განათლება,მთავარი,სიახლეები

წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ბათუმელი პედაგოგი რუსულ კანონზე

10.04.2024 • 6371
წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ბათუმელი პედაგოგი რუსულ  კანონზე

რა ზიანს მოუტანს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული რუსული კანონი და რატომ არის ის საფრთხე, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის?

რუსული კანონის საფრთხეებზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგს, მინდია ფუტკარაძეს ესაუბრა.

„ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ევროპული მომავალი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის, მისი წინააღმდეგი ვიქნები.

ერთ-ერთია იმ კანონპროექტის კანონად მიღება, რისი დაკანონებაც მთავრობას სურს. ხაზს ვუსვამ – მთავრობას სურს, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი უკვე ვიცით, ხალხს არ სურს ამ კანონის არსებობა ჩვენს რეალობაში.

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ კანონმა ხალხს? – არაფერი!  შესაბამისად, თუ ხალხისთვის კეთილდღეობის მომტანი არ არის და პირიქით, ვხედავთ, რომ ყველა ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყანა გვირჩევს მის არ მიღებას, რატომ სურს მთავრობას ამ კანონის მიღება?!

როგორც  ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, წინააღმდეგი ვარ ამ კანონპროექტის მიღების. რამეთუ ვერ მარწმუნებს მთავრობის მიერ გამოთქმული არგუმენტები, ამ კანონის, ამ ეტაპზე, ასეთი ფორმით მიღების აუცილებლობას.

პირიქით, ვფიქრობ ვნებს ქართველ ხალხს, ქმნის შიდა დაპირისპირებას და ვნებს ყველაზე მნიშვნელოვანს – ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას.

ზოგადად, ნდობა დაკარგულია მთავრობის მიმართ, უამრავჯერ დაგვარწმუნეს ამაში.

გასულ წელს გაიწვიეს ეს კანონპროექტი, დღეს ვხედავთ მის დაბრუნების მცდელობას. ეს წინასაარჩევნოდ ცუდი ნაბიჯი მგონია. არ მინდა ქვეყანაში არეულობა გამოიწვის ამ ფაქტმა.

როგორც ერთ-ერთ ამომრჩეველს, მსურს არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თუ რა სურს მას.

საქართველოში უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს მომავალში“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

____

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: