მთავარი,სიახლეები

მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსი გენერლის სიძე დაიღუპა, სამიზნე სავარაუდოდ გენერალი იყო – მედია

05.08.2026
მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსი გენერლის სიძე დაიღუპა, სამიზნე სავარაუდოდ გენერალი იყო – მედია

მოსკოვში, რესტორან „ბალზი როსში“ 1 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორისაა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე ჩაიკოს სიძე, დანიილ პერედრიი – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აგენსტვო“ ავრცელებს.

„აგენსტვო“ ეყრდნობა რუსეთის ინდმეწარმეების რეესტრს, კერძოდ, სააგენტოს მიერ რეესტრიდან მოპოვებულ ამონაწერში ნათქვამია, რომ პერედრიიმ საქმიანობა ოთხი დღის წინ შეწყვიტა გარდაცვალების გამო.

აფეთქება მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსიში“ 1 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

„აგენსტვო“ უთითებს, რომ აფეთქების შემდეგ გენერალ ჩაიკოს სიძის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ პრორუსმა ბლოგერმა დაწერა. „მან თქვა, რომ აფეთქების შედეგად შესაძლოა დაშავებულიყო საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი, მარია ჩაიკო, ხოლო მისი ქმარი, დანიილ პერედრიი, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც აფეთქებისას ნამსხვრევები მოხვდა“ – წერს გამოცემა.

ასევე, გამოცემა მიუთითებს ბლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ რესტორანში კერძო ღონისძიება შესაძლოა ალექსანდრე ჩაიკოს 55 წლის იუბილეს მიეძღვნა: მისი დაბადების დღე 27 ივლისს იყო და აფეთქებამდე გადაღებულ ბანკეტის მომზადების კადრებში მოხსენიებულია „ალექსანდრე“, რომელიც 55 წლის ხდებოდა. რესტორანი კერძო წვეულების გამო დაკეტილი იყო სხვა სტუმრებისთვის.

ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ჩაიკო რესტორანში იმყოფებოდა ან თავდასხმის სამიზნე იყო, თუმცა არაერთი წყაროს ცნობით, აფეთქების მთავარი სამიზნე შესაძლოა სწორედ  ჩაიკო იყო და არა მისი სიძე.

ჩაიკო რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად 2026 წლის მაისში დაინიშნა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ჯარებს მეთაურობდა.

ოფიციალური კიევი ჩაიკოს ბუჩაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

_______

ფოტოზე: გენერალი ჩაიკო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: