განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენად გამარტივდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგების საგნობრივი გამოცდა?

08.07.2021
რამდენად გამარტივდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგების საგნობრივი გამოცდა?

I-IV კლასების პედაგოგთათვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი პროფესიაში შემსვლელთათვის არის 60 პროცენტი.  „შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60 პროცენტზე მეტი“, – ნათქვამია გზამკვლევში, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის მოამზადა.

ამავე გზამკვლევის მიხედვით, ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი – ქულათა საერთო რაოდენობის 40 პროცენტი. „ამ ნაწილში ზღვარის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი“.

რაც შეეხება სხვა დეტალებს:  

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის საგნობრივი კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებში ბარიერი მნიშვნელოვნად დაწეულია.

მაგალითად, 2020 წლის ტესტის ფორმატის მიხედვით, საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 62, ხოლო 2021 წლის ტესტის ფორმატი 51 ქულამდე შემცირდა.

  • ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 25, წელს იქნება 21 ქულა.
  • მათემატიკური ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 22, წელს იქნება 18 ქულა.
  • ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 15, წელს გახდა 12 ქულა.

ბარიერი დაიწია აკადემიური უნარების ნაწილშიც. 

  • თუ 2020 წელს ამ ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 18, წელს 14 ქულამდე შემცირდა.

ტესტის მაქსიმალური ქულა გასულ წელს იყო 80, წელს იქნება 65. ერთი საათით შემცირებულია ტესტირებისთვის განკუთვნილი დროც და 5-ის ნაცვლად, 4 საათი იქნება.

„შესაბამისად, პროფესიაში შემსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%-ზე მეტი) განისაზღვრა 40 ქულა და მეტი, ხოლო ანალიტიკური უნარების შიდა ბარიერად (40%-ზე მეტი)  – 6 ქულა და მეტი“, – წერია გამოცდების გზამკვლევში.

ცვლილებები აკადემიური უნარების ნაწილში:

წაკითხული ტექსტის გააზრების ნაწილში – არჩევითპასუხიანი 1-ქულიანი დავალებების რიცხვს დააკლდა 2 ქულა – იყო 7 შეკითხვა, გახდა 5.

ანალიტიკური წერის ნაწილში – ესეს შეფასების სქემის მიხედვით მაქსიმალურ ქულად, ნაცვლად 11 ქულისა, განისაზღვრა -9.

თითო ქულა დააკლდა შინაარსის რელევანტურობისა და დასაბუთების კრიტერიუმებს (შინაარსის რელევანტურობა – მაქსიმალური ქულა -1.

დასაბუთება – მაქსიმალური ქულა – 2.

ტესტური დავალებების ცვლილების დეტალები კი ასე გამოიყურება:

  •  I-IV კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კომპეტენცია

ენობრივი კომპეტენციის ნაწილს დააკლდა 2 ქულა, ლიტერატურის ნაწილსაც დააკლდა ასევე, 2 ქულა.

  • ამავე კლასების მათემატიკის საგნობრივ კომპეტენციაში

საგნობრივი ცოდნა – დააკლდა ჯამში 4 ქულა არჩევითპასუხიანი და ღია დავალების შემცირების ხარჯზე.

  • ბუნებისმეტყველების საგნობრივ კომპეტენციაში

საგნობრივი ცოდნა – დააკლდა ჯამში 3 ქულა არჩევითპასუხიანი და ღია დავალების შემცირების ხარჯზე.

რატომ დააკლდა ქულები კომპეტენციის დამადასტურებელ კომპონენტებს და ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება იმას, რომ პედაგოგების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ბარიერების დაძლევას და მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას თავის საგანში? – ვკითხეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ცენტრში გვითხრეს, რომ ცვლილებები უკავშირდება საგამოცდო დროის შემცირებას.

„შესაბამისად, შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა“, – გვითხრეს ცენტრში.

მათი თქმით, საგამოცდო დროის შემცირებას თავად პედაგოგები ითხოვდნენ. „დროის შემცირებას ითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ, მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა, საგამოცდო ტესტის დროის შემცირება კი თავისთავად  გულისხმობს ტესტის დავალებების შემცირებას“, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.

მათი აზრით, მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა.

პედაგოგების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა 14 ივლისს დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: