განათლება,მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

14.07.2020 • 2674
ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორს ირჩევს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი. რექტორს უნივერსიტეტის 11-წევრიანი აკადემიური საბჭო აირჩევს. რექტორობის არც ერთ კანდიდატს თავისი საარჩევნო პროგრამა წინასწარ არ გამოუქვეყნებია. „ბათუმელები“ გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ინგა შამილიშვილთან.

  • ქალბატონო ინგა, რადგან არ არის საჯარო თქვენი პროგრამა, გკითხავთ – თუკი გახდებით რექტორი, რას შეცვლით. თქვენი აზრით, რა სჭირდება უნივერსიტეტს სამომავლოდ განვითარებისთვის?

პროგრამა ვერ აიტვირთებოდა, რადგან აკადემიურ საბჭოზე უნდა მოხდეს წარდგინება. ჩემი პროგრამა ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე მთავარი აქცენტი მაინც განათლებასა და მეცნიერების ხარისხზე გაკეთდება. თუმცა ამაზე მე არ მინდა დავკონკრეტდე წინასწარ, რადგან ხვალ დეტალებს გავივლი აკადემიურ საბჭოსთან.

  • იქნებ გამოყოთ რამდენიმე მთავარი დეტალი.

არ მინდა დეტალებზე საუბარი. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ყველა ასპექტი – სტუდენტური ცხოვრება და ასე შემდეგ, ყველა ასპექტს მოიცავს.

  • სტუდენტური ცხოვრება ახსენეთ, რა აკლიათ სტუდენტებს?

არ მინდა ამაზე დავკონკრეტდე.

  • დარწმუნებული ვარ, თქვენი ოპონენტი ამ საკითხებზე ისაუბრებს, ამიტომ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენც ისაუბროთ უფრო ვრცლად თქვენს მიზნებზე.

მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარიმართება თანასწორ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა სეგმენტი, რაც არის დღეს ბათუმის უნივერსიტეტის პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებლად იქნება წარმოჩენილი არჩევნების დღეს.

  • რა არის აუცილებელი, რომ უნივერსიტეტს უკეთესი პოზიციები ჰქონდეს საგანმანათლებლო სივრცეში?

ძალიან ბევრი გამოწვევაა, მაგრამ არ მინდა ახლა დავასახელო ეს გამოწვევები. მე ობიექტურად ვაფასებ იმ სიტუაციას, რაც არის, რადგან წლების განმავლობაში მე ამ უნივერსიტეტში ვარ და ვიცი. შემდგომში გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტთან შედარებით? როგორც მახსოვს, თქვენ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდით ერთ უნივერსიტეტში, ერთ აკადემიურ სივრცეში და ამ შემთხვევაში, რითი იქნება თქვენი გეგმები განსხვავებული?

ეს უნივერსიტეტი ჩემთვის არის როგორც ჩემი ოჯახი, რადგან 1987 წლიდან ამ უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი ვარ. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, გავიარე აბსოლუტურად ყველა ეტაპი უნივერსიტეტში და ეს მაძლევს მე იმის საშუალებას, რომ ამ პოზიციაზე წარვადგინო ჩემი კანდიდატურა. დანარჩენ უპირატესობებზე და, ვთქვათ, იმავე შესაძლებლობებზე იმსჯელებს აკადემიური საბჭო.

  • წინა წლებში რექტორის არჩევნებზე ბევრად მეტი კანდიდატი მონაწილეობდა, ვიდრე წელს. ბოლო არჩევნებზე კი, როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. როგორ ფიქრობთ, რამ შეასუსტა ინტერესი ამ პოსტის მიმართ. აღარ აქვთ ადამიანებს რექტორობის ამბიცია?

მე ამას ინდიფერენტულობას ვერ დავარქმევ, ალბათ ადამიანს უნდა ჰქონდეს შინაგანი მოწოდება იმისთვის, რომ შეცვალოს რაღაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რაღაც ახალი, თავისი სიტყვა თქვას. ამიტომ ვერ ვიმსჯელებ, რატომ დაკარგეს ინტერესი, თუმცა დღეს არის შესაძლებლობა, რომ არჩევანი გაკეთდეს.

  • წინა არჩევნებზე აკადემიური საბჭოს 11-ვე წევრმა მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში აირჩია. ის ახლა თქვენი კონკურენტია. გამორიცხავთ, რომ ეს საბჭო ისევ მერაბ ხალვაშს დაუჭერს მხარს?

მაშინ სხვა შემადგენლობა იყო აკადემიურ საბჭოში, ახლა სხვაა, რადგან მას შემდეგ ჩატარდა არჩევნები. თუმცა, ამ დეტალებზე მე ვერ ვიმსჯელებ, რადგან ეს იურიდიული სამსახურის პრეროგატივაა.

  • როდესაც აჭარის განათლების მინისტრის პოსტიდან გადაგაყენეს, კომენტარი არ გაგიკეთებიათ, არ შეგიფასებიათ რა მოხდა რეალურად. თუ გაქვთ სურვილი, რომ ახლა განმარტოთ მიზეზები?

მე ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგში კიდევ ვისაუბროთ საინტერესო საკითხებზე. შესაძლოა მე ახლა ამის განმარტების შესაძლებლობა დავკარგე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს. ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლოთ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ხვალ იქნება წარდგენა და ვფიქრობ, საინტერესო დებატები გაიმართება. იმედი მაქვს,  იქნება შეკითხვები, არგუმენტები და აკადემიური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

  • გაქვთ გამარჯვების იმედი?

როცა ბრძოლაში შედიხარ, ყოველთვის გაქვს გამარჯვების იმედი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: