ – ერთი შეხვედრა 1,5 -3 საათი.

„დემოკრატიის სასწავლო კურსის“საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ასლან ჭანიძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე, ციალა ქათამიძე „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე, ილია გუჩმანიძე „მწვანე სექტორის“ თავმჯდომარე, დეა ერემაშვილი „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჭკადუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს არასამთავრობო სექტორში მუშაობით დაგროვილი აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ და სხვა შემზღუდავი ნორმების მიღების შემდეგ, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განახორციელონ ალტერნატიული საგანმანათლებლო საქმიანობა ან განახორციელონ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას.

ამ კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს  [16-29 წლის ახალგაზრდები]. სასწავლო კურსები ჩატარდება „შშმ ქალთა ალიანსის“ ოფისში. ქ.ბათუმი, ლერმონტოვის 67/69

დაინტერესებულ პირებს განაცხადის ფორმა შეუძლიათ შეავსონ 30 სექტემბრის ჩათვლით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: