აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში, აუდიტის დასკვნით, არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება.
„გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, რიგ შემთხვევბში შესაძლოა საბაზრო ფასზე ნაკლები თანხით განხორციელდა. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების საკითხთან მიმართებით, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას“, – აცხადებს აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით:
[checklist]
- „სამინისტროსა და მერიაში, ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთანავე, 2008-2012 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, მყიდველების მიერ, სამინისტროს თანხმობით ქონება დაიტვირთა იპოთეკით და დაყადაღდა, რამაც სახელშეკრულებო ვალდებულებების არასათანადო მონიტორინგის პირობებში ავტონომიური რესპუბლიკის ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა.
- აჭარისა და ბათუმის ქონებების პრივატიზებისას, აუქციონები გამოცხადდა კონკრეტული დაინტერესებული მხარის მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით, რის გამოც შეიზღუდა კონკურენცია. მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს და შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს ბიუჯეტის შემოსავლებზე.
- სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მინიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება. შედეგად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების სრული და დროული გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.
- სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში ბუღალტრულად არ არის აღრიცხული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო. 2018 წელს, აჭარის ქონების განკარგვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, განხორციელდა პირგასამტეხლოს ჩამოწერა. ამასთანავე, ფიქსირდება აუცილებლობის დასაბუთების გარეშე პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ფაქტები.
- სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი ფორმით განკარგვისას, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, შემცირებულია მიწის სარგებლობის წლიური საბაზრო ღირებულება. რიგ შემთხვევებში არასრულყოფილად ხორციელდება ინვესტორი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, ვალდებულებათა განსაზღვრის რიგი შემთხვევები არ პასუხობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპებს. ამასთანავე, არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტები არ არის შეთანხმებული ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან. შედეგად, დიდია ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევები, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობაზე.
- 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით დაფიქსირდა საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხები, რომლებიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. აღნიშნული კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების ან/და საიჯარო გადასახადის გადაუხდელობის შესაძლებლობას.
[/checklist]
აღნიშნული დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით აუდიტის მიერ გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ უნდა გაითვალისწინოს.
ამ თემაზე:
ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი