მთავარი,სიახლეები

ეს ბზარია? – რა ხდება სინამდვილეში ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 

09.09.2026
ეს ბზარია? – რა ხდება სინამდვილეში ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #1-ში მდებარე ორი კორპუსი ერთმანეთთან აივნებითაა დაკავშირებული.

კორპუსები 17-სართულიანია. პირველ 7 სართულზე ორ კორპუსს შორის დატოვებულია ვერტიკალური ღარი, ხოლო მერვე სართულიდან აივნები გადაბმულია.

ბზარი სწორედ ამ აივნების გადაბმებს შორის გაჩნდა.

მერვედან მე-17 სართულის ჩათვლით, გარედან ჩანს, რომ აივნების გადაბმებს შორის ე.წ. ბზარებია.

8 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სწორედ ეს ბზარები ჩანდა, თანდართული აღწერით, რომ „ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი გაიბზარა“.

სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, ამბობს, რომ ე.წ. ბზარები დეფორმაციული ნაკერია და ის კორპუსის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის.

„ბათუმში, ფიროსმანის ქ. #1ა-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რკინაბეტონის კონსტრუქცია შპს „ანაგმა“, შპს „დუკა 2006“-ის დაკვეთით ააშენა.

სახლი ექსპლუატაციაშია 2013 წლიდან.

გავრცელებულ ვიდეოში ასახული ვერტიკალური ხაზები, რომლებიც ერთი შეხედვით ბზარების შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში წარმოადგენს შენობის ტემპერატურულ (დეფორმაციულ) ნაკერს.

ეს არის პროექტით გათვალისწინებული კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც შენობის სექციებს შორის სპეციალურად არის მოწყობილი და მისი დანიშნულებაა, ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული მასალის გაფართოება-შეკუმშვისას კონსტრუქცია დაზიანებისგან დაიცვას.

ვიზუალურ ეფექტს, რომელიც „დაზიანების“ შთაბეჭდილებას ქმნის, იწვევს ნაკერის ზონაში ფასადის მოსაპირკეთებელი სისტემის ამორტიზაცია (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „ანაგმა“ მხოლოდ რკინაბეტონის კონსტრუქცია ააშენა და მას ფასადისა და სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაოები არ შეუსრულებია).

ფასადი მოპირკეთებულია თბოსაიზოლაციო ფილებით, დეკორატიული ბათქაშითა და საღებავით. დროთა განმავლობაში სწორედ ეს მოსაპირკეთებელი ფენები დაზიანდა ცვეთის შედეგად, განსაკუთრებით ნაკერის ზონაში, სადაც შენობის სექციების მოძრაობა მუდმივად ზემოქმედებს მოპირკეთებაზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კოსმეტიკური ხასიათის საკითხია და შენობის მზიდ კონსტრუქციას არ ეხება – რკინაბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული არ არის,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამშენებლო კომპანია „ანაგში“.

„ანაგის“ ოფისი სწორედ ფიროსმანის ქ. #1ა-შია განთავსებული, იმ კორპუსის სამ სართულზე, რომლის ვიდეოც ფეისბუქზე გავრცელდა.

„ბათუმელები“ დღეს, 9 სექტემბერს იმყოფებოდა ფიროსმანის ქუჩის #1ა-ში.

ორი 17-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ორი სართული ფუნქციურად დატვირთულია. არის რამდენიმე მაღაზია. კორპუსის პირველ სართულზე გვერდიგვერდაა განთავსებული სახალხო დამცველის ოფისი და პრობაციის ბიურო, ხოლო კორპუსის მეორე სართულზე შრომის ინსპექციის ოფისია. ამას გარდა, თავად სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ოფისიც ამ კორპუსშია განთავსებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში კორპუსის კადრები გავრცელდა, ფიროსმანის ქუჩაზე მივიდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლები, ხოლო კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ წერილით მიმართა მერიას, რომ კორპუსის მდგრადობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მომზადდეს.

ყველა უწყება, რომელსაც ამ ეტაპზე „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ კორპუსი მდგრადია, მყარია და ბზარი, რომელიც აივნების გადაბმებს შორის ჩანს, კორპუსის უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს.

„ბათუმელებმა“ კომენტარი გამოითხოვა ბათუმის მერიისგანაც.

„ბათუმში ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, კომპანია „ანაგის“ მიერ დამოუკიდებლად აშენებული ორი კორპუსის ერთმანეთთან შეერთების ბჟენის ადგილია. რაც შეეხება ზედა სართულებს, ბზარი არ არის, ტემპერატურული ნაკერია დატოვებული, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.

ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.

თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ასევე, ტემპერატურის ცვლილებისას სამშენებლო მასალები განიცდიან გაფართოებას ან შეკუმშვას ტემპერატურული ნაკერი უზრუნველყოფს ამ მოძრაობის თავისუფლებასაც. ორივე შენობა განსხვავებულად ჯდება გრუნტში, გამომდინარე აქედან, ბჟენი უნდა იყოს დეფორმირებადი, რათა არ შეზღუდოს ეს მოძრაობა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: