“ის იგინებოდა პოლიციელების მიმართ, მივედი და დავაკავე,” – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა ტარიელ მახაჭაძემ. მან 3 აპრილის ღამეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტი – გენრი დოლიძე დააკავა.
ბათუმში “სირცხვილიას” ოფისში შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე დღეს, 5 აპრილს, პოლიციელების ჩვენებები მოისმინა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.
3 აპრილს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციას მოჰყვა სამი აქტივისტის დაკავება. ბათუმელი აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში საპროტესტო აქციის შემდეგ შეიკრიბნენ, 4 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. სულ დაკავებული იყო სამი ადამიანი: გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია. ირაკლი კუკანია ამბობს, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება. გენრი დოლიძის თქმით კი, მას სისხლნაჟღენთები აქვს და მრავლობითი ნაკაწრი.
“…მერე მივხვდი, რომ ეს ის გენრი იყო, მისი ნაწარმოებები მქონდა წაკითხული,” – განაგრძო პოლიციელმა 3 აპრილის ღამეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მომხდარი ამბების მოყოლა.
“დაგვირეკს მანამდე, 112-ზე იყო შეტყობინება, რომ იყო ჩართული ხმამაღლა მუსიკა და შეწუხებული იყვნენ მეზობლები…” – თქვა ტარიელ მახაჭაძემ.
“უკაცრავად, მაგრამ ეს ოფიციალური შეტყობინება იყო? საქმის მასალებში არაა ეს მტკიცებულება წარმოდგენილი,” – ჩაეკითხა პოლიციელს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე.
“არ ვიცი ზუსტად,” – უხერხულად შეიშმუშნა პოლიციელი და პაუზის შემდეგ დაამატა:
“თუ ხმაურობდნენ, ეს დანაშაულია,” – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი პოლიციელს.
“დანაშაული?” – გაიოცა ადვოკატმა და შემდეგ თავად სცადა უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლა.
“ასეც რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა დარღვევა და არა დანაშაული… მაგრამ რომც ეხმაურათ, ეს თქვენი ქვემდებარე საქმეა, ამისთვის ხომ მერიაში ცალკე სამსახურია?” – იკითხა ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ.
“ასე გამოდის, ვინც იხმაურებს, შეხვალთ იმის ოჯახში და დააკავებთ, თუ როგორაა,” – ისევ იკითხა ადვოკატმა. იცოდა, რომ პასუხს ვეღარ მიიღებდა და დარბაზს გააყოლა მზერა.
მოწმე პოლიციელმა ტარიელ მახაჭაძემ თქვა, რომ ეს დეტალები მისთვის უცნობია. მან უშუალოდ მოისმინა, როგორ იგინებოდა გენრი დოლიძე ქუჩაში კომენდანტის საათის დროს და “უფროსობის გადაწყვეტილებით” იგი დააკავა.
“რატომ არ ჩანს ეს ასე ვიდეოკადრებში? ლაივებიც იყო ჩართული,” – ისევ მიუბრუნდა პოლიციელს ადვოკატი, თუმცა ის ამჯერად მოსამართლემ შეაჩერა:
“ამას მოწმემ საიდან უნდა უპასუხოს?”- იკითხა მოსამართლემ.
“სამხრე კამერების ჩანაწერებს წარმოვადგენთ 2 დღეში, ვითხოვთ სხდომის გადადებას,” – მიმართა მოსამართლეს იმ პოლიციელმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა.
“გიგა იყო აღელვებული, დაუმორჩილებელი, აგრესიული… ვეუბნებოდით, დამშვიდდით, მაგრამ არ მშვიდდებოდა, არ დაგვემორჩილა, აგინებდა პოლიციელებს,” – ეს კიდევ ერთი პოლიციელია – გიორგი ნაკაშიძე, რომელმაც აქტივისტი გიგა ნაკაშიძე დააკავა.
ამ შემთხვევაში ადვოკატების კითხვები ეხებოდა ძაღლს, რომელიც დაკავების დროს გიგა ნაკაშიძეს ხელში ჰყავდა და ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ სცემს პოლიცია ძაღლს. თუმცა პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ძაღლი საერთოდ არ უნახავთ.
პოლიციელებმა ასევე არ დააკონკრეტეს, კონკრეტულად ვისი მითითებით და რა საფუძვლით დააკავეს აქტივისტები. მოწმე პოლიციელების პასუხი ადვოკატების მიერ ამ მიმართულებით დასმულ კითხვაზე ერთი და იგივე იყო: “უფროსობა იქ იყო”.
“ანუ რა გამოდის, რის გამო დააკავეთ? პროტესტი მშვიდობიანი არ იყო?” – იკითხეს ადვოკატებმა.
“იგინებოდნენ და დავაკავეთ,” – მოკლედ თქვა პოლიციელმა გიორგი ნაკაშიძემ.
“ასე გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში და ტყუილ-უბრალოდ იგინებოდნენ?” – იკითხა ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ.
“ყველაზე ობიექტური შემფასებელი ვიდეოკადრებია, “- თქვა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მოწმეების ჩვენებების მოსმენის შემდეგ და საქმის განხილვა 12 აპრილამდე გადადო. ამ დროში შსს-მ სამხრე კამერების ჩანაწერები უნდა წარუდგინოს სასამართლოს.