ბათუმში, სერგი მესხის ქ. N1-ში [„სოუქსუს“ სასაფლაოზე] მდებარე სამების ეკლესიის ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიას 100 ათას 614 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერით შეისყიდის.

არსებული სიტუაცია და ესკიზი – რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები პროექტიდან
ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს „ეკლესიის ფასადის ზედაპირებიდან არსებული საღებავის და ე.წ „ნაშხეფის“ [ზეძირკველზე] ფენების სრულ მოცილებას, არსებული ლესვითი ბზარების დამუშავებას და შევსებას სპეციალური სარემონტო ნარევით, გარკვეულ ლოკაციაზე ამორტიზირებული ბათქაშის ჩამოყრას და ხელახალ ბათქაშს.
„ვიზუალური ხიბლისათვის ეკლესიის ფასადების ზედაპირები გამდიდრებულია გუმბათისა და სახურავ ქვეშა, ასევე ღიობების პერიმეტრზე მოწყობილი ლესვითი, დეკორატიული კარნიზებით. ზეძირკველი და გარე კიბეები მოპირკეთდა ბუნებრივი გრანიტით. ღიობებში ჩაისმევა ლითონის დეკორატიული ცხაურები.
ფასადის კედლებისათვის გათვალისინებულია ფაქტურული ლესვა-ღებვა [ე.წ „მიუნხენი“ ან ანალოგი]. ღიობები, ფერდოები და კარნიზები იღებება გარედაფარვის ემულსიური საღებავით.
ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარებისათვის იხსნება სახურავის წყალსადინარი სისტემა. პროექტი ითვალისწინებს ახალ წყალსადინარი სისტემის მოწყობას გალვანიზირებული თუნუქის მასალით.
ამავე დროს, რეაბილიტაციის დროს მოკვლეული და დაზუსტებული იქნას სახურავიდან წყლის შეღწევის ლოკაცია. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ლოკაციის რემონტს სავარაიდო ფართობით 10 კვადრატული მეტრი [დაზუსტდება ადგილზე]“ – წერია პროექტში.
ტენდერი მერიის სამმართველოს 1 197 931 ლარით აქვს გამოცხადებული, თუმცა აქედან 1 097 316 ლარი გათვალისწინებულია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N38-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის.
ტენდერს ახლავს აღნიშნული კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო პროექტიც.

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N38-ში მდებარე კორპუსი და ესკიზი ფასადის რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები ტენდერიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.
სამუშაოები ეკლესიაზეც და საცხოვრებელ სახლზეც ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მაისის ჩათლით პერიოდში უნდა დასრულდეს.






