„რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან წინსვლას – 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრი წაიწიეს წინ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში.
გენერლის დაკვირვებით, მხარეებს 2024 წლის ბოლომდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა მოუწევთ. რუსეთს აშშ-ში ტრამპის მობრუნების იმედი აქვს და მანამდე ტემპის შენარჩუნებას ცდილობსო, – ამბობს გენერალი.
„რუსეთისთვის ყველაზე დიდი რესურსი არის ირანის და ჩრდილოეთ კორეის დახმარება, რომელიც ტექნოლოგიურად არ არის იმ დონეზე, რომ დასავლეთს აჯობოს… ამ ტემპით, რაც ახლა რუსებს აქვთ, დაახლოებით 5 წელი მაინც დასჭირდებათ იმისთვის, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე. პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს, მცირე ზომის მოიერიშე ჯგუფების გამოყენებით,“ – ეუბნება გადამდგარი გენერალი „ბათუმელებს“.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, უკრაინამ F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. რა იცვლება ამით უკრაინისთვის?
გააჩნია, უკრაინა როდის მიიღებს თავისი მოთხოვნის შესაბამისად – 120-130 ერთეულ F-16-ს. ფაქტია, რომ ამ თვითმფრინავებს როცა მიიღებს უკრაინა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. საჰაერო სივრცეში რუსეთს დომინირება აღარ ექნება.
რაც გაჟღერდა, საუბარია 6 ერთეულის მიწოდებაზე. ეს არის ფაქტობრივად ერთი საავიაციო რგოლი. ცხადია, მთელი უკრაინისთვის 6 ერთეული თვითმფრინავი არ გადაწყვეტს ომის ბედს, თუმცა ეს გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას და გამოიყენებენ გამანადგურებლის როლში ძირითადად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტების დასაცავად.
- ყველაზე დიდი დაძაბულობაა პოკროვსკისკთან, სადაც, როგორც ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, უკრაინელები ვერ ახერხებენ რუსეთის წინსვლის „მნიშვნელოვან შეფერხებას“. რა იწვევს ამას, თქვენი ინფორმაციით?
იქიდან დავიწყოთ, რომ რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან წინსვლას – 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ ამ მიმართულებაზე. ეს ძალიან მცირე მანძილია. შესაბამისად, უკრაინელები ახერხებენ იმას, რომ რუსები ვერ ახერხებენ წინსვლას. ბრძოლები მიმდინარეობს 100-200 მეტრის მასშტაბებში.
ახლახან იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა რუსების მხრიდან ორი ასეულის შემადგენლობით, რაც სრულად გაანადგურეს უკრაინელებმა. წარმოიდგინეთ, 1200-კილომეტრიან ფრონტზე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა ბოლო პერიოდში არის ეს – ორი ასეულის შემადგენლობით. ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა და ძალიან მცირე მასშტაბის მოქმედებები, თუმცა ინტენსივობას და გარკვეულ ინიციატივას ინარჩუნებენ რუსები.
- რა სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პოკროვსკის მიმართულებას?
ეს არის ხარკოვის სამხრეთ მიმართულება, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე. აქედან შეიძლება მიუახლოვდნენ რუსები კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვით ზღუდეებს.
- ზელენსკიმ ფრანგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ რუსეთის პრიორიტეტი შეიცვალა და გეგმა აქვთ სლავიანსკიზე. რა იცვლება ამით სტრატეგიულად?
დიდი ხანია შეცვლილი აქვს რუსეთს ეს პრიორიტეტები და უკრაინის მთლიანად დაკავება არ აქვს პრიორიტეტად. მას სურს დონბასის საზღვარზე გასვლა. მას ლუგანსკის საზღვრამდე ცოტა აკლია და დონეცკის საზღვრამდე – მნიშვნელოვანი მანძილი. საჭიროა ზუსტად კრამატორსკის და სლავიანსკის გამაგრებული რაიონების აღება, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე. მერე შეიძლება განაცხადოს პუტინმა, რომ აი, ჩვენი ამოცანა იყო დონბასის რუსეთთან შემოერთება და ჩვენ ეს შევძელით. ამ ეტაპზე რუსეთს მეტი ამოცანა არ გააჩნია.
- რა ჩანს ამ გადასახედიდან, შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას პუტინი?
არა, ვერ შეძლებს. ამ ტემპით, რაც ახლა რუსებს აქვთ, დაახლოებით 5 წელი მაინც დასჭირდებათ იმისთვის, რომ გავიდნენ დონბასის საზღვარზე.
- რას აჩვენებს ეს თქვენთვის, როცა რუსეთი ინტენსიურ ბრძოლას არ წყვეტს და მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებს?
ვაჭრობისთვის ამზადებს ნიადაგს.
ის ვერ იტყვის – „დავმარცხდი, ვეღარ ვახერხებ წინ წაწევას, ვერ ვახერხებ დონბასის დაბრუნებას“. ეს იქნება შიდა აუდიტორიისთვის პუტინის პოლიტიკური მკვლელობა. შესაბამისად, პუტინს სჭირდება წინსვლის ილუზია.
რუსები ამ ტემპის შენარჩუნებას ცდილობენ, ვიდრე დაიწყება მოლაპარაკება. მერე გამოჩნდება, ვინ რას მოიგებს. ორივე მხარე ემზადება ისეთ პოზიციებზე გასვლას, რომ მოლაპარაკების პროცესში უფრო ძლიერი წარმოჩნდეს.
- ფიქრობთ, უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებას?
უკრაინა მიდის მოლაპარაკებაზე, არის უკვე ამის ინდიკატორები, განცხადებები კეთდება, რომ რუსეთის მონაწილეობაზეც თანახმა არიან.
გასაგებია, უკრაინას რა პირობაც ექნება ამ მოლაპარაკებაში: სრულიად გათავისუფლდეს მისი ტერიტორიები და კონტრიბუცია გადაიხადოს რუსეთმა, რუსეთი კი ითხოვს, უკრაინამ უარი თქვას ზაპოროჟიეს და ხერსონის ადმინისტრაციული საზღვრების, დონბასის ჩათვლით ტერიტორიაზე.
ეს არის მოლაპარაკების პირობა, ვინ რას დათმობას, სხვა თემაა. ამიტომაც ცდილობს ორივე მხარე, ძლიერი პოზიციებიდან წარდგნენ მოლაპარაკებაზე.
- როდისთვის ელოდებით მოლაპარაკებების დაწყებას?
ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის პირველი ნაბიჯები ალბათ წლის ბოლომდე გადაიდგმება.
- ვის უფრო აწყობს მოლაპარაკება ამ ეტაპზე?
მიჭირს პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ორივე მხარე ოპერატიულ ჩიხშია შესული, როგორც თავდაცვაში, ისე – შეტევაში. შესაბამისად, მოლაპარაკებაზე არა მგონია, რომელიმე მხარეს დიდი ამბიციები ჰქონდეს, რომ ამას სისრულეში მოიყვანს.
- ოპერატიული ჩიხი რას გულისხმობს, რაც თქვენ ახსენეთ?
შემტევი ვერ უტევს, დამცავი – ვერ იცავს. როცა ორივე მხარე შეჩერებულია და ვერცერთი ვერ ახერხებს თავისი ამოცანის სრულად შესრულებას.
ცხადია, მოლაპარაკება არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და ომის დამთავრებას, თუმცა პირველ რიგში, ალბათ უნდა იყოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყარაბაღში დაახლოებით 30 წელი იყო შეთანხმების დარღვევა მუდმივად. ორივე მხარე იქნება იმისთვის მომზადებული, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაღაცნაირად თავისთვის გამოიყენოს: უკრაინა შეეცდება გადაიარაღებას, რეზერვების მომზადებას, რუსეთი კი შეეცდება მაღალი ტექნოლოგიის იარაღის დაგროვებას.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა წუხელაც უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი მასიური შეტევა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ძირითადი მიმართულება იყო კიევის ოლქი. რუსეთს ისევ აქვს იმედი, რომ უკრაინელებს „ომით გადაღლის“?
რუსეთი განაგრძობს კომბინირებულ დარტყმებს.
რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ვიდრე უკრაინა მიიღებს F16-ებს, მაქსიმალურად განახორციელოს დარტყმები, რადგან შემდეგ ეს გართულდება. ის ამ მასშტაბით თავდასხმას ვეღარ შეძლებს. რაკეტებს, რის მიცემასაც აპირებენ უკრაინისთვის, შეუძლია 100 კილომეტრზე და მეტ მანძილზეც ჩამოაგდოს მოწინავე თვითმფრინავი, მაშინ როცა საავიაციო ბომბის მანძილი არის 40-დან 70 კილომეტრამდე. ასე რომ, მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ჩამოგდება არის შესაძლებელი მანამ, სანამ ის გაუშვებს ბომბს.
- რა რესურსები აქვთ მხარეებს ომის გასაგრძელებლად, რა შეიცვალა ამ კუთხით?
ადამიანური რესურსების პრობლემა არ აქვს რუსეთს, რადგან ისეთ თანხას იხდიან, მოხალისეები არ აკლიათ, უკრაინას კი მობილიზაცია გამოცხადებული აქვს და გაწვეულები გადიან უკვე მომზადებას.
ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რუსეთი ახლა ცდილობს, გადაღლილი, წინა ხაზზე მყოფი უკრაინელები მაქსიმალურად გამოფიტოს, ვიდრე დასვენებული ძალები შემოვა ფრონტის წინა ხაზზე.
- რა გათვლა აქვთ მხარეებს, თქვენი დაკვირვებით, მოლაპარაკების ეტაპის წინ, რაზე ამყარებენ ისინი იმედს?
რა თქმა უნდა, რუსეთი ელოდება მიმდინარე მოვლენებს აშშ-ში. რუსეთს იმედი აქვს, რომ თუ ტრამპი მოვა აშშ-ს სათავეში, მაშინ შემცირდება უკრაინისთვის დახმარება, ამიტომაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა და თუ ეს მხარდაჭერა გაძლიერდება, უკრაინა გაცილებით ძლიერი მივა მოლაპარაკების მაგიდასთან.
მიუხედავად ინიციატივისა, რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი გარღვევის განხორციელებას, უკრაინელები კი კონტრშეტევისთვის ვერ ემზადებიან, ისინი მხოლოდ ახორციელებენ პოზიციურ თავდაცვას, არ ვგულისხმობ მცირე ზომის ტაქტიკურ კონტრშეტევებს, მცირე ზომის დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას, ისევე, როგორც რუსები თვეობით გადაადგილდებიან 1 და 2 კილომეტრის მანძილზე.
- გასაგებია, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ ელოდებიან შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას დასავლეთიდან, მაგრამ რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსები ვერ ახერხებენ წინსვლას? მოსალოდნელია მათი შესაძლებლობების გაზრდა, თუ ეს მაქსიმუმია?
რუსებს არანაირი დიდი ტექნოლოგიური რესურსი არ აქვთ. ახლა არიან ბრძოლის ველზე, სადღაც 550 ათას კაცამდე. ეს გადაჭიმულია 1200-კილომეტრიან ფრონტზე, რაც არის ძალიან მცირე კონცენტრაციის მატარებელი. რუსებს არ აქვთ ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომ გარღვევა განახორციელონ. პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს – მცირე ზომის მოიერიშე ჯგუფების გამოყენებით.
რუსებს არ აქვთ გადამწყვეტი უპირატესობა, რაც მათ მისცემდა ოპერატიული გარღვევის საშუალებას. ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის თავდაცვის წინა ხაზზე.
რუსეთისთვის ყველაზე დიდი რესურსი არის ირანის და ჩრდილოეთ კორეის დახმარება, რომელიც ტექნოლოგიურად არ არის იმ დონეზე, რომ დასავლეთს აჯობოს. მათ დასავლური კლონები აქვთ უფრო ცუდი ხარისხით.
ჩინეთი არ ეხმარება რუსეთს აქტიურად. რომც ეხმარებოდეს, რაოდენობის გარდა, ჩინური სამხედრო პროდუქციაც არის დასავლეთიდან კოპირებულის ცუდი ვარიანტი.